მიმართვა გარყვნილ საზოგადოებას
08 02 2018

ჯერ მირანდას სცემეთ. რამდენიმე დღეში კიდევ სამ ტრანსგენდერ ქალს. მე კი ეს დღეებია ვცდილობ სიცოცხლეს დავუბრუნო ჩემი თავი. სახლში ვზივარ, გადაბმულად ვტირი და არ ვიმჩნევ ჩემს სასოწარკვეთას. მესენჯერში ვემაიმუნები ვიღაცებს, რომ ფიქრი სხვა რამეზე გადავიტანო. მთელი ეს დროა განცდა მაქვს, რომ სამყაროს სისასტიკე მხრებზე მაწევს და მჭყლეტს, სანამ ბოლოს ტკივილისგან არ ვიღლები.

ტრანსგენდერ ქალებს ფიზიკურად უსწორდებით, ქოლავთ, კლავთ, ამცირებთ. მე კი საკუთარი უსუსურობა მახრჩობს. თითოეულის მაგივრად, მგონია, რომ მე მირტყამთ და მე მაკარგვინებთ არსებობის ხალისს, მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეგიძლიათ დამპალი სხეულის მიღმა ყურება, არ შეგიძლიათ პიროვნების დაფასება, არ შეგიძლიათ საკუთარი კომპლექსების გამო აღიაროთ, რომ ჩვენც ადამიანები, ქალები ვართ. შემდეგ კი დგებით და საკუთარი თავის მიმართ არსებულ ზიზღს ჩვენკენ მომართავთ.

ჩვენს გარყვნილებაზე საუბრობთ, ამ დროს კი თავად გარყვნილებს მხოლოდ ისე შეგიძლიათ ჩვენი აღქმა, როგორც ფეტიშ-ობიექტის, ნივთის. არ გაგაჩნიათ უბრალო ადამიანური ემპათია და ფიქრობთ, რომ რაღაც დაკნინებული სექს-სათამაშოები ვართ.

თქვენ ხართ ის ადამიანები, ჯერ რომ გვრიყავთ, არსებობის, განათლების მიღების, განვითარების, გამოჩენის, მუშაობის, ჩვეულებრივი მოქალაქედ ყოფნის უფლებას არ გვაძლევთ, ტალახში გვისვრით და მერე ხელს ისევ ჩვენკენ იშვერთ და ყვირით გარყვნილებიო.

სინამდვილეში ჩვენ ვერასოდეს წარმოვიდგენთ იმ გარყვნილებას, რაც თქვენშია - იმ თვალთმაქც, ბოროტ, ზიზღით სავსე ადამიანებში, რომლებსაც სხვების გაგება და სიყვარული კი არა, პირველ რიგში საკუთარი თავისაც არ შეგიძლიათ. თქვენი გარყვნილება იმ სიმაღლეებს აღწევს, რომ ცოცხალი ადამიანიც კი არ გაინტერესებთ, მხოლოდ ფეტიშ ობიექტები, წარმოსახვითი მტრები, რომლებზეც მთელ იმ აგრესიას, ბოღმას და სიძულვილს ამოანთხევთ, რაც საკუთარი ცხოვრების მიმართ გაქვთ. დღეს ტრანსგენდერები გძულთ. ხვალ რა გვექნება სიძულვილის მოტივი: თვალის ფერი? ხელის მტევნის სისქე? ყურის ზომა?

როცა ბრაზი არ მახრჩობს, მორალისტურ ამბიონზე შემდგარი საზოგადოების ამ რჩეულ წევრებს მინდა უბრალოდ გკითხოთ, მიზეზ-შედეგობრიობაზე რომ დაფიქრდეთ და საკუთარ თავს ჰკითხოთ - სწორედ თქვენი ბრალი ხომ არ არის ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას რომ პროსტიტუციით არსებობა უწევთ? ერთი წუთით მაინც წარმოგიდგენიათ რის ფასად უჯდებათ მათ ეს “გარყვნილი” ცხოვრება ქვეყანაში, სადაც მთავრობა, პოლიცია, საზოგადოება, ეკლესია და ყველა შეხმატკბილებულად მათზე ძალადობთ?

ერთი წუთით მაინც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ჩვენც ვსუნთქავთ, ვქმნით, ვნანობთ, გვტკივა, ვწუხვართ, გვიხარია, გიყვარს და ვმეგობრობთ? შეგიძლიათ სიძულვილის ფარდა და მორალი განზე გადადოთ და უბრალოდ ჩვენი პიროვნებებით დაინტერესდეთ?

რა თქმა უნდა, არ შეგიძლიათ. ეს რომ შეგეძლოთ, ხომ მიხვდებოდით, რომ რეალურად პრობლემა ტრანსგენდერი ადამიანები კი არა, თქვენი ზიზღი და აგრესიაა მათ მიმართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ გამოა, რომ ქვეყანა სამუშაო რესურსს კარგავს, ოჯახები და ნათესავები - ახლობელ ადამიანებს.

და რაც მთავარია, თქვენ, ეს ზიზღით აღსავსე ადამიანები ამ ყველაფერს ღმერთის სახლით აკეთებთ. თქვენ არ ხართ და არც არასოდეს ყოფილხართ ღმერთი. თუკი მას რაიმე საწინააღმდეგო აქვს ჩვენი, ადგება და თავად მოგვხედავს, ხოლო თუ არა, თქვენ რა უფლებით ვნებთ მის მიერ შექმნილ ცოცხალ ადამიანს? თუ უფალმა შეგვქმნა, სწორედ ისეთი შეგვქმნა, როგორიც ვართ და ეს მისი ნება იყო. ჩვენ არ აგვირჩევია ვინ ვყოფილიყავით, მაგრამ თქვენს სიძულვილს და ქმედებას თქვენ ირჩევთ.

მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ საკუთარი შიშების და ზიზღების დაძლევა შეიძლება, აი მათ გამო მიყენებული ჭრილობების მოშუშება და დაკარგული სიცოცხლეების დაბრუნება კი - არა. და სხვა თუ არაფერი, იმაზე მაინც იფიქრეთ, რომ ამისთვის სწორედ თქვენ აგებთ პასუხს თქვენს უფალთან, რომლის სახელითაც, საკუთარი თავის და სხვისი ზიზღით დაბრმავებულები, გამოუსწორებელ ბოროტებას სჩადიხართ.

ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, მეც თქვენსავით ზიზღმა არ მომიცვას. ბოლოს ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ სხვა ადამიანს ყველა საკუთარი თავიდან გამომდინარე ხედავს. დაიმახსოვრეთ ეს, ეცადეთ მიიღოთ საკუთარი თავი, შეიყვაროთ იგი და არ გაგიჭირდებათ სხვისი მიღება და შეყვარებაც.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია