"წყლის ფორმა" და განსხვავებულობის ძალა
27 02 2018

*შეიცავს სპოილერებს

გილერმო დელ ტოროს "წყლის ფორმა" საოცრად ატმოსფერული, ზღაპრული ფილმია, ბოლომდე გაჟღენთილი ფერით, ტექსტურით და თითქოს სუნითაც კი: ზღვისპირა ქალაქის, ნესტის და კიდევ რაღაცის - ნაცნობის და ამოუხსნელის. თუმცა, ფილმის მთავარი ღირსება მისი ფორმა სულაც არ არის. მთავარი გმირი, ელიზა, "უხმო პრინცესა," როგორც მას მთხრობელი დასაწყისში გვაცნობს, მუნჯი ქალია, რომელიც ბალტიმორის მაქსიმალური უსაფრთხოების დაწესებულებაში დამლაგებლად მუშაობს.

როგორც მოგვიანებით ვიგებთ, ელიზა ბავშვობაში წყლის ნაპირას იპოვეს, კისერზე ჰორიზონტალური, ლაყუჩების მსგავსი იარებით. პერსონაჟის გამოჩენისთანავე ვხვდებით, რომ ელიზა ის პრინცესა არ არის, რომელიც პრინცისგან ელის გადარჩენას. მისი "არასრულყოფილების" მიუხედავად, ელიზა აბსოლუტურად დამოუკიდებელი, თვითმყოფადი პერსონაჟია. ის კინოთეატრის ზედა სართულზე ცხოვრობს და არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მეზობელზე, ჯაილსზე ზრუნვასაც ახერხებს (ჯაილსი, ასევე, მთხრობელის ფუნქციასაც ითავსებს).

ჯაილსი მარტოხელა ილუსტრატორია, რომელიც სამსახურიდან სექსუალური ორიენტაციის გამო გაათავისუფლეს. ელიზასაგან განსხვავებით, ჯაილსს საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება არ ასვენებს - პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში. იგი ხშირად დადის სასადილოში, სადაც უგემურ ღვეზელს უკვეთავს და ცდილობს სიმპატიურ ოფიციანტთან გამოსალაპარაკებელი ძალები მოიკრიბოს. თუ ელიზას და ჯაილსს ერთგვარი მამა-შვილური ურთიერთობა აქვთ, ელიზას დედობრივ ფიგურად მისი თანამშრომელი ზელდა შეგვიძლია მივიჩნიოთ - შავკანიანი ქალი, რომელიც ელიზას მსგავსად დამლაგებლად მუშაობს და ფილმში საღი გონების მთავარ ხმად გვევლინება (მას შემდეგ, რაც ზელდა ელიზას და არსების სექსუალური კავშირის შესახებ გაიგებს, "როგორ? რატომ" კითხულობს ის - ეს კითხვა, დარწმუნებული ვარ, მაყურებლის დიდ ნაწილსაც არანაკლებ შეაწუხებდა).

ფილმის მთავარი ბოროტმოქმედი პოლკოვნიკი სთრიქლანდია - უხეში, ბრუტალური და სტოიკური. პოლკოვნიკის პერსონაჟი თავის თავში ტოქსიკური მასკულინობის ყველა შტრიხს აერთიანებს - მისი გაშავებული, განგრენული თითებიც, რომლებსაც პოლკოვნიკი არაფრის დიდებით არ ელევა, ამ მომწამვლელობის სიმბოლოა. თითქოს ეს არ იყოს საკმარისი, პოლკოვნიკის მხრიდან ელიზას სექსუალურად შევიწროვების მცდელობის დროს ვიგებთ, რომ მას ჩუმი ქალები განსაკუთრებით მოსწონს - ჰიპერმასკულინობის დამახასიათებელი სრული დომინაციის ფეტიშის კიდევ ერთი გამოვლინება.

სიუჟეტის მთავარი ხაზი მას შემდეგ ვითარდება, რაც ელიზას სამსახურში სამხრეთ ამერიკის მდინარეში შეპყრობილ, ჰუმანოიდ ამფიბიას მოიყვანენ. ელიზა არსებასთან დამეგობრებას ახერხებს და მას შემდეგ, რაც პოლკოვნიკი სთრიქლანდი არსების ვივისექციის ბრძანებას გასცემს, ელიზა დაწესებულებიდან მისი გაპარების გეგმას შეიმუშავებს. ამ რთული მისიის შესასრულებლად ყველა ერთიანდება - ელიზა მეთვალყურეობის კამერას უცვლის მიმართულებას, ჯაილსი ტრანსპორტს და შენობაში შესასვლელად საჭირო საბუთს აყალბებს, ზელდაც კი, რომელმაც არაფერი იცის მისიის შესახებ, ელიზას საშვს ისე ბეჭდავს, თითქოს ისიც მასთან ერთად, დროზე გავიდა შენობიდან.

საბოლოოდ, მისიის წარმატებით დასრულებას კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი, დოქტორი რობერტ ჰოფსტეტლერი, იგივე დიმიტრი მოსენკოვი განაპირობებს - მეცნიერი, რომელიც სინამდვილეში საბჭოთა კავშირის შპიონია და არსების არა გაკვეთას, არამედ შესწავლას ემხრობა. მას შემდეგ, რაც მოსენკოვი ხვდება, რომ არსების სიცოცხლე საფრთხეშია, იგი მის გათავისუფლებაში ელიზას საკუთარი კარიერის და სიცოცხლის ფასად ეხმარება.

როგორც ყველა ზღაპარი, "წყლის ფორმაც" სიყვარულზეა - წმინდა, პირველყოფილ სიყვარულზე და მის ძალაზე, წაშალოს გამყოფი საზღვრები და გადალახოს რეალური და წარმოსახვითი ბარიერები. თუმცა, ფილმის მთავარი მამოძრავებელი ძალა თავად სიყვარული არ არის. ფილმის პერსონაჟები - მუნჯი ქალი, გეი, შავკანიანი და მტრულად განწყობილი ქვეყნის ჯაშუში მათზე კიდევ უფრო განსხვავებული, კიდევ უფრო "უცხოს" გადასარჩენად და გასათავისუფლებლად ერთიანდებიან.

ჩემი აზრით, სწორედ ამაშია ფილმის მთავარი სიძლიერე - შესაძლებლობაში პერსონაჟების "ნაკლები" მათ სიძლიერეებად დაგვანახოს და ხისტი, ჰეგემონური ძალის წინააღმდეგ გამარჯვების შესაძლებლობა დაუშვას. თუმცა, საბოლოო ჯამში ფილმი ჰეპი ენდით მაინც არ მთავრდება. იმის მიუხედავად, რომ ფილმს ღია, ორაზროვანი დასასრული აქვს, ერთი რამ მაინც ცხადია - განსხვავებული, ანომალური სიყვარული ჩვენს სამყაროში საბოლოოდ მაინც ვერ გაიმარჯვებს - ელიზას შავ-თეთრი სატელევიზიო ფანტაზია შეუძლებელია, ფილმის ზღაპრის მოცემულობაშიც კი. მტრულად განწყობილ სამყაროსთან ბრძოლაში გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად ამ სამყაროდან გაქცევა რჩება.

საბოლოო ჯამში, ფილმი რევოლუციური ნამდვილად არ არის, თუმცა საინტერესო, ჯადოსნური ფილმების, მათ შორის ამავე რეჟისორის "პანის ლაბირინთის" გვერდით ნამდვილად ეკუთვნის საპატიო ადგილი. ერთადერთი, რასაც არსებას (დელ ტოროს) ვერ ვაპატიებ, კატის შეჭმაა.



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა