InCel მოძრაობა - მასკულინობის სიმსივნე
02 05 2018

2018 წლის 23 აპრილს, მანქანა, რომელსაც ალეკ მინასიანი მართავდა, ტორონტოს ხალხმრავალი ქუჩის ტროტუარზე ავარდა და 10 გამვლელი იმსხვერპლა. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, ფეისბუქზე დაწერილ უკანასკნელ პოსტში, ალეკ მინასიანი InCel-ების (involuntarily celibate, იძულებითი ცელიბატი) აჯანყებასა და "ჩედების და სტეისიების" განადგურებაზე საუბრობდა.

იგი ასევე ახსენებდა ელიოტ როჯერს, როგორც მის ერთგვარ კუმირს. 22 წლის ელიოტ როჯერმა 2014 წელს ისლა ვისტას ინციდენტში 14 ადამიანი დაჭრა და 6 იმსხვერპლა, შემდეგ კი, სანამ პოლიცია მის აყვანას შეძლებდა, თავი მოიკლა. მინასიანის მსგავსად, ინციდენტამდე როჯერმა იუთუბზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც იგი დეტალურად საუბრობს დანაშაულის მოტივებზე - მას ყველა იმ ქალის დასჯა სურდა, ვინც მას ყურადღებას არ აქცევდა, იმ კაცებთან ერთად, რომლებიც, მისგან განსხვავებით, ქალებისგან ყურადღებას და სექსს იმსახურებენ (ზემოთ ხსენებული "ჩედები და სტეისიები").

ტერმინი InCel 90-იან წლებში, კანადელმა ქვიარ ქალმა დაამკვიდრა, როდესაც 24 წლის ასაკში პირველად გააცნობიერა, რომ რიგი მიზეზების გამო, საკუთარ თავს სექსუალური სამყაროს ნაწილად ვერ გრძნობდა. იმის მიუხედავად, რომ თავად ავტორი სხვადასხვა მიზეზით მარგინალიზებული სექსუალური ჯგუფების ფართო აუდიტორიას უმიზნებდა, InCel თემისთვის საიტის შექმნიდან მალე ცხადი გახდა, რომ მისი სტუმრების უმეტესობას მტრულად განწყობილი, უსექსობაზე გამუდმებით მოწუწუნე კაცები შეადგენდნენ. დროთა განმავლობაში ქალის ცხოვრება შეიცვალა, მან საიტის ადმინისტრაცია სხვას გადააბარა და დაივიწყა. რამდენიმე წლის წინ კი აღმოაჩინა, რომ მის წამოწყებულ, ჩანაფიქრში ინკლუზიურ მოძრაობას შემზარავი, ქალთმოძულეობაზე დაფუძნებული ონლაინ სუბკულტურის სახე მიეღო.

დღესდღეობით InCel მოძრაობა თითქმის მთლიანად კაცებისაგან შედგება, რომლებიც საკუთარ არარსებულ სექსუალურ ცხოვრებაში ქალებს (მათი აზრით, ზედაპირულ, ანგარებით მოტივირებულ, უგულო არსებებს) ადანაშაულებენ. კაცების უფლებების მოძრაობებს შორისაც კი (ე.წ. pick up, ანუ ქალების შებმის არტისტები, ანტიფემინისტები და სხვა მსგავსი იდეოლოგიების ჯგუფები), InCel-ები ქალთა მიმართ განსაკუთრებულად მძაფრი სიძულვილით გამოირჩევიან. ხშირად, ელიოტ როჯერსის მსგავსად, InCel სუბკულტურაში pick up artistry-დან გადადიან, მას შემდეგ, რაც ქალების დეჰუმანიზაციით, თვითშეფასების დაწევის მცდელობებით და მსგავსი მეთოდებით, მათთან სექსს მაინც ვერ ახერხებენ.

