ბავშვობაში ერთი მეგობარი მყავდა, დათო*. ძალიან რომ მოვინდომო სურათსაც ამოვქექავდი, რომელიც ჩვენი მეგობრობის დინამიკას ცხადზე ცხადად დაგანახებდათ, მაგრამ ისეც მოვყვები: დათო ჩემზე 1-2 წლით უფროსი იყო, შესაბამისად ჩემზე ღონიერი, 1 თავით მაღალი და ჩემზე მეტი სათამაშოს პატრონი. ახლო-მახლო ჩვენ გარდა მეტი ბავშვი არ ცხოვრობდა, ამიტომ მე და დათო სულ ერთად ვთავაშობდით. შეგრძნებების დონეზე ახლაც კარგად მახსოვს ვის ჰქონდა ჩვენს ურთიერთობაში ძალაუფლება.
დათო დიდი ბიჭი იყო, მე - პატარა გოგო. ალბათ გამოიცნობთ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დათოს ველოსიპედი უყიდეს; ისეთი კი არა მე რომ მყავდა, საბავშვო, ვარდისფერი და დამხმარე ბორბლებიანი - ნამდვილი, დიდი ბიჭების, სიჩქარეებიანი, ორბორბლიანი ველოსიპედი. ერთხელაც, მას შემდეგ, რაც სიახლემ ოდნავ გადაიარა, დათომ ველოსიპედზე უკან შემოჯდომა შემომთავაზა. ეს იმ მომენტისთვის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო (ველოსიპედის დამოუკიდებლად გატარებაზე გაფიქრებასაც კი ვერ გავბედავდი). რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
პირველი წრე ნამდვილი ზღაპარი იყო - ქუჩის განაპირას, ქვაფენილზე მივქროდით, ყურებში ჰაერი მიზუზუნებდა, დათოც სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებდა. მეორე წრე ცოტა უფრო ბუნდოვნად მახსოვს, გონებაში მხოლოდ რამდენიმე წერტილი ტივტივდება - ტროტუარი, თხრილი, გუბე - დიდი, საზიზღარი გუბე. უცებ დათომ ველოსიპედი მოწყვეტით, ზუსტად ტროტუარის კიდესთან მოატრიალა. მე გადმოვვარდი და პირდაპირ ღრმა, ყავისფერ, მღვრიე გუბეში ჩავვარდი. მუხლი რაღაც წვეტიანს წამოვდე და გავიჭერი. ტანსაცმელი მთლიანად გამელუმპა. წყალი სახეზეც შემესხა, თვალებში ჩამივიდა და ტირილი დავიწყე.
ტკივილზე, სირცხვილზე და სიბინძურეზე მეტად საქმე ჯერ კიდევ ველოსიპედზე ამხედრებულ დათოში იყო, რომელიც მიყურებდა და კმაყოფილი იღიმოდა. შემდეგ გვერდულად გადაყირავდა. ჩემი ღრიალის გაგონებაზე უფროსები მოცვივდნენ. სახლში გამაქანეს, დამბანეს, გამომიცვალეს, ჭრილობა გამიწმინდეს და დამიბინტეს და ცოტას მეჩხუბნენ. შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩემი ბრალი იყო. აბა, ძალით რატომ უნდა ჩავეგდე დათოს გუბეში? რა მიზეზი უნდა ჰქონოდა? რა თქმა უნდა შემთხვევით მოუვიდა, თვითონაც ძლივს გადაურჩა ჩამოვარდნას და ხო ვხედავ, ფეხიც იტკინა. ჩემი ბრალია, რას ვუჯდებოდი უკან. ის ბიჭია, მე - გოგო.
ამ ამბიდან 20 წელი მაინც გავიდა. მალე საცხოვრებლად სხვაგან გადავედი და დათოსთან მეგობრობაც აღარ გამიგრძელებია. ბოლომდე ახლაც ვერ ვხვდები რატომ მოუნდა ჩემი გუბეში ჩაგდება (ალბათ მიზეზზე ბევრი არც უფიქრია, სავარაუდოდ მხოლოდ იმიტომ, რომ შეეძლო), თუმცა ის წყენა - მისგან იმდენად არა, უფრო სხვებისგან - ჩემებისგან, მათგან, ვინც ჩემ მხარეს უნდა ყოფილიყო და არ დამიჯერა, გახსენებისას ახლაც ბურთს მიჩხერს ყელში.
ძალიან მინდა ვთქვა, რომ ეს სხვების მხრიდან ჩემი არდაჯერების უკანასკნელი შემთხვევა იყო, მაგრამ სამყაროში ვცხოვრობთ. ამ სიტუაციებიდან ბევრი იმდენად ჩვეულებრივი და ყოველდღიურია და თითოეული მათგანი იმდენჯერ გადამითამაშებია თავში, რომ ხანდახან მავიწყდება კიდეც სინამდვილეში რა იყო და როგორ. დროთა განმავლობაში მოგონებები უფერულდება და ხშირად ეჭვიც კი გამჩენია, იქნებ მართლა მე მახსოვს არასწორად? იქნებ მართლა მოვიგონე რამე? მაგრამ მერე საკუთარ თავს გვერდიდან ვხედავ, ჭუჭყიან კაბაში, გადახსნილი მუხლით და ტალახიანი ცრემლებით და უსუსურობის, დაუცველობის და ბრაზის შეგრძნებები ერთდროულად მიპყრობს.
ახლაც, ყოველ ჯერზე, ჩემს პირად ტკივილზე, სირცხვილზე და დამცირებაზე მეტად ის მტანჯავს, რომ სამყარო ყოველდღე, ყოველ წამს უშვებს შესაძლებლობას გუბეში ჩაგდებულ პატარა გოგონებს არ დაუჯერონ და მარტო დატოვონ სამყაროში ყველაზე საზარელი უსამართლობის, უსამართლობის წინაშე. სწორედ ასეთი შემთხვევები გვასწავლიან გოგოებს, რომ სამყარო ჩვენი არ არის. სწორედ ასეთი შემთხვევები ასწავლიან და აჩვევენ ბიჭებს დაუსჯელობას. ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ თითო-თითო, პატარ-პატარა უსამართლობითაა აშენებული.
სწორედ ამიტომ, ვისი გვჯერა, ხშირად ფაქტების და მტკიცებულებების დაჟინებული მოთხოვნის გარეშე, ის საარჩევნო ბიულეტენია, რომლითაც იმ სამყაროს ვირჩევთ, რომელშიც გვინდა რომ ვიცხოვროთ. ვისი გვჯერა პოლიტიკური განაცხადია. ვისი გვჯერა ჩუმი პროტესტია ყოველდღიური, ჩვევაში გადასული უსამართლობების წინააღმდეგ. ვისი გვჯერა რადიკალური ჰუმანურობის მანიფესტია. ვისი გვჯერა ხშირად ერთადერთი იარაღია არსებული, ცინიკური წესრიგის წინააღმდეგ. მე ვირჩევ ქალების მჯეროდეს.
* სახელი შეცვლილია, თუმცა მეტი არაა ჩემი მტერი ადრესატმა საკუთარი თავი ამოიცნოს.