"შეუდარებელი ქალბატონის" შეუბრალებელი რეალობა
19 04 2018

როდესაც ოსკაროსანი სებასტიან ლელიოს "შეუდარებელი ქალბატონი" პირველად ვნახე, მიუხედავად პოზიტიური დასასრულისა, მთლიანობაში ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა, რადგან ფილმი ძალიან სწორად და რეალისტურად ასახავს ტრანსგენდერ ქალთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. ფილმის მნიშვნელოვანი ღირსება მისი უბრალოებაა, ცხოვრებისეული ტრაგედიებითა და შვებისმომგვრელი მომენტებით. ამასთანავე ფილმი იმდენად ემოციურია, რომ ხანდახან, როგორც მაყურებელი, შეიძლება დაიბნე და ვერ მიხვდე - მთავარი გმირის მიმართ მწუხარებით და სიბრალულით ხარ განწყობილი, თუ აღფრთოვანებით იმის გამო, თუ რამდენ ტკივილსა და დამცირებას უძლებს და მაინც არ ნებდება.

ფილმი ტრანსგენდერ ქალზე, მარინაზეა, რომელიც მისი პარტნიორის, ორლანდოს მკვლელობაში ხდება ეჭვმიტანილი უბედური შემთხვევის გამო - ორლანდო კიბიდან გორდება და გარდაიცვლება. ფილმის სიუჟეტი ძირითადად მარინასა და მისი პარტნიორის ოჯახის წევრების გარშემო ტრიალებს, იგი სავსეა ემპათიითა და ამავდროულად სისასტიკის გამოვლინებებით, მაგრამ რეჟისორი ახერხებს - ფილმს ამხელა ტრაგიზმის შემდეგ პოზიტიური დასასრული შეუქმნას.

მარინა ემპათიით სავსე ქალია, რომელიც ცდილობს გაძლოს იმ სასტიკ გარემოში, რომელსაც მას უქმნიან - დისკრიმინაცია, შეურაცხყოფა, ვერბალური თუ ფიზიკური ძალადობა, ზურგს უკან მის მიმართ ინტრიგების ხლართვა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ყველაფრისა, რისი გადატანაც უწევს. თავიდან მარინა დამყოლი და მომთმენია, მაგრამ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი და თანდათან იგი ახერხებს საკუთარ შიშებს დაუპირისპირდეს. "რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს" - ნიცშეს ამ ციტირების შემდეგ, რომელსაც ფილმში მისი და ახდენს, მარინა რადიკალურად იცვლება და ცდილობს საკუთარი პრობლემების გადალახვასა და ცხოვრების გაგრძელებას.

ეს არის, ერთი შეხევდით, ჩვეულებრივი ქალის ცხოვრება, რომელიც თითქოსდა არაფრით უნდა ყოფილიყო გამორჩეული, რომ არა ერთი რამ - მარინა ტრანსგენდერია, რაც მას ძალიან მოწყვლადს ხდის, ადამიანები მის მიმართ ძირითადად უარყოფით დამოკიდებულებას ავლენენ, მისი პარტნიორის ცოლი მას ქიმერას და გარყვნილს უწოდებს, და ეუბნება, რომ უბრალოდ არ იცის რას ხედავს მასში, ეს კი, რა თქმა უნდა, მარინასთვის მტკივნეულია.

მთელი ამ კონფლიქტების ფონზე, მარინა საკუთარი პარტნიორის სიყვარულს, მის მიმართ მოგონებებს "ეჭიდება" და ცდილობს ეს სიყვარულის განცდა არ დაკარგოს. მარინას ყველგან ორლანდო ეჩვენება და თითქოს ბოლომდე ვერც ეგუება იმ ფაქტს, რომ ორლანდო გარდაცვლილია, თითქოს მოგონებებით ცდილობს მის გაცოცხლებას.

"შეუდარებელი ქალბატონი" გამორჩეული ფილმია იმ მხრივაც, რომ ტრანსგენდერი ქალის როლს თავად ტრანსგენდერი მსახიობი თამაშობს და არა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რომელიმე სისგენდერი მსახიობი. დანიელა ვეგამ (მარინას როლის შემსრულებელი) ცხადია, გაცილებით კარგად იცის ტრანს ადამიანთა პრობლემები და შესაბამისად, ძალიან დამაჯერებლად ირგებს თავისი პერსონაჟის როლს, რაც ფილმს რეალისტურსა და დრამატულს ხდის, მარინას პერსონაჟს კი - უნიკალურს. მგონია, რომ სწორედ ამის გამო, საზოგადოების ნაწილში მაინც, ამ ფილმმა უნდა შეძლოს ემპათიის გაღვივება ტრანს ადამიანების, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერი ქალების მიმართ.

რაც შეეხება სხვა მსახიობებს, ისინიც შესანიშნავად ახერხებენ ისეთი პრობლემების წინ წამოწევას, როგორიცაა ტრანსფობია და ტრანს ადამიანთა მიმართ ზიზღი. ეს რეალისტურობა ფილმს უნიკალურს ხდის და მრავალი ასპექტიდან აჩვენებს თანამედროვე ეპოქაში ტრანს ადამიანების პრობლემებს უნივერსალურად, მთელ მსოფლიოში. იმის მიუხედავად რომ ფილმი სავსეა დრამითა და სისასტიკით, არის ბევრი კათარზისული მომენტი, რომელიც როგორც მაყურებელს იმედს მიჩენს.

ამ განწყობას, ძირითადად, რამოდენიმე დამხმარე პერსონაჟის კეთილგანწყობა წარმოაჩენს, რომლებიც ფილმში საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულებას უპირისპირდებიან და ნათლად ჩანს, რომ ეს ადამიანებიც, როგორც რეალურ ცხოვრებაში, იძულებული ხდებიან ან მარინას პოზიცია ბოლომდე დაიჭირონ, ან უბრალოდ გაჩუმდნენ.

არსებული სისასტიკის ფონზე, ცხადად ჩანს, რომ არატრანსგენდერი პერსონაჟებიც, მარინას მსგავსად, ფაქტობრივად უმცირესობაში ხვდებიან განსხვავებული აზრისა და დამოკიდებულების გამო. ფილმში ამის ყველაზე ნათელი მაგალითი მარინას დაა, რომელსაც მუდმივად საკუთარ ქმართან უწევს კამათი.

"შესანიშნავ ქალბატონში" ბევრი მძიმე ემოციაა, მაგრამ ჩვენი რეალობაც სამწუხაროდ ნეგატიურია, რასაც ფილმი კარგად აირეკლავს. და მაინც ვიტყოდი, რომ ეს არის იმედისმომცემი ფილმი, შესანიშნავი დასასრულით, რომლითაც იმედი მაქვს, მაყურებელი ისევე აღფრთოვანებული დარჩება, როგორც მე, და რომელიც გვარწმუნებს, რომ პრობლემები არაა მარადიული და ყველაზე წარმოუდგენელი ტკივილიც გადალახვადია.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა