: "ნებისმიერ გენდერად ყოფნა დრეგია" / ფოტო: ჯეისონ როჯერსი
ევროპული გენდერული პოლიტიკის მომავალი
16 04 2020

ინტერვიუ უნგრელ ფემინისტთან და პოლიტოლოგთან, ესთერ კოვაჩთან

ავტორი: კლარა ვლასაკოვა

მთარგმნელი: ნინო მიქაშავიძე

ეს ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა ჩეხური ყოველდღიური გაზეთის Právo დანართში Salon.

ინგლისური თარგმანის წყაროა: პოლიტიკური კრიტიკა და ევროპული ალტერნატივები

კ: სტატიაში - "გენდერი, როგორც სიმბოლური წებო: როგორ გახდა 'გენდერი' (ნეო)ლიბერალური წესრიგის უარყოფის ქოლგა ტერმინი"- თქვენ ვერონიკა გჟებალსკასა და ანდრეა პეტოსთან ერთად წერთ გენდერის, როგორც საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ნაკლოვანების სიმბოლოს შესახებ. რატომ გახდა ეს სიმბოლო "გენდერი" და არა - სხვა ცნება?

ე: ჩვენ ეს ცნება იმის გამოსახატად შევიმუშავეთ, რომ როდესაც მემარჯვენე ფრთა თავს ესხმის გენდერს, ისინი ფაქტობრივად არამხოლოდ ესხმიან თავს გენდერის აკადემიურ კონცეფციას, არამედ იმ ყველაფერს, რასაც ის პოლიტიკურად მოიცავს, მაგალითად, გენდერულ თანასწორობასა თუ სიყვარულის თანასწორობას. ეს მხოლოდ ზედაპირია, მაგრამ იგი მოიცავს ბევრ სხვა რამესაც, რისი გადმოცემაც ხდება გენდერის მეშვეობით. პირველ რიგში, ეს ინგლისური ტერმინია, უცხოური ცნებაა და ბევრ ენას არ გააჩნია მისი შესაბამისი შესატყვისი.

უნგრულში ჩვენ გვაქვს გამოთქმა "სოციალური სქესი" ("ბიოლოგიური სქესის" საპირისპიროდ), მაგრამ მას არავინ იყენებს. ასე რომ, ეს უცხოური იდეა მოიაზრებს ლიბერალური ელიტების მისწრაფებებს: რომ ჩვენ აღმოსავლეთში უფრო ევროპულები უნდა ვიყოთ, უფრო დასავლურები, უფრო ცივილიზებულები - როგორც ალექსანდრე კიოსევი ამბობს, საკუთარი თავის მიმართ თვითკოლონიზებული დამოკიდებულება გვაქვს. ასევე ყველა პროგრესულმა მოძრაობამ - იმისათვის, რათა ლიბერალურ დემოკრატიასთან საკუთარი შესაბამისობა დაემტკიცებინა - 90-იან წლებში ერთგვარი ნახტომი გააკეთა და დაივიწყა მთელი ჩვენი წარსული (არა მხოლოდ კომუნისტური, არამედ ისიც, რაც იქამდე იყო). წარსულში ყველაფერი ცუდი იყო, ჩვენ კი დასავლური ტიპის დემოკრატია გვჭირდება... ფემინიზმის მხრივ, ისინი არ იყენებდნენ წარსულის მიღწევებს - თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობდა. თითქოს, ფემინისტური წარსული არც კი გვქონია.

ასე რომ, 90-იან წლებში ყველაფერი დასავლური იმპორტის სახით შემოვიდა, მატერიალური და სოციო-ეკონომიკური პრეტენზიები დღის წესრიგიდან თანდათანობით გაქრა და მხოლოდ კულტურული საკითხები დარჩა, კაპიტალიზმის ახალ რეალობებში მათი დანერგვის გარეშე. ჩვენ დასავლური, ადამიანის უფლებების ენა გამოვიყენეთ ქალთა პრობლემების ნათელსაყოფად და ეს ენა უცხო იყო ხალხისთვის; ის არ წარმოშობილა ჩვენი საზოგადოების წიაღიდან. ასევე, მოსაზრება, რომ შრომით ბაზარში მონაწილეობა ნიშნავს ემანსიპაციას, არ შეესაბამებოდა ადამიანების რეალურ გამოცდილებას - ბევრი მათგანისთვის ეს მეტწილად ექსპლუატაციური გამოცდილებაა. ეს მხოლოდ მაღალ კლასებს ემსახურებოდა.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელზეც შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ, სოციალური მეცნიერებებია (მათ შორის გენდერის კვლევა), რომლებიც არ იყვნენ მოწადინებულნი საზოგადოებისათვის აეხსნათ, თუ რატომ არის მათი მეცნიერული შესწავლის ობიექტები და მიგნებები რელევანტური საზოგადოებისთვის. გულწრფელად რომ გითხრათ, მზარდად ნეოლიბერალური აკადემია ამას თითქმის შეუძლებელს ხდის: ხელს უშლის პროფესორებსა და მასწავლებლებს, დაესწრონ საზოგადოებრივ ღონისძიებებს, რამდენადაც ეს მათ სამეცნიერო სანდოობას "უთხრის ძირს", რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ თავიანთი ცოდნა უფრო ადვილ, პოპულარულ ენაზე უნდა თარგმნონ, მაგალითები მოიყვანონ.

სწორედ ამიტომ, "რა არის გენდერი" უნგრულმა საზოგადოებამ, ფაქტობრივად, მემარჯვენე პროპაგანდისტული მედიისაგან შეიტყო, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მეცნიერებებში ამ ცნებას უკვე მრავალი წელია იყენებდნენ. ამიტომაც, როდესაც იგებენ, რომ გენდერულ საკითხებთან მაქვს საქმე, ხშირად მისვამენ კითხვას: "მართლა გინდათ რომ ბიჭები გოგოები გახდნენ, გოგოები კი - ბიჭები?" აქ კიდევ ერთი არასასიამოვნო ასპექტი ფიგურირებს, მათ არათუ არ სმენიათ გენდერის "რეალური" მნიშვნელობის შესახებ, არამედ თვით გენდერის ცნებაც შეიცვალა წლების განმავლობაში. ადრე ეს კაცად ან ქალად ყოფნის სოციალურ როლს უფრო ეხებოდა, ვთქვათ, ბიოლოგიურად მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენელს მისი სქესის გათვალისწინებით საზოგადოება უწესებდა ნორმებს, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მამაკაცი, ან კარგი ქალი; ახლა კი, მეტწილად, გენდერულ იდენტობებზეა ლაპარაკი: იმაზე, რომ ჩემი იდენტობა ჩემი სხეულებრივი რეალობისგან დამოუკიდებლად მკარნახობს ქალი ვარ, კაცი, თუ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე. და ეს ორივე მნიშვნელობა გამოიყენება აქტივიზმსა და პოლიტიკაში, თუმცა სხვადასხვა პროგრესული აქტორების მიერ, და სწორედ ამ გაუგებრობას იკვლევენ მემარჯვენეები.

როდის მოხდა ეს ცვლილება?

საკითხავია, როდის იქცა პოსტმოდერნული შემობრუნება აქტივიზმის რეალობად. ის ჯერ კიდევ იმ ხანებიდან მოდის, როდესაც დაიბადა იდეა, მნიშვნელოვანი იდეა, რომ მემარცხენეები არა მხოლოდ ეკონომიკურ ჩაგვრაზე, არამედ სხვა ტიპის ჩაგვრაზეც უნდა ზრუნავდნენ. როგორც ნენსი ფრეიზერი ამტკიცებს, 90-იანი წლების დასაწყისში სამართლიანობისათვის ბრძოლამ სოციო-ეკონომიკური საკითხებიდან აღიარების საკითხებზე გადაინაცვლა. ამის ნაწილი იყო ფორდისტული კაპიტალიზმის გარდაქმნა უფრო პოსტმოდერნულ კაპიტალიზმად, რომლის სისტემაშიც სოციალური სამართლიანობის მოთხოვნები იყო გათვალისწინებული. ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის, როდესაც კომპანიები ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ ისინი ღია არიან ყველა სექსუალური ორიენტაციის თანამშრომლებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, მაგალითად, მკაცრად ეწინააღმდეგებიან პროფკავშირების შექმნას.

მახსოვს ბუდაპეშტში გამართული დისკუსია, როდესაც დიდი ტრანსნაციონალური კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დებატებში თქვა: "როდესაც ადამიანები დღეში 12 საათი მუშაობენ ჩვენი კომპანიისთვის, ისინი მათდამი კეთილგანწყობას უნდა გრძნობდნენ". და დამსწრე საზოგადოებიდან ვიღაცამ იკითხა: "კარგი, მაგრამ რატომ მუშაობენ ისინი დღეში 12 საათს?" ის, რომ კეთილგანწყობა აგრძნობინო თანამშრომლებს, ხშირად ახალი გზაა მათი ერთგულების შესანარჩუნებლად. ჩვენ შეგვიძლია ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი იდენტობა და ცისარტყელის დროშა ავაფრიალოთ პრაიდის თვის განმავლობაში, მაგრამ სამსახურში 12 საათი უნდა გავატაროთ. ასე რომ, ვფიქრობ, პროგრესული მოძრაობებისა და პარტიებისათვის ბევრად უფრო ადვილია ბრძოლა სიმბოლური რაღაცებისთვის, მაგალითად, მოდით, მეტი ქალი მოვათავსოთ ბანკნოტებზე! ან მოდით, აიკრძალოს სექსისტური რეკლამები!. მაგრამ გაცილებით რთულია იმ დამსაქმებლებთან ბრძოლის წამოწყება, რომლებიც თანამშრომლებს უწევენ ექსპლუატაციას.

რა შეიძლება გაკეთდეს?

საწყისი წერტილი თვითრეფლექსიაა. ფემინისტი აქტივისტები, მეცნიერები, პროგრესული პარტიები - ჩვენ ყველანი ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, თუ რატომ გახდა გენდერის ცნება სამიზნე. მე ხშირად მადანაშაულებენ, რომ მემარჯვენეების ხაფანგში ვებმევი, რადგან მათ კრიტიკას სერიოზულად ვუდგები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მემარჯვენე პარტიები მათი ამომრჩევლებისგან უნდა განვასხვაოთ. მე ძალიან მაინტერესებს სოციოლოგიური კითხვა: რატომ იწვევს მათი კრიტიკა დადებით გამოხმაურებას ხალხში? როგორ ამოიცნობენ საკუთარ რეალობას და შიშებს მემარჯვენეების ინტერპრეტაციებში? მე ვერ დავკმაყოფილდები განმარტებით, თითქოს ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები სექსისტები ან ჰომოფობები არიან, და რომ მემარჯვენეები შუა საუკუნეების დროინდელ არასაყოველთაო დამოკიდებულებებს ეყრდნობიან... მგონია, რომ ჩვენ უკეთესად უნდა ვცადოთ ამ საკითხის გაგება.

ჩვენ ვერ ვიტყვით: "მოდით, გავაგრძელოთ ერთობლივი ბრძოლა და მშვიდობიანი დროისთვის გადავდოთ ჩვენი შიდა დებატები". ჩვენ ეს ღიად უნდა განვიხილოთ, თუ იგივე მოძრაობაში, იგივე ბრძოლაში ვმონაწილეობთ, რომელშიც ჩართულნი არიან ლიბერალი ფემინისტები (ქალებს რომ მოუწოდებენ იმოქმედონ)[1] ან ლგბტ აქტივისტები, რომლებიც კაპიტალთან ალიანსში კრიტიკის გარეშე შედიან. თვითრეფლექსიისა და აუცილებელ კონფლიქტებზე წასვლის გარდა, ვფიქრობ, ჩვენც ახალი ალიანსების ძიება უნდა დავიწყოთ.

მაგალითად, ძალიან ვაფასებ უნგრეთში ქალთა რამდენიმე მოძრაობას, რომლებიც არ არის ფემინისტური. უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედების მოძრაობაა. ეს ისეთი ჯგუფია, რომელთაგანაც ორგანიზებას არც ელოდები, რადგან მათ 24 საათის განმავლობაში უწევთ შვილებზე ზრუნვა, მაგრამ მათ ჩამოაყალიბეს მოძრაობა და მოახდინეს ზეწოლა მთავრობაზე, რათა მომხდარიყო პოლიტიკის ცვლილება. მეორე ასეთი ჯგუფია ქალთა მოძრაობა, რომელიც მეანობის პრაქტიკაში არსებულ ძალადობას ებრძვის. არცერთი ეს ჯგუფი თავს ფემინისტად არ მოიაზრებს, მაგრამ ისინი ახერხებენ ქალების მობილიზაციას ქვეყნის მასშტაბით. და ბოლოს, თუ დაელაპარაკებით ხალხს, მათ აინტერესებთ არა აკადემიური ტერმინები, არამედ პრობლემები; და ეს პრობლემები მათთვის ძალიან რეალურია.

რა აერთიანებს ამ ალიანსებს?

კაპიტალიზმის ფარგლებში ქალებს განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ. მათი ექსპლუატაცია ხდება შრომის ბაზარზე და მათ დამსაქმებლებს არ ესმით, რას ნიშნავს მოხუცებულებზე ან ბავშვებზე ზრუნვა. კაპიტალიზმი ზრუნვას არ აფასებს. მემარცხენეებმა საზოგადოების შესახებ იდეა გვერდზე გადავდეთ. ჩვენ არ გვაქვს შეთავაზება, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა სოლიდარობას. არ შეიძლება უბრალოდ შეკრიბო ჯგუფები და გამოაცხადო: მოდით, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქალებს, გეებს, რომას[2]... ქალების ექსპლუატაცია ესე ხდება, გეების და რომას კი - ასე და მოდი, გავერთიანდეთ... ჩვენ გვჭირდება სოლიდარობისა და საზოგადოების გამაერთიანებელი იდეა, გამორკვევა იმისა, თუ ვინ ვდგავართ ერთად და როგორია ჩვენთვის სასურველი მომავალი. ჩვენ ეს დიდი კითხვები და ამგვარი საზოგადოების იდეა მემარჯვენეებს გადავულოცეთ.

ამაში რას გულისხმობთ?

მოდით, მაგალითად ავიღოთ ზრუნვის შრომა. პოლონეთში პარტიამ "სამართლი და სამართლიანობა (PiS)" აღადგინა ზრუნვის შრომის აღიარება ბავშვიანთა ფულადი შემწეობის პროგრამის (500+) სახით და ეს მეტად მნიშვნელოვანია ხალხის ღირსებისთვის, სიღარიბე მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს ნაბიჯი არ ეხმიანება ზრუნვის კრიზისის ძირეულ მიზეზებსა თუ კაპიტალისა და ზრუნვის წინააღმდეგობას, მაგრამ ეს ბევრად მეტია იმაზე, რაც ამ მხრივ წინა, ნეოლიბერალურმა მთავრობებმა გააკეთეს, ასე რომ, ეს ასე მარტივად არ და ვერ უნდა უკუვაგდოთ.

თუმცა, უნგრეთსა და პოლონეთს შორის დიდი განსხვავებაა. პოლონეთში ეს შეღავათები ყველა კლასს ეხება, უნგრეთში კი საკმაოდ ვრცელი ოჯახური პროგრამა ინარჩუნებს და აძლიერებს კლასობრივ დაყოფას, შესაბამისად, შეღავათები გათვლილია შეძლებულ ადამიანებზე. პროგრამა იმაზე კი არ არის მიმართული, რომ დაბალი კლასი საშუალო კლასის დონეს გაუთანაბრდეს, არამედ მიმართულია საშუალო კლასის უზრუნველყოფასა და კმაყოფილებაზე. უნგრეთში ამ ოჯახური პოლიტიკის უკან ასევე დგას ეთნიკური მიზეზები: რომას ხალხს ხელს არ უწყობენ, მეტი შვილები ჰყავდეთ.

ამაში ბევრი რამ არის ცუდი, თუმცა ასევე არსებობს ემანსიპატორული პოტენციალი, რადგან ამ ოჯახური პოლიტიკის წყალობით ჩვენს ქვეყანაში წლების მანძილზე გაბატონებული შიშის მთესველი და მტრის ხატის მაძიებელი სახელმწიფო დისკურსის შემდეგ გაჩნდა გარკვეული პოზიტიური ხედვა, გარკვეულწილად ზრუნვის აღიარება მოხდა. მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ ზოგიერთისთვისაა და ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ განათლებულ კონსერვატორ ადამიანებს მხოლოდ იმიტომაც არ სურთ დაინახონ, თუ როგორ უთხრის ეს ძირს დემოკრატიას, რომ ამით სწორედ მათი კლასი იღებს სარგებელს.

ჰყავს თუ არა ვიქტორ ორბანს სერიოზული ოპოზიცია?

ახლახან მუნიციპალური არჩევნები ჩავატარეთ და ოპოზიციამ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. ოპოზიციაშიც უამრავი კორუმპირებული ადამიანია, მაგრამ მათ შორის მაინც არიან მემარცხენეები. ასე რომ, სახეზეა გარკვეული საიმედო ნიშნები - მაგალითად, ბუდაპეშტის ახალი მერის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო გამოსახლებების შეჩერება და საბინაო კრიზისის მოგვარების მცდელობა. მაგრამ კიდევ სხვა მრავალი საკითხია გადასაჭრელი, რომელთა მოგვარებაც მუნიციპალური პოლიტიკის და კომპეტენციების დონეზეა შესაძლებელია. ხანდაზმულთა ინსტიტუციონალიზებული მოვლა ერთ-ერთი მათგანია, რადგან ხანდაზმულთა მოვლა ყოველდღიური საკითხია ასობით ათასი უნგრელისთვის. მაგრამ ხანდაზმულთა მოვლა არ არის საინტერესო ან ამაღელვებლი თემა - ბავშვები საყვარლები არიან, მაგრამ ხანდაზმულებზე ზრუნვა ბევრს არ აღელვებს.

რა გამოწვევებს ხედავთ კონკრეტულად ფემინისტებისთვის ჩვენს რეგიონში?

ერთ-ერთი ასეთ გამოწვევა ვიქტიმიზაციის ნარატივია. სულაც არ არის გამათავისუფლებელი და ემანსიპატორული იმის თქმა, რომ: "შენ მსხვერპლი ხარ. ნუ გრცხვენია რომ მსხვერპლი ხარ, მაგრამ მსხვერპლი ხარ". ქალებს მაინცდამაინც არ სურთ საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმა. ფემინისტებისთვის მნიშვნელოვანია გააცნობიერონ ის, თუ რას სთავაზობენ სხვებს, ამასთანვე, არ უნდა გავებათ ნეოლიბერალური ფემინიზმის ხაფანგში, რომლის მიხედვითაც ყველაფერი საკუთარ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ჩვენ კვლავ გვხვდება ამგვარი წარმატების ისტორიები ჟურნალში Forbes და სხვა ანალოგიურ გამოცემებში, მაგრამ მათზე არ ვდარდობ, რადგან სინამდვილეში მათ არავინ კითხულობს. ეს მხოლოდ ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფისთვისაა მიმზიდველი.

ჩვენთვის არსებითი საკითხი უნდა იყოს, მაგალითად, თუ როგორ ჭიდილში არიან დაბალი კლასის წარმომადგენელი ქალები და რამდენად უფრო მკაცრი სასჯელის წინაშე დგანან ზრუნვის შრომის მოვალეობების გამო. ეს ისტორიები ხაზს უსვამს ზრუნვის კრიზისს, ყოველ შემთხვევაში, უნგრეთში კაპიტალიზმსა და მოხუცებულებზე ზრუნვას შორის არსებული დაძაბულობა აისახება მეინსტრიმულ მედიაში. ამავდროულად, ეს გვთავაზობს ენას, რომელიც ეხება არა მხოლოდ ვიქტიმიზაციას, გაჭირვებასა და ჩაგვრას, არამედ ხედვას ისეთი საზოგადოებისა, რომელშიც გვინდა ვიცხოვროთ, რომელშიც ერთმანეთზე ზრუნვა გათვალისწინებულია. ამ ბოლო დროს, საბედნიეროდ, მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტად თანასწორი. ეს პროცესი ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება.


[1] იმოქმედე (ქალები, შრომა და ლიდერობის სურვილი) - ფეისბუქის მთავარი ოპერატიული დირექტორის, შერილ სენდბერგის, წიგნი ქალებისა და ძალაუფლების თაობაზე, რომელშიც ავტორი წარმატების მიღწევის ძირითად საფუძვლად პირად ძალისხმევას მიიჩნევს (მთარგმნელის შენიშვნა).

[2] ბოშები - მათი გავრცელებული თვითწოდებებია - რომა (Roms, Romanies), თუმცა გამოიყენება სხვა ეთნონიმებიც, როგორებიცაა: ციგნები, სინტი, მანუშ (ადამიანები), კალე, ხოლო პოლიტიკურ დონეზე მათ საერთო სახელად/აღმნიშვნელად გამოიყენება რომა (მთარგმნელის შენიშვნა).



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან