ზამთრის სხეულები
23 01 2018

ჩვენთვის ნამდვილი ზამთარი იანვრის ბოლოსკენ მოდის, ახალი წლები ერთხელ და სამუდამოდ რომ გადაივლის და ნაგვის ურნები ნაძვის ხეებით გადაივსება - მწარე, უშაქრო ზამთარი. თუ ნოემბრიდან იანვრის შუამდე თავშეუკავებელი, ჭარბი მოხმარების ბრჭყვიალა პერიოდია, ნაახალწლევს ცოდვების გამოსყიდვის მძიმე და უსასრულო გოლგოთა იწყება. ამ პერიოდში აქტიურდებიან არასრულფასოვნების კომპლექსების ბნელ წიაღებში მოფუთფუთე, ჩვენი შიშებით ნასაზრდოები მიკრობიზნესები - გასახდომი აბები, წვენები განტვირთვის დღეებისთვის, ანტიცელულიტური მასაჟები, ჯადოსნური ფხვნილები, დილა-საღამოს რომ უნდა დალიო და იდეალური სხეული ჩაუთქვა.

იანვრიდან იწყება მტანჯველი მზადება საზაფხულო სხეულებისთვის, თითქოს ზაფხულის კართან განსაკუთრებით მკაცრი ფეის-კონტროლი იდგეს და მხოლოდ ყველაზე უცელულიტოებს, ყველაზე მიზანდასახულებს, ყველაზე გამხდრებს უშვებდეს შიგნით. ჩვენ, ცელულიტიანებს, მსუქნებს და უნებისყოფოებს ზაფხულში არაფერი დაგვრჩენია; ჩვენ შავი, ცივი ზამთრის ბინადრები ვართ. ჩვენთვის შიმშილი ბიოლოგიური მოცემულობა კი არა, ზეცით მოვლენილი სასჯელია, ატლანტის წყევლა, უსასრულო ომი საკუთარ თავსა და საკუთარ სურვილებს შორის. ჩვენი სახელი ლეგიონია.

კარგად მახსოვს ჩემთვის როდის დაიწყო შიმშილის და სირცხვილის თამაშები. დედა და მამა სულ ახალი დაშორებულები იყვნენ. მამა ცალკე იყო გადასული თავის ახალ ცოლთან და ჩემს უსაყვარლეს ფრანგულ ბულდოგთან ერთად. დედა ჩუმ-ჩუმად ეწეოდა სიგარეტს და სარკეებში არ ირეკლებოდა. მე ბებიასთან ვცხოვრობდი და მეგონა, რომ სამყაროში საერთოდ არავის ესმოდა ჩემი, სკოლიდან სახლში მოვდიოდი და ვჭამდი. მერე, ქართულ ცეკვაზე შესულს, მასწავლებელმა მომენტალურად შემარქვა ყველაზე საშინელი, ყველაზე დამამცირებელი და მტკივნეული ზედმეტსახელი. იმის მიუხედავად, რომ ცეკვა ყველაფერს მერჩივნა და გულწრფელად, მთელი არსებით ვინდომებდი, ჩემი თანთალა სინარნარე მასწავლებელს, ბავშვებს და ბავშვების მშობლებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. რა უნდა მექნა? ვჭამდი და ვტიროდი, ვტიროდი და ვჭამდი. საჭმელი ერთდროულად ჩემი დაცემაც იყო და გადარჩენაც.

მახსოვს, ერთხელ რაღაც რუსულ გადაცემას მოვკარი თვალი, ქალზე და მის სოლიტერზე. ქალი ყვებოდა, როგორ უსასრულოდ შეეძლო ჭამა, როგორ შურდათ მეგობრებს მისი როცა მთლიანი ტორტის ჭამის შემდეგ გრამს არ იმატებდა. აღფრთოვანებულმა დროებით შევწყვიტე ხილის და ბოსტნეულის რეცხვა ჩემი საკუთარი სოლიტერის გაჩენის იმედად, მაგრამ (საბედნიეროდ თუ საუბედუროდ), ფაღარათის გარდა ვერაფერი მივიღე.

არასრულფასოვნების მუდმივი შეგრძნების მიუხედავად, ჩემს წონაში სერიოზული ძვრა მანამდე არ ყოფილა, სანამ იმ ბიჭმა არ მიმატოვა, ვისთანაც მეგონა, მსოფლიოში ყველაზე მეტი საერთო მქონდა. თვითონ მანამდე 30 კილოგრამამდე ჰქონდა დაკლებული და წარმოსახვით ღიპზე მაისურის გასწორების, თავისი თქმით, მსუქნური ჩვევა ჰქონდა შემორჩენილი. ერთ, არცთუ მშვენიერ დღეს, გამომიცხადა, რომ საქმე ჩემში არ იყო და მეც მაშინვე გავიგე რას გულისხმობდა. საქმე ჩემში კი არა, მთავარ მოღალატეში - ჩემს სხეულში იყო. მახსოვს, ერთი კვირა ლოგინიდან არ ავმდგარვარ, მხოლოდ უცხიმო რძეს ვსვამდი და თეფშებს ვსვრიდი, რომ არავის ვგონებოდი ის გოგო, ბიჭის გამო ჭამას რომ შეწყვეტდა. ღამით ვტიროდი და სიკვდილზე ვფიქრობდი. დღისით კომპლიმენტებს და დიეტის გაზიარებას თხოვნებს ვისმენდი. ვამბობდი ნახშირწყლებს ვაკონტროლებ მეთქი, მაგრამ საიდუმლო საკუთარი თავის სიძულვილში იყო.

ბიჭი დავივიწყე, საკუთარი სხეული - ვერა. უსაფრთხოების და კომფორტის შეგრძნება, რომელსაც ოდესღაც ჭამასთან ასოცირდებოდა, პანიკის, თავბრუსხვევის და გულისრევის შეგრძნებებმა შეცვალა. კალორიები ჩემს დაუძინებელ მტრებად იქცნენ, კუჭის სპაზმები და გულის ფრიალები კი ნამდვილი თავდადების ჩუმ, დაუფასებელ ჯილდოებად. ბრძოლაში ყველანაირი მძიმე ტექნიკა ჩავრთე - სარბენი ბილიკი, ქამარი საუნას ეფექტით, პეპლის ფორმის უცნაური მოწყობილობა, მუცელზე რომ მაგრდებოდა და ელექტრონულ იმპულსებს მირტყამდა კუნთებში. ისტერიულად ვითვლიდი კალორიებს, ყველგან მხოლოდ ფეხით დავდიოდი და დღეში ორჯერ ვიწონებოდი. თუ პირში შვრიის წყალწყალა ფაფის გარდა რამე გადამივიდოდა, თავს კარდიო ვარჯიშებით და საფაღარათო საშუალებებით ვისჯიდი. საგანგაშო სიმპტომები არავის შეუმჩნევია - კითხვების გასაჩენად საკმარისად გამხდარი არასოდეს ვყოფილვარ. დღემდე არ ვიცი, ეს უფრო მიღწევაა თუ დამარცხება - ხასიათის არასაკმარისი სიმტკიცის გამოვლინება.

ძალიან მინდა შემეძლოს ვთქვა, რომ ერთ დღეს საერთოდ სხვა ადამიანმა გავიღვიძე, ან რომ რამე მოხდა, რაღაც ეპიკური კურიოზი, რომელმაც საკუთარი თავის და სხეულის მიღება მასწავლა და შემაძლებინა, მაგრამ სინამდვილეში, სამწუხაროდ, ასე არ ყოფილა. ნელ-ნელა იმ ხმებზე ხმამაღალი რაღაცების გაგონება დავიწყე, საშინელ, ბოროტ კომენტარებს რომ ჩამკიოდნენ. საიდანღაც გაჩდნენ ჩემი თავის სიძულვილზე ძლიერი გრძნობები, უფრო ღირსეული აკვიატებები. ახლაც მახსოვს პირველად რომ ვჭამე დანაშაულის გრძნობის გარეშე. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი და ჩანთაში შოკოლადი მედო. ტვინი ზედმეტად დაღლილი იყო დაარჩენზე საფიქრად. ამოვიღე და ქუჩაში, დაუფიქრებლად შევჭამე. გარეთ ბნელოდა და არავის დავუნახივარ, მაგრამ ეს აქტი ჯადოსგან გათავისუფლებას გავდა.

შიმშილი - გამანადგურებელი, ტიტანური შიმშილი არსად წასულა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ის ჩემი ნაწილია - უმწეობის სარჩულში სამუდამოდ ჩაკერებული, სევდით და დანაშაულის გრძნობით ნაშენი უძირო ჭა. ხანდახან ვგრძნობ ხოლმე, როგორ ეხეთქება კედლებს, ზოგადი კმაყოფილების მოკლე ჯაჭვზე დაბმული, და როგორ ელოდება ბნელ, საშიშ დროს რომ გამოანათოს. როგორც აღმოჩნდა, საკუთარი თავის მიღება საკუთარი თავის სრული სიმძიმით მიღებას ნიშნავს, იმ ნაწილისაც კი, რომელიც მზად არის საჭმელს ბნელ ჩიხებში ჩაუსაფრდეს, კისერში ეცეს და თვალის დახამხამებაში, აგონიურად, სიამოვნების მიღების გარეშე გააცამტვეროს. მისი კონტროლი ზოგად, უმისამართო დისციპლინას მოითხოვს - თუ პირდაპირ გაუსწორე თვალი, თითებიდან გისხლტება. მის გარშემო ფეხის წვერებზე უნდა იარო; უნდა გაანებივრო, ოღონდ ფრთხილად, კონტროლის დაუკარგავად; უნდა გააძღო, ოღონდ არასდროს - ბოლომდე. ეს პროცესი წინასწარ გაწერილ ქაოსს ჰგავს: ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან - უსასრულო, პირქუში ვალსი საკუთარ თავთან.

სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, მხოლოდ სხეულზე მიბმული თვითშეფასების სხვა ბევრად უფრო ჩახლართულ განზომილებებზე გადაწყობა იოლი საქმე საერთოდ არ ყოფილა. ასე შემეძლო ჩემი თავის აღქმის ყველა სხვა ასპექტში დაცულად მეგრძნო თავი და ერთი წამითაც კი არ დამეყენებინა ეჭვქვეშ საკუთარი ღირებულების სხვა მრავალი განზომილება და წახნაგი. ხანდახან, როცა დაღლილი და მოწყენილი ვარ, თითქოს მენატრება კიდეც იმის რწმენა, რომ საკმარისია რამდენიმეკვირიანი შიმშილობა და ყველა პრობლემა ჯადოსნურად გადაიჭრება. შემდეგ ამ ყველაფრის სიმძიმე მახსენდება - დანაშაულის მუდმივი გრძნობა, სხვა ნებისმიერ თემაზე ფიქრის ფიზიკური შეუძლებლობა, სასწორის და სანტიმეტრის ყოველდღიური გილიოტინა და ვრწმუნდები, რომ არანაირი იდეალური სხეული, რა ჯანდაბასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, ამად არ ღირს.

ახლაც ჯერ კიდევ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ საბოლოო მიზნამდე - ვიპოვო სახლი საკუთარ სხეულში და არ მოვექცე მას ისე, როგორც მეგობარს, ან ნებისმიერ სხვას არასოდეს მოვექცეოდი. ვცდილობ, ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვრო, რომ ცხოვრება ზამთრებისგან და ზაფხულებისგან შედგება და რომ ზაფხული ჩვენი სხეულების დანახვისას არ გაჩერდება. ბედნიერებას ყველა ზომის, ფორმის და წონის ადამიანები ვიმსახურებთ, მნიშვნელობა არ აქვს, სრულყოფილების ევერესტის რომელ პლატოზე გაგვითავდება ჟანგბადი ან ნებისყოფა. ისევე, როგორც ერთ ნაჭერ გოზინაყს. მერე რა, რომ ახალი წლები უკვე გავიდა.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა