ილუსტრაცია: stavrogyna
სად არიან მეცნიერი ქალები, აინტერესებს კაცს, რომელმაც სარეცხი მანქანის ჩართვა არ იცის
13 06 2018

თბილისი, საქართველო - დედაქალაქში არასრულწლოვანთა მკვლელობების სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, თბილისში მცხოვრებმა ორმა ტრადიციციონალისტმა მამაკაცმა გადაწყვიტა დროებით უყურადღებოდ მიტოვებული ბურთი და მოედანი ხელში ჩაიგდოს და ფემინიზმის შესახებ ცხარე, ინფორმირებული დისკუსია გამართოს.

47 წლის გოჩას, ქართველ კაცს, მამას და მეუღლეს, რომელმაც სარეცხი მანქანის ჩართვა არ იცის, აინტერესებს, თუ ქალები და კაცები თანასწორები არიან, სად არიან მეცნიერი ქალები.

"სად არიან, აბა, სადა, გეკითხები მე შენ?!" - ეკითხება გოჩა მეუღლეს, 43 წლის ლამარას, რომელიც სკოლის გამოსაშვები ბანკეტიდან მოიტაცა და ქორწინებიდან 1 თვის თავზე დააორსულა. ახლა გოჩას და ლამარას 3 შვილი ჰყავთ და მიუხედავად იმისა, რომ უფროსი 25 წლის არის, ოჯახში სარეცხი მანქანის ჩართვა მაინც მხოლოდ ლამარას ხელეწიფება.

გოჩას მეზობელი და ნარდის თანამოთამაშე, 57 წლის ნუკრიც უერთდება. ნუკრის, რომელმაც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა და გუშინ საღამოს ტელევიზორის პულტის დამჯდარი ელემენტები დაღეჭა, მიაჩნია, რომ ქალის ტვინი და კაცის ტვინი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ნუკრის, რომელიც სკოლაში სწავლის პერიოდში ყველა საკონტროლოს მის წინა მერხზე მჯდომი ლელა მ-სგან იწერდა, სჯერა, რომ ტექნიკური საგნების მიმართულებით, ქალი კაცს მაინც ვერ შეედრება. გოჩას მსგავსად, სარეცხი მანქანის ჩართვა არც ნუკრიმ იცის.

გოჩას და ნუკრის, რომლებმაც ვაჟების გაჩენასთან დაკავშირებით გამართული განსაკუთრებული ზეიმის ფარგლებში თოფი გაისროლეს, მკვეთრად ჩამოყალიბებული აზრი აქვთ პარლამენტში ქალების კვოტირებით შესვლის საკითხთან დაკავშირებითაც.

"რო მოუნდათ პარლამენტში გამოჭიმვა, შახტაში ჩავიდნენ აბა, სტროიკაზე გავიდნენ, ჯარში წავიდნენ, სუ თანასწორობა თანასწორობაო რო გაიძახიან!" ბობოქრობს გოჩა, რომელსაც საკუთარი 3 შვილის და 2 შვილიშვილის პამპერსი არც ერთხელ არ გამოუცვლია, იმის მიუხედავად, რომ მათ ხშირად მოუწოდებს ხოლმე მამამათის კისერში ჩაფსმისკენ.

"თუ ასე უნდათ, თუ ასეთი მაგრები არიან, შევიდნენ აბა ჰა, ვინ უშლით ერთი, ხო არიან ქალები ამ პარლამენტში არა?! ხო არის ესეიგი შესაძლებელი?!" უკვირს ნუკრის, რომელიც ბიძაშვილის კომპანიაში დირექტორის პოზიციაზე ნეპოტიზმის საფუძველზე დაინიშნა. "აი ვინც არიან პარლამენტში ქალები მაგათმა ჰო აგვაშენეს აი, რას ამბობ?!" დასძენს ნუკრი, რომელსაც ფეხზე ფრჩხილებს დღემდე ცოლი აჭრის.

"ქალი ლამაზი არსებაა, სათუთი არსებაა. ჩვენ მაგათი მოვლა გვინდა, მოფერება გვინდა, პატივისცემა გვინდა, თორე მეტი კი არაფერი", აგრძელებს გოჩა, რომელსაც კლიტორი ამერიკის პრეზიდენტი ჰგონია და რომლის დაც საბერძნეთში მესამე მოხუცს უვლის.

"მაგათი ემოციების პატრონს ხო, პარლამენტში კი არა, სახლიდან არ უნდა ვუშვებდეთ საერთოდ", ლაზღანდარობს ნუკრი, რომელიც ორი დღეა დივანიდან არ ამდგარა და რომელსაც მამამისის გასვენებაში ერთი ცრემლიც კი არ ჩამოვარდნია.

გოჩას და ნუკრის საუბარში არ ერთვებიან მათი ცოლები, ლამარა და ნანა. სანამ კაცები ნარდს აგორებენ, ლამარა გოჩას საცვლებს სარეცხის თოკზე აკურატულად ფენს, ნანა კი ონკანს უჭერს, რომელიც ნუკრის უნდა შეეკეთებინა, მაგრამ აგერ უკვე მესამე კვირაა წვეთავს.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი