"კატების მოყვარული" და მიუკერძოებელი მზერის მნიშვნელობა
16 01 2018

2017 წლის მიწურულს, როცა გვეგონა, რომ ამ წელს ნამდვილად ვეღარაფერი გაგვაკვირვებდა, ტვიტერზე არც მეტი, არც ნაკლები, ვირუსული მოთხრობა გამოჩნდა. ბოლოს როდის გაიგეთ ასეთის არსებობის შესახებ? არ გამოვრიცხავ, კრისტენ რუპენიანის "Cat Person" ("კატების მოყვარული") ისტორიაში პირველი ვირუსული მოთხრობა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ ტერმინის თანამედროვე გაგებით მაინც. ნიუ იორკერის საიტზე მოთხრობის დადების მომენტიდან მასზე რეაგირება არ შემწყდარა. ქალები წერდნენ, რომ ასეთი გულწრფელი და ნაცნობი ამბავი აქამდე არასოდეს წაუკითხავთ, კაცები კი, როგორც მოსალოდნელი იყო, თავისებურად რეაგირებდნენ.

"კატების მოყვარული" მარგოსა და რობერტის გაცნობის და შეხვედრის ისტორიას მოგვითხრობს. მარგო მკითხველის ერთგვარი სუროგატია; თხრობის მანერით ავტორი გვაძლევს საშუალებას მოვლენები მისი გადმოსახედიდან შევაფასოთ და თან მესამე, მიუკერძოებელი პერსპექტივაც შევინარჩუნოთ. მარგო 20 წლის სტუდენტია, რომელიც პრესტიჟულ კინოთეატრში მუშაობს და მოწყენილობისას კლიენტებს ეფლირტავება. ამის გარდა, მარგოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, რაც საკუთარი თავის მის ადგილას წარმოდგენას გვიადვილებს. მისი ასაკი გამოუცდელობის, მიამიტობის და გამბედაობის ერთგვარი პრიზმაა, რომელიც ნებას გვაძლევს ისეთ ადგილებში შევიხედოთ და ისეთი ამბები დავინახოთ, რასაც სხვა პერსონაჟი ან თავს აარიდებდა, ან სულ სხვანაირად შეაფასებდა. ავტორის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სწორედ ეს არის - იგი, ერთი მხრივ, "ნიუ იორკერის" საშუალო სტატისტიკური მკითხველის ცინიკური თვალით გვაჩვენებს მოვლენებს, მეორე მხრივ კი გამოუცდელი, ოდნავ თავზეხელაღებული ახალგაზრდა ქალის, რომელშიც საკუთარი თავის დანახვა მკითხველების ნახევარს მაინც ადვილად შეუძლია.

მარგოს და რობერტის ურთიერთობის უდიდესი ნაწილი ყველასათვის კარგად ნაცნობი ფორმით, მესიჯებით ვითარდება. ჩვენს დროში რთულია მოძებნო ადამიანი, რომელსაც არ გამოუცდია ურთიერთობის წამოწყების ეს ფორმატი ან მისი თანმდევი იმედგაცრუება მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ, რომ მესიჯეიბს საშულებით შეკოწიწებული წარმოსახვითი პერსონა ურთიერთობის მეორე მხარეს მყოფ ნამდვილ ადამიანს არ შეესაბამება. რობერტის პერსონაჟის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით მისი მარგოსეული ინტერპრეტაციის გარდა;

ავტორის მხრიდან ესეც ერთგვარი ხრიკია - მოთხრობის ბოლომდე იგი მთლიანად მკითხველს ანდობს რობერტზე წარმოდგენის შექმნას და აზრის ჩამოყალიბებას. ავტორი ოსტატურად ახერხებს იმ ყველასათვის ნაცნობი შეგრძნების გადმოცემას, რომელიც მარგოს უჩნდება - როცა ვგრძნობთ, რომ რაღაც ისე ვერ არის, მაგრამ თან, ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდის, რაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი ინსტინქტების წინააღმდეგ წასვლისკენ გვიბიძგებს და უსიამოვნო ან საშიშ სიტუაციებში აღმოგვაჩენს ხოლმე.

მარგოს ასაკის მსგავსად, რობერტის პერსონაჟიც ერთგვარი პრიზმაა, რომელიც მარგოს თვითაღქმის ბნელ მხარეებს არაჩვეულებრივად წარმოაჩენს. მაგალითად, ნაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ხაზი მაშინ იკვეთება, როცა მკითხველი ხედავს, რომ მარგო საკუთარ თავს თავისივე თვალებით ფაქტიურად ვერ აღიქვამს. მისი თვითშეფასება პირდაპირ ებმის რობერტის რეაქციებს და აღიარებას, იმის მიუხედავად, რომ მარგო რობერტზე უჭკუო სულაც არ არის და ეს კარგად ჩანს იმ ნაწილში, სადაც მარგო მისი ნდობის და კეთილგანწყობის მოპოვებას საკუთარი თავის მიზანმიმართული დაკნინებით წარმატებით ახერხებს. სექსის დროს, იმის მიუხედავად, რომ მარგოს რობერტი ცალსახად არ იზიდავს, ის მაინც ცდილობს სიამოვნების მიღებას რობერტის სიამოვნების და მისი მარგოსადმი დაუოკებელი ლტოლვის წარმოდგენისას. მაშინაც კი, როდესაც მარგო მისთვის ამ ცალსახად ნეგატიური ეპიზოდის გადახარშვას ცდილობს, იგი არა საკუთარ, არამედ წარმოსახვითი შეყვარებულის პოზიციას მოიხმობს სიტუაციის გვერდიდან დასანახად და ტრავმატულიდან სასაცილო გამოცდილებების სიაში გადასატანად.

მოთხრობის ლიტერტურულ ღირებულებაზე, რობერტის ფსიქოტიპზე, მარგოს პერსონაჟის უარყოფით თვისებებზე შეგვიძლია უსასრულოდ ვიკამათოთ, თუმცა ამით, ჩემი აზრით, მთავარს მთლიანად ავცდებით. ლიტერატურული ნაწარმოების ერთ სწორხაზოვან მესიჯამდე, "არსამდე" დაყვანა რომ ცუდი ტონია, ესეც მშვენივრად მოგვეხსენება. თუმცა რთულია არ გაგვიჩნდეს კითხვა, მაინც რის გამო იქცა ასეთ სენსაციად ეს არც ისე მომცრო, 4 000 სიტყვიანი ნაწარმოები, მაშინ, როცა ტვიტერის მომხმარებლები სტანდარტული ტვიტის ფორმატის 140-დან 280 სიმბოლომდე გაზრდას დიდი აურზაურით და უკმაყოფილებით შეეგებნენ.

ხელოვნების თითქმის ყველა ფორმა, მათ შორის (შესაძლოა განსაკუთრებითაც) ლიტერატურა, ყოველთვის ეხმიანებოდა ამა თუ იმ კონკრეტული დროის პრობლემატიკას და აქტუალურ თემატიკებს. 2017 წლის მიწურულს გენდერული პოლიტიკისაგან თავისუფალი სივრცის ძიება გარდა იმისა რომ რთული იყო, რაღაც მხრივ ყურებზე და თვალებზე ხელის აფარებასაც კი წააგავდა. შეიძლება ითქვას, რომ რუპენიანის მოთხრობა დატვირთული განვლილი წლის მოვლენებზე სწრაფი, დისტილირებული რეაქციაა. ამასთანავე, კაცების მხრიდან სექსუალური დანაშაულების ქეისების უსასრულო ნაკადის საპასუხოდ, სავსებით მოსალოდნელი და ლოგიკურია, რომ აქტივიზმმა დატოვოს მისთვის მანამდე გამოყოფილი ჩარჩოები და კალაპოტები და კულტურული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში შემოაღწიოს. რუპენიანის მოთხრობა ჩაგვრის არა დიდ და შემზარავ, არამედ საწყის, კანში გამჯდარ, ჩვევაში გადასულ ფორმებს ეხმიანება - პატრიარქალური სამყაროს იმ ბნელ ჯურღმულებს, რომლებისთვისაც სინათლე ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოფენილი, ისეთ ადგილებს, სადაც რთულია თქმა ჯერ კვერცხი გაჩნდა თუ ქათამი, ჯერ კაცებმა დაიწყეს ქალების ჩაგვრა და ქალებმა განაგრძეს თუ პირიქით.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც 2017-მა წელმა დაგვიტოვა, ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების აუცილებლობაა, პრინციპში ის, რაც ქალების უდიდესმა ნაწილმა, ინსტინქტურ დონეზე მაინც, ადრეული ასაკიდან ვიცით. პირადად ჩემთვის, "კატების მოყვარული" ქალის ცხოვრებაში ქალი მეგობრის, თანამოაზრის, მოკავშირის მნიშვნელობის ხაზგასმაა, იმ როლის, რომელსაც ამ შემთხვევაში მოთხრობის ავტორი საკუთარ თავზე იღებს. კრისტენ რუპენიანი ჩვენზე ოდნავ ფხიზელი მეგობარია, რომელიც ტუალეტში მოგვყვება და შუბლს გვიჭერს, სანამ ჩვენ გული გვერევა; ის ის "ბრაზიანი" დაქალია, არასასურველი ყურადღებისაგან რომ გვიცავს, და, რაც ყველაზე მთავარია, ის ჩვენზე ჭკვიანი და დაკვირვებული ფიგურაა, საკუთარ თავებს რომ მოუბოდიშებლად, ხშირად კრიტიკის ფასადაც კი გვაჩვენებს გვერდიდან და ამით ჩვენთვის უხილავ, ხშირად ემოციებით ან საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობით გამოწვეული blind spot-ების დანახვას გვაიძულებს. ავტორი დაუსწრებლად ახერხებს ჩვენივე ქცევების მანკიერებებზე აგვიხილოს თვალი და მოგვიწოდოს, გვიბიძგოს, გვიბრძანოს, უფრო მეტად ვენდოთ საკუთრ ინსტინქტებს. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი თანადგომის პირდაპირი ან ირიბი საჭიროებაა ის მიზეზი, რამაც ინტერნეტს დროებით დაავიწყა შობა და დონალდ ტრამპი და თანამედროვე ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ავკარგიანობაზე აალაპარაკა. არსებული მოცემულობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ფემინისტურმა აქტივიზმმა, ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად, მიუკერძოებელი სარკის, მზერის ერთგვარი აგენტის როლიც იტვირთოს; მართალია სხვა ქალების, თუნდაც მეგობრების მზერა, მთლად საკუთარი მზერა ვერ არის, მაგრამ კატების ცრუ მოყვარულების მზერას ნამდვილად ჯობია.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის