-: უსათაურო, ალბერტ ეუჟინ გალატინი
მიტოვებული ქვიარები: რა ზიანს აყენებს ლგბტ ასიმილაცია ჩვენი თემის ყველაზე მოწყვლად წევრებს
19 04 2019

28 ივნისის საღამოს, ბოლო ათწლეულების ყველაზე ისტორიული ნიუ იორკის პრაიდის კვირეულის აღსანიშნავად, ორი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ზეიმი მოეწყო.

ამ ორიდან უფრო კაშკაშა და შთამბეჭდავი იყო ყველასათვის სათაყვანო 'ცეკვა პირსზე'. როცა პრაიდის აღლუმი ჟინჟლნარევ დასასრულს მიუახლოვდა, ახალგაზრდა, ჰომოსექსუალი და მეტწილად თეთრი მამაკაცების მხიარული და ენერგიული ბრბო ჰადსონის მდინარის პარკის 26-ე პირსისაკენ გაეშურა, სადაც არიანა გრანდე ღია ცის ქვეშ გამართული მაღალბიუჯეტიანი მეგა წვეულების ჰედლაინერი (მთავარი შემსრულებელი) იყო. ღონისძიება, რომელიც სრულყოფილად იყო აღჭურვილი ლაზერული განათებებით, უამრავი ჯამბოტრონით (დიდი ვიდეო ეკრანი), ფეირვერკებითა და ნახევრად შიშველი 'გო-გო' მოცეკვავეების ლეგიონით, თავზეხელაღებით ადასტურებდა ურბანული ჰომოსექსუალობის ახლადშეძენილ მოდურობას. შეშვება 80 დოლარიდან იწყებოდა, მაგრამ ამან ნამდვილად ვერ შეუშალა ხელი ენთუზიაზმით სავსე 10 000 ფანს დასეოდნენ ბილეთებს იმის სანახავად, რაც ორგანიზატორებმა მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი კლასის ლგბტ ღონისძიებად შეაფასეს.

ამ 10 000 დამსწრედან, რომელიმეს ცეკვისას რომ შეესვენა და ჰადსონის გასწვრივ ჩრდილოეთისაკენ გაეხედა, ალბათ ქრისტოფერ სთრით პირსის მონახაზს დაინახავდა, სადაც ძალიან განსხვავებული სახის აღნიშნვას ჰქონდა ადგილი. აქ, უსახლკარო ქვიარ ახალგაზრდების ჭრელმა ჯგუფმა - რომელიც ნამდვილად ვერ გაწვდებოდა Dance on the Pier-ის საფასურს - ექსპრომტად გადაწყვიტა თავად მოეწყო წვეულება. არიანა გრანდეს კონცერტიდან გამომავალი ბასის პულსაციისს ფონზე კაცები, ქალები, სისგენდერი, ტრანსგენდერი, გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, შავკანიანი და ლათინო-ამერიკელი ახალგაზრდები, ქუჩის ლამპიონების მკრთალი შუქის ქვეშ სვამდნენ, ეწეოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ ვოგს და თამაშობდნენ ბანქოს.

ორივე წვეულებამ პატივი მიაგო საერთო წარსულს, რომელიც პრაიდისა და ათწლეულების ბრძოლის აღნიშნვნით გაიხსენეს. ორივე მხარემ აღიარა საერთო აწმყო ჰადსონის მდინარის პირსზე სივრცის გაზიარებით, რომელიც ნიუ იორკის ლგბტ თემის ცენტრია. მაგრამ არიანა გრანდეს ექსტრავაგანტული კონცერტი და მისი მაღალი კლასის მაყურებელი კონტექსტიდან საკმაოდ ამოვარდნილი ჩანდა პირსზე, რომელიც უკვე ათეული წლებია ქვიარ თემის ყველაზე მარგინალიზებული წევრების თავშესაფრად იქცა - მეტწილად უსახლკარო ქვიარ ახალგაზრდებისთვის.

და ეს მზარდი განხეთქილება მეინსტრიმ და მარგინალიზებულ ლგბტ ადამიანებს შორის მაძლევს შიშის საფუძველს, რომ ჩვენს თემს საერთო მომავალი არ ექნება.

მართალია, გეი უფლებების მოძრაობამ შეერთებულ შტატებში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის ქორწინების აქტის დაცვის ბათილობას და ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებას, მაგრამ თავად ლგბტ თემის შიგნით ყველას არ აქვს ის თანაბარი მდგომარეობა, რომ ამ მოპოვებული წარმატებით ისარგებლოს.

ბოლოს და ბოლოს, თუმცაღა ქორწინება სიყვარულის განცხადებაა, მრავალი თვალსაზრისით ის ინტერპერსონალური სტაბილურობის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სოციალური რესპექტაბელურობის გამოხატულებაა - ატრიბუტები, რომელიც ბევრ მარგინალიზებულ ლგბტ ადამიანს არ გააჩნია. შესაბამისად, როცა საშუალო და მაღალი კლასის გეების შემთხვევაში სიყვარულმა გაიმარჯვა, ბევრი ტრასნგენდერი, ფერადკანიანი და უსახლკარო ქვიარ ახალგაზრდა მიტოვებული აღმოჩნდა თემისგან, რაც მეტად და მეტად განსაზღვრა თემის შიგნითვე თეთრკანიანი, სისგენდერი, საშუალო და მაღალი ფენის წევრების ინტერესებმა.

ათი წლის წინ, ლგბტ თემის ამ ძლევამოსილმა ქვეჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ქორწინების თანასწორობისთვის ბრძოლა იქნებოდა გეი უფლებების მოძრაობის თანამედროვე ქვაკუთხედი - და მათ ამისათვის საკმაოდ კარგი მიზეზი ჰქონდათ. ქორწინება რესპექტაბელურობის ინსტიტუტია. ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებისათვის ბრძოლა მიგვანიშნებდა, რომ გეი თემი გაიზარდა, უკან ჩამოიტოვა თავისი რადიკალური წარსული და მზად იყო შეერთებოდა მეინსტრიმ საზოგადოებას, როგორც საპატიო პარტნიორი. მან ჩამოშალა ჰიპერსექსუალური, გამომწვევი გეის სტეროტიპი და იგი ჩაანაცვლა უფრო ჯანსაღი იმიჯით, რაც მეინსტრიმ ამერიკისათვის უფრო მისაღები აღმოჩნდა.

ეს ასევე იყო იმის მტკიცება, რომ გეი უფლებების მოძრაობამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, დაძლია ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა ჯანმრთელობა, დაცულობა, ეკონომიკური უსაფრთხოება და სოციალური სტაბილურობა.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ასე არ მომხდარა. ლგბტ ახალგაზრდების 20 პროცენტზე მეტი უსახლკაროა და უსახლკაროთა 40 პროცენტი ლგბტ თემის წევრია. უსახლკარო ქვიარ ახალგაზრდების 58 პროცენტი ყოფილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ტრანსგენდერი ადამიანების 64 პროცენტი წელიწადში 25000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს. ტრანსგენდერი ადამიანების 41 პროცენტმა და უსახლკარო ქვიარ ახალგაზრდების 62 პროცენტმა თვითმკვლელობა სცადა. ხოლო წელს აშშ-ში ამ დრომდე უკვე 10 ტრანსგენდერი ქალია მოკლული.

და მაინც, როდესაც საშუალო და მაღალი ფენის ჰომოსექსუალებმა უამრავი დრო და ფული ჩადეს გეი ქორწინებისათვის ბრძოლაში, ეს და სხვა ნაკლებად მარკეტინგულად მომგებიანი ლგბტ საკითხები დავიწყებას მიეცა. გაიზარდა ქუჩაში მცხოვრები ქვიარ ახალგაზრდების რიცხვი. ტრანსგენდერებზე ძალადობამ იმატა. და ნაპრალი მეინსტრიმ ქვიარ თემს და მის 'ფოჩებს' შორის გაიზარდა. როგორც ერთმა ჰომოსექსუალმა, შავკანიანმა და უსახლკარო ახალგაზრდამ პირს 45ზე განმიცხადა: ''ისე გამოვიდა, თითქოს მაშინვე, როდესაც ქორწინების თანასწორობა მიიღეს, გვითხრეს 'სამწუხაროდ აწი თქვენს ტკივილს ვეღარ გავიზიარებთ".

ეს არის საოცარი ახალი გეი სამყარო?

სამყარო, სადაც ქვიარ თემის საჯარო სახეები - ჰომოსექსუალები, თეთრკანიანები, სისგენდერები და მდიდრები - საზოგადოების ელიტაში იკავებენ ადგილებს, ხოლო ტრანსგენდერ, არათეთრკანიან, ღარიბ და უსახლკარო წევრებს ბედის ანაბარა/საკუთარი თავის იმედად ტოვებენ?

სამყარო სადაც უარყოფილმა და ოჯახის მიერ ქუჩაში გამოყრილმა ქვიარ ახალგაზრდებმა მხოლოდ ისღა უნდა აღმოაჩინონ, რომ მათ თავიანთ თემშიც - რომელსაც მიღებისა და სიყვარულისათვის მიმართავენ - მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნევენ?

დაყოფის, ინდიფერენტულობის, უარყოფის და პირადი ინტერესების სამყარო?

სამწუხაროდ, ეს დისტოპია უკვე ნელნელა რეალობად გადაიქცა. როცა მეინსტრიმული თეთრკანიანი გეი კულტურა არამხოლოდ სოციალურად მიღებული, არამედ მასშტაბურად მარკეტიზებული და კომერციალიზებული გახდა, საშუალო და მაღალი ფენის გეი ინტერესები განუყრელად გადაეჯაჭვა ისტორიული გეი სივრცეების ჯენტრიფიკაციას* და ღარიბი, არათეთრკანიანი, ტრანსგენდერი და უსახლკარო პირების კრიმინალიზაციას ამ სივრცეების ფარგლებშივე.

მაგალითად, გრინვიჩის დაბა - დიდი ხნის თავშესაფარი ქვიარ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უარყოფისა და დევნისაგან თავის დაღწევას ცდილობდნენ - გახდა გეი თემის ახალაღმოჩენილი კეთილდღეობის მბზინავი გამოფენა/შოუქეისი, თავისი ორგანული წვენების ბარებით, პატარა ძაღლების ბუტიკებითა და ასობით ძვირიანი ყავის მაღაზიით. და რამდენადაც გეი ელიტა მზარდად ინტეგრირდა საზოგადოების ძალაუფლების სტრუქტურაში, ბევრმა ეს ახლადშეძენილი ძალაუფლება გამოიყენა არა იმისთვის, რომ ქვიარ თემში არსებული უთანასწორობა შეემცირებინა, არამედ იმისთვის, რომ თავისი პოზიცია გაემყარებინა ლგბტ თემის მზარდი იერარქიის მწვერვალში.

ნაცვლად იმისა, რომ ეთანამშრომლათ უსახლკარო ქვიარ ახალგაზრდობასთან, რათა ხელახლა შეექმნათ ძველი დაბის მრავალფეროვნებისა და მიმღებლობის კულტურა, ახალი გრინვიჩის დაბის ბევრი მაცხოვრებელი - მათგან ბევრი გეი და ლესბოსელი - იღწვის, რომ გაწმინდოს თავიანთი ქუჩები 'Bloods და Crips"-გან (სახელები - ქუჩის ორი დაპირისპირებული დაჯგუფება), "ურჩი ახალგაზრდების ბანდებისგან" და "აფროამერიკული და ჰისპანური წარმოშობის გეი ახალგაზრდებისაგან" - ერთი შეხედვით ყველაფრისგან, რითაც უსახლკარო ფერადკანიან ქვიარ ახალგაზრდებს ახასიათებენ.

ნაცვლად იმისა რომ ამაყად მიეღოთ პირსის მდიდარი ისტორია, როგორც უარყოფილი უსახლკარო ქვიარ ახალგაზრდების თავშესაფარი, ზოგიერთმა რეზიდენტმა ამ ახალგაზრდების მთლიანად გაგდება სცადა პირსიდან, აცხადებდნენ რა, რომ დრო შეიცვალა და ქვიარ ახალგაზრდებს აღარ ესაჭიროებათ დაცული სივრცეები.

ხოლო უსახლკარო ქვიარების შევიწროებისგან დაცვის მაგივრად, ქრისტოფერ სთრითის პატრული სულ უფრო მეტად დასდევს მათ წვრილმანი სახის დარღვევებზე - რაც საზარლად წააგავს იმ ანტი-გეი ვიჯილანტების (ადამიანები, რომელთაც საკუთარ ხელში აიღეს კანონი) სტრატეგიას, რომელთან საბრძოლველადაც, ნაწილობრივ, დაარსდა ეს პატრული. ერთერთი შავი ტრანსგენდერი ახალგაზრდის თქმით: - "ზიანი ჩვენი თემიდანვე მოდის. ალბათ ფიქრობდით, რომ უფრო დაცულები ვიქნებოდით ჩვენსავე პირსზე."

მაგრამ ამ ტენდენციაში ყველაზე უარესი ისაა, რომ ვინაიდან დისკრიმინაციაზე ნაწილობრივ მაინც ჩვენივე თემია პასუხისმგებელი, ამან ფაქტს ლეგიტიმურობა შესძინა. საბოლოო ჯამში, ამას ჰომოფობიურს ვერ უწოდებ, თუ ესაა ქვიარები ქვიარების წინააღმდეგ, არა?

მაშინ, როდესაც ბოლო ათი წლის განმავლობაში გამაოგნებელი წინსვლა აღინიშნება გეი უფლებების კუთხით და როცა ამერიკის ლგბ თემის კეთილდღეობა სულ უფრო იზრდება, მარტივად გვავიწყდება, რომ ზუსტად ის ჯგუფები რომელსაც ახლა ვრიყავთ, არიან ისინი, ვინც საერთოდ წამოიწყო მოძრაობა ქვიარ უფლებების დასაცავად იმ პერიოდში, როცა ჰომოსექსუალობა ჯერ კიდევ დანაშაული იყო.

უსახლკარო ქვიარ ახალგაზრდებს, შავი დრეგ დედოფლებს, ტრანსგენდერ ქალებსა და გეი 'ჰასლერებს' რომ არ გაელაშქრათ კომპტონის კაფეტერიისა და სტოუნუოლის შევიწროების წინააღმდეგ 45 წლის წინ, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა გეი ქორწინება. ჩვენი მოძრაობა ჩვენივე თემის 'მარგინების' მხრებზე აშენდა. შესაბამისად, მანამ სანამ ლგბტ ახალგაზრდებს ქუჩაში სძინავთ, ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლე მუდმივი საფრთხის ქვეშაა და ფერადკანიანი ქვიარები სიღატაკეში ცხოვრობენ, ჩემი ახლახან მოპოვებული ქორწინების უფლება მნიშვნელობას კარგავს.

ლგბტ მოძრაობას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მე უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ შემდეგი დიდი ბრძოლა ქვიარ უფლებებისთვის თავად ქვიარ თემის წინააღმდეგ არ იქნება.

ორიგინალი სტატიის ბმული

ავტორი: კოლინ უოლმსლი

მთარგმნელი: ანა ითონიშვილი

*ჯენტრიფიკაცია - ინგლ. Gentrification ან ურბანული ჯენტრიფიკაცია - ფენომენი, რომელშიც იაფი, ფიზიკურად დეგრადირებული უბნები განახლებასა და უძრავი ქონების ფასების ზრდას განიცდის, და რომელსაც თან სდევს ამ უბნებში შეძლებული მოქალაქეების გადმოსვლა, რაც იქიდან ძველი მდგმურების, ხელმოკლე ოჯახების გასახლებას იწვევს.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"