ცხოვრება ტრანზიციაში
22 12 2017

გამარჯობა, მე ნია ვარ, ტრანსგენდერი ქალი. ამ ბლოგის წარმოება გადავწყვიტე იმისთვის, რომ ტრანს სპეციფიკურ თემებზე პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ.

დღეს, საქართველოში, ტრანს იდენტობის ადამიანები ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ამ იდენტობის დემონიზებას საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად, ყველაზე მძლავრი რელიგიური ინსტიტუცია და თვით პოლიტიკური სისტემაც ახდენს. გვიწევს პიროვნების და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობა და დამალვა, მხოლოდ იმის გამო, რომ თვითგადარჩენა და პიროვნული განვითარება მოვახერხოთ. გააკეთო ქამინგ-აუთი ტრანსგენდერად ნიშნავს, რომ საკუთარი თავი მუდმივი ბრძოლის რეჟიმში გადაიყვანო - ბრძოლის გადარჩენისათვის. ხოლო იმის გამო, რომ ჩვენი საზოგადოება პატრიარქალურ ღირებულებებზე დგას, განსაკუთრებით მწვავეა ტრანსგენდერ ქალად იდენტიფიცირება, რადგან ამ საზოგადოებისათვის ეს ნიშნავს დათმო „სიძლიერის“ პრივილეგია, ისინი სამწუხაროდ ამაში სისუსტეს ხედავენ და არა - პიროვნულ სიძლიერეს.

22 წელი იმ ილუზიებით, „მოვალეობებითა“ და „ფასეულობებით“ ვიცხოვრე, რასაც საზოგადოება მიწესებდა, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ფიზიკური სქესი მამრობითია და ეს, მათი წარმოდგენით, გარკვეულ „ვალდებულებებს“ მაკისრებს. რთული იყო საკუთარ თავთან აღიარება, თუ ვინ ვიყავი, წლები დამჭირდა ამისათვის, რომ ჩემს თავს მაინც გამოვტყდომოდი ამ ყველაფერში, რადგან მეშინოდა ძალადობის, მეშინოდა იმის, რომ არ მიმიღებდნენ, გამრიყავდნენ, ტაბურეტკით გამომეკიდებოდნენ. დღემდე მეშინია.

ტრანსგენდერ ადამიანად ყოფნის ყველა რთული ასპექტი გამომიცდია და დღემდე მიწევს ბრძოლა, როგორც საკუთარ თავთან, ჩემს სისუსტეებთან, სოციალურ და ფისოქლოგიურ ბარიერებთან, ასევე გარემოსთან - სისტემასთან, რომელიც ჩემს გენდერულ იდენტობას იურიდიულად არ აღიარებს და ამით თვითონვე უწყობს ხელს და თანამონაწილეობს ჩემ მიმართ ძალადობაში. ეს ძალადობა და აგრესია კიდევ უფრო იზრდება მაშინ, როცა ვიზუალური და ჰორმონალური ტრანზიცია გაქვს გავლილი, მაგრამ იურიდიულად არ გეძლევა საშუალება შეცვალო დაბადებისას მინიჭებული სქესი. ცალკე თემაა ტრანზიცია, მასთან დაკავშირებული ასტრონომიული ხარჯები, რისკ-ფაქტორები და ტრანს სპეციფიკური ცოდნის მქონე მედიკოსების სიმცირე საქართველოში.

დარწმუნებული ვარ, ბევრ ტრანსგენდერ და ტრანსსექსუალ ადამიანს გამოუვლია ეს პერიოდი. ვწუხვარ, რომ საზოგადოება გვიბიძგებს დავეშვათ ფსკერზე, შემდეგ კი თითის გაშვერით საუბრობს ჩვენს „გარყვნილებაზე“. არადა, ჩვენც გვაქვს უნარი ვიყოთ სრულფასოვანი მოქალაქეები, რომელთაც პოზიტიური გავლენის მოხდენაც კი შეუძლიათ საზოგადოებაზე. საზოგადოებას არ ესმის, რომ ადამიანს თუ ზრდა-განვითარების შესაძლებლობას მოუსპობ, არ სცემ პატივს მის პიროვნებას, იდენტობას, განტევების ვაცად აქცევ და გაიმეტებ ყოველგვარი უარყოფითისთვის, ის ერთ დღეს სწორედაც რომ ფსკერზე აღმოჩნდება, რომელსაც თავი შეიძლება ვეღარც დააღწიოს, რადგან ამას ძალიან დიდი შინაგანი ძალა სჭირდება. ვისურვებდი, საზოგადოება დაფიქრებულიყო იმაზე, რა არის ჩვენი პრიორიტეტი: გაუაზრებელი „ნორმების“ ბრმად წარმოება, თუ ჰუმანიზმი.

ყოველდღე ბრძოლა წარმოუდგენლად რთულია და ხანდახან - ძალიან დამღლელი, განსაკუთრებულ სირთულეს კი ალბათ სოციალური იზოლაცია, ტაბუ და ის ქმნის, რომ არავინ საუბრობს ტრანსგენდერ პირთა გამოცდილებაზე, არავინ ინტერესდება ჩვენი პიროვნებით, რადგან ჩვენი მხოლოდ ერთი, „სექსუალური“ კუთხით წარმოჩენა ხდება, მაშინ, როცა ადამიანები ვართ, ცოცხალი ადამიანები, პრობლემებით და სიყვარულის, დაფასების და პატივისცემის ადამიანური მოთხოვნილებით.

მინდა, პოსტების ამ სერიაში ჩემი ტრანზიციის პროცესზეც ვწერო, რაზეც საქართველოში ტოტუალური საინფორმაციო დეფიციტია. მინდა, თავად ტრანს თემმაც შეძლოს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და გაცვლა, რაც პირველ რიგში თავად თემს და მერე საზოგადოებასაც დაეხმარება, რადგან მგონია, რომ მაგალითს ყველაზე დიდი ძალა აქვს.

სასაუბრო ძალიან ბევრია.

თითოეულ ზემოხსენებულ საკითხს მომდევნო პოსტებში უფრო დეტალურად შევეხები და განვიხილავ კონკრეტულ ასპექტებს, რაც ტრანსგენდერ ადამიანთა ცხოვრებას თან სდევს საქართველოში.



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან