გენდერული დისფორია - ეს არის დისკომფორტი და სტრესი, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანი განიცდის ბიოლოგიურ სქესთან აცდენილი თვითაღქმის გამო. ამ დროს ადამიანს აქვს შფოთვა, რადგან იგი ვერ ჯდება საზოგადოებაში გავრცელებულ გენდერულ წარმოდგენებში და საკუთარი სხეულის და ვიზუალის მიმართ აქვს დისკომფორტი - ის შინაგანად ქალია, ან კაცი, ხოლო სხეული საპირისპირო სქესის აქვს, რამაც შეიძლება დეპრესია და სხვა ფსიქიკური პრობლემებიც გამოიწვიოს.
ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი ბავშვობაში დიდად გამოხატული არ იყო, მაგრამ გარდატეხის ასაკთან ერთად დისკომფორტმა ზრდა დაიწყო. დამეწყო დეპრესია, ადამიანებთან კონტაქტი გამიჭირდა. ვერ ვიტანდი, როცა აღმიქვამდნენ როგორც კაცს და მასკულინურ ვალდებულებებს მაკისრებდნენ და ა.შ. ასევე დამეწყო სხეულის მიმართ დისკომფორტი, თმიანობის და გენიტალიების მიმართ მიუღებლობა. განსაკუთრებით წვერი მიქმნიდა დისკომფორტს და მიქმნის დღემდე, რადგანაც მამაკაცურობასთან ასოცირდებოდა და ასოცირდება. იმის მიუხედავად, რომ რაც ტრანზიცია დავიწყე, ზოგ ჩემს მასკულინურ თვისებას შევეგუე, დღემდე ვერ ვიტან, როდესაც ეს თვისებები "მამაკაცურობას" მიეწერება. მქონდა განცდა, რომ სამყარო უბრალოდ ვერ აღმიქვამდა, მასთან კავშირი მქონდა გაწყვეტილი და მხოლოდ ცალმხრივად ვახდენდი კომუნიკაციას. როგორც ძველ პოსტშიც ვახსენე, ეს ყველაფერი იმ დონემდე გამირთულდა, რომ სუიციდიც კი ვცადე რამოდენჯერმე, დეპრესიის და გენდერული დისფორიის ფონზე...
ახლა წარმოიდგინეთ: ერთ დღეს იღვიძებთ საპირისპირო სქესის სხეულში, ყველა აღგიქვამთ საპირისპირო სქესად, გექცევათ, როგორც საპირისპირო სქესს, თქვენ კი იცით, ვინ ხართ თქვენს ცნობიერებაში, მაგრამ ამ დროს მთელი სამყარო სხვა ადამიანს ხედავს თქვენში, საკუთარი სხეულიც რაღაც ანომალიურად მუშაობს და მისი დანახვა იმხელა ტკივილს გაყენებთ, რომ სარკეში ჩახედვაც კი გძულთ, ხანდახან შეხებაც კი გეზიზღებათ საკუთარ სხეულზე, რადგანაც აშკარად ვერ ერგება თქვენს ცნობიერებას, შინაგანსა და "სულს". ასევე არაადეკვატურად რეაგირებს სტიმულანტებზე და რაღაც გაყოფის განცდა გაქვთ სხეულის მიმართ, გრძნობთ რომ რაღაც მოიშალა, თქვენი სხეულის ბიოლოგიური ქმედებაც თქვენზე უარყოფითად მოქმედებს (მაგალითად, დილის ერექციები მამრობითი სხეულის შემთხვევაში, ხოლო მდედრობითის შემთხვევაში - მენსტრუაცია), განცდა გაქვთ, რომ საკუთარი სხეული არ გემორჩილებათ და სხვანაირად რეაგირებს გარემოზეც კი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შფოთვას, დეპრესიას და ცხოვრების, სიცოცხლის ხალისსაც კი გიქრობთ...
მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, როგორ იგრძნობდით თავს?
დაფიქრდით და მიხვდებით ჩვენს მდგომარეობას...
სამწუხაროდ საზოგადოებამ არ იცის, როგორი მტანჯველია იყო საკუთარი არასწორი სხეულის ტყვე და რამდენ ტკივილს გაყენებს ადამიანს ეს ყველაფერი, თორემ ალბათ უფრო ლმობიერი იქნებოდა ჩვენ მიმართ. თუმცაღა ისიც მესმის, რომ ადამიანს, რომელსაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არ გამოუცდია, გაუჭირდება ამ განცდების გაგება და გათავისება, მაგრამ მაინც არსებობს ემპათია და ურთიერთმოსმენის უნარი, რომელიც, ასე თუ ისე, საშუალებას უნდა აძლევდეს ადამიანს დაინახოს, რომ ჩვენც, ტრანსგენდერი ქალები და კაცები, უბრალო ადამიანები ვართ და ჩვენი მდგომარეობა ისედაც ბევრ ტკივილს გვაყენებს, რომ აღარაფერი ვთქვათ გარედან მოყენებულ ტკივილზე - როცა გვრიყავენ, როგორც საზოგადოების წევრებს და "გარყვნილ არსებებად" აღგვიქვამენ. დარწმუნებული ვარ, მეტი ღიაობა რომ იყოს და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, ადამიანები უფრო ტოლერანტული იქნებოდნენ, ბევრი რამ შეიცვლებოდა, ბევრი ტრანს ადამიანი იქნებოდა უფრო წარმატებული და სრულყოფილი საზოგადოების წევრი.
ტრანსგენდერობა არ ნიშნავს არც ფსიქიკურ აშლილობას, არც გარყვნილებას. ერთადერთი, რაც ჩვენს ფსიქიკას აზიანებს, საზოგადოების მხრიდან წამოსული სიძულვილი და ამ დამოკიდებულების გაცნობიერებაა. ამ დროს, ჩვენც ისევე გვტკივა, როგორც სხვებს - როდესაც გვრიყავენ, გვირტყამენ, დაგვცინიან და არ აღგვიქვამენ, როგორც ადამიანებს, პიროვნებებს, რომლებსაც შეუძლიათ იყონ პროდუქტულები, წარმატებულები და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
მინდა, რომ ქართული საზოგადოება დაფიქრდეს იმაზე, რომ ტრანსგენდერი ადამიანი მათ ოჯახშიც შეიძლება დაიბადოს და გარშემო არსებული სიძულვილის გამო მას ამის აღიარებაც კი გაუჭირდეს, შემდეგ კი ამხელა სტრესისა და ტკივილის გამო, თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე. არადა, არსებული შემზარავი სტატისტიკის ფონზე, ეს ძალიან რეალისტური სურათია. ტრანსგენდერ ადამიანთა 51%-ს ერთხელ მაინც უცდია ცხოვრების მანძილზე თვითმკვლელობა და სამწუხაროდ, მეც ამ სტატისტიკის ნაწილი გახლავართ.
ჩვენი გენდერული იდენტობის აღიარება მოგვცემდა საშუალებას, რომ ვიცხოვროთ ავთენტურად, ვიყოთ საკუთარი თავი, შევძლოთ ადამიანებთან გულახდილი, სწორი კომუნიკაცია და არ გვეშინოდეს ძალადობის, ზიზღის, ტკივილის, არ ვიყოთ მარტონი და გარიყულები, ასევე შევძლოთ გავხდეთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და რაღაც კარგი ჩვენც გავაკეთოთ საზოგადოებისათვის, რადგანაც კულტურა არ შეიძლება იყოს შავ-თეთრი, ამ დროს იწყება ნამდვილი დეკადანსი და კულტურული დაცემა, ჩვენ ეს არ აგვირჩევია, მაგრამ თქვენ ირჩევთ - იქნებით გამგები და თანამგრძნობი თუ - არა.