ფოტო: : Stavrogyna
კანონიკური სასწაული - ქართველმა ქალმა ერთ დღეში არც ერთი ბოდიში არ მოიხადა!
04 09 2018

თბილისი, საბურთალო: ზედმეტად დაგვიანებული, ზედმეტად მოკლე და ზედმეტად ძვირი შვებულებიდან ზედმეტად ცხელ, ზედმეტად დატვირთულ და ზედმეტად ძვირ დედაქალაქში დაბრუნებულმა მოქალაქე ნინო ლ.-მ თავისდაუნებურად უპრეცედენტო რამ ჩაიდინა - მას სრული 24 საათის განმავლობაში არც ერთი ბოდიში არ მოუხდია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დილას ის კაბა რომ გაიუთოვა, რომელშიც ერთი თვის წინ ხელფასის მეოთხედი გადაიხადა, შენიშნა, რომ ფერები სამ გარეცხვაში გახუნებულიყო. ზედმეტად დაბალანაზღაურებად სამსახურში დაბრუნებულ ნინო ლ.-ს თანამშრომლებმა რაც დატოვა, იმაზე სამჯერ მეტი საქმე დაახვედრეს და სანამ ამის შესახებ აცნობებდნენ, სამზარეულოს კომუნალური, წყალწყალა, ბოლომდე აუდუღებელი ჭიქა Cafe Pele-ს დალევაც კი არ აცადეს.

სანამ 1 საათიანი შესვენებისას ლანჩზე 15 წუთით იყო გასული, ზედმეტად დაუორგანიზებელ რიგში ჩანთიდან ტელეფონის ამოსაღებად წამით შეყოვნდა და მის წინ წამის მეასედში აღმოცენდა მანამდე ორი ადამიანით უკან მდგომი შუა ხნის ქალი. დასვენებულმა ნინომ ღრმად ჩაისუნთქა, ქალს მკაცრად შეხედა და თავისი კუთვნილი, უკვე გაცივებული, თუმცა შემდეგ მზეზე გამთბარი ლობიანი თავის დროზე იყიდა.

შუალედში ბანკში შეიარა, სადაც ზედმეტად გრძელ რიგში დგომის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის ზედმეტად დაბალ ხელფასს მომდევნო თვიდან ბანკის მომსახურების უფრო მაღალი საკომისიო გამოაკლდებოდა, რის შესახებაც ("ცვლილება საბანკო მომსახურების პირობებში") ოპერატორმა რატომღაც ზედმეტად მხიარული ხმით აცნობა. სამსახურში მიბრუნებულს ტელეფონმა დაურეკა. ტელემარკეტერს ზრდილობიანად, თუმცა საკუთარი ინტერესების მტკიცედ დაცვით ესაუბრა. 5 წუთში ტელეფონმა ისევ დარეკა. ისევ ის ტელემარკეტერი ისევ ნინო ლ-სთან რეკავდა, მისთვის იმავე შეთავაზების გასაცნობად.

ზედმეტად გრძელი და კიდევ უფრო არაფრისმომცემი შეხვედრიდან რომ გამოდიოდა, დერეფანში ორ მამაკაცს ცხარე დისკუსია ჰქონდა გამართული და ნინოსთვის გზა თავისდაუნებურად ჩაეხერგა. აქამდე ასეთი შემთხვევის დროს ნინო შეყოვნდებოდა, ეცდებოდა ჯერ სხვა გაეტარებინა და მხოლოდ შემდეგ გამოევლო მოვლენების ეპიცენტრში, ან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, "უკაცრავადო" მაინც ამოილუღლუღებდა ხოლმე. მაგრამ ამჯერად ნინომ არც აცია, არც აცხელა და მამაკაცებს შორის მოუბოდიშებლად, თითქმის თავაწეულმა გაიარა.

სახლში მეტროთი რომ ბრუნდებოდა, ზედმეტად გადაჭედილი ვაგონიდან ხალხი ზედმეტად გვიან გამოვიდა და ნინომ შესვლა ძლივს მოასწრო კარის დაკეტვას. ორ გაჩერებაში ფეხი სამჯერ დააბიჯეს და საჯდომზე ვითომ შემთხვევით ორჯერ გაეხახუნენ. ვაგონიდან რომ გამოდიოდა, ამომსვლელი ხალხი იმის მაგივრად რომ ჩამსვლელის გამოსატარებლად გაწეულიყო, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე კოორდინირებულ ცოცხალ კედლად შეიკრა.

თითქმის სახლთან მისულს, ხილის გამყიდველმა მთელი დღე მზეზე ნადები, გადამწიფებული ატამი ზედმეტად ძვირად დაუფასა და ზედმეტად პატარა პარკში ჩაულაგა, რომელიც სადარბაზომდე მისვლამდე გაწყდა, ამიტომ ნინოს რბილი ატმების ტარება ხელით მოუწია. ზედმეტად ძველმა, გაუმართავმა ლიფტმა ნინოს უკანასკნელი ათთეთრიანიც ვითომც არაფერიო, ისე ჩაუყლაპა.

სახლში ფეხით ასულ ნინოს იქაურობა იმაზე არეული დახვდა, ვიდრე დატოვა. რამდენიმე წუთის შემოსული იქნებოდა, როცა კარზე ქვედა მეზობელმა, ქალბატონმა ნაირა მ-მ მიუკაკუნა და ერთი ჭიქა შაქარი სთხოვა. ნინოს გაახსენდა, რომ შაქარი მხოლოდ საშაქრის ძირზე მიმხმარი თუ ექნებოდა, იმის მიუხედავად, რომ ქმარს, რომელიც სახლიდან ნინოზე გვიან გავიდა და ნინოზე ადრე დაბრუნდა, მაგრამ რატომღაც მასზე მეტად იყო დაღლილი, სამჯერ მაინც სთხოვა შაქრის და ტუალეტის ქაღალდის გამოყოლება, რაზეც გაახსენდა, რომ ხვალ დილას ყავის დალევის გარდა, სავარაუდოდ, არც ტუალეტში შესვლა ეწერა თავის გემოზე. ნინომ ნაირაც უშაქროდ და უბოდიშოდ გაისტუმრა და ტელევიზორის წინ დაეშვა.

ტელევიზორში ზედმეტად ირელევანტური ბომონდის ზედმეტად უინტერესო წარმომადგენლები ზედმეტად აქტუალურ თემაზე საუბრობდნენ - როგორ მივიღოთ ცხოვრებისგან ის, რაც გვინდა, პოზიტიური განწყობით და ეტიკეტის წესების დაცვით - მადლობის, გამარჯობის და გეთაყვას თითქმის რობოტისებრი, მანიაკალური გამეორებით და სახის კუნთების დაძაბვამდე ღიმილით.

- ნინო, ქაღალდი არ მოიტანე, ნინო?!- გამოსძახა ტუალეტიდან გაბრაზებულმა ქმარმა.

ბოლო ბოდიშიდან 25 საათი, 13 წუთი და 27 წამი იყო გასული.

-ბოდიში! უკაცრავად ჰო, ბოდიში, დამავიწყდა ბატონო, ბო-დი-ში!- გასძახა ნინომ, თუმცა მომხდარის გამო საერთოდ არ წუხდა.



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი