: "კაბა", მათიას ჰამანი. 2008
ტრანს კაცის წერილი ძველ სექსუალურ რეჟიმს
07 07 2019

"ლე მონდში" გამოქვეყნებული პოლემიკური სვეტის საპასუხოდ, პოლ ბ. პრეშიადო ამხელს ჰეტეროსექსუალობის გროტესკულ ესთეტიკას, რომელიც კაცებს - აგრესორის, ქალებს კი მსხევრპლის პოზიციაში ტოვებს.

ქალბატონებო, ბატონებო და სხვებო,

სექსუალური შევიწროების პოლიტიკის შესახებ ჯვარედინად გახსნილ ცეცხლში მოყოლილმა, ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა, როგორც ორ სამყაროს შორის მოქმედმა კონტრაბანდისტმა - ერთი მხრივ, "კაცების" და მეორე მხრივ, "ქალების" სამყაროებისა (ამ ორ სამყაროს, შეიძლება, სულაც არ ეარსება, ზოგიერთნი გულმოდგინედ რომ არ ცდილობდნენ მათ განცლკევებულად შენარჩუნებას ერთგვარი სქესთა ბერლინის კედლის საშუალებით). მინდა იმ ამბავს მოგიყვეთ - "ნაპოვნი ობიექტის" ან უფრო სწორად "დაკარგული სუბიექტის" პოზიციიდან - რომელიც გზაზე გადასვლისას დაიკარგა.

აქ მე არ ვლაპარკობ როგორც კაცი, რომელიც მართველ კლასს მიეკუთვნება, იმათ კლასს, ვისაც დაბადებისთანავე მიანიჭეს მამრობითი სქესი, და რომლებიც აღზარდეს, როგორც მმართველი კლასის წევრები, იმათ, ვისაც მიანიჭეს უფლება, უფრო სწორად კი, რომელთაგანაც მოითხოვენ (და ეს საინტერესო ანალიტიკური გასაღებია), რომ ხორცი შეასხან მამაკაცთა სუვერენულობას. მე აქ არც ქალის პოზიციიდან ვლაპარაკობ, გამომდინარე იქიდან, რომ ნებაყოფლობით და განზრახ მივატოვე პოლიტიკური და სოციალური განსხეულების ეს ფორმა. აქ აზრს გამოვთქვამ, როგორც ტრანს კაცი. და აქვე, არანაირად არ გამოვთქვამ პრეტენზიას, წარმოვადგინო რაიმე კოლექტივი. არ ვლაპარაკობ, და არც შემიძლია ვილაპარაკო, როგორც ჰეტეროსექსუალმა ან ჰომოსექსუალმა, მიუხედავად იმისა, რომ მე ორივე პოზიციას ვიცნობ და მათში მიცხოვრია, რადგან, როცა ადამიანი ტრანსია, ეს კატეგორიები მოძველებული ხდება.

მე ვლაპარაკობ, როგორც სქესის დეზერტირი, სქესის მიგრანტი, სექსუალობისგან დევნილი, როგორც სექსუალური განსხვავებულობის რეჟიმის დისიდენტი (ხანდახან საკმაოდ მოუხერხებელიც კი, რამდენადაც არ არსებობს ტრანსად ყოფნის გზამკვლევი). როგორც სექსუალობის პოლიტიკის თვითგამოცხადებული საცდელი ვირთხა, რომელიც კედლის ორივე მხარეს ცხოვრების ჯერ კიდევ აქამდე არ არსებულ გამოცდილებას გადის, და რომელსაც, ქალბატონებო და ბატონებო, ყოველდღიურად ამ კედლის გადაკვეთა უკვე ძალიან მობეზრდა, იმ კოდებისა და სურვილების ჯიუტ მოუქნელობაში, რომელსაც ჰეტერო-პატრიარქალური რეჟიმი ამყარებს.

ნება მომეცით კედლის მეორე მხრიდან გითხრათ, რომ საქმე იმაზე გაცილებით უარესადაა, ვიდრე ამის წარმოდგენის საშულება ლესბოსელ ქალად ყოფნის გამოცდილებამ მომცა. მას შემდეგ, რაც კაცების სამყაროში ისე ვცხოვრობ, თითქოს კაცი ვიყო (იმიც გაცნობიერებით, რომ პოლიტიკურ ფიქციას განვასახიერებ) შევძელი შემემოწმებინა, რომ გაბატონებული (მამრობითი და ჰეტეროსექსუალი) კლასი თავის პრივილეგიებს არ დასთმობს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ უამრავ ტვიტს ვაგზავნით, ან ხანდახან უცნაურად წამოვიყვირებთ ხოლმე.

მას შემდეგ, რაც გასულ საუკუნეში სექსუალურმა და ანტი-კოლონიალურმა რევოლუციამ მათი სამყარო შეარყია, ჰეტერო--თეთრმა-პატრიაქალებმა კონტრ-რეფორმისტული პროექტი წამოიწყეს - რომელსაც დღესდღეობით უერთდებიან "ქალთა" ხმებიც, რომლებსაც სურთ განაგრძონ "თავდასხმულთა და შევიწროებულთა" მდგომარეობაში ყოფნა. ეს იქნება ათასწლიანი ომი - ყველაზე გრძელი ომი, იმის გათვალისწინებით, რომ ის შეეხება რეპროდუქციის პოლიტიკას და იმ პროცესებს, რომლის მეშვეობითაც ადამიანის სხეული სოციალურად ჩამოყალიბებული სუვერენული სუბიექტი ხდება. ეს იქნება, ფაქტობრივად, ყველა ომთა შორის უმნიშვნელოვანესი ომი, ვინაიდან საფრთხის ქვეშაა არა ტერიტორია, ან ქალაქი, არამედ სხეული, სიამოვნება და სიცოცხლე.

რობოკოპი და უცხო (Robocop and Alien)

ჩვენს ტექნოპატრიარქალურ და ჰეტეროცენტრისტულ საზოგადოებებში კაცთა პოზიციას რაც ახასიათებს ეს არის ის, რომ მამაკაცთა უზენაოსობა განსაზღვრულია ძალადობის ტექნიკის ლეგიტიმური გამოყენებით (ქალების, ბავშვების, არა-თეთრკანიანი კაცების, ცხოველების, მთლიანად პლანტის წინააღმდეგ). მაქს ვებერის და ჯუდით ბატლერის წაკითხვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასკულინურობა საზოგადოებისთვის იგივეა, რაც სახელმწიფო - ერისთვის: ძალადობის მფლობელი და ლეგიტიმური გამომყენებელი. ეს ძალადობა გამოიხატება სოციალურ ასპექტში დომინირების ფორმით, ეკონომიკურ ასპექტში - პრივილეგიის ფორმით, სექსუალურ ასპექტში კი - აგრესიით და გაუპატიურებით. საპირისპიროდ, ქალთა სუვერენულობა ამ რეჟიმში დაკავშირებულია მათ უნართან - შვან. ქალები სექსუალურად და სოციალურად დაქვემდებარებული არიან. მხოლოდ დედები არიან სუვერენულები.

ამ რეჟიმის წიაღში მასკულინურობა განისაზღვრება ნეკროპოლიტიკურად (კაცების უფლებით მოკლან), მაშინ, როდესაც ფემინურობა განისაზღვრება ბიოპოლიტიკურად (ქალების ვალდებულებით სიცოცხლე შვან). ნეკროპოლიტიკურ ჰეტეროსექსუალობაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რობოკოპისა და უცხოს შეწყვილების ეროტიზაციის უტოპიის მსგავსი რაღაც, თან თუ იმასაც დავაჯერებთ თავს, რომ გამართლების შემთხვევაში, ერთი მათგანი კარგ დროს ატარებს...

ჰეტეროსექსუალობა არა არის მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმი, როგორც ეს ფრანგმა მწერალმა მონიკ ვიტიგმა გვაჩვენა. არამედ, ის ასევე სურვილის პოლიტიკაა. ამ სისტემის სპეციფიკურობა ისაა, რომ ის განსახირდება როგორც "თავისუფალ" სექსუალურ აგენტებს შორის ცდუნებისა და რომანტიკული დამოკიდებულების პროცესი. რობოკოპისა და უცხოს პოზიციები ინდივიდუალურად არ არის არჩეული და არც გაცნობიერებულია. ნეკროპოლიტიკური ჰეტეროსექსუალობა არის მმართველობის პრაქტიკა, რომელიც მმართველების (კაცების) მიერ არ არის თავს მოხვეული დაქვემდებარებულებზე (ქალებზე), არამედ ესაა ეპისტემიოლოგია, რომელიც შიდა რეგულაციის საშუალებით კაცებისა და ქალების განსაზღვრებებსა და პოზიციებს ადგენს. მმართველობის ეს პრაქტიკა არა კანონის, არამედ დაუწერელი ნორმის, ჟესტებისა და კოდების ტრანსლაციის ფორმას იღებს, რომლის შედეგიც, სექსუალობის პრაქტიკაში გატარებისას, იმ წყალგამყოფის დამკვიდრებაა, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. სექსუალური მსახურების ეს ფორმა ეყრდნობა ცდუნების ესთეტიკას, სურვილის სტილიზაციას და ისტორიულად ჩამოყალიბებულ და კოდიფიცირებულ დომინაციას, რომელიც ძალაუფლებათა განსხვავებულობის ეროტიზებას და მის კვლავწარმოებას ახდენს. სურვილის ეს პოლიტიკა არის ის, რაც უზრუნველყოფს სქესის/გენდერის ძველი რეჟიმის სიცოცხლის გახანგრძლივებას, მიუხედავად მთელი რიგი სამართლებრივი პროცესებისა დემოკრატიზაციის და ქალთა გაძლიერებისთვის. ეს ნეკროპოლიტიკური ჰეტეროსექსუალური რეჟიმი ისეთივე მადეგრადირებელი და დამანგრეველია, როგორც ვასალობა და მონობა იყო განმანათლებლობის ეპოქაში.

სურვილი უნდა შეიცვალოს

პროცესი, რომელშიც ძალადობას ვგმობთ და ამავდროულად მას შესაძლებელს ვხდით, ანუ ის, რასაც ახლა გავდივართ, ნაწილი და ერთგვარი შესაფუთი ქაღალდია სექსუალური რევოლუციისა, რომელიც იმდენადვე გარდაუვალია, რამდენადაც ნელი და ჩახლართული. ქვიარ ფემინიზმმა ეპისტემიოლოგიური ტრანსფორმაცია განსაზღვრა, როგორც სოციალური ცვლილების შესაძლებლობის წინაპირობა. ეს გულისხმობდა ბინარული ეპისტემიოლოგიისა და სქესთა ნატურალიზაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, და იმის მტკიცებას, რომ სქესთა, გენდერთა და სექსუალობათა შეუზღუდავი მრავალრიცხოვნება არსებობს. დღეს ვხვდებით, რომ ლიბიდოს ტრანსფორმაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეპისტემიოლოგიური ტრანსფორმაცია: სურვილი უნდა შეიცვალოს. უნდა ვისწავლოთ სექსუალური თავისუფლების მიმართ ლტოლვა.

წლების განმავლობაში ქვიარ კულტურა იყო დისიდენტური სექსუალობების ახალი ესთეტიკების გამოგონების ლაბორატორია, სუბიექტივიზაციის მეთოდებისა და ჰეგემონური ნეკროპოლიტიკური ჰეტეროსექსუალობის სურვილების პირისპირ. ბევრმა ჩვენგანმა დიდი ხნის წინ მიატოვა რობოკოპი-ალიენის სექსუალობის ესთეტიკა. ჩვენ ვისწავლეთ ბუჩ-ფემისა და BDSM კულტურებისგან, ჯოან ნესლის (Joan Nestle), პატ კალიფიას (Pat Califia) და გეილ რუბინის (Gayle Rubin), ანი სპრინკლისა (Annie Sprinkle) და ბეტ სტეფენსის (Beth Stephens), გიომ დასტანისა (Guillaume Dustan) და ვირჟინი დეპანტისგან (Virginie Despentes), რომ სექსუალობა პოლიტიკური თეატრია, სადაც სცენარს არა ანატომია, არამედ სურვილი წერს. სექსუალობის თეატრალური ფიქციის შიგნით შესაძლებელია ისურვო ფეხსაცმელების ლანჩების ალოკვა, მოგინდეს შენში ყოველი ხვრელის პენეტრაცია ან მონადირის მსგავსად საყვარელზე ტყეში ნადირობა, როგორც სექსუალურ ნადირზე. თუმცა ორი განმასხვავებელი მომენტი მიჯნავს ქვიარ ესთეტიკასა და ძველი რეჟიმის ჰეტერო ნორმირებას: თანხმობა და სექსუალური პოზიციების არა-ნატურალიზაცია. სხეულთა ექვივალენტურობა და ძალაუფლებათა თავიდან გადანაწილება.

ჰეტეროსექსუალობის ესთეტიკა

როგორც ტრანს-კაცი, მე დე-იდენტიფიცირებას ვაკეთებ გაბატონებული მასკულინურობისა და მისი ნეკროპოლიტიკური განსაზღვრებისგან. ყველაზე მეტად აუცილებელია არა იმის დაცვა, ვინც ვართ (კაცები თუ ქალები), არამედ მისი უარყოფა, საკუთარი თავის დე-იდენტიფიკაცია იმ პოლიტიკური ზეწოლისგან, რომელიც გვაიძულებს ვისურვოთ ნორმა და კვლავ ვაწარმოოთ ის. ჩვენი პოლიტიკური პრაქტიკა სქესისა და სექსუალობის ნორმების დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სიცოცხლის უდიდესი ნაწილი ლესბოსელი ვიყავი, შემდეგ ტრანსი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მე ისევე შორსა ვარ თქვენი ჰეტეროსექსუალობის ესთეტიკისგან, როგორც ლევიტაციაში მყოფი ბუდისტი ბერი სუპერმარკეტ კარფურისგან. ძველი სექსუალური რეჟიმის თქვენეული ესთეტიკა სიამოვნებას არ მგვრის. არ აღმაგზნებს ვინმეს "შევიწროება". არ მაინტერესებს ჩემი სექსუალური სიღარიბიდან გამოსვლა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალის საჯდომზე შეხებით. არანაირ სურვილს არ განვიცდი იმ ეროტიკულ-სექსუალური კიჩის მიმართ, რასაც თქვენ გვთავაზობთ: საკუთარი ძალაუფლების პოზიციით მოსარგებლე ტიპები რომ შემთხვევას არ უშვებენ, საჯდომებზე ხელის მოკიდებით გაათაონ. ნეკროპოლიტიკური ჰეტეროსექსუალობის აბსურდული და მომაკვდინებელი ესთეტიკა გულს მირევს. ესთეტიკა, რომელიც რე-ნატურალიზაციას უკეთებს სექსუალურ განსხვავებებს და კაცებს აგრესორების, ხოლო ქალებს (მტკივნეულად მადლობელი ან სიხარულით შევიწროვებული) მსხვერპლების პოზიციაში ათავსებს.

თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვიარ და ტრანს კულტურაში უკეთ და მეტს ვჟიმაობთ, ეს ერთი მხრივ იმიტომ, რომ ჩვენ სექსუალობა რეპროდუქციის სფეროდან გავმიჯნეთ და განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარი თავი სქესის ბატონობისგან გავათავისუფლეთ. არ ვამბობ, რომ ქვიარ და ტრანს-ფემინისტურ კულტურაში არანაირი სახის ძალადობა არ გვხვდება. სექსუალობა ჩრდილოვანი მხარის გარეშე არ არსებობს. მაგრამ ამ ჩრდილოვანმა მხარემ (უთანასწორობამ და ძალადობამ) არ უნდა დაიკავოს წამყვანი ადგილი და განაპირობოს ყველანაირი სექსუალობა.

ძველი სექსუალური რეჟიმის წარმომადგენელნო, კაცნო და ქალნო, მიხედეთ თქვენ წილ ჩრდილს და ისიამოვნეთ მისით, ჩვენ კი, მოგვეცით საშუალება, ჩვენი მკვდრები დავმარხოთ. ისიამოვნეთ თქვენი დომინაციის ესთეტიკით, მაგრამ ნუ ეცდებით თქვენი სტილი კანონად აქციოთ. და მოგვეცით საშუალება ჩვენს საკუთარ სურვილის პოლიტიკასთან ვიჟიმაოთ, კაცებისა და ქალების, პენისისა და ვაგინის, ნაჯახების და თოფების გარეშე.

პოლ ბ. პრეშიადო, ფილოსოფოსი.

ფრანგულიდან თარგმნა: მარიამ კვესელავამ

ორიგინალი წყარო



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან