გერტრუდა სტაინი - ქალი, რომელიც არასდროს ცდილობდა ლესბოსელობის დამალვას
22 01 2016

დაიბადა 1974 წლის 3 თებერვალს პენსილვანიის შტატის ქალაქ ალეგენიაში. ბავშვობა ვენასა და პარიზში გაატარა, შემდეგ ოკლენდში ცხოვრობდა, სადაც მამამისი მშენებლობაში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. ფილოსოფოს უილიამ ჯეიმსის ხელმძღვანელობის ქვეშ რედკლიფის კოლეჯში სტაინი ფსიქოლოგიას სწავლობდა. 1897 წელს სწავლის დასრულების შემდეგ ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მედიცინის შესწავლა დაიწყო, თუმცა მალევე გადაწყვიტა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურაა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში რომანი ჰქონდა ქალთან სახელად მეი ბუკსტეივერი. სწორედ ამ ურთიერთობამ შთააგონა სტაინი დაეწერა რომანი “Q.E.D.”, მისი ერთადერთი ნაწარმოები აშკარად გამოხატული ლესბოსური შინაარსით. სტაინს არასოდეს დაურთავს მის სიცოცხლეში ამ რომანის გამოქვეყნების ნება.

1903 წელს სტაინი და მისი ძმა ლეო საცხოვრებლად პარიზში გადადიან, სადაც 1912 წლამდე ერთ ბინაში ცხოვრობენ. ლეო სტაინი საკმაოდ ცნობილი ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი დადგა. მათ ერთად მოაგროვეს კუბისტების ნახატების მნიშვნელოვანი კოლექცია და ბევრი მხატვარიც შემოიკრიბეს. მათი სახლი იქცა ადგილად, სადაც იკრიბებოდნენ პაბლო პიკასო, ანრი მატისი და ჟორჟ ბრაკი. სალონის დიასახლისი სტაინი იყო და მის მოსაზრებებს იქ დიდი წონაც ჰქონდა. მისი ექსპრომტად გაკეთებული კომენტარები ქმნიდნენ ან ანგრევდნენ რეპუტაციებს. იმ მხატვრების მხატვრული კონცეფციები და ტექნიკა, რომელთანაც სტაინი მეგობრობდა, მისი წერის სტილზე ახდენდნენ გავლენას. ეს განსაკუთრებით ჩანს გამეორებების, ფრაგმენტირების და გაყინული უბრალოების რთულ და ჩახლართულ კომბინაციებთან გადაჯაჭვულობაში. სტაინის პირველი წიგნი “სამი სიცოცხლე” – მუშათა კლასის წარმომადგენელი სამი ქალის ცხოვრების კვლევა – 1909 წელს დაიბეჭდა.

1905 წელს სტაინს სტუმრად ეწვია ძველი ბალტიმორელი მეგობარი ეტა კოუნი. ძველი ვნება მათ შორის ახალი ძალით განახლდა. სტაინის გავლენით კოუნი თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესდა და აშშ-ში დაბრუნების შემდეგ თავის დასთან, კლერიბელთან ერთად და მეგობრის რჩევით ამერიკის ავანგარდული ხელოვნების ადრეული პერიოდის ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექცია შეკრიბა.

1907 წელს სტაინმა ელის ბ. ტოკლასი გაიცნო, რომელიც მისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცა. 1912 წლიდან მოყოლებული ისინი ერთმანეთს არ დაშორებიან. რუ დე ფლერიუს #27-ში მათი ბინა პარიზში ყველაზე ცნობილ ლიტერატურულ სალონად იქცა. აქ ხშირად თავს იყრიდნენ ამერიკიდან დევნილი მწერლები – შერვუდ ანდერსონი, ფ. სკოტ ფიცჯერალდი და ერნესტ ჰემინგუეი, რომელთაც სტაინმა თავისი ცნობილი განსაზღვრებით “დაკარგული თაობა” შეარქვა.

20-იანი წლების ბოლოს სტაინი და ტოკლასი ხან პარიზში ცხოვრობდნენ, ხანაც ბილინიში ქალაქგარე სახლში. 30-იან წლებში სტაინი თანამშრომლობდა თავისი ჰომოსექსუალობით ცნობილ კომპოზიტორთან ვირჯილ ტომპსონთან. მათ ერთად დაწერეს ოპერა “ოთხი წმინდანი სამ აქტად”, რომელიც სიუზან ბ. ენტონის მიეძღვნა. სცენაზე ამ ოპერის წარმატებამ ხელი შეუწყო სტაინის ტრიუმფალურ ლექციებს ამერიკაში 1934-1935 წლებში. ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ამერიკელ მწერლად იქცა.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ოკუპაციის საშინელებებს სტაინი და ტოკლასი თავიანთ ქალაქგარე სახლში

გადაურჩნენ. ომის შემდეგ სტაინს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა ამერიკელ ჯარისკაცებთან. სწორედ ამ შეხვედრების შთაბეჭდილებებით დაიწერა “ბრიუსი და ვილი”. კიბოთი დაავადებული სტაინი 1946 წლის 27 ივლისს პარიზში გარდაიცვალა.

მისი ნამუშევრები ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო. მართალია “ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია” (1933) ნებისმიერი მკითხველისათვის ხელმისაწვდომ სტილშია დაწერილი, მაგრამ მთავარი ნაწარმოებების უმეტესობა მოუმზადებელი მკითხველისთვის რთული წასაკითხია. ზოგი კრიტიკოსი სტაინის თხზულებებში კუბიზმის ლინგვისტურ ექვივალენტს ცნობს. სხვებს კი ეს თაღლითობა ჰგონიათ. ერთხელ ერთმა კრიტიკოსმა გაღიზიანებით დასვა კითხვა: “იქნებ გერტრუდა სტაინი სულაც არაა გერტრუდა სტაინი, არამედ მის სხეულში მცხოვრები და მოსაუბრე სხვა ვინმე?”

უმეტესწილად სტაინმა გავლენა იქონია არა როგორც ლიტერატორმა და როგორც ლიტერატურული სალონის მასპინძელმა (რასაც ნამდვილად ვერ დავუკარგავთ), არამედ ქალმა, რომელიც აბსოლუტურად არ ცდილობდა თავისი ლესბოსელობის დაფარვას. მაშინ როცა ლესბოსელთა სასიყვარულო ურთიერთობები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, გერტრუდა სტაინი და ელის ბ. ტოკლასი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ წყვილს წარმოადგენდნენ. მათ კლასიკური ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდათ. ტოკლასი უძღვებოდა ოჯახურ საქმეებს, სტაინი კი ლიტერატურით იყო დაკავებული. “ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფიაში” ჩაწერილი ელისის სიტყვებია: “გენიალური ადამიანები მოდიოდნენ და ურთიერთობდნენ გერტრუდა სტაინთან, ხოლო მათი ცოლები – ჩემთან”.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Short biography of Gertrude Stein, a famous XX century writer, the significance and role of her literature salons. Her open relationship with Alice B. Toklas.

Author: Paul Russell

Prepared by Nino Dzandzava



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის