კეიტ მილეტი - NOW-ის ტრიბუნიდან გაჟღერებული: "მეც ლესბოსელი ვარ"
22 01 2016

კეიტ მილეტი 1934 წლის 14 სექტემბერს მინესოტას შტატ ქალაქ სენტ-პოლში დაიბადა. როდესაც კეიტი 14 წლის იყო, მამამ ოჯახი მიატოვა. ოჯახის შესანახად დედამ დაზღვევა გაყიდა. მოგვიანებით კეიტმა მინესოტას უნივერსიტეტში ჩააბარა, 1956 წელს კი უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. მომდევნო ორი წელი ოქსფორდში წმინდა ჰილდას კოლეჯში მუშაობდა.

1961 წელს კეიტი საცხოვრებლად ტოკიოში გადადის, სადაც ვაშედას უნივერსიტეტში ინგლისურს ასწავლის და ქანდაკებაზე მუსაობს. 1965 წელს ცოლად ფუმიო იოშიმურას მიჰყვება. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში აქტიურად ერთვება, ხოლო 1966 წელს ქალთა ეროვნული ორგანიზაციის (NOW) ერთ-ერთი პირველი წევრიც ხდება. მისი პირველი პუბლიკაცია, პამფლეტი “წინასწარი სწავლება” (1967) იყო ფემინისტური თავდასხმა ქალთა კოლეჯებში სწავლების პროგრამაზე. 1968 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში მილეტი სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობას შეუდგა და პარალელურად ბერნარდის კოლეჯსი ინსტრუქტორიც გახდა, თუმცა იქიდან მალევე დაითხოვეს სტუდენტურ გამოცემებში ქალთა უფლებებისათვის აქტიური მოღვაწეობის გამო. ამასობაში მილეტმა დაასრულა დისერტაციაზე მუშაობა და 1970 წლის მარტში ინგლისური ლიტერატურის დარგში დოქტორის ხარისხი მიიღო. აგვისტოში კი ამონარიდები მისი დისერტაციიდან გამომცემლობა “Doubleday”-მ დაბეჭდა სახელწოდებით “სექსუალური პოლიტიკა”. კეიტი თავის შრომას აღწერდა როგორც “შენიშვნებს პატრიარქის თეორიის შესახებ”. “ძნელად თუ იტყვი, რომ კოიტუსი ვაკუუმში შესაძლებელია; თავისთავად ის ბიოლოგიური და ფიზიკური აქტივობის გამოხატულებას წარმოადგენს და იმდენად ღრმადაა დაკავშირებული ადამიანური კავშირების უზარმაზარ კონტექსტთან, რომ შეიძლება ურთიერთობებისა და ღირებულებების ვარიაბელობის დატვირთულ მიკროკოსმოსადაც წარმოჩნდეს, რომელთანაც კულტურას აქვს საქმე”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსი პოლიტიკურია, უფრო მეტიც, ქალთა დათრგუნვის იარაღადაც გამოიყენება. ქალებზე მამაკაცთა აღმატებულობის სხვადასხვა რელიგიური, ფილოსოფიური და სამეცნიერო არგუმენტის ანალიზის შედეგად ნაშრომში მან მამაკაცთა მისწრაფებები, ფარული ქედმაღლობა და შინაგანი წინააღმდეგობები გამოავლინა. მილეტი სამი ცნობილი მამაკაცის, “ჰეტეროსექსუალი” მწერლების – დ. ჰ. ლოურენსის, ჰენრი მილერის, ნორმან მაილერის “ფალიკური სუპრემატიზმი” გამოიკვლია და მათ მიერ პატრიარქატული ღირებულებების ქება დასავლური კულტურის იერარქიაზე ისეთ რადიკალურ მოსაზრებებს დაუპირისპირა, როგორიც შეიძლება იპოვოთ გეი მწერლის – ჟან ჟენეს შემოქმედებაში. ამ პუბლიკაციამ მთელი ქვეყნის ფემინისტები ააფორიაქა; პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბროშურის 80 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც შთამბეჭდავი ციფრია დისერტაციისთვის ფილოსოფიის დარგში.

“სექსუალურმა პოლიტიკამ” მილეტი ვარსკვლავად აქცია, ისევე როგორც მამაკაცური სიავის და შეუგუებლობის სამიზნედ. მამაკაცი მიმომხილველები მას ყველა მხრიდან დაესხნენ თავს. ირვინგ ჰოუი ენამწარობდა: “მკვეთრად საგრძნობია, რომ წიგნი თვითმარქვია ქალის მიერაა დაწერილი”. თუმცა, მსგავსი თავდასხმები მხოლოდ დასაწყისი იყო.

გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტები NOW-ის შიგნითაც წარმოიშვა. რიტა მეი-ბრაუნი ამ კონფლიქტების წყარო იყო. კონფლიქტური სიტუაცია თავიანთ წიგნში სახელწოდებით “საფო თავისი უფლებით ქალი იყო” სიდნი ებოტმა და ბერნის ლავმა აღწერეს. 1970 წელს ქალთა გაერთიანების მეორე კონგრესის მუშაობა რიტა მეი-ბრაუნმა ოც ქალთან ერთად ჩაშალა. ისინი სცენაზე ავიდნენ და ქალთა მოძრაობა ლესბოსელების დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. შემდეგ მოუწოდეს სხვა ქალებს, რომლებიც ამ მოსაზრებას იზიარებდნენ, მათ შეერთებოდნენ. კეიტ მილეტმა, რომელიც კარგად იყო ცნობილი არა მხოლოდ როგორც “სექსუალური პოლიტიკის” ავტორი, არამედ როგორც NOW-ის ნიუ-იორკის განყოფილების განათლების კომიტეტის თავჯდომარე, მიკროფონი აიღო და განაცხადა: “მე ვიცი რაზე ლაპარაკობენ ეს ქალები. მეც ასეთივე ვიყავი. გარკვეულწილად, მე ახლაც ასეთი ვარ”. მან პირველად გამოაცხადა საჯაროდ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

მალე კოლუმბიის რაიონის გეების მიერ დაფინანსებული სექსუალური გათავისუფლების ფორუმის კომისიის შემადგენლობაში მუშაობის დროს კეიტ მილეტი ჯგუფ “მესამე მსოფლიო სექსუალური რევოლუციის” წარმომადგენელმა ქალმა კითხვით გამოიწვია: “რატომ არ საუბრობ ღიად, რომ ლესბოსელი ხარ? შენ ხომ გამოაცხადე, რომ ასეთი იყავი…”

მილეტმა გაიმეორა ის, რაც ადრეც უთქვამს: რომ ის ბისექსუალია. გეების მოძრაობის აქტიურმა მოღვაწემ, ენდი უანდერფულმა გაბედა და თქვა: “ბისექსუალი ვარ, მაგრამ ჩემი ჰომოსექსუალობის გამო დევნას განვიცდი. ამიტომ ვამბობ, რომ ლესბოსელი ვარ”. რაზეც მილეტმა უპასუხა: “დიახ, მე ეს მესმის. მეც მდევნიან არა იმიტომ, რომ ჰეტეროსექსუალი ვარ, არამედ იმიტომ რომ ლესბოსელი ვარ”.

არავინ იცოდა, რომ ამ დროს ჟურნალ “თაიმის” რეპორტიორი საუბრებს ფირზე იწერდა. 1970 წლის 8 დეკემბერს ჟურნალში დაიბეჭდა სტატია სათაურით “შეუძლიათ თუ არა ფემინისტებს გამჭრიახად ფიქრი? გაეგებათ თუ არა მათ რაიმე ბიოლოგიაში? რას იტყვით მათი სიმწიფის, ზნეობისა და სექსუალობის შესახებ?”. ბედის ირონიით, თავისი ბისექსუალობის შესახებ განცხადების გაკეთებით მილეტმა თვითონვე შეიტანა წვლილი ფემინისტური მოძრაობის მიმართ ზრდად სკეპტიციზმში. ამ აღმოჩენამ გამოიწვია მისი, როგორც მოცემულ პრობლემათა სპიკერის დისკრედიტაცია, დათესა ეჭვი მილეტის თეორიების მიმართ და იმ სკეპტიკოსთა ძალები განაახლა, რომლებიც ქალთა უფლებებისათვის ყველა მებრძოლს ლესბოსელად აღიქვამდა.

NOW-ის ზოგი ლიდერი, როგორიც იყო ბეტი ფრიდენი, ხმამაღლა მოითხოვდა მოძრაობიდან ლესბოსელთა გამოყოფას. ისინი თვლიდნენ, რომ ლესბოსური გამოცემები “მავნებლობასა და დივერსიას” წარმოადგენდნენ მოძრაობის “ჭერმარიტ” მიზნებთან მიმართებაში. NOW-ის სხვა წევრებმა – ტი გრეის-ადკინსონმა, გლორია შეინემმა და სიუზენ ბრაუნ-მილერმა მხარი მილეტს დაუჭირეს პრეს-კონფერენციაზე, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შემდეგ ისინი თავიანთი ქმედებების უმართებულობაში დაადანაშაულეს. ნიუ-იორკის განყოფილებაში გამოითქვა წინადადება, რომ ნებისმიერი, ვინც ლესბოსური გამოცემების ფურცლებზე გამოჩნდებოდა, NOW-ის რიგებიდან გაირიცხებოდა. წინადადება კინაღამ დამტკიცდა. 1971 წლის იანვრის არჩევნებზე NOW-ის ნიუ-იორკის განყოფილების ხელმძღვანელობა გათავისუფლდა მილეტის და ბრაუნის მომხრეებისგან. მიუხედავად იმისა, რომ NOW გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, რვა თვის შემდეგ დამტკიცდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ფემინისტურმა გაერთიანებებმა ლესბოსური გაერთიანებები კანონიერად ცნეს. ამიერიდან ბევრმა ლესბოსელმა NOW-ის დამოკიდებულება და ქმედებები შეაფასა როგორც ღალატი მეგობრების მხრიდან. თავიანთი გამბედავი გამოსვლებით მილეტმა და ბრაუნმა აიძულეს ქალთა მოძრაობა, თვალი ახელოდათ ლესბოსურ საკითხებზე და გაეგოთ, რომ საპატიო კოლეგებიდან ბევრი მართლაც ლესბოსელი იყო. ქალთა მოძრაობის ისტორიაში ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. მილეტი განაგრძობდა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად და გულწრფელად წერას ავტობიოგრაფიულ შრომებში “ Flying” (1970), “Sita” (1977), “The Loony-Bin Trip” (1990). ამასთან, ბოლო წიგნი განიხილება როგორც საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენის მცდელობა მას შემდეგ, რაც მილეტს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. ახლა იგი ცხოვრობს ფერმაში, ნიუ-იორკის შტატში. მრავალწლიანმა წარმატებულმა მოღვაწეობამ კეიტ მილეტი ქალთა და ლესბოსელთა უფლებებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფიგურად აქცია.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Biography of Kate Millett, a well-known feminist and gay activist. Works and civil activity – fight for women and lesbians’ rights.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან