ფოტო: Stavrogyna
8 რამ, რაც ქალებს ვეფხისტყაოსანზე მეტად სჭირდებათ
08 11 2018

"ქართული ოცნების" არჩევნების მეორე ტურის წინა, ხალხის მოფერების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვიდა ინიციატივით, ყველა პატარძალს ქორწინების მოწმობასთან ერთად "ვეფხისტყაოსანიც" გადაეცეს, როგორც "სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო".

გთავაზობთ 8 რამეს, რაც ქართველ ქალებს (მათ შორის, პატარძლებს) ამ ყალბ, ფუჭ და (სავარაუდოდ) ზედმეტად ძვირიან შეგონებაზე მეტად გამოადგებოდათ.

კანონი ფემიციდის შესახებ

ფემიციდი ქალებისა და გოგონების გენდერული ნიშნით მკვლელობას გულისხმობს. საგანგაშო სტატისტიკისა და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ასეთი მოტივით ჩადენილ ყოველ დანაშაულში ცხადზე ცხადად იკვეთება დისკრიმინაციული, სექსისტური დამოკიდებულების ნიშნები, არც სასამართლო და არც პროკურატურა საქმის ამ გარემოებებზე ყურადღებას არ ამახვილებს და ჯერაც არ მომხდარა სისხლის სამართლის კოდექსში ამ ნიშნით ჩადენილი მკვლელობის გამოყოფა. როგორ ფიქრობთ, ამაზე რას იტყოდა შოთა რუსთაველი, ქალბატონო თეა?

კანონი სექსუალური შევიწროვების შესახებ

თუ ფემიციდი ქალის ფიზიკურ განადგურებას გულისხმობს, სექსუალური შევიწროვება ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ყველაზე ფარული ფორმა, ერთგვარი ნელი მოქმედების ბომბია, რომელიც ქალების პატივსა და ღირსებას ლახავს, ხელს უშლის მათ პროფესიულ განვითარებას და მამაკაცზე დაქვემდებარებულ პოზიციაში ამყოფებს. ამჟამად საქართველოს კანონმდებლობა ასეთი ხასიათის ქმედებას დანაშაულად არ ცნობს და ამ კუთხით დავები ზოგადი დისკრიმინაციის მიმართულებით განიხილება, რასაც უამრავი შეზღუდვა და შემაფერხებელი ფაქტორი ახლავს.

ცხელი ხაზის ნომერი ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის

იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს ყოველი მესამე ქართველი კაცი სადღეგრძელოში ყოველ მესამე დღეს, საქართველოში სტატისტიკურად ყოველი მესამე ქალი მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან კონტროლის, იზოლაციის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. იმ შემთხვევაში, თუ 116 006 - ამ ნომერს ყოველი "სამზითვო ვეფხისტყაოსნის" ყდაზე ამოვტვიფრავთ, შესაძლოა ის მართლაც გამოადგეს ქალებს, ქალბატონო თეა!

რეპროდუქციული განათლება

არასათანადო სექსუალური განათლების პირობებში ხშირია არასასურველი ორსულობისა, ხოლო არასასურველი ორსულობისას ხშირად ბავშვის გაჩენის ან აბორტის ფინანსური თუ ემოციური ტვირთიც მთლიანად ქალებს ეკისრებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ რელიგიური ორგანიზაციებისა თუ კონსერვატიული შეხედულების საზოგადოების მხრიდან ამ თემის მუდმივ სტიგმატიზაციასა და საქართველოს ბევრ რეგიონში სერვისების პრაქტიკულ მიუწვდომლობაზე.

ხელმისაწვდომობა ჰიგიენურ ნივთებზე

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის 25% კი ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ლარის ბოლოდროინდელი, მნიშვნელოვანი გაუფასურებისა და იმპორტზე დამოკიდებულების პირობებში, უფრო და უფრო იმატებს სამომხმარებლო პროდუქციის ფასებიც. იმის გათვალისწინებით, რომ ქალების ჰიგიენური (მენსტრუალური) პროდუქცია ისედაც საკმაოდ ძვირი ღირს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უხეშად 10 (25+5=30; 30/2=15; 15*⅔=10)%-ს ამ საშუალებებზე წვდომა პრაქტიკულად არ აქვს. იმ თანხით, რომლის დახარჯვასაც საქართველოს მთავრობა წიგნების შეძენაზე აპირებს, თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი ამ დაახლოებით სამასი ათასი ქალისათვის ცხოვრების საგრძნობლად შემსუბუქება, დროებით მაინც. თქვენ როდის დაფიქრდით ბოლოს პური გეყიდათ თუ საფენი, ქალბატონო თეა?

საჯარო საბავშვო ბაღების სამუშაო დროის რეგულაცია

საქართველოს მთავრობა აქტიურად საუბრობს დემოგრაფიის ხელშემწყობ ინიციატივებზე. ამასობაში, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, საჯარო ბაღები (რომლებში მოხვედრაც, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ წამყვან უნივერსიტეტში მოხვედრაზე მეტად ჭირს, ბავშვების სიმრავლის და ბაღების სიმცირის გამო), 6 საათამდე მუშაობენ, რაც, ბუნებრივია დასაქმებულ მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, სერიოზულ პრობლემას უქმნის. ასევე პრობლემურია ბაღების დასვენების განრიგიც - იმ სიხშირით, რა სიხშირითაც ბავშვები ისვენებენ, ცხადია მშობლებს შვებულებას არავინ აძლევს, შესაბამისად, მშობლების იმ ნაწილს, რომელსაც ენთუზიასტი დამტოვებელი არ ჰყავს, კერძო ბაღების ან ძიძების სერვისით უხდება სარგებლობა, რაც, ცხადია, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. თქვენ რომელ საჯარო ბაღში დაგყავთ ბავშვი, ქალბატონო თეა?

ქალთა გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა

იმის მიუხედავად თუ რა აზრის ხართ კვოტებზე, ყველანი ვთანხმდებით, რომ ქალების პოლიტიკური მონაწილეობა გასაზრდელია - 193 ქვეყანას შორის ქალების პოლიტიკური ჩართულობით საქართველო 122-ე ადგილს იკავებს. თეა წულუკიანს, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობის პირ ქალს, ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანის არათუ საშუალება, არამედ, შეიძლება ითქვას, მორალური პასუხისმგებლობაც კი აქვს. თქვენ არ ფიქრობთ ასე, ქალბატონო თეა?

ეკონომიკური თანასწორობა

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში (ანალოგიურ პოზიციებზე) შემოსავლების გენდერული უთანასწორობა 38.5%-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ 1 ლარზე, იგივე საქმის შემსრულებელი ქალი 61.5 თეთრს გამოიმუშავებს. ძუ თუ ხვადი, ლეკვი ლომისა სწორი ხომ არ არის? და თუ არ არის, იმაზე ხომ არ გვეფიქრა როგორ იყოს, ქალბატონო თეა?



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის