პრივილეგია
06 12 2017

დედა და მამა რომ დაქორწინდნენ, დედა 18-ის იყო, მამა 19-ის. ლამაზი და მხიარული ქორწილი ჰქონდათ. ზუსტად ერთი წლის მერე გამაჩინეს. საბოლოოდ რომ დაშორდნენ, 7-ის ვიყავი. ის ორწლიანი მონაკვეთი, როცა დედა და მამა საქმეებს არჩევდნენ, დამნაშავეს ეძებდნენ, ჩხუბობდნენ, რიგდებოდნენ, ყვიროდნენ და ტიროდნენ, ბავშვობიდან ყველაზე ცხადად მახსოვს - ძილის წინ ყურებს თითებით ვიცობდი, რომ მათი ხმა არ გამეგო და არ ვტიროდი, რომ მეორე დღეს სკოლაში ჩაწითლებული თვალებით არ წავსულიყავი, მეგობრების მრცხვენოდა. მამა საბოლოოდ რომ წავიდა, მე საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი - უფროსებმა ასე ჩათვალეს საჭიროდ. დღეს 27 წლის ვარ და დედას და მამას თითქმის 20 წელია აღარ უკონტაქტიათ.

ამ ამბით, პრინციპში, ვერავის გავაკვირვებ, უარესებიც გაგვიგია, ქმრების მოკლული ცოლებიც ვიცით და ისეთ ოჯახებზეც ყველას გვსმენია, რომლებიც პრობლემების მიუხედავად არ დაუნგრევიათ; ყველანი ვიცნობთ მოღალატე ქმრებს, მომთმენ ცოლებს და ამ ყველაფრის შუაში გაკვეხებულ უბედურ შვილებს. “ანა კარენინას” შესავალში ნახსენები ბედნიერი ოჯახები უიშვიათესი გამონაკლისის სახით თუ შეგვხვდება.

ასეთი ოჯახი მე მხოლოდ ერთი ვიცი - ჩემი ლამაზი, ჭკვიანი, მზრუნველი მეგობრის მშობლების ოჯახი. ერთმანეთი რომ გავიცანით, აბიტურიენტები ვიყავით და ჩემგან განსხვავებით, მან მაშინ უკვე ზუსტად იცოდა რა უნდოდა ცხოვრებისა და საკუთარი თავისგან. ასევე ჩემგან განსხვავებით, მას მემკვიდრეობით ერგო დიდი, მოსიყვარულე, დალაგებული ოჯახის მოდელი, რომელზეც თავისუფლად შეეძლო თავისი ოჯახური ბედნიერების მიშენება. თავისი იდენტობის შესახებ რომ გვითხრა, არავის გაგვკვირვებია, მაგრამ შემდეგ ღმერთზე ჩამოვარდა საუბარი და ძალიან მძიმე, დიდი ხნის სათქმელი გაგვანდო - მიაჩნდა, რომ საკუთარი სექსუალობის გამო ცოდვილი იყო და ღმერთი სამოთხეში არასოდეს შეუშვებდა. ისეთი დარწმუნებული იყო ამაში, ისეთი სევდა და სიმძიმე ჰქონდა თვალებში, რომ დიდხანს არც კი ვიცოდი, რა უნდა მეთქვა - მისგან განსხვავებით, ღმერთი აქეთ მყავდა ჩემი ცხოვრებიდან დიდი ხნის გაგდებული, ერთი შეხედვით ბევრად ბანალური მიზეზის გამო. ვუთხარი, რომ ღმერთმა, თუ მის არსებობას დავუშვებდით, მისი განსჯის უფლება მაშინ დაკარგა, როცა ასეთი შექმნა; ვუთხარი, არ მოესმინა ბრბოსთვის და, თუ მაინცდამაინც, იმაზე ეფიქრა, რომ ქრისტიანობა ჩანასახში სიყვარულის და მიმღებლობის რელიგიაა. ბევრი ვილაპარაკეთ და მგონი დამიჯერა.

დღემდე, ძალიან რომ მდომოდა, სამი ოჯახის შექმნას მაინც მოვასწრებდი. სამივე აუცილებლად დრამატული კრახით დასრულდებოდა, მაგრამ სახელმწიფოც, ოჯახიც და საზოგადოებაც სამივეჯერ აუცილებლად დამლოცავდა, მომილოცავდა და ბედიერებას მისურვებდა. ჩემს ლამაზ, მზრუნველ მეგობარს კი, საქართველოში ვერასოდეს ეყოლება საყვარელი მეორე ნახევარი. ვერასოდეს გამოვა ეკლესიიდან ბედნიერებისგან ალეწილი და ვერც შემაწუხებლად ხმამაღალი ბედნიერებით მივაცილებთ მეგობრები რესტორნამდე, სადაც ტორტში ბედნიერი წყვილის მარციპანის ფიგურები იქნება ჩარჭობილი. ჩემი მეგობარი ვერასოდეს იცეკვებს ნაჩქარევად დადგმულ “დაისს” ბორძიკით, ცოტა შემთვრალი, და დედამისიც ვერასოდეს იტირებს მისი ბედნიერებით მაკიაჟჩამოშლილი. სამაგიეროდ, ჩემი ლამაზი და ჭკვიანი მეგობრის ლამაზი და ჭკვიანი პირველი სიყვარული ოჯახს ფსიქოლოგთან დაჰყავდა “სამკურნალოდ”. რომ დაშორდნენ (“სად წავიდეთ? როდემდე ვიაროთ დღიურად ნაქირავებ ბინებში? მომავალი მაინც არ გვაქვს და ბარემ იმასთან ერთად ვიქნები, ვისთანაც შვილები, დიდი სახლი და დაბერება არ მინდა. ეგრე ნაკლებად მტკივნეულია.”), ღმერთის ორივეს ცოტა უფრო ნაკლებად სჯეროდა.

სიტყვა “პრივილეგიის” გაგონებისას, რატომღაც სულ რაღაც დიადი, ფუფუნებასთან დაკავშირებული წარმოგვიდგება - ბიზნეს კლასი, ხიზილალა კოვზით, შამპანურის აბაზანები. სინამდვილეში, პრივილეგია ისეთივე ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეულია, როგორც სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი და დაუბინძურებელი საკვები. პრივილეგია ის შეუმჩნეველი სიკეთეა, რომელსაც მივეჩვიეთ, სისხლში გაგვიჯდა და აღარც კი გვესმის, რომ ოდესღაც ვინმეს მის გარეშეც შეეძლო არსებობა. ამიტომ გვავიწყდება, რომ ათასობით, მილიონობით ადამიანი იმის გარეშე და იმის ნატვრაში ცხოვრობს, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია.

ხშირად მიფიქრია ხოლმე, რომ ჩემი ნება რომ იყოს, სულაც ულაპარაკოდ დავთმობდი ჩემთვის გამოუსადეგარ ქორწინების უფლებას. მაგრამ რა ვუყოთ იმ უფლებებს, რომლისთვისაც ნებართვა მთელი ერისგანაა ასაღები? რა ვუყოთ სიყვარულის სახალხოდ გამოხატვის უფლებას, პარკში ხელჩაკიდებული სეირნობის უფლებას, მშობლებთან ერთად გატარებული, უხერხული ოჯახური საღამოების უფლებას? რით დავიმსახურეთ ეს უფლებები საზოგადოების ერთმა ნაწილმა, მეორე ნაწილს კი მალვა, ტკივილი და საუკეთესო შემთხვევაში - ქვეყნიდან გაქცევა ერგო? რომელმა ღმერთმა გადაწყვიტა ასე?

პრივილეგია ფუფუნება არ არის. პრივილეგია შეცდომების დაშვების უფლებაა. პრივილეგია მშვიდად და მოსაწყენად ცხოვრების ნებართვაა, ისე, რომ არ გჭირდებოდეს სახლიდან გასვლამდე წარმოსახვითი ხმლების ლესვა და სრულიად ხელშესახებ სიკვდილზე ფიქრი მხოლოდ იმიტომ, რომ ბანალური ბედნიერებები შენც ისევე გინდა, როგორც რომელიმე სერიალის ჭრელა-ჭრულა გმირებს. პრივილეგია სუფთა წყალი და დაუბინძურებელი ჰაერია, რომელიც ამჟამად ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს მეორე ნაწილისთვის ღმერთის სახელით აქვს გადაკეტილი. და თუ ეს უკანასკნელი დავუშვათ და მართლა არსებობს, ჩვენ, ჩუმ უმრავლესობას, აუცილებლად მოგვეთხოვება პასუხი ჩვენი დების, ძმების და შვილების წინაშე ჩადენილი ცოდვებისთვის.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა