: სტოუნვოლის აჯანყებიდან
ინტერვიუ შერი ვულფთან | სოციალიზმი და ლგბტ გათავისუფლება
27 06 2020

შერი ვულფი ამერიკელი ავტორი და სოციალისტი აქტივისტია. მისი წიგნი "სექსუალობა და სოციალიზმი" ისტორიის, პოლიტიკის და ლგბტ განმათავისუფლებელი თეორიის გამოკვლევაა.

ამ ინტერვიუში ვულფი განიხილავს სტოუნვოლის აჯანყების გავლენებსა და შედეგებს, ადრეული პერიოდის საბჭოთა კავშირის წინსვლას ლგბტ უფლებების მხრივ, გეი პრაიდს, ჩაგვრასა და შეგუებას კაპიტალიზმში.

ინტერვიუ თავდაპირველად 2015 წლის 28 ივნისს პორტუგალიურად დაიბეჭდა "მემარცხენე დღიურში" (Esquerda Diário).

სტოუნვოლი იყო ლგბტ მოძრაობის დასაბამი ბრაზილიასა და მთელ მსოფლიოში. თუმცა მანამდეც არსებობდა გეი უფლებადამცველი ორგანიზაციები. შეგიძლიათ აღგვიწეროთ ლგბტ მოძრაობა სტოუნვოლამდე?

ყველაფერი საკმაოდ უმწიფარი იყო, საკმაოდ მყიფე. პირველი ორგანიზაციები 1950-იან წლებში გამოჩნდა ამერიკაში. ვგულისხმობ, გარკვეული წარსულისა და საკუთარი პუბლიკაციის მქონე ორგანიზაციებს - მაგალითად, "ბილიტისის ასულებს" (Daughters of Bilitis) ჰქონდათ პუბლიკაცია, სახელწოდებით "კიბე" (The Ladder), იყო კაცების ორგანიზაცია, იყო "ჰარი ჰეისის ორგანიზაცია". არსებითად, ეს ყველაფერი 50-იან წლებში დასავლეთ სანაპიროზე სამეგობრო წრეებში დაიწყო, ისევე, როგორც ომისშემდგომი პერიოდის ბევრ სხვა საკითზე მსჯელობა; განიხილებოდა რასობრივი საკითხები, გენდერული საკითხები და, რა თქმა უნდა, სექსუალობა. აშშ ხდება ბევრად ინტენსიურად ურბანიზებული, მეორე მსოფლიო ომი კი იქცა სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების განსაკუთრებულ გამოცდილებად, ერთსქესიანთა ქვედანაყოფებად შეჯგუფებული 16 მილიონი ადამიანის გამორჩეული ძალისხმევისა და სექსუალობის აყვავების პირობებში.

50-ებში პირველად მოხდა რაღაც სახის გეი ან ლესბი ორგანიზება, თუმცა ძალიან მოკრძალებული. დღეისათვის მათ ძალისხმევას აღარავინ უწოდებდა რამენაირად რადიკალურს, მაგრამ იმ დროს გარეთ გამოსვლაც კი რადიკალური ქმედება იყო. ქვიარ თემი ფედერალური მთავრობისგან კანონგარეშედ გამოცხადების პრობლემის წინაშე დადგა, პირველად ეიზენჰაუერის მმართველობისას. საჯარო მოხელეები შეიძლებოდა ჰომოსექსუალობის გამო გაეთავისუფლებინათ - ასე დაიწყო სამუშაო ადგილებზე გეების წინააღმდეგ "კუდიანებზე ნადირობა" ისეთი მასშტაბით, როგორიც აშშ-სთვის მანამდე უპრეცენდენტო იყო.

ამასთან ერთად, თვითონ ხალხიც ამჟღავნებდა თავიანთ ორიენტაციას და ხდებოდა ოდნავ მეტად ხილვადი - ოდნავ მეტად. ფედერალურმა მკაცრმა ზომებმა გზა გაუკვალა საზარელ "ნადირობას კუდიანებზე" - გეებზე და ლესბოსელებზე. სწორედ ამ "კუდიანებზე ნადირობამ" გააღვივა 50-იანი წლების ადრეული ორგანიზების მცდელობები. თვითონ ჰარი ჰეი კომუნისტი იყო. ხოლო ყველაზე ცნობილი ლესბოსელი ქალი ორგანიზატორი, ვინც "კიბისთვის" (The Ladder) წერა დაიწყო და ვისი ორიენტაციაც ცნობილი არ იყო, რადგან ფსევდონიმს ატარებდა - იყო ლორინ ჰანსბერი, ავტორი პიესისა "ქიშმიში მზეში" (A Raisin in the Sun). ეს აფრო-ამერიკელი ქალი, "ბილიტსის ასულების" ყოფილი დამფინანსებელი და "კიბის" ავტორი, მხოლოდ ვიწრო წრეებში თუ იყო გაცხადებულად ლესბოსელი და იცავდა თანასწორუფლებიანობას.

გარდა ამისა, არსებობს მუშათა კლასის ორგანიზების ძალიან კარგი მაგალითი, რაც იმ დროისთვის გამონაკლისი იყო. 1920 წელს "საზღვაო მზარეულებისა და სტიუარდების კავშირი", რომელსაც შავკანიანები ედგნენ სათავეში, გამოვიდა რასობრივი დევნისა და წითლების დევნის წინააღმდეგ (იგულისხმება თავდასხმა და შევიწროება რასისა თუ კომუნისტებთან სავარაუდო კავშირის გამო). ისინი ქვიარების დევნის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ და ჰქონდათ კიდეც საკავშირო დარბაზი. [მათი განცხადებით] "რასობრივი დევნა, წითლების დევნა და ქვიარების დევნა კავშირის შეფერხების სტრატეგიებია". ეს უჩვეულო ნაბიჯია, მაგრამ ის ასევე ცხადყოფს აქტიური სოციალისტების და კომუნისტების მნიშვნელობას ამ კავშირისათვის და გვიჩვენებს, როგორი იყო იმ პერიოდის აშშ-ის დასავლეთ სანაპირო. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამ მაგალითმა უბიძგა მუშათა კლასის ორგანიზების სხვა მცდელობებსაც. და მართლაც, "საზღვაო მზარეულებისა და სტიუარდების კავშირის" შესახებ იმიტომაც გვსმენია, რომ ის გამოირჩეოდა, როგორც გამონაკლისი.

ყველა ეს საორგანიზაციო ჯგუფი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც საბჭოთა კავშირში ბოლშევიკებმა აიღეს ძალაუფლება ხელში. როგორც თქვენს წიგნში აღწერთ, ძალიან ცოტა თუა ცნობილი ბოლშევიკების მიერ ლგბტ ადამიანებთან მიმართებით განმათავისუფლებელი პოლიტიკის გამოყენების შესახებ. თუ შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, როგორი იყო ბოლშევიკების დამოკიდებულება ლგბტ ადამიანების მიმართ?

ეს გასაოცარი ამბავია, რაც მეტ გამოკვლევას იმსახურებს. ისეც არ არის, თითქოს ბოლშევიკები ღრმად განსწავლულები იყვნენ გენდერის და სექსუალობის საკითხებში. ამის მტკიცება უბრალოდ არაზუსტი იქნებოდა. მაგრამ, ისინი იძიებდნენ და იკვლევდნენ კაცობრიობის გათავისუფლების იდეას და ჩაგვრის წინააღმდეგ იდგნენ; როდესაც ასეთი ამოსავალი პოზიციიდან იწყებ, ეს ბევრი სხვა დიალოგის წამოწყების შესაძლებლობას იძლევა. ბოლშევიკური პარტიის წარმმართველმა იდეოლოგიამ შექმნა მეთოდოლოგია, რომელიც ყველა ტიპის საკაცობრიო საკითხს უნდა მიდგომოდა.

მაგალითად, ბოლშევიკებმა ჰომოსექსუალობა დეკრიმინალიზებულად გამოაცხადეს ათწლეულებით ადრე, ვიდრე ეს სადმე სხვაგან მოხდებოდა. და ჩემთვის განსაცვიფრებელია, რომ სქესის შეცვლის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ოპერაციები საბჭოთა კავშირში ტარდებოდა - მაგრამ იმის წარმოდგენაც კი მაშინებს, როგორი იქნებოდა ეს ოპერაციები, თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ მედიცინასა და ქირურგიას. ქალები მსახურობდნენ წითელ არმიაში, მსახურობდნენ ღიად, როგორც ქალები. ტრანსი კაცები წითელ არმიაში მსახურობდნენ, როგორც კაცები, რადგან კაცები იყვნენ და არა იმიტომ, რომ ამის დამალვა უწევდათ.

ერთსქესიანთა წყვილები ქორწინებას აღნიშნავდნენ. ეს ყველაფერი ნაწილი იყო იმ იდენტობების გათავისუფლებისა, რაც სექსუალობასა და გენდერთან იყო დაკავშირებული. და სწორედ ბოლშევიკურმა რევოლუციამ გახადა შესაძლებელი ასეთი გათავისუფლება. ამ რეალობასთან შეჯახება საგონებელში გაგდებს, ფიქრობ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ რევოლუციის ოცნებები ასე არ დაიმსხვრეოდა 20-იანი წლების ბოლოს, სტალინიზმის აღმასვლასთან ერთად, საიდანაც უკვე ვხედავთ ასეთი პოლიტიკის აბსოლუტურ შემობრუნებას.

საბჭოთა კავშირს ჰყავდა გეი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის ორიენტაციაც ცნობილი იყო. ის იყო იმ დროს მიმდინარე რევოლუციის სახე და საზღვარგარეთ მოგზაურობდა. იქით-აქეთ არ დადიოდა და არ ამბობდა, რომ გეია, მაგრამ ეს ცნობილი ამბავი იყო. როგორც ვიცით, ის სამალავში არ იყო სექსუალური ორიენტაციის გამო. მაგრამ ვიცით, რომ ამ საკითხს უსაზღვროდ იკვლევდნენ, როგორც ეს ყოველთვის ხდება, როცა ყველაფერი ერთიანად ამოტივტივდება ხოლმე. რატომაც არ იქნებოდა ასე ადამიანური ურთიერთობის ყველაზე ინტიმური მხარესთან დაკავშირებით?

ცალსახაა, რომ ლგბტ გათავისუფლების სიმბოლო დღეისათვის არ არის ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში აღება. ეს სიმბოლო სტოუნვოლია. რატომ იყო სტოუნვოლი ასეთი მნიშვნელოვანი აშშ-ში და მთელ მსოფლიოში?

[წაიკითხეთ: "სტოუნვოლი აჯანყება იყო"]

მგონია, რომ ეს იმ დროს მოხდა, როცა ანტი-საომარი, შავკანიანთა და ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობები გადაიკვეთა, ამ დროს დაემთხვა სამუშაო უფლებებისთვის ბრძოლისა და მისი რადიკალიზების აღზევება თუ მასობრივი მობილიზაცია, განსაკუთრებით, შავკანიან მშრომელებში; ამას მალევე მოჰყვა ფოსტალიონების მასობრივი, საყოველთაო სახალხო გაფიცვა.

მნიშვნელოვანია, ერთი რამ გვახსოვდეს, რომ ეს არ იყო ჯანყის პირველი შემთხვევა. ეს პირველად წლების წინ, ტრანს ქალებისა და დრეგების მიერ მოხდა ბეი არეაში, სადაც არეულობამ პოლიციური ძალადობის საპასუხოდ ამოფეთქა. სტოუნვოლი იმიტომ კი არ გვახსოვს, რომ ის დღეები გრძელდებოდა, არამედ იმიტომ, რომ მეტი და მეტი ხალხი უერთდებოდა. "შავმა პანტერებმაც" გამოიყვანა ხალხი; "ახალგაზრდა ლორდების პარტიამაც", რაც "შავი პანტერების" პუერტო რიკოელი და ლათინო ეკვივალენტი იყო. და საერთოდ, მთლიანი ამერიკული მემარცხენეობა, ვისაც რამენაირი მგრძნობელობა ჰქონდა, შეუერთდა ამ აჯანყებას. არასტალინისტებისა თუ სტალინისტი მემარცხენეების ჯგუფებიც კი გამოვიდნენ, მხარი დაუჭირეს და მიიღეს მონაწილეობა ამ აჯანყებაში. იმდენი ადამიანი იყო, ვისაც არც არასდროს უფიქრია გეებზე თუ ლესბოსელებზე - ბისექსუალებზე და ტრანსებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - და ეს ხალხი გამოვიდა აქციებზე და ჩაერთო პოლიციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც დღეები გრძელდებოდა.

