ფოტო: ილუსტრაცია: Sophie Stavrogyna
საკუთარი ოთახი და მეტი
29 06 2018

ვირჯინია ვულფი საკუთარი ოთახის - როგორც ფიზიკური, ისე მენტალური პირადი სივრცის ქონის აუცილებლობაზე საუბარს ადრეული მე-20 საუკუნიდან იწყებს. იგი ამბობს, რომ იმისათვის, რომ ქალმა წარმატებას მიაღწიოს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ფული და საკუთარი ოთახი. ამ შემთხვევაში საუბარი უფრო კონკრეტულად მწერალ ქალებზეა, რომლებიც მიზნად პატრიარქალურად განწყობილ, ქალებისთვის ნაკლებად მეგობრულ ლიტერატურულ წრეებში შეღწევას ისახავენ მიზნად, თუმცა საკუთარი ოთახის იდეას აქტუალობა 21-ე საუკუნის საქართველოში ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, და არა მხოლოდ მწერალი ქალებისთვის.

პატრიარქალურ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ისე მძაფრად და სპეციფიკურად პატრიარქალურში, როგორიც საქართველოა, ქალებზე და დამოუკიდებლობაზე საუბარი ხშირად რთული ამოცანაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფუფუნებაზე, რასაც ამ თემაზე ფიქრის შესაძლებლობაც კი გულისხმობს. ჩვენთან ღირებულებითი ღერძები საკმაოდ მკაცრად, ზღაპრების სიუჟეტური ხაზების შესაბამისადაა დალაგებული. აქ ორი უმთავრესი მოტივი იკვეთება - ზღაპარი პროტაგონისტებისაგან, პირველ რიგში, უპირობოდ მოითხოვს დაწყვილებას - მეწყვილის ძებნა ხშირად ცხოვრების მთავარ ამოცანად და მიზნად, შესაბამისად ზღაპრის მთავარი სიუჟეტურ ხაზად გვევლინება, მეორე რიგში კი, მიზნის მიღწევასთან, პირობითად პრინცის* მოპოვებასთან და მასზე დაქორწინებასთან ერთად, ზღაპარი სრულდება, ისევე როგორც ცხოვრების მთავარი "ქვესთი". თუ მეწყვილეს პოვნის შემდეგ ცხოვრება არსებობს, ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით - თუ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას ვერ ვახერხებთ, პრობლემა საკუთარ თავებში უნდა ვეძებოთ.

იმის გარდა, რომ აქცენტი რომანტიკულ ურთიერთობებზე (უპირველესად ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს ვგულისხმობ, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი კულტურული კოდექსი ბოლომდე არც ქვიარებს ათავისუფლებს ამ ვალდებულებებისაგან) საჭიროზე დიდია, ჩვენ ფაქტობრივად არ მოგვეთხოვება ჩვენი ცხოვრების ყველაზე მთავარი თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ურთიერთობის შენების და განვითარების გზების ძიება - ამ ურთიერთობაში, ცხადია, საკუთარ თავთან ურთიერთობას ვგულისხმობ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სოციო-ეკონომიკური მოცემულობების გათვალისწინებით, ხშირად პირობით პიროვნულ თავისუფლებებს შორისაც კი შეზღუდული არჩევანი გვაქვს, ამ ურთიერთობის შენების გზაზე შედგომაც კი უმნიშვნელოვანეს, თუმცა ხშირად ურთულეს ამოცანად რჩება (რომ აღარაფერი ვთქვა საკუთარ თავზე ზრუნვის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე და ამ მიმართულებით სერვისების ხელმიუწვდომობაზე).

ყველა ქალი ვერ და არ იქნება, და არც უნდა იყოს ვირჯინია ვულფი, არც უბრალოდ მწერალი ან რამე სახის შემოქმედი, თუმცა საკუთარი ოთახი, სივრცე, თავშესაფარი, ნავსაყუდელი - რაც არ უნდა დავარქვათ, ნებისმიერი ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია - საკუთარი თავის და მასთან ურთიერთობის შენებისათვის, "მეს" იმ ბაზის, მყარი ფუნდამენტის ჩამოსხმისა და გამაგრებისათვის, სხვა თუ არაფერი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, არსებული სისტემებისა და ჩარჩოების, წესრიგებისა და სტრუქტურების ნგრევის შემდეგ რომ გადარჩეს, როგორც ცნობილი იაპონური თაღები ატომური დაბომბვის შემდეგ.

არასტაბილურ სამყაროში, რომელიც ჩვენს კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება და აქეთ გვკარნახობს თამაშის ხშირად ჩვენთვის მიუღებელ ან უინტერესო წესებს, საკუთარი პირადი, ფიზიკური ან მენტალური სივრცის ქონა, რომელიც ფიზიკური ან მენტალური განმარტოების საშუალებას გვაძლევს (ეს განმარტოება საერთოდ არაფრის კეთებასაც რომ ემსახურებოდეს), პირველ რიგში არსებული წესრიგის წინააღმდეგ მიმართული განაცხადია. განაცხადია საშიში, არამეგობრული, ქალებისთვის უსაფრთხოდ მონიშნული სივრცეების დაკავებაც - სახლში გვიან დაბრუნება, ღამის ქუჩებში, კლუბებში, ბარებში, რესტორნებში ან სხვა ცალსახად მასკულინურ დაწესებულებებში (თუმცა, ტყული იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემი თურქი კაცებით სავსე საფალაფელეში ხშირი სტუმრობა მხოლოდ პატრიარქალური იდეების უარყოფას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო ახლო აღმოსავლური სამზარეულოს დაუძლეველ სიყვარულთან) სიარული და მეტიც, ამ ადგილებში თავის კომფორტულად გრძნობის გაბედვა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი და როგორ ძალიანაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს ყველაზე საბაზისო ინსტინქტებს.

განაცხადია ისე ცხოვრება როგორც ჩვენ გვინდა, შეძლებისდაგვარად მაინც. საკუთარი თავისუფლების განკარგვა, რამდენად მცირე ან შეზღუდულიც არ უნდა იყოს იგი, ჩვენი უკანასკნელი იარაღია იმ სამყაროს წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის და რომელიც ადგილს სამზარეულოში, სიჩუმეში, ფიზიკური გადარჩენის სანაცვლოდ მორჩილებაში, ფიზიკური კომფორტის სანაცვლოდ მსახურებაში გვიჩენს. ეს ის ერთადერთი რამაა, რასაც ჩვენ და მხოლოდ ჩვენ ვაკონტროლებთ და რისი წართმევაც პატრიარქალურ წყობას არ შეუძლია, ჯერჯერობით მაინც.

*ჩვენი კულტურა იმასაც კეთილშობილურად ითვალისწინებს (ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა ის სილამაზის სტანდარტებზე მაღლა დგება), რომ ყველა პრინცესა ვერ იქნება და შესაბამისად, პრინცს ვერ მოინადირებს - აქედან ცნობილი გამოთქმა ყველა ალხანასათვის საკუთარი ჩალხანას მოძიების შესაძლებლობის შესახებ.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის