ბოჯეკ ჰორსმენი: ცუდად ყოფნა საკმარისი არ არის
17 04 2018

ერთი შეხედვით, ანიმაციური სატელევიზიო შოუ ანთროპომორფულ, ჰოლივუდის ბინადარ ცხენზე დიდად მომხიბვლელად ვერ ჟღერს, ამიტომ დიდხანს ვიკავებდი თავს მეგობრების მრავალრიცხვოვანი რეკომენდაციების მიღებისგან და ბოჯეკ ჰორსმენის ყურების დაწყებისგან. თუმცა, პირველად შთაბეჭდილებას და პირველი სეზონის რამდენიმე სატესტო სერიას თუ არ ჩავთვლით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბოჯეკ ჰორსმენი ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია. შოუ ახერხებს ისე შეეხოს მენტალური ჯანმრთელობის, ურთიერთობების, ოჯახის, ჰედონიზმის, წარმატებისა და წარუმატებლობის და პოლიტიკის მწვავე და აქტუალურ თემებს, რომ ჟანრის კლიშეების ხაფანგებში პრაქტიუკულად არ გაებას და თან ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო, თუმცა ყველაზე სევდიან კომედიადაც დარჩეს.

ბოჯეკის პერსონაჟი ცნობილი, 90-იან წლებში პოპულარული სიტკომის მსახიობია, რომელიც საკუთარ წარმავალ ვარსკვლავურ სტატუსთან და იდენტობის მუდმივ კრიზისთან გამკლავებას არასწორი მეთოდებით, უშედეგოდ ცდილობს. მოქმედება ლოს ანჟელესში, ცხოვრების ვარსკვლავური წესისათვის დამახასიათებელი სიჭარბის ფონზე ვითარდება, შოუს მოცემულობა ერთგვარი ხრიკია პერსონაჟების ყოფითი პრობლემებისაგან და ვალდებულებებისაგან გასათავისუფლებლად და დღის წესრიგში მხოლოდ მათი სულიერი ჭიდილების დასაყენებლად. სხვა პერსონაჟები, რომლებსაც საკუთარი, არანაკლებ საინტერესო სიუჟეტური ხაზები აქვთ, თან ბოჯეკის პერსონაჟის უარყოფითი თვისებების წარმოჩენასაც ემსახურებიან - უყურადღებობის, ეგოიზმის, ყურადღების ცენტრში ყოფნის დაუოკებელი სურვილის და თან იმ ადამიანების გაუცხოვების, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდათ და შეუძლიათ მისი დახმარება.

გაუწონასწორებელი, უარყოფითი თვისებების უხვად მქონე პროტაგონისტები სხვა ფილმებსა და სერიალებშიც ბევრჯერ შეგვხვედრია, თუმცა სწორედ ასეთ პერსონაჟთან დამოკიდებულებაშია შოუს მთავარი სილამაზე. ბოჯეკი არც გენიოსია და არც სხვა ისეთი მახასიათებლებით გამოირჩევა, რომლის საშუალებითაც მისი უარყოფით თვისებების და ქცევების გამოსყიდვა გახდებოდა შესაძლებელი. მთავარი მახე, რომელსაც ბოჯეკის შემქმნელები გვერდს წარმატებით უქცევენ, ფსიქიკური გაუწონასწორებლობით განპირობებული, ყოვლისმომცველი ნიჰილიზმის და დესტრუქციული ქცევების რომანტიზებაა. საპირისპიროს ძალიან კარგი მაგალითია Adult Swim-ის საკულტო, ასევე ანიმაციური სერიალი Rick and Morty, რომლის მთავარი პერსონაჟი, მანკიერი გენიოსი რიკი ფანების არმიებს შთააგონებს, რომ საკუთარი სიცუდე არა მხოლოდ მიიღონ, არამედ ხშირად გონივრული, ან საერთოდ რამე სახის კრიტიკის ასასხლეტად გამოიყენონ.

რიკის მსგავსად, ბოჯეკის პერსონაჟიც საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია, თუმცა მას თავისივე ნაკლებით ტკბობის საშუალება ნაკლებად ეძლევა. ბოჯეკის აზრით იგი მსხვერპლია - საკუთარი ფსიქიკის, ხასიათის, მავნე ჩვევების, ბავშვობაში გადატანილი სტრესების, ცუდად ყოფნის მსხვერპლი, თუმცა სერიალის შემქმნელები მალე გვაგებინებენ, რომ ისინი ამ თამაშის თამაშს არ აპირებენ. პირველი სეზონის ბოლოს, როცა ბოჯეკის დაქირავებული უჩინარი მწერალი დაიანი მასზე წიგნის წერას მორჩება, ბოჯეკი საკუთარ თავს გვერდიდან, მთელი სიცხადით დაინახავს.

დიანის დაწერილ წიგნში არ არის შელამაზებული ფაქტები და არც ბოჯეკის ადამიანური სისუსტეებია გამოყენებული მისი ქცევების გასამართლებლად, თუმცა კათარზისი სწორედ მაშინ დგება, როცა ბოჯეკი, მისდა გასაკვირად, სწორედ ასეთი გულწრფელი პორტრეტის შედეგად იმსახურებს ხალხის სიყვარულს და თანაგრძნობას. კათარზისი, ცხადია, დროებითია. მესამე სეზონში ბოჯეკი ისმენს იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია მასაც და, ალბათ, ყველა ჩვენგანსაც - რომ თვითონ და მხოლოდ თვითონ არის საკუთარი პრობლემების თავი და თავი - არც ალკოჰოლი, არც ნარკოტიკები, არც წარუმატებელი კარიერა და არც სევდიანი ბავშვობა ამართლებს მის ეგოისტურ, დესტრუქციულ, იმპულსურ ქცევებს. მხოლოდ საკუთარი დანაშაულის პასიური აღიარება საკმარისი არ არის თუ ამ აღიარებას ცვლილების მცდელობა მაინც არ ერთვის თან. პრობლემებისათვის თვალის გასწორება შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს გამოსწორების გზაზე, მაგრამ ვერაფრით იქნება ერთადერთი.

ფსიქიკური ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი თემატიკის გარდა, სერიალი სოციალური და პოლიტიკური კომენტარის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. შოუს სცენარისტები არ გაურბიან ისეთ თემებს, როგორებიცაა იარაღის ტარების ზედმეტად თავისუფალი კანონები ამერიკაში, ოჯახური პასუხისმგებლობები, გენდერული მოლოდინები და წინასწარგანწყობები და სხვა. მესამე სეზონის მეექვსე სერია აბორტის შესახებ ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი, გულახდილი და სასაცილო ეპიზოდია, რომ აღარაფერი ვთქვა ამავე სერიაში გაჟღერებულ სექსტინა აკვაფინას სიმღერაზე, რომელიც მრავალშრიანი სატირული კომედიის უმაღლესი პილოტაჟის მაგალითია.

საბოლოო ჯამში, ბოჯეკ ჰორსმენი არც ისე მსუბუქი, თუმცა აუცილებლად სანახავი შოუა, რომელიც ფსიქიკის ყველაზე ბნელ კუნჭულებში ჩახედვას და მათთვის თვალის გასწორებას არ ერიდება. სერიალი ძალიან კარგი პასუხია კითხვაზე, რომელზე კამათიც, ალბათ სამყაროს დასასრულამდე არ დასრულდება - შეიძლება თუ არა ყველაფერზე ხუმრობა (შეიძლება, თუ ისე ხუმრობ, როგორც ამას ბოჯეკ ჰორსმენის სცენარისტები აკეთებენ).



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"