მაგრამ მე მაინც მგონია, სტოუნვოლი იმიტომ გვახსოვს, რომ ხალხი დასაწყისიდანვე ორგანიზდა. ბევრი სახალხო საპროტესტო აქციისგან განსხვავებით, რაც მხოლოდ გარკვეული დროით გრძელდება ხოლმე, სტოუნვოლმა საფუძველი ჩაუყარა გრძელვადიან შედეგებს. "გეი განმათავისუფლებელი ფრონტი" (The Gay Liberation Front) სტოუნვოლის დასრულებიდან 24 თუ 48 საათში შეიქმნა. იმ დროს ამერიკა ვიეტნამთან იბრძოდა. "გეი განმათავისუფლებელმა ფრონტმა" სახელი დაირქვა "ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ფრონტზე" ალუზიით, იმ ვიეტნამელ ჯარისკაცებზე მინიშნებით, ვისაც იმ დროს აშშ-ის მთავრობა ებრძოდა. ამ სახელის შერჩევა და გადაკეთება "გეი განმათავისუფლებელ ფრონტად" ძალიან რადიკალური ქცევა იყო. "გეი განმათავისუფლებელი ფრონტის" მანიფესტი იყო ბრწყინვალეც, რადიკალურიც და გარდამქმნელიც. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გეების საჯარო გამოსვლა და თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა თავდაცვითი პოზიციით არ იწყებოდა. სტოუნვოლამდე, საზოგადოებაში გამოჩენისას ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ: "გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ არ დაგვაზიანოთ". სტოუნვოლის მერე ეს სხვა მანტრად გადაიქცა: "ჩვენ სრულფასოვანი ადამიანები ვართ და მოგიწევთ, უკეთესად მოგვექცეთ. უკვე ყელში ხართ!". წინა წლების მეტად მობოდიშე აქტივისტებთან შედარებით ეს ნამდვილი გარდატეხა იყო. მგონია, რომ სწორედ ორგანიზებულობის გამო გვახსოვს ეს აჯანყება უფრო მეტად, ვიდრე სხვა სახალხო პროტესტი და ამოხეთქვა.

ყველა ის ჯგუფი, რომელიც შეუერთდა სტოუნვოლის აჯანყებას - "პანტერები", მემარცხენეები თუ სხვა - განსხვავებული ჯგუფები იყვნენ და მათი იდეები სტოუნვოლის შემდგომი ორგანიზებისას გამოვლინდა? ვისი ორგანიზებით დაარსდა "გეი განმათავისუფლებელი ფრონტი"? რა იყო მათი იდეოლოგია?

აჯანყების მონაწილეთა უმრავლესობა ქუჩის ბავშვები იყვნენ, ვინც ჰომოსექსუალობის გამო სახლებიდან გამოაგდეს ან გამოიქცნენ. ესენი იყვნენ ტრანსები, ესენი იყვნენ ბუჩი ლესბოსელები - გარიყული და უარყოფილი ადამიანები. იმის თქმა მინდა, რომ სტოუნვოლის ბარი სრულიად დაივ ბარი იყო. ბარიც კი არ იყო. რაღაც ჩაბინძურებული თავშეყრის ადგილი. აჯანყებამდე ორი თუ სამი კვირით ადრე ჰეპატიტი აფეთქდა და ხელისუფლება ხშირად ხურავდა ამ ადგილს. ნამდვილი ბუდე იყო იქაურობა. ბევრი ეს ადამიანი ჩაერთო "გეი განმათავისუფლებელი ფრონტის" ორგანიზებაში. ასე რომ, ეს ის ხალხია, ვინც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რადიკალიზდა თავიანთი ცხოვრების პირობებისა და ჩაგვრის გამო. მაგრამ ყველა იყო მემარცხენე, ზოგი ტროცკისტი მემარცხენე იყო, "სოციალისტური მშრომელთა პარტიის" წევრი, ზოგი კიდევ რადიკალიზებული იყო სტუდენტური აქტივისტთა ჯგუფის, "სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისათვის", მიერ. ყველანაირმა ადამიანმა იპოვა თავისი ადგილი "გეი განმათავისუფლებელ მოძრაობაში" თუ მის შემდგომ ვარიაციებში. იმ ადამიანებმაც, ვინც ჩვენი მოძრაობის პირველი მემატიანეები არიან, მაგალითად - ჯონ დ'ემილიო კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მარტინ დუბერმენმა კი გეი მარქსისტული კითხვის წრე შექმნა კოლუმბიის უნივერსიტეტში. თავიანთ თავს "გეი აკადემიკოსების ალიანსს" უწოდებდნენ და თეორეტიზებას ახდენდნენ იმისა, რაც გარშემო ხდებოდა, პარალელურად კი გრინვიჩ-ვილიჯშიც აქტიურობდნენ. ცდილობდნენ, შეემუშავებინათ სექსუალობისა და გენდერული ჩაგვრის თეორია და თან აქტიურად ცდილობდნენ, მიმდინარე მოვლებებში ჩართულიყვნენ. "გეი განმათავისუფლებელი ფრონტის" მანიფესტი ნამდვილად ასახავს მოძრაობაში გაერთიანებული ხალხის რადიკალურ განწყობებსა და დამოკიდებულებებს.

ჩვენ გვაქვს სტოუნვოლი, და იქიდან მოყოლებული გეი უფლებათა მოძრაობის დაბადება და ბოლოს, დღეს, მოვდივართ "გეი პრაიდამდე". ბრაზილია ყველაზე დიდი "გეი პრაიდის" სამშობლოა, მაგრამ აქ მთელ მსოფლიოში ყველაზე ბევრ ლგბტ ადამიანსაც კლავენ. პრაიდის აღლუმები კორპორაციების კომერციული მოგებისა და "ფინქვოშინგის" ადგილია. რა მოხდა? როგორ დავასრულეთ ამ მოცემულობაში "პრაიდის აღლუმებით"? რას ფიქრობთ ამ პოლიტიკური სივრცის პოტენციალზე?

მოდი, იმით დავიწყოთ, აქამდე როგორ მოვედით. მგონია, რომ რადიკალური ქმედებების შესუსტებამ და ბევრი რადიკალის დემოკრატიული პარტიისკენ გადახვევამ, ამერიკაში მაინც, 70-ებში გადამწყვეტი ცვლილება მოიტანა. აქტივისტებისა და რადიკალების მოთხოვნები ბევრად მოკრძალებული გახდა. მაგრამ, ვფიქრობ, აქ რაღაც პარადოქსიც მოხდა, რადგან რაც მეტი ადამიანი ამჟღავნდება თავის ორიენტაციას, ჰომოსექსუალობა მისაღები ხდებოდა ამერიკული საზოგადოების უფრო და უფრო ფართო წრეებისთვის, და, საბოლოოდ, კორპორაციული ამერიკისთვისაც. როგორც ასეთი, ჰომოსექსუალობასთან მიმართებით კაპიტალიზმმა გარკვეული ხარისხის მოქნილობა გამოავლინა.

ვერ ვიტყვით, რომ გეი, ლესბოსელი და ბისექსუალი ადამიანების ჩაგვრა დასრულდა (ტრანსებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან საზოგადოებამ მათ მოქმედების თავისუფლება სრულიადაც არ მისცა), თუმცა მათთვის გარკვეული პირობები იქმნება, ვერ ვიტყვით რომ იცვლება, მაგრამ იქმნება - ამ ქვეყანაში ტრანს ადამიანებზე მსჯელობა არასდროს ყოფილა იმდენად ღია, როგორც დღესაა. მგონია, რომ რაც მეტმა და მეტმა ადამიანმა გაამჟღავნა თავისი სექსუალური ორიენტაცია, კაპიტალიზმმა მით მეტად გამოძებნა გარკვული ადგილი ( ისევე, როგორც იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურდნენ და იმ შავკანიანების - რომლებიც გარკვეულ პოზიციებზე აირჩიეს) ჰომოსექსუალობის ზოგიერთი სახის რეპრეზენტაციისთვის, მაგრამ არა ყველასთვის - ცხადია.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან საერთოდ არ არის ისე, თითქოს კაპიტალიზმს აღარ სჭირდებოდეს "დაყავი და იბატონე" ტაქტიკა; თითქოს მას აღარ სურდეს იმ ხალხის ჩაგვრა, ვისი ცხოვრებაც სტატუს ქვოსთან წინააღმდეგობაშია. კაპიტალიზმს ცალსახად სჭირდება სტატუს ქვო და მის საფუძველზე შევიწროებული გარიყულთა ჯგუფი, აუტსაიდერები. თუმცა კაპიტალიზმმა ისიც დაგვანახა, რომ შეუძლია ადაპტირდეს და ადგილი გამონახოს გარკვეულ ცხოვრების წესებისთვის, გარკვეული ტიპის სხეულებისთვის და სექსუალობის წარმოდგენის გარკვეული ფორმებისთვის, რაც მისთვის აქამდე მიუღებელი იყო.

რაღაც მსგავს ვხედავთ ამ გზაზე, სადაც კაპიტალისტურმა საზოგადოებამ ადგილი მონახა ბარაკ ობამასთვის, თუმცა კი ყველა გაზეთის პირველი გვერდი და ყველა ამერიკული ქალაქის ქუჩები გადავსებულია შავკანიანი ქალებისა და კაცების მოკლული და ნაცემი სხეულებით. ჩაგვრა და ადაპტაცია კაპიტალიზმში თანაარსებობს და მგონია, რომ დღეს ზუსტად ამის მომსწრენი ვართ, რისი მაგალითიცაა გეი ქორწინების მატება და გავრცელება, რაც დიდი ალბათობით ძალიან მალე გახდება ეროვნული რეალობა. აშშ-ის უზენაესი სასამართლო საკანონმდებლო ცვლილებებს აპირებს და თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ერთსქესიანთა ქორწინების სასარგებლოდ მიიღებს [ინტერვიუ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 26 ივნისს მიღებულ სწორედ ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა]. ეს მართლაც ბევრ რამეს შეცვლის ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ რა უნდა ქნას იმან, ვინც ღარიბია ან მუშათა კლასის წევრია, ვინც ისე არ გამოიყურება - ვისაც არ აცვია გარკვეული სახის ტანსაცმელი, ვინც არ დადის გარკვეულ კლუბებში, არ ცხოვრობს გარკვეულ უბნებში. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სამუშაო უფლებები შტატების ნახევარში. ტრანსი ადამიანების უფლებებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - მათ არაფერი არ გააჩნიათ. მაგრამ გეების შემთხვევაშიც, ამერიკის შტატების ნახევარზე მეტში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს, აბსოლუტურად კანონიერია სამსახურიდან გაგათავისუფლონ მხოლოდ იმიტომ, რომ გეი ან ლესბოსელი ხარ.*

[*წაიკითხეთ: აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ათწლეულების მუშაობის შედეგია. წინ კიდევ ბევრი საქმეა. ]

ეს სისტემური წინააღმდეგობრიობა იქამდე გაგრძელდება, სანამ კაპიტალიზმი იარსებებს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობასა და საჭიროებას იმისა, რომ სისტემის სათავეში მყოფმა ადამიანებმა სამუშაო პროცესში ჩართონ ჩაგრულების სექცია, რომელსაც მისაღებად მიიჩნევენ. სწორეს ასეთია ჰილარი კლინტონის მსგავსი ქალებისა და ბარაკ ობამას მსგავსი კაცების შემთხვევა. მმართველმა კლასმა მაღალი კლასის ფენას შეუქმნა სივრცე ყოველგვარი თავისუფლებისათვის, როცა, ამავდროულად, ის საკუთარ თავს ინარჩუნებს იდეოლოგიით და განაგრძობს ლგბტ ადამიანების უდიდესი უმრავლესობისთვის მატერიალური კეთილდღეობის შეზღუდვას. ასე რომ, დღესდღეობით ორივე თანაარსებობს ამერიკაში. ჩვენ ვცხოვრობთ წარმოუდგენელი წინააღმდეგობებით სავსე დროში.

და "პრაიდის აღლუმზე" რას იტყვით?

მნიშვნელოვანია, ერთი რამ გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოპოლიტურ წრეებში ქამინგ-აუთი დიდი ამბავი აღარ არის, ჯერ კიდევ რეალობაა ის, რომ აშშ-ის უმეტეს ნაწილში, ეს კონტროვერსიული საკითხია. ასე რომ, ამ ადამიანებისთვის "პრაიდი" ჯერ კიდევ არის ის ადგილი, სადაც შეუძლიათ იყვნენ ის, ვინც არიან და ჰქონდეთ თავისუფლება, იზეიმონ ეს ფაქტი. ეს ისეთი რამეა, რაზეც ცინიკურები არ უნდა ვიყოთ.

თუმცა, ეს ამაზრზენი, სრული კორპორატიზება საზიანოა ყველა ჩვენგანისთვის, მემარცხენეებისთვის, მათთვის, ვისაც გვჯერა, რომ თავისუფლება არა "სითიბანკმა" ან "ბუდვაიზერმა" მოგვიტანა, არამედ იმან, რაც ხდება აშშ-ში მემარცხენეობის აღმასვლით. და მართლაც მგონია, რომ მემარცხენეობა გარკვეულწილად ვითარდება, არა მარტო Black Lives Matter კამპანიით, არამედ ბევრ სხვა ფრონტზე, როგორიცაა "სოლიდარობა პალესტინას" (BDS) - ჩვენ ამ შესაძლებლობებში გზა გავიკვალეთ და თავი გავიტანეთ. მაგალითად, ნიუ-იორკში და ბევრ სხვა ქალაქში პრაიდის აღლუმებზე ვიხილეთ "ქვიარები პალესტინის გათავისუფლებითვის". ნიუ-იორკში ბევრი "გეი პრაიდი" იმართება - ყველა რაიონს თავისი პარადი აქვს, ყველაზე დიდი კი მანჰეტენზე, სტოუნვოლის იუბილის შაბათ-კვირას იმართება. მშრომელთა კლასის რაიონში, მაგალითად ქვინსში, არსებობდა ჯგუფი "სტოუნვოლიდან ბალტიმორამდე", რომელიც გეი გათავისუფლების და Black Lives Matter საკითხებს აერთიანებდა. ასეთი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირდება.

მემარცხენეები კვლავ შედიან კორპორატიულ სივრცეებში. ჩვენ ვცდილობთ გამოვკეთოთ გარკვეული ნიშა და საოცრად დადებით გამოხმაურებას ვიღებთ, განსაკუთრებით მშრომელთა კლასის რაიონებში. გამოხმაურება, ემიგრანტთა თემებიდანაც კი, რომლებიც ამ საკითხებთან დაკავშირებით პროგრესულად მოაზროვნეებად არ მიიჩნევიან, სინამდვილეში ძალიანაც დადებითია. ადამიანები შეძახილებით ამხნევებენ ერთმანეთს. ემიგრანტ ოჯახებს მუშტები ცაში აქვთ აწვდილი, ტაშით ეგებებიან გეი ადამიანებს Black Livs Matter თუ პალესტინიდან. ეს მართლაც აღმაფრთოვანებელი მომენტია, სადაც შეგიძლია დაინახო, რომ ადამიანები სხვაგვარად აზროვნებენ.

თარგმნა თამარ გოგიამ



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია