სოციალური ტრანზიცია და სტერეოტიპები
25 01 2018

ფიზიკური ტრანზიცია, რომელზეც წინა პოსტში ვწერდი, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პროცესის მხოლოდ ერთ ნაწილია და არცთუ იშვიათად უფრო მნიშვნელოვანი და რთული მხარე სოციალური ტრანსფორმაციაა - ანუ სოციალური როლის შეცვლას მასკულინურიდან ფემინურისაკენ, ან პირიქით.

განსხვავებით, ვთქვათ, ჰორმონალური ტრანზიციისგან, აქ საკუთარი თავის "ექიმი" თავად ტრანსგენდერი ადამიანია და ცვლილებების ფორმა და დოზა მის ინდივიდუალურ სურვილსა და შეხედულებეზეა დამოკიდებული. სოციალური ტრანზიცია შეიძლება მოიცავდეს ქცევის, ჩაცმულობის, საუბრის მანერის, სახელის შეცვლას.

ისევე როგორც ფიზიკური, სოციალური ტრანსფორმაციაც ერთგვარი ქამინგ-აუთია. ამიტომ, ჩემი ნაწილობრივი სოციალური ტრანზიცია, რომელიც დიდი ხნის წინ დავიწყე, შეყვარებულთან და მეგობრების ვიწრო წრეში ხდებოდა, რათა გარე აგრესიისთვის ამერიდებინა თავი. მხოლოდ მათ იცოდნენ ჩემი გენდერული იდენტობის შესახებ, ხოლო საზოგადოებაში ამ ყველაფერს ისევ ვმალავდი. გადავწყვიტე, რომ ჯერ ფიზიკური ტრანსფორმაცია გამევლო, რათა ხალხს გაადვილებოდა ჩემი ქალად აღქმა პირველ რიგში ვიზუალურად, შემდეგ კი დავკვირვებოდი, რამდენად და როგორ მინდოდა შემეცვალა ჩაცმულობის სტილი, ქცევითი მანერა და ა.შ.

მაგრამ აქ მთავარი პრობლემა შემოდის - მიუხედავად იმისა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ერთის მხრივ რადიკალურად ვუპირისპირდებით საზოგადოებრივ სტერეოტიპებს, მეორეს მხრივ, ჩვენი წარმოდგენები საკუთარი თავის მიმართ, ხშირად კვლავ ამ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ექცევა.

მაგალითად, როდესაც ვხვდები, რომ ვიზუალურად კაცად აღმიქვამენ, ავტომატურად გადავდივარ "კაცურ" ქცევაზე, განსაკუთრებით მამაკაცებთან, რადგანაც ყველაზე მეტი აგრესია მათგან მოდის და ეს ქცევა გამომიმუშავდა, როგორც ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტი. სინამდვილებში კი, ის რომ ჩემს რომელიმე ქცევას "კაცურად" აღიქვამენ, ჩემთვის საკმაოდ სტრესულია.

ბუნებრივ მდგომარეობასა და კომფორტულ გარემოში, ჩემი გენდერული ექსპრესია (გენდერული თვით-გამოხატვა) არც ფემინური მგონია და არც მასკულინური - სადღაც შუაში ვარ და ვფიქრობ, რომ საკუთარ თავში ვაერთიანებ "ქალურ და კაცურ" თვისებებს, პრინციპში, ისევე, როგორც ყველა. დისკომფორტი მხოლოდ მაშინ მექმნება, როდესაც ამის შემფასებელი და სახელის დამრქმევი გარესამყარო ხდება - როდესაც ჩემს რომელიმე ქცევას ის კაცურს, ან ქალურს უწოდებს.

კარგად ვიცი, რომ გენდერული როლების ასეთი ბინარული აღქმა საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი სტერეოტიპების ბრალია, მაგრამ დღემდე ძალიან მიჭირს იმასთან გამკლავება, რომ ის, რასაც მე ჩემს ბუნებრივ ქცევად აღვიქვამ, გარკვეულ სიტუაციებში, ვიღაცისთვის მასკულინურობასთან და კაცურობასთან ასოცირდება. ამავე დროს, საინტერესოა, რომ ბევრი სისგენდერი (არატრანსგენდერი) ქალი, რომელსაც საზოგადოებრივი სტერეოტიპებით მასკულინური ან მასთან მიახლოებული ქცევა ახასიათებს, სისგენდერული იდენტობის გამო კაცად არ აღიქმება.

ეს შავ-თეთრი წარმოდგენები ტრანსგენდერი ადამიანების თვითაღქმაზეც მნიშვნელოვნად ახდენს ხოლმე გავლენას. უამრავი ტრანსგენდერი ქალი ცდილობს ბოლომდე მოერგოს საზოგადოებაში არსებულ ქალის სტერეოტიპულ როლს, რისი მიზეზიც ისაა, რომ მას სურს საზოგადოებას თავისი "ნამდვილი ქალობა" დაუმტკიცოს.

მესმის, რომ ყველას, სისგენდერებსაც და ტრანსგენდერებსაც, სოციუმში არსებული სტერეოტიპები გვიყალიბებს წარმოდგენას ქალურობისა და კაცურობის შესახებ. ისიც კარგად ვიცი, რომ იმ სტრესის ფონზე, რაც ფიზიკურ და სოციალურ ტრანზიციას თან ახლავს, ბევრისთვის ასე უფრო მარტივია ცხოვრება, მაგრამ ჩემთვის დიდი დისკომფორტია და პროტესტიც მიჩნდება, როცა ვხედავ, როგორ გვაიძულებს საზოგადოება სტერეოტიპებში მოქცევას.

ვფიქრობ, რომ გარკვეული ქცევების და თვისებების საკუთარ თავში ჩაკვლა, ან პირიქით გამოხატვა, მხოლოდ იმის გამო, რომ ხალხის აზრით ის ქალური ან კაცურია, საკუთარ თავთანაც არაგულწრფელობაა და კვლავ იმ სტერეოტიპების მორჩილებაა, რომელსაც ერთი შეხედვით ტრანსგენდერი ადამიანები ყველაზე გამოხატულად ვუპირისპირდებით.

ტრანსგენდერი ქალები ისეთივე ქალები ვართ, როგორც სხვა დანარჩენნი, მაგრამ ჩვენ ასევე ვართ ინდივიდები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენს თემში მეტად უნდა ვცდილობდეთ საკუთარ შეხედულებებს და სურვილებს მოვერგოთ და არა საზოგადოების მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს "ბუნებრივად ქალურობის/კაცურობის" შესახებ. მინდა, მეტმა ტრანსგენდერმა ადამიანმა იფიქროს იმაზე, რომ არ არსებობს წესი, თუ როგორი უნდა იყოს ქალი, ან ტრანსგენდერი ქალი და როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის იმისთვის, რომ ქალი ერქვას. მინდა მეტი ტრანსგენდერი ადამიანი გასცდეს საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ შაბლონებს და იფიქროს იმაზე, როგორი ქცევით და ვიზუალით გრძნობს თავს ბუნებრივად და კომფორტულად, და ქალად ან კაცად აღიარებისა და ადაპტაციის სურვილს არ შესწიროს საკუთარი უნიკალურობა და ინდივიდუალურობა.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია