ბარბარა გიტინგსი 1932 წელს ვენაში დაიბადა, სადაც მამამისი ამერიკის საელჩოში მუშაობდა. განათლება მონრეალის კათოლიკურ სკოლებში მიიღო. თეატრალური ხელოვნების შესასწავლად ევანსტონის უნივერსიტეტში ჩააბარა. პირველივე წელს გიტინგსი ჭორების სამიზნედ იქცა. სტუდენტ გოგოსთან მეგობრობის გამო ის ლესბოსელად მონათლეს. ამ შემთხვევამ ბარბარა მართლაც დააფიქრა იმაზე, რომ იგი სხვებისგან განსხვავდებოდა. 1974 წელს ჯონათან კაცთან ინტერვიუში ის იგონებს: “ჩიკაგოში ფსიქოანალიტიკოსთან ჩავედი და საკუთარ თავზე მოვუყევი. პასუხად მივიღე, რომ მართლაც ლესბოსელი ვარ. ამის შემდეგ ექიმმა მკურნალობა შემომთავაზა. საამისოდ ფული არ მქონდა, ამიტომაც მასთან არ დავბრუნებულვარ. ზოგიერთი მეუბნება, რომ ექიმს ჩემთვის “იარლიყი არ უნდა მოეკერებინა”, რასაც არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ექიმმა სინამდვილეში დიდი სამსახური გამიწია, რადგანაც ერთხელ საკუთარ თავს ვუთხარი: “დიახ, ეს მე ვარ! და მე ასეთი ვარ!” სკოლაში სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში და კოლეჯში ყოფნის პირველ წლებში საშინელი შეგრძნებით ვცხოვრობდი. არ ვიცოდი ჩემს თავს რა ხდებოდა. შემდეგ გარკვეულობა მოვიდა და შემეძლო ამისთვის თავი გამერთვა. მეცადინეობებზე სიარულს თავი გავანებე და ბიბლიოთეკაში გადავინაცვლე, რათა გამეგო რას ნიშნავს, იყო ჰომოსექსუალი”. მან ლექსიკონები, ენციკლოპედიები და სამედიცინო წიგნების ის თავები გადაიკითხა, რომლებიც “არანორმალურ ფსიქოლოგიას”, “სექსუალურ დევიაციებს” და “სექსუალურ პერვერსიებს” ეთმობოდა. “მთავარი შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე ასეთი დასკვნა იყო: როგორც ჩანს მე ადამიანების იმ ტიპს მივეკუთვნები, რომელიც აქაა აღწერილი, რადგანაც ჰომოსექსუალი ვარ; ისინი ჰომოსექსუალებს აღწერენ, თუმცა ბევრი რამ, რაც ამოვიკითხე, მე არ მეხება” – წერს გიტინგსი.
როდესაც მამამისმა ეს წიგნი აღმოაჩინა, ბარბარას წერილი მისწერა (მასთან ამაზე ხმამაღლა საუბარი ვერ შეძლო), სადაც უბრძანებდა, წიგნი თავიდან მოეშორებინა, თანაც კი არ გადაეგდო – ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა, მას ვინმე სხვა გადაყროდა – არამედ ფერფლად ექცია. გიტინგსი იხსენებს: “რა მექნა, უბრალოდ უკეთ შევინახე”. ურთიერთობების დამყარების მიზნით, მან ლესბოსელთა ბარებში დაიწყო სიარული, თუმცა იქ თავს უცხოდ გრძნობდა. დონალდ კორნის რჩევით, რომლის წიგნი “ჰომოსექსუალი ამერიკაში” ბარბარას ახალი წაკითხული ჰქონდა და სადაც ლესბოსელთა საზოგადოების არსებობის შესახებ ეწერა, 1956 წელს ბარბარა სან-ფრანცისკოში გაემგზავრა. იქ ორგანიზაცია “ბილიტისის ქალიშვილები” აღმოაჩინა (DOB), რომელიც დელ მარტინმა და ფილის ლაიონმა დააარსეს.
DOB საკუთარ თავს წარმოაჩენდა როგორც “ქალთა ორგანიზაციას, რომელიც საზოგადოებაში ჰომოსექსუალების ინტეგრაციისა და წინსვლის მიზნებს ემსახურებოდა”. სიტყვა “ლესბოსელს” ისინი შეგნებულად თავს არიდებდნენ. DOB–ის პრინციპები ოთხ პუნქტად იყო ჩამოყალიბებული:
1. განსხვავებულად მოაზროვნის განათლება, რათა შეიმეცნოს საკუთარი თავი და საზოგადოებაში სრულფასოვნად იცხოვროს.
2. საზოგადოების განათლება, რომელსაც უტყუარად მივყავართ უძველესი ტაბუებისა და ცრურწმენების მოხსნისკენ.
3. ავტორეტეტული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ექსპერტების კვლევით პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ჰომოსექსუალების შემდგომ შესწავლას ემსახურება.
4. ჰომოსექსუალებთან მიმართებაში სისხლის სამართლის კოდექსის შესწავლა, შესწორებების შეთავაზება, და ამ შესწორებების საკანონმდებლო პროცესის ყველა საფეხურზე გატარება.
1958 წელს, როდესაც ბარბარა ნიუ-იორკში დაბრუნდა, იქ DOB-ის განყოფილება დააარსა და სამი წლის განმავლობაში მისი პრეზიდენტიც იყო. 1962 წელს იგი DOB-ის ყოველთვიური გამოცემის “The Ladder” რედაქტორად დანიშნეს. გიტინგსი უკმაყოფილო იყო DOB-ის ლოიალობით და, განსაკუთრებით, ჟურნალში ჰომოფობი “ექსპერტების” მოწვევის ჩვევით, რომლებიც ლესბოსის პრობლემებს განიხილავდნენ. გიტინგსმა გამოიყენა შანსი, ჟურნალი უფრო რადიკალური გაეხადა. მან სიტყვა “ლესბოსელის” გარეკანზე გამოყენება დაიწყო; ბეჭდავდა ლესბოსელთა ფოტოებს, რომელსაც მისი საყვარელი კეი ტობინი იღებდა და რომელსაც გიტინგსი 1963 წელს DOB-ის პიკნიკზე შეხვდა. თავის სერიაში “სიცოცხლის პროპაგანდა” ქალებს საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლისკენ მოუწოდებდა. ამდენად DOB-ის უფრო კონსერვატიულად განწყობილ წევრებთან კონფლიქტების წარმოშობა სრულიად კანონზომიერი იყო, განსაკუთრებით DOB-ის 1964 წლის კონვენციის შემდეგ, სადაც გიტინგსი შეეცადა, დამსწრეები დაერწმუნებინა, რომ “ჰომოსექსუალობის, როგორც გრძნობებისა და არსებობის სახეობის სფეროს, ავტორიტეტები მხოლოდ თავად ჰომოსექსუალები არიან”. გიტინგსი განსაკუთრებულად მძაფრად ფრენკ კამენის, “მატაჩინიების” საზოგადოების ყოფილ წევრს იცავდა, რომელიც თავისი მოწოდებებით გეებსა და ლესბოსელებს “კომფორტული რესპექტაბელურობიდან ნაკლებად სასიამოვნო, უფრო უხეშ და უხერხულ პოლიტიკურ და სოციალურ აქტივობაში გადასვლისკენ” უხმობდა.
პოლიტიკურ მოღვაწეობას პრაქტიკულად მოცილებული ბარბარა გიტინგსი და კეი ტობინი ფილადელფიაში ერთად ცხოვრობდნენ, სადაც გიტინგსი მბეჭდავად მუშაობდა, ხოლო კეი – უძრავი ქონებით ვაჭრობის სახელმწიფო აგენტად.
ბარბარა გიტინგსმა, DOB-ის დამაარსებელ დელ მარტინთან და ფილის ლაიონთან ერთად, XX საუკუნის 50-60-იან წლებში ლესბოსელთა პოლიტიკური ორგანიზაციების ადრეულ ფორმებზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. მისი გაბედული მოღვაწეობა უფრო გვიანდელი გეების ორგანიზაციების საფუძვლად იქცა, ორგანიზაციებისა, რომლებიც ხშირად აუფასურებენ იმ ადამიანების წვლილს, ვინც მათი არსებობა შესაძლებელი გახადა.
მოამზადა ნინო ძანძავამ
Life and political activity of Barbara Gittings, a prominent American activist and her role in further development of gay organisations.
Author: Paul Russell
Prepared by Nino Dzandzava