InCel ტერმინოლოგია უხვად შეიცავს დამამცირებელ, მიზოგინურ ტერმინებს (მაგალითად, roastie სექსუალურად აქტიური ქალების აღსაწერად გამოიყენება, გარეგანი ლაბიას Roast Beef-თან (საქონლის შემწვარი ხორცი) შედარების საფუძველზე. მიზოგინურ წრეებში საკმაოდ გავრცელებულია მითი ქალის ანატომიის შესახებ, რომლის თანახმადაც, ბევრი სექსუალური პარტნიორის ყოლა ქალის გარეგანი გენიტალიების ცვლილებას, მათ "მოშვებას" იწვევს). მოძრაობის სახეებად, ერთგვარ გმირებად ითვლებიან ელიოტ როჯერსი და ახლა უკვე ალიკ მინასიანიც, ხშირად მათ პირდაპირ InCel წმინდანებადაც კი მოიხსენიებენ.

InCel ფორუმებზე და მესიჯ ბორდებზე ხშირად შეხვდებით ციტატებს როჯერსის 140 გვერდიანი მანიფესტიდან, რომელიც მან სიკვდილამდე ნაცნობებს და ოჯახის წევრებს გაუგზავნა. (მაგალითად: "ჩემს ფანტაზიებში იმდენი ძალაუფლება მქონდა, რომ ყველასთვის შემეძლო სექსი ამეკრძალა. მინდოდა წამერთმია მათთვის სექსი, ისე, როგორც მე წამართვეს. სექსს მანკიერ, ბარბაროსულ აქტად ვთვლიდი, რადგან მე არ მქონდა იგი." "რატომ შეეძლო ჩემზე დაბლა მდგომ, შეუხედავ შავკანიანს თეთრკანიანი შეყვარებულის ყოლა, თუკი მე არ შემეძლო? მე ლამაზი ვარ, თანაც სანახევროდ თეთრკანიანი. მე ბრიტანელი არისტოკრატების შთამომავალი ვარ. მისი წინაპრები მონები იყვნენ. ამას მე უფრო მეტად ვიმსახურებ.")

ელიოტ როჯერის შემთხვევა ძალიან დიდხანს განიხილებოდა იზოლირებულ ინციდენტად. ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტები და ფემინისტები დიდხანს ცდილობდნენ თემის დღის წესრიგში დაყენებას და გარშემომყოფთა გაფრთხილებას, რომ InCel ჯგუფებში მასობრივ ტერორისტულ აქტებზე და თავდასხმებზე ლაპარაკი, ადრე თუ გვიან, რეალურ ძალადობაში გადაიზრდებოდა, თუმცა - უშედეგოდ. InCel ფორუმებზე ამბობენ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. საუბრობენ საკვების მოწამვლაზე, ცეცხლმფრქვევებზე, ხელნაკეთ ასაფეთქებლებზე, მასობრივ გაუპატიურებებზე ( "ქალებს გაუპატიურების სიკვდილზე მეტად ეშინიათ, ეს მათთვის ძალიან ტრავმატული იქნება, შეიძლება თავიც კი მოიკლან"), მჟავის აბაზანებზე ("ზოგს თავი მჟავის აბაზანაში უნდა ჩააყოფინო, ისე, რომ სახე ჩამოადნეს, მაგრამ არ მოკვდეს. გაუპატიურების გადატანა შესაძლებელია, მერე ეტყვიან როგორი მამაცია და ბლა ბლა ბლა) და სხვა.

InCel ფილოსოფია, თუკი შეიძლება ასე დავარქვათ, პირდაპირ ქალთმოძულეობას, ქალის მეორად (თუ საერთოდ) ადამიანად ხედვას ეფუძნება. კაცი, რომელიც ცხადია, პირველია, მხოლოდ არსებობით იმსახურებს სექსს, სიყვარულს და ყურადღებას ქალებისგან (საუბარი იმავე ქალებზეა, რომლებსაც ცხოველების, რობოტების, ხორცის ნაჭრების ექვივალენტურ არსებებად განიხილავენ). საინტერესოა, რომ InCel-ები მიზოგინიას მათი InCel-ობის შედეგად აღიქვამენ და არა მიზეზად - თვლიან, რომ მათ ქალები სწორედ იმიტომ ეზიზღებათ, რომ მათთან სექსის მიღებას ვერ ახერხებენ, და არა პირიქით, რომ იმიტომ ვერ ახერხებენ სექსის მიღებას, რომ ქალები ეზიზღებათ.

მიზოგინურ ექსტრემიზმს, მართალია, ნახევრად ირონიული (მსგავს წრეებში იშვიათად შეხვდებით პირდაპირ, არაირონიულ კომუნიკაციას, ამიტომ ხშირად თემის წარმომადგენლებსაც კი უჭირთ იმის განსაზღვრა, თუ სად მთავრდება ირონია და იწყება გულწრფელობა), მაგრამ მაინც განსაზღვრული მოთხოვნები აქვს: "კანადის მთავრობამ რომ "სავალდებულო გერლფრენდის" პროგრამა შემოიღოს, გარანტიას გაძლევთ, რომ მსგავსი შემთხვევები შეწყდება", წერდნენ ტვიტერზე ტორონტოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

იმის მიუხედავად, რომ InCel ჯგუფი პირდაპირ ჯდება სიძულვილით მოტივირებული ჯგუფის დეფინიციაში და მათი თავდასხმებიც ტერორისტული თავდასხმების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ("ძალადობა, ან ძალადობის მუქარა, პოლიტიკური, რელიგიური, იდეოლოგიური ან სოციალური მიზნებისთვის"), არც როჯერსი და არც მინასიანი ტერორისტებად არ განიხილებიან. საქმე ისაა, რომ ტერორიზმი საკმაოდ ახალი კონცეპტია და მისი მნიშვნელობა ჩამოყალიბებულ, მიღებულ წესრიგზე მხოლოდ უცხოს, მტრის მხრიდან საბოტაჟის მცდელობად განიხილება. InCel მოძრაობა, კი, მითუმეტეს მისი გამომწვევი მიზეზები, ჩვენი კულტურისთვის უცხო საერთოდ არ არის.

ტოქსიკურ მასკულინობას და ქალთმოძულეობას, იმას, რაც ამ მოძრაობას უდევს საფუძვლად, ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად კვებავს და ანორმალურებს. ის ტერორისტის ფართოდ გავრცელებული ხატის მსგავსად გარედან მოვარდნილი, გადამთიელი მტერი არ არის, ის ჩვენი წესრიგის შიგნიდან არის ამოსული, ჩვენი ყოველდღიურობით, სისხლით და უჯრედებითაა ნაკვები. სექსის იმ მანკიერ სოციალურ ეკონომიკას, რომლის მიხედვითაც კაცები სექსის უფლებით იბადებიან, არა მხოლოდ არ ვანგრევთ, არამედ ხშირად საკუთარი ხელით ვაშენებთ - სექსუალური სტერეოტიპებით, ქალის ანატომიის და ბიოლოგიის გარშემო არსებული აბსურდული მითებით, ქალებისგან ერთი ხელით კაცებისთვის ხელსაყრელი სექსუალური თავისუფლების, მეორეთი კი სექსუალური თავშეკავების მოთხოვნით.

ამ ავადმყოფური იდეოლოგიისათვის საჭირო საშენი მასალა, ისევე, როგორც ელიოტ როჯერსის მანიფესტის ყოველი წინადადება, ჩვენი საზოგადოების ქცევაში იკითხება. InCel მოძრაობა შესაძლოა საგანგაშო და შემაძრწუნებელი იყოს, თუმცა ის ნამდვილად არ არის მოულოდნელი ან გასაკვირი. ნიკოტინის არ იყოს, მიზოგინიაც კლავს და ამის იგნორირება უბრალოდ თავის მოტყუებაა. ოღონდ, ამის ერთხელ და სამუდამოდ გასაგებად კოლოფებზე დატანილი მესიჯების კითხვაზე ბევრად რთული მისია - ქალების მოსმენა გვეკისრება.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი