ფოტო: Stavrogyna
დავიღალე
28 11 2018

მინდა გაცნობოთ, რომ ძალიან დავიღალე.

დავიღალე იმით, რომ დაღლილი ვიძინებ და კიდევ უფრო დაღლილი ვიღვიძებ. დავიღალე არჩევნებით და პოლიტიკოსებით და მათგან თავისუფალ რეალობაში ცხოვრების აბსოლუტური შეუძლებლობით - მათი მესიჯებით, ზარებით, ბილბორდებით, ფლაერებით, ოჯახის წევრებით, ახლობლებით და გულშემატკივრებით, მათით სავსე სიზმრებით და კოშმარებით. ამ ყველაფრის კომიკური ბინარულობითაც ძალიან დავიღალე. დავიღალე ნაცებითაც და ქოცებითაც, ყოველგვარი მნიშვნელობისაგან დაცლილი სიტყვებით დემოკრატია, განვითარება, პროგრესი. დავიღალე აგენტებით, მოღალატეებით, დემაგოგებით, ყოფილი, მიმდინარე და მომავალი პრეზიდენტებით, ომის დაწყებაზე დაუსრულებელი აპელაციით, რუსეთუმეებით და ევროპული მომავლით და საბჭოთა წარსულით. დავიღალე ბატონი ბიძინათი და მასზე ხუმრობით, გირჩით და გირჩზე ხუმრობით.

დავიღალე იმ რეალობით, რომელიც უკვე ზრდილობისთვის, წინასაარჩევნოდაც კი აღარ ახსენდებათ - დავიღალე მზარდი სიღარიბით, მომაკვდავი ლარით, სწრაფი სესხების უსასრულოდ უაზრო კომპანიებითა და კამპანიებით, ტოტალიზატორებით, კაზინოებით და საშაურმეებით. დავიღალე ბანკებით, რომლების ძვირად და ლამაზად, ფერადი და პათეტიკური ტრუიზმებით შეფუთულ ბრენდებში ადამიანების ადგილი არ არის. დავიღალე ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით გამდიდრებული ბიზნესმენების და ოლიგარქების წაკითხული ყალბი მორალით და იმ ხალხითაც, ვინც "ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ ფულს" ახსენებს ხოლმე.

დავიღალე ჰაერში, საკვებში და წყალში მძიმე ლითონებზე და სხვა საწამლავებზე კითხვით. დავიღალე იმ საცოდაობით, რომლის შედეგადაც იპოდრომის გადამხმარ ხრიოკს პარკი ჰქვია. დავიღალე გახშირებული ავადმყოფობებით - მათზე ფიქრით, მათთან ბრძოლით, მათი შიშით. დავიღალე სამედიცინო სფეროს საშინელებათა ისტორიების მოსმენის და იმის რწმენითა და მტკიცებით, რომ ყველა ექიმი "ასეთი" არ არის. დავიღალე ყოველ ღამე იმაზე ფიქრით, თუ როგორ გამიმართლა რომ ჩემს ოჯახს ჩემი ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი, 4 წლის დის მწვავე ლეიკემიის სამკურნალოდ საკმარისი სახსრები აღმოაჩნდა და მერე რა მოხდა, თუ მკურნალობის გრძელი და დამღლელი პროცესი სახლიდან, ოჯახიდან, მოსიყვარულე ადამიანებიდან ძალიან შორს მიმდინარეობს.

დავიღალე ჩემი და ჩემი მეგობრების მენტალურ ჯანმრთელობაზე ლაპარაკით. დავიღალე იმის მოსმენით, თუ ვინ წავიდა, სად წავიდა, როდის წავიდა, როგორ წავიდა ან როგორ აპირებს "დარჩენას", თუმცა არასდროს - რატომ წავიდა. დავიღალე საქართველოში ცხოვრებით და დასავლურ საიტებზე იმის კითხვით, თუ რა კარგი ქვეყანაა საქართველო, როგორი ლამაზია თბილისი, როგორ ყვავის საკლუბო სცენა და როგორი კარგია ქართული ღვინო. დავიღალე ნეითივ სფიქერებით, უცხოელი ექსპერტებით, ინგლისური ბარბარიზმებით და ამ ბარბარიზმების ქართული შესატყვისებით.

დავიღალე ჭაჭით და მოსაწევით, და გამუდმებული საუბრით სხვა, უკეთეს, უფრო იაფ დრაგებზე სხვა, უკეთეს, უფრო იაფ ქალაქებში, ქუთაისიდან ფრენებით, პასპორტის ანტი-ოკუპაციური ჩასადებებით, აეროპორტში დარიგებული ღვინის ბოთლებით, საკუთარი უპირატესობისა და არასრულფასოვნების კომპლექსების უნიკალური, ეროვნული ნაზავით.

დავიღალე მათხოვრებით სამსახურის გზაზე. დავიღალე იმაზე ფიქრით, დღეს რომელ მოხუცს უნდა დავეხმარო - ქვის ცივ კიბეებზე რომ ზის? გიტარაზე რომ უკრავს და ტირის? წვიმაში, თოვლში და სიცხეში, დღისით და ღამით გაუნძრევლად რომ ზის ერთსა და იმავე ადგილას? თუ რომელიმე ბავშვს, მიწისქვეშა გადასასვლელში ხელსახოცებს რომ ყიდის?

დავიღალე "პრაიმ შოუთი" - ჩირქიანი მუწუკით ქართული ტელევიზიის ზურგზე, "პრაიმ შოუთი"- ბოქვენის თმის ავისმომასწავებელი ღერით ქართული ტელევიზიის უნიტაზის დასაჯდომზე, "პრაიმ შოუთი"- ქართული ტელევიზიის მერხის ქვეშ წლობით ნაწებები წვინტლის გორგალით. დავიღალე გივი სიხარულიძით და მისი კრიტიკით, დავიღალე სკოლის ბულერის ქართული სახე-ხატი ნინი ბადურაშვილით, დედამისით და ბებიამისით, დავიღალე ანთროპომორფირებული ჰომოფობიის, მიზოგინიის, ნეპოტიზმის და სიძულვილის უსახელო, უსახო ლეგიონით. დავიღალე ყველაფერზე მაღლა დგომით, ყველაფერზე მაღლა დგომის კრიტიკით, სარკაზმით, შავი იუმორით, სატირის სიკვდილით, პატრიარქით.

დავიღალე აქტივიზმით, აქციებზე სიარულით, აქციებზე ვერმისვლის გამამართლებელი მიზეზებით, #metoo მოძრაობით, #metoo მოძრაობის წევრი ქალების ცხოვრების ქექვით, მათი დაცვით, მათი არდაცვის ახსნით, კარგი ფემინიზმით, ცუდი ფემინიზმით, საშუალო ფემინიზმით, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ფემინიზმით.

ისე დავიღალე, რომ, ზუსტად ვიცი, უამრავი რამ გამომრჩებოდა, რისგანაც ასევე ძალიან, ძალიან დავიღალე. ისე დავიღალე, რომ ამ ბლოგ-პოსტით არაფრის თქმა არ მინდა, გარდა იმისა, რომ დავიღალე. ისე დავიღალე, რომ შესაძლებელი რომ იყოს, სიამოვნებით დავნებდებოდი. მაგრამ შემდეგ, სავარაუდოდ, იმის ახსნაც მომიწევს, თუ რატომ დავნებდი. ამიტომ, ალბათ, ისევ აჯობებს განვაგრძო.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის