იარლიყები: გამაძლიერებელი, მავნებელი თუ ორივე ერთად?
25 09 2015
როცა ჩემს სექსუალობაზე ვლაპარაკობ, როგორც ადამიანები, რომლებიც, ზოგადად, იდენტიფიცირებას ახდენენ, როგორც ქვიარი და ბისექსუალი, და უფრო კონკრეტულად კი - პანსექსუალი, ერთსა და იმავე პასუხს ვიღებ: „რა საჭიროა ეს იარლიყები? ჩვენ ყველა ერთნი ვართ.“
ხშირად ეს პასუხი ცუდი განზრახვით არაა ნათქვამი. ბევრი ამბობს, რომ იარლიყებს არ აქვს მნიშვნელობა: მათ სჯერათ, რომ იარლიყების არსებობა თანასწორობას ხელს უშლის.
და მე მესმის, რატომ ფიქრობს ბევრი ადამიანი ასე. მართლაც, მაცდუნებელია, გჯეროდეს, რომ უთანასწორობა განსხვავებითაა განპირობებული.
ხშირად ჩვენი სოციალიზაცია ისე ხდება, რომ შედეგად განსხვავებებს უთანასწორობის საფუძვლად აღვიქვამთ, იმის ნაცვლად, რომ უთანასწორობა და ჩაგვრა აღვიქვათ, როგორც - სისტემური.
საკუთარი პრივილეგიების აღიარება შესაძლოა,უსიამოვნო იყოს და დანაშაულის გრძნობას გვიჩენდეს, რადგან ეს იმის აღიარებასაც მოითხოვს, რომ ჩაგვრის თანამონაწილეები ვართ.
ამის გამო უფრო იოლია იარლიყების განტევების ვაცად წარმოჩენა - თავის მოჩვენება, რომ იარლიყები უთანასწორობის მიზეზია, და შემდეგ პრივილეგიების აღიარების რთული პროცესის გავლა.
მაგრამ საქმე ისაა, რომ უთანასწორობას იარლიყების არსებობა არ იწვევს. ადამიანები იწვევენ.
ცუდად არ გამიგოთ: იარლიყების გამოყენება ნამდვილად შეიძლება ჩაგვრისათვის. იარლიყები შეიძლება, იყოს სასარგებლოც და მავნებელიც, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და როგორ ვიყენებთ მათ.
მოდით, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, იარლიყები იყოს მავნებელი, და პირიქით - გამოსადეგი.
როგორ შეიძლება, იარლიყები იყოს მავნებელი
როცა სექსუალურ და რომანტიკულ ორიენტაციას შეეხება საქმე, იარლიყები აღწერით ფუნქციას ასრულებს და არა - ყველაფრის განმსაზღვრელს. ისინი ჩვენს იდენტობებს უნდა აღწერდნენ და არა განსაზღვრავდნენ იმას, თუ ვის მიმართ განვიცდით მიზიდულობას.
ამით იმის თქმა მინდა, რომ იარლიყები არ უნდა გვკარნახობდეს ჩვენს იდენტობებს. პირიქით, ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ მათ. მაგალითად, როცა ვინმე ლესბოსელად ახდენს იდენტიფიცირებას, მაგრამ კაცებს სექსუალურად მიმზედველად აღიქვამს, აქ არანაირი პრობლემა არაა.
იარლიყების სხვებისთვის მიკერება სასტიკი ქმედებაა. ხშირად ამას ქვიარფობია და მონოსექსიზმი იწვევს.
მაგალითად, დისკრიმინაციულია ის, რომ ადამიანს, რომელიც არ ახდენს იდენტიფიცირებას, როგორც გეი, ეძახიან „გეის“ იმიტომ, რომ იმ ქცევებით გამოირჩევა, რაც სტერეოტიპულადაა ასოცირებული გეი კაცებთნ. ეუბნებოდე ადამიანს, რა არის მისისექსუალური იდენტობა, არ არის სწორი.
ამასთანავე, ახდენ გეი ადამიანებთან დაკავშირებული სტერეოტიპების გამყარებას და ეს სტერეოტიპები ჰომოფობიის გამაღვივებელი საშიში წყაროა.
მოდით, შემდეგ მაგალითს შევხედოთ. არამონოსექსუალი ადამიანები - ადამიანები, რომლებიც ერთზე მეტი გენდერის მიმართ განიცდიან მიზიდულობას - ხშირად მათი პარნტიორების გენდერის მიხედვით განისაზღვრებიან.
მაგალითად, მე დღეს კაცთან მაქვს ურთიერთობა. ხშირად გვიწოდებენ ხოლმე „ჰეტეროსექსუალ წყვილს“ და ბევრ გეი ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ რახან კაცებს ვხვდები, ქვიარი არ ვარ.
„სთრეითის“ იარლიყს მაკერებენ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვახდენ იდენტიფიცირებას, როგორც ჰეტეროსექსუალი.
ეს მონოსექსიზმის და ბი/პანსექსუალობის უარყოფის ცხადი მაგალითია, რაც იმ მითს ამყარებს, რომ ადამიანები არ შეიძლება, ერთზე მეტი გენდერის მიმართ განიცდიდნენ ლტოლვას.
სხვებზე იარლიყების მიკერება გენდერული გამოხატვის შეზღუდვასაც შეიძლება, იწვევდეს
საზოგადოება ხშირად ურევს ერთმანეთში სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ გამოხატვას.
მაგალითად, ხშირად ვფიქრობთ, რომ კაცები, რომლებსაც ის მახასიათებლები აქვთ, რასაც „დასავლური“ საზოგადოება ფემინურად აღიქვამს, არიან გეები და ქალები კი, რომლებიც „მასკულინურებად“ აღიქმებიან, არიან ლესბოსელები.
მსგავსადვე, ადამიანები, რომლებიც, თითქოს, გენდერულ ნორმებს ემორჩილებიან, ჰეტეროსექსუალებად აღიქმებიან.
ამის გამო ბევრს ეშინია, რომ იმ ორიენტაციას მიაწერენ, რომელიც მათი არაა, და ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამენ ან არ აღიქვამენ მის გენდერს სხვები.
შედეგად, საკუთარ გენდერულ გამოხატვას ვზღუდავთ და ის სტერეოტიპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოგვყავს.
ხშირად ადამიანები, რომლებიც ჰეტეროსექსუალები არიან, გარე ზეწოლის გამოიძულებულნი ხდებიან, აირჩიონ ტერმინი, რომელიც მათ სექსუალობას აღწერს.
არამონოსექსუალი ადამიანები და ადამიანები, რომლებიც თავიანთ სექსუალობას სახელს არ არქმევენ, „დაბნეულებად“ მიიჩნევიან, მაშინ, როცა ერთზე მეტი გენდერის მიმართ მიზიდულობის განცდა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ დაბნეული ხარ. საკუთარი სექსუალობით დაბნეულობა სულაც არაა ცუდი.
სრულიად ჩეულებრივი რამეა ის, რომ დრო გჭირდება რაღაცების გამოსარკვევად, და სრულებით ნორმალურია ის, რომ საკუთარი სექსუალობისთვის იარლიყის მიწებება არ გინდა.
საუკეთესო გამოსავალი ამ პრობლემიდან ისაა, რომ მისცე ადამიანებს საშუალება, დაარქვან სახელი თავიანთ სექსუალობას, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტენ ამას საერთოდ. უმნიშვნელოვანესია, პატივი ვცეთ ადამიანების მიერ საკუთარი სექსუალური ორიენტაციების განსაზღვრას.
როგორ შეიძლება, იარლიყები იყოს გამოსადეგი და გამაძლიერებელი
(ჩაგვრის განხილვა)
იარლიყები განსაკუთრებით გამოსადეგია პრივილეგიისა და ძალაუფლების გარშემო დისკუსიებისას.
როცა საკუთარ სექსუალობასა და გამოცდილებებს განვიხილავ, როგორც პანსექსუალი ადამიანი, ხშირად მეუბნებიან, რომ სექსუალობა საერთოდაც არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ყველანი მსგავსნი ვართ. საქმე კი ისაა, რომ ყველანი მსგავსნი არ ვართ.
ჩემი ცხოვრება განსხვავდება ჰეტეროსექსუალი ადამიანის ცხოვრებისგან იმიტომ, რომ მე ქვიარფობიასთან მიწევს გამკლავება. ჩემი ცხოვრება განსხვავდება გეი ადამიანის ცხოვრებისგან იმიტომ, რომ მე მონოსექსიზმის ზეწოლას განვიცდი.
ჰეტეროსექსუალი ადამიანისგან განსხვავებით, ჩემთვის უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ დისკრიმინაციას შევხვდები სამსახურში, უნივერსიტეტში, ჩემ გარშემო არსებულ თემში _ ჩემი სექსუალური ორიენტაციის გამო.
არ შემიძლია, ვიფიქრო, რომ შესაძლებელია ჩემს პატრნიორ(ებ)სა და სასიყვარულო ინტერესებზე ლაპარაკი ნებისმიერ შემხვედრთან, იმიტომ, რომ ჰეტეროსექსუალობისგან განსხვავებით, ჩემი სექსუალობა არაა მიღებული და დაშვებული "ნორმა."
ვიყო ბისექსუალი, მონოსექსუალი ადამიანებისგან განსხვავებით (მათ შორის, ჰომოსექსუალი ადამიანებისგანაც), ნიშნავს, რომ უფრო დიდია ალბათობა იმისა, განვიცდიდე გენდერულ ძალადობას, აღმოვჩნდე უსახლკარო, ვმალავდე ჩემს სექსუალობას სამსახურში, ვიყო სუიციდური.
როცა გავბედე და ადამიანებს ვუთხარი, რომ ბისექსუალი ვარ, ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჩემმა თერაპევტმა, იფიქრა, რომ ვიტყუებოდი და სინამდვილეში გეი ვიყავი.
მეტიც, ორგანიზაციები, რომლებიც არა მონოსექსუალი ადამიანების საჭიროებებზე მუშაობენ, ნაკლებ დაფინანსებას იღებენ, ვიდრე _ ორგანიზაციები, რომლებიც სერვისებს ჰომოსექსუალ ადამიანებს აწვდიან.
ჩემი სექსუალობა არ უნდა განაპირობებდეს ჯანდაცვის სერვისებზე ჩემს ხელმისაწვდომობას, არც ოჯახური და სექსუალური ძალადობის გამოცდილებებს, ჩემი სექსუალობის იგნორირებას მედიაში, ან ჩემს სიღარიბეს. მაგრამ ის განაპირობებს. და სალაპარაკო გვაქვს იმაზე, თუ რატომ აკეთებს ამას საზოგადოება.
„იარლიყების“ გარეშე არ გაგვაჩნია ლექსიკა, რომლის გამოყენებითაც ჩაგვრაზე ვილაპარაკებდით.
იმის მოთხოვნა, რომ ადამიანებმა იარლიყები არ გამოიყენონ თავიანთი სექსუალობის აღსაწერად, შესაძლოა, კარგი განზრახვით ხდებოდეს, მაგრამ საბოლოოდ ეს ჩაგრულ ადამიანებს აჩუმებს და ჩაგვრაზე საუბარს ართულებს.
დაფიქრდით: როგორც ქვიარ ადამიანს, მინდა, შემეძლოს იმაზე ლაპარაკი, თუ რას ნიშნავს ადამიანების მიერ ჩემი დისკრიმინაცია. მინდა ვილაპარაკო იმაზე, თუ როგორი მტკივნეულია, როცა ადამიანები ჩემ გარშემო ჰეტეროსექსისტურ კომენტარებს აკეთებენ. მინდა, შემეძლოს, წინააღმდეგობა გავუწიო იმ მეთოდებს, რა მეთოდებითაც ბისექსუალი ქალების სექსუალიზაცია და იგნორირება ხდება ჩვენს საზოგადოებაში.
მაგრამ, თუ არ მაქვს ლექსიკური მარაგი ამ საკითხებზე სალაპარაკოდ, მაშინ ეს ყველაფერი ჩემთვის უნდა შევინახო, რაც არც პროდუქტიულია და არც - ჯანსაღი.
უთანასწორობა ძალაუფრებრივი სტრუქტურებისგამო არსებობს. იარლიყები გვაძლევს საშუალებას, ძალაუფლების ამ სტრუქტურებზე ვიმსჯელოთ.
როცა მეუბნები, რომ ჩვეულებრივ, თანასწორად მომექცევიან, თუ საკუთარ თავს პანსექსუალს არ დავარქმევ, ამით შენ მეუბნები, რომ პრობლემა შენი პანსექსუალობაა.მაგრამ მე უბრალოდ ჩემი სექსუალობის გამო არ ვიჩარგები - მე ჩემი სექსუალობის მიმართ საზოგადოების მტრული და უპატივცემულო დამოკიდებულებების გამო ვიჩაგრები.
თემი და სოლიდარობა
ჩვენი სექსუალობის აღწერისთვის იარლიყების გამოყენება, შესაძლოა, ასევე დაგვეხმაროს ჰეტეროსექსისტურ სამყაროში სოლიდარობის პოვნაში.
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი სექსუალური ორიენტაცია ხშირად გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გვეპყრობა საზოგადოება. უმეტესობა სივრცისა, ლიტერატურისა და მედიისა, ჰეტეროსექსუალებზეა გათვლილი. ქვიარ ნარატივები მეინსტრიმის მიერ ხშირად იგნორირებული და წაშლილია.
შედეგად ბევრი ჩვენგანი მარტოდ, „უცნაურად“ და მიუღებლად გრძნობს თავს.
ამან შესაძლოა, განაპირობოს დაბალი თვითშეფასება, ფსიქიკური დაავადებები და თვითმკვლელობა.
ყველაზე საზარელი რამ ჰეტეროსექსიზმში ის არის, რომ იგი შენს იზოლაციას ახდენს. თავს მხარდაჭერის გარეშე, უიმედოდ გაგრძნობინებს.
ამის გამო საჭიროა მხარდამჭერი თემის პოვნა, რომელსაც ესმის ქვიარ გამოცდილებები და მათზეა ფოკუსირებული.
როგორც ქვიარ ადამიანს, დისკრიმინაციის გამოცდილებებზე, სიყვარულსა და სექსზე ლაპარაკი სივრცეთა უმეტესობაში მეშინია, იმიტომ, რომ სივრეთა უმრავლესობა ქვიარ ადამიანების მიმართ მტრულადაა განწყობილი.
ქვიარ-მეგობრული ადგილის პოვნა შვების მომგვრელია. იქ მე შემიძლია, ვილაპარაკო საკუთარ გამოცდილებებზე და მაინც ვგრძნობდე, რომ ადამიანებს ვუყვარვარ, ჩემი ესმით და მიღებენ ისეთს, როგორიც ვარ.
ქვიარ-მეგობრული სივრცეებისა და თემების შექმნა რევოლუციურია. ეს გვეხმარება, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, გავუზიაროთ რჩევები და ვიგრძნოთ, რომ ვუყვარვართ იმ სამყაროში, რომელიც მუდმივად ახდენს ჩვენს დეჰუმანიზაციას.
იარლიყები ამ სივრცეების შექმნაში გვეხმარება.
იარლიყები, როგორც პიროვნული იდენტობების გამოხატულებები
მოზარდობისას „იარლიყები“ არ გამაჩნდა.
არ მყავდა თემი. გაგონილი არ მქონდა სიტყვა „პანსექსუალი“, ან თუნდაც „ბისექსუალი“. ვიცოდი, რომ არსებობდა ჰომოსექსუალობა, მაგრამ არაფერი მსმენოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ერთზე მეტი გენდერის მიმართ განიცდიან მიზიდულობას.
სექსუალობა ყოველთვის ბინარული ფორმით წარმოდგებოდა ჩემ წინაშე: თინეიჯერობამდე ვფიქრობდი, რომ ადამიანი ან ჰომოსექსუალია, ან - ჰეტეროსექსუალი.
ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი თავი, როცა გავაცნობიერე, რომ გოგოებიც მომწონდა და ბიჭებიც. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა დამერქვა ჩემი თავისთვის ან იყო თუ არა ეს ყველაფერი ნორმალური.
დაბნეული ვიყავი, მტკიოდა და ვიყავი სრულიად მარტო.
საბოლოოდ, გავიგე ბისექსუალობაზეც. გავაცნობიერე, რომ ადამიანები შეიძლება, ერთზე მეტი გენდერის მიმართ განიცდიდნენ მიზიდულობას.
როცა მივხვდი, რომ შეიძლებოდა, მიზიდულობა გამჩენოდა ნებისმიერი გენდერული იდენტობის და გამოხატვის მქონე ადამიანის მიმართ, გადავწყვიტე, რომ პანსექსუალობა ყველაზე კარგად აღწერდა ჩემს სექსუალობას.
ამ „იარლიყების“ პოვნა ჩემთვის შვება იყო. ბისექსუალობისა და პანსექსუალობის შესახებ ინფორმაციის მიღებამ მაგრძნობინა, რომ მარტო არ ვიყავი.
საკუთარი თავის მიღებისკენ გავლილმა გზამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩემი სექსუალური იდენტობა თუ „იარლიყი“, რომელსაც ვიყენებ, ჩემთვის საოცრად მნიშვნელოვანია, რადგან ის ჩემ მიერ გავლილ გზას ასახავს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როცა ადამიანები, კონკრეტულად კი, ჰომოსექსუალი ან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, მეუბნებიან, რომ ჩემი სექსუალობა „მნიშვნელოვანი არაა“, ვგრძნობ, რომ ჩემი იგნორირება უნდათ. ჩემი სექსუალური და რომანტიკული ორიენტაცია ჩემი მნიშვნელოვანი ნაწილია და მე ჩემი „იარლიყები“ ძალიან მიყვარს.
როცა ვამბობ, რომ ქვიარი, პანსექსუალი და ბისექსუალი ვარ, ვამბობ, რომ:
„აი, ეს ის შრამია, რომელიც გულის გარშემო მაქვს. საზოგადოება შეეცადა ჩემი არსებობის იგნორირებას. შეეცადა, უხილავი გავეხადე. მითხრა, რომ ჩემნაირი ადამიანები არ არსებობენ. და მე მაინც აქ ვარ. ეს ჩემი თემია, იდენტობა, გავლილი გზა. ეს არის, ვინც მიყვარს, და ესაა, როგორ მიყვარს. სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ვარ დამშვენიერი.“
მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, ვისთვისაც სექსუალობა ბევრს არაფერს ნიშნავს, არიან ადამიანები, ვართ ჩვენ,ვისთვისაც სექსუალობა მნიშვნელოვანი ნაწილია და როცა გვეუბნები, რომ ჩვენი სექსუალობა არაფერია, შენ ჩვენი დიდი ნაწილის იგნორირებას ახდენ.
იარლიყები შეიძლება, იყოს ჩაგვრის ხელსაწყო, ისევე, როგორც - ჩაგვრასთან ბრძოლის. გააჩნიაა, როგორ და როდის გამოიყენებ მათ.
დავუფიქრდეთ, როგორ ვიყენებთ იარლიყებს. ისინი გამოსადეგია მაშინ, როცა საკუთარ თავზე ვსაუბრობთ, მავნებელია, როცა სხვა ადამიანები ახდენენ იარლიყებით ჩვენს განსაზღვრას, ან - ჩვენს განსაზღვრას ჩვენი იარლიყების მიხედვით.
წყარო
ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან