ფოტო: stavrogyna
28 რამ, რაც 28 წლის ასაკში ვისწავლე
13 10 2018

არასოდეს მესმოდა იმ ხალხის, წლების მატებას მტკივნეულად რომ განიცდიდნენ. მე, მგონი, პირიქით - ყოველი წლის მომატება საჭიროზე მეტად მიხარია, რადგან, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტ რამეს ვსწავლობ საკუთარ თავსა და საკუთარ გარემოცვაზე და, შესაბამისად, ცხოვრებაც ბევრად უფრო კომფორტული, იოლი და სასიამოვნო ხდება.

რადგან სადაცაა 28 წლის გავხდები, გთავაზობთ 28 რჩევას, რომელსაც, ალბათ, პირველ რიგში საკუთარ თავს ვურჩევდი 16, 20, 23 და თუნდაც 27 წლის ასაკში.

1. გჯეროდეს საკუთარი გამოცდილების

საკუთარი თავის - აზრების, ინსტინქტების და გამოცდილების ნდობა ადვილი საერთოდ არ არის, განსაკუთრებით იმ სამყაროში, სადაც კაცების უმეტესობა საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნებით იბადება, ქალები კი ხშირად მთელ ცხოვრებას ატარებენ იმავეს სწავლაში. ამის მუხედავად, აუცილებელია რომ რაღაც ეტაპზე ავტომატურად თუ არა, მექანიკურად მაინც დავიწყოთ საკუთარი გამოცდილების პატივისცემა და ვენდოთ საკუთარ შეგრძნებებს; რაც შემდეგ მოხდება აუცილებლად გაგვაოცებს.

2. არ ისიმულანტო ორგაზმი

განსაკუთრებით იმ ქალებისათვის, ვისაც სექსი (უფრო ხშირად) კაცებთან გვაქვს, ორგაზმის, საკუთარი სიამოვნების სიმულაციაზე უარის თქმა, სხვა თუ არაფერი, პოლიტიკური აქტია. გახსოვდეს, რომ საკუთარი თავის წინ დაყენება სირცხვილი საერთოდ არ არის. თუ ორგაზმამდე ვერ მიდიხარ, დიდი შანსია რომ ვიღაც ახალტურებს და ეს ვიღაც შენ არ ხარ. დაე, პარტნიორმაც იცოდეს ამის შესახებ.

3. არ გაჩუმდე

ამ შემთხვევაში კონკრეტულად საუბარი მაქვს მხედველობაში. თუ ამა თუ იმ (ნებისმიერ) თემასთან დაკავშირებით რამე აზრი გაქვს, მისი გამოხატვის ნუ მოგერიდება. დამიჯერე, რას რას და აზრის გამოთქმის უფლებას არანაირი დამსახურება არ სჭირდება.

4. არ გაიცინო ხუმრობებზე, რომელიც სასაცილოდ არ გეჩვენება

შენი სიცილი, ისევე როგორც შენი ორგაზმი, საკმაოდ მაღალი შეფასებაა, რომელიც დამსახურებას საჭიროებს. ნურავის აჩუქებ ამ კმაყოფილებას დაუმსახურებლად.

5. დააიგნორე თვითმარქვიას სინდრომი

გქონია განცდა, რომ იმ საქმეში რასაც აკეთებ არც იმდენი იცი, რამდენსაც იბრალებ და ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოგიჭერენ? მსგავსი ფიქრები ჩვენი თავდაცვითი მექანიზმის "ბაგია", რომელიც იმის ნაცვლად გვემსახუროს და უსიამოვნო ინციდენტები აგვარიდოს, ნერვებს გვიშლის და საკუთარი ცოდნის ეჭვქვეშ დაყენებას გვაიძულებს. ამიტომ, მოდი, მთლიანად დააიგნორე მსგავსი ფიქრები (თუ, რა თქმა უნდა, თვითმარქვია არ ხარ. ამ შემთხვევაში ეს პუნქტი შეგიძლია გამოტოვო).

6. უმიზეზოდ ღამის თენება ამად არ ღირს

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კარგად გამოძინების შანსს ხელიდან არაფრის დიდებით არ გავუშვებ. თუ ტვინი მტკივა, თვალები მეხუჭება და შუქზე განსაკუთრებით მგრძნობიარე ვხდები... არა, უბრალოდ არა.

7. თამამად გააუქმე გეგმები

28 წელი ნამდვილად არის ის ასაკი, როცა "უნდას" ადგილი "მინდამ" უნდა დაიკავოს და ეს "მინდა" მეგობრის მეგობრის ხალხმრავალ დაბადების დღეზე ყუმივით ჯდომა (სადაც ბოლო სერიაში გამხდარი გოგოები აუცილებლად დაიწყებენ დიეტებზე ლაპარაკს) ნამდვილად არ არის.

8. დაასრულე არაჯანსაღი ურთიერთობები

გაქვს შეგრძნება, რომ ურთიერთობაში მხოლოდ გასცემ და სანაცვლოდ არაფერს იღებ, ან რომ ვინმესთან გატარებული დროის შემდეგ თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობ? არ დაგავიწყდეს, რომ შენი დრო შენია, შეგიძლია ისე განკარგო, როგორც მოგესურვება და არ გაქვს ვალდებულება ვინმესთან რამე სახის ურთიერთობა შეინარჩუნო, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც შენთვის არაფერი კარგის მომტანი მაინც არ არის. აქვე არ დაგავიწყდეს, რომ

9. ახალი მეგობრების შეძენა გვიანი არასდროს არის.

სავალდებულო სოციალური სიტუაციების გარეთ მეგობრების შეძენა ერთი შეხედვით საკმაოდ რთული ჩანს. არადა, როცა ვიზრდებით, ვიცვლებით და ინტერესებიც გვეცვლება. ხშირად, ჩვენი სკოლის ან უნივერსიტეტის მეგობრებთან საერთო ინტერესების პოვნა ისეთი ადვილი აღარ არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი ცუდი მეგობარია, უბრალოდ, ახალი მეგობრების შეძენა სინამდვილეში იმაზე მარტივია, ვიდრე თავიდან გვეჩვენება. თუ არის ვინმე, ვისზეც ყოველთვის ეჭვობდი, რომ შანსი რომ გქონოდათ, აუცილებლად კარგი მეგობრები გახდებოდით, ნუ მოგერიდება, დაპატიჟე ყავაზე (ან რამე უფრო მაგარზე). თუმცა, ისიც გაითვალისწინე, რომ:

10. ცუდი ალკოჰოლი ცუდია.

მახსოვს იყო დრო, როცა შემეძლო [ქართული არყის რომელიმე საზარელი ბრენდი] მთელი ღამე მესვა და დილას მაინც ლაღად და მსუბუქად გამეღვიძა. ახლა ამის წარმოდგენაზეც კი პირი მიშრება და თავი მტკივდება. თუ გარისკე და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება გადაწყვიტე, კარგი იქნება თუ იმაში მაინც დარწმუნდები, რომ სასმელში აცეტონის შემცველობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ხვალიდანვე ღვიძლის დონორის ძებნა არ დაგჭირდება.

11. იყავი თავაზიანი (სანამ არ გაქვს მიზეზი, რომ არ იყო)

მხოლოდ ამ კომბინაციაში.

12. ნუ მოატყუებ ნათესავებს

მინიმუმ იმიტომ, რომ ტყუილებს ზედმეტად დიდი რესურსი მიაქვს. ჯობია ერთხელ, თუნდაც რთულად აუხსნა ოჯახის წევრებს და ნათესავებს მარტივი ჭეშმარიტებები, ვიდრე საკუთარი ტყუილების ხლართების დამახსოვრებაზე ხარჯო დრო და ენერგია.

13. კომფორტულ ფეხსაცმელზე დახარჯული ფული არასოდესაა გადაყრილი

დროში დაბრუნება რომ შემეძლოს, ამ პუნქტს სიამოვნებით ვისწავლიდი სხვის შეცდომებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ზედმეტად ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ თავზე (ფეხზე).

14. ნუ გამოტოვებ ექიმთან ვიზიტს

კარგად მესმის, რომ ექიმთან რეგულარულად სიარული არც ისე ცოტა დროსთან, ფინანსებთან და ნერვებთან არის დაკავშირებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, ექიმთან რეგულარული, შედარებით ხანმოკლე, ვიზიტებით უფრო ხანგრძლივი ვიზიტებისათვის თავის არიდება შეგვიძლია, რაც, პრინციპში, უფრო მომგებიანიც გამოდის.

15. კბილების გამოხეხვა არ დაგავიწყდეს

არ ვიცი კბილის ექიმთან ბოლოს როდის იყავი, მაგრამ სტომატოლოგია, უსიამოვნო შეგრძნებების და პოზების მთელ კასკადზე რომ არაფერი ვთქვათ, მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სფეროა. ამიტომ გამოიხეხე კბილები დილა-საღამოს და ილოცე, რომ არხის გახსნა არ დაგჭირდეს.

16. ნუ შეუშინდები მარტო ყოფნას

სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე მხოლოდ საკუთარი თავის გარემოცვაში ყოფნის სიტკბო და სიმარტივე. აქ მხოლოდ სახლში მარტო ყოფნას არ ვგულისხმობ - წადი კინოში (ოთხშაბათს, ნახევარ ფასად), მუზეუმში, კაფეში ან თუნდაც კლუბში, და დამიჯერე, შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებაზე - საკუთარ თავზე უამრავ საინტერესო რამეს ისწავლი.

17. Coolness is overrated

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ამ ეტაპისთვის საკმარისად cool არ ხარ, დიდი შანსია, რომ მომავალშიც ასე დარჩება. სხვა თუ არაფერი, საკუთარი თავის მიღება is cool af.

18. იბრძოლე იმისთვის, რაც გჯერა

თუ, რა თქმა უნდა, კაცების უფლებების აქტივისტი არ ხარ. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ დანებდი.

19. ნუ ითამაშებ

ტყუილების არ იყოს, თავის მოკატუნებას ზედმეტად დიდი დრო და ენერგია მიაქვს. იყო ზუსტად ის, ვინც ხარ და ზუსტად ამისთვის დაიმსახურო პატივისცემა და სიყვარული იმ შეგრძნებებიდან ერთ-ერთია, რომელსაც სამყაროში ცოტა რამ თუ შეედრება.

20. მიიღე საკუთარი გრძნობები

გეუბნებიან, რომ ზედმეტად დრამატული/ემოციური/მგრძნობიარე ხარ? ეს შენი (ხშირად 100%-ით ვალიდური) გრძნობების არაფრად ჩასაგდებად ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი ხრიკია. ნურავის მისცემ უფლებას მიგითითოს რა, როგორ და რამდენი უნდა იგრძნო (ან გამოხატო).

21. ნუ იტყვი სხვის ზურგს უკან იმას, რასაც პირდაპირ ვერ ეტყოდი

არანაირი მორალი, უბრალოდ ცხოვრების გამარტივება.

22. გათავისუფლდი ბოღმისგან

ეჭვი მაქვს რომ შენ გარშემო ისედაც საკმარისი ნეგატივია, ამიტომ საკუთარ თავს მაინც ნუღარ დაუმატებ.

23. მოითხოვე, რასაც იმსახურებ

ხელფასი იქნება, აღიარება თუ რამე სხვა, მოითხოვე და რა იცი, იქნებ მიიღო კიდეც.

24. ნუ ცდილობ ვინმეს თავი მოაწონო

აზრი არ აქვს. დამიჯერე, მცდელობის გარეშეც ბევრს მოეწონები, ან თუ არა, არც ეგ არის პრობლემა (იხილე მე-17 პუნქტი ).

25. დატოვე "ჩაი" (თუ არ გაქვს მიზეზი, რომ არ დატოვო)

კარგად მესმის რომ გადასაყრელი ფული არავის გვაქვს, მაგრამ სერვისის ინდუსტრიაში დასაქმებულებს ხშირად ადამიანების ყველაზე აუტანელ, უზრდელ, უსიამოვნო კატეგორიასთან უწევთ კონტაქტი. მომსახურების სხვა სფეროებისაგან განსხვავებით, აქ გაქვს საშუალება ვიღაცის ცხოვრება ოდნავ მაინც შეცვალო უკეთესობისაკენ. ამიტომ, დატოვე ჩაი.

26. მადლიერების გრძნობა მნიშვნელოვანია

როგორც უკვე აღვნიშნე, სამყარო საკმარისად ნეგატიურია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის იმ ადამიანების და მოვლენების დაფასებას, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში ბედნიერება და სიხარული შემოაქვთ.

27. დაანებე თავი სიგარეტის მოწევას

ეს იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე შენ გგონია.

28. დალიე წყალი

როცა გარშემო სხვა ყველაფერი ზედმეტად რთული და დამღლელია, წყლის სმა ცხოვრების ის ერთადერთი ასპექტია, რომლის კონტროლიც მარტივად, ზედმეტი პერიპეტიების გარეშე შეგიძლია. მოწყენილი ხარ? დალიე წყალი. გული გატკინეს? დალიე წყალი. სამყარო ზედმეტად უსამართლო, ზედმეტად ძვირი და ზედმეტად ქაოტურია? უბრალოდ დალიე წყალი და ყველაფერი თუ არა, შენი კანი და თირკმელები მაინც იქნება კარგად.






ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა