ფოტო: ნახატი - იასპერ ბერენდსი
რომანტიკა, ეგზოტიკა და დრამა
07 05 2018

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ტრანს ადამიანების პირად ურთიერთობებზე და სპეციფიკურ პრობლემებზე, რომლებიც ასეთ ურთიერთობებში იჩენს თავს. ვფიქრობ, ეს ამბები მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილება არაა და ბევრი ტრანსგენდერი ქალის ან კაცის სათქმელს ვიტყვი ამ პოსტით.

პირადი ურთიერთობები არავისთვისაა მარტივი სფერო, მაგრამ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის განსაკუთრებით რთულია ახლო რომანტიკული, თუნდაც მეგობრული ურთიერთობების აწყობა, რადგან ორმაგად დიდია პარტნიორის, მეგობრის, შეყვარებულის მხრიდან ჩვენი პიროვნების და იდენტობის აღქმის და მიღების პრობლემა.

ბევრი ტრანსისთვის ნაცნობი უნდა იყოს მდგომარეობა, როცა პარტნიორი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მამაკაცთან კი არა, ტრანსგენდერ ქალთან აქვს ურთიერთობა, ან პირიქით; ხოლო შენ ამ დროს აცნობიერებ, რომ შენს სხეულს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ცნობიერებას; შედეგად, მალევე იწყებ გაუცხოებას, რადგან არ გაქვს იმის განცდა, რომ ეს ადამიანი შენს რეალურ მე-ს ამჩნევს. ეს ყველაფერი ცალმხრივ სიყვარულს ემსგავსება და შენც ხვდები, რომ ამ ადამიანს ვიღაც სხვა უყვარს, ის ვინც ან არ, ან ვერ ხარ. გაუგებრობით გამოწვეული დისკომფორტი იმხელაა, რომ ხშირად ურთიერთობა ამ მიზეზით მთავრდება.

სხვა პრობლემაა ფეტიშისტი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმის გამო, რომ ფიზიოლოგიურად მამაკაცის სასქესო ორგანო გაქვს (ამ შემთხვევაში ტრანსგენდერ ქალებს ვგულისხმობ) სექს-ობიექტად გაქცევენ. თითქოს უსულო საგნადაც კი, რომელიც ყველა მათ ფეტიშსა და სექსუალურ ფანტაზიას უნდა აკმაყოფილებდეს და რომელსაც, მათივე წარმოდგენით, თავადაც უნდა მოსწონდეს ფეტიშ-ობიექტობა.

მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი ტრანსგენდერი ქალია, რა თქმა უნდა, აპრიორი არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ მამაკაცთან "გარყვნილი სექსი" უნდა. როცა ასეთ ადამიანს ტრანსგენდერი ქალი უარს ეუბნება, რეაქცია გინება, ლანძღვა და მუქარებით აკლებაა, შემდეგ კი ისევ აქეთ გიწოდებენ გარყვნილს იმის გამო, რომ საკუთარი სექსუალური ფანტაზიებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება არ მიეცი. ასეთი ადამიანები იმას ვერ იაზრებენ, რომ ტრანსგენდერ ქალს შეიძლება უბრალოდ "ნორმალური" ურთიერთობა გინდოდეს ადამიანთან, გინდოდეს გყავდეს პარტნიორი და გქონდეს მონოგამიური ურთიერთობა; და ნამდვილად არ გქონდეს სურვილი ყოველი მეორე მამაკაცის სექსუალური სურვილები აკმაყოფილო, თანაც მონურ როლში.

ადამიანები, ზოგადად, ეგოისტები ვართ და ხშირად სხვაში იმას ვხედავთ, რისი დანახვაც გვინდა, ხოლო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ეს ეგოიზმი ორმაგად მტკივნეულია და თითქმის შეუძლებელი, იპოვოს ადამიანი, რომელსაც ელემენტარული თანაგრძნობა აქვს.

ხშირად პარტნიორი არათუ წვრილმანებს ვერ ამჩნევს შენში, არამედ შენს იდენტობას საერთოდ უარყოფს, მხოლოდ იმიტომ, რომ "ნორმაში არ ჯდება", ან "თავს ახვევ". ზოგი კი აგრესიასაც არ ერიდება, როდესაც საკუთარ იდენტობას უმხელ.

უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ყველანი საკუთარ თავს ვახვევთ ერთმანეთს. ყველაზე მარტივი მაგალითი სახელის თქმაა. ეს ხომ უკვე რაღაც მოთხოვნაა სხვა ადამიანის მიმართ, რომ მოგმართოს ასე და ამ სახელით. მაგრამ სისნორმატიული საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმას, რომ თუ ტრანსგენდერმა ქალმა ან კაცმა მოგთხოვა მისი სქესის საპირისპირო სახელით მიმართო, ესეც ზუსტად ისეთივე "თავსმოხვევაა", როგორიც ნებისმიერი სისგენდერი ადამიანის სახელის გაგება. "პრობლემას" მხოლოდ ის ქმნის, რომ მას დაბადებისას მიღებულ სქესს მორგებული სახელი "დაარქვეს".

აქედან უკვე ახალი პრობლემა და კითხვა იჩენს თავს: "ნამდვილი სახელი რა გქვია?" თითქოს არტისტი იყო! ყველა სახელი, რომელსაც პიროვნებას არქმევენ, ან ირქმევს, ნამდვილია! ეს მისი, როგორც ადამიანის უფლებაა და ერთადერთი, რაც "ნამდვილ სახელს" "არანამდვილი სახელისაგან" განასხვავებს, იურიდიული პროცედურაა და მისი აღიარება საზოგადოების მიერ. ასე რომ, მე თუ მკითხავთ, სახელი ადამიანის იდენტობის ეჭვქვეშ დაყენებისა და მისი დისკრიმინაციის პირველადი ამოსავალი წერტილია, ისევე როგორც გენდერული მარკერის შეცვლის უფლების არქონა ოფიციალურ დოკუმენტებში.

თანამედროვე საზოგადოებაში მგონია, რომ ურთიერთ- და სხვისი პატივისცემის გამოხატვის ნიშანი უნდა იყოს ის, რომ მისი პიროვნების ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენოთ, სხვას რომ ყველაფერს დავანებოთ თავი. რა თქმა უნდა, მსგავსი დამოკიდებულება სამეგობრო წრეშიც მქონია. ამის გამო, სამწუხაროდ, ბევრი მეგობარი დავკარგე, რომლებიც, არ დაგიმალავთ და, ხანდახან დღემდე მენატრებიან.

ზოგადად, ტრანს ადამიანსაც და მის თვითაღქმასაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერ ადამიანს შეუქმნიდა დისკომფორტს მსგავსი ფრაზის მოსმენა: პენისი გაქვს თუ ვაგინა? რა გაბია? შენი ნამდვილი სახელი რა არის? როგორი ქალი შენ ხარ, მე ჩემს წინ ქალს ვერ ვხედავ! შენ თუ გოგო ხარ, მაშინ მე ალიგატორი ვარ და ა.შ. ეს ადამიანის შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი.

თუკი გაგიმართლა და, პირველ ეტაპზე, ადამიანთან ურთიერგაგება დამყარდა, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ გარესამყარო მალევე არ შემოიჭრება თავისი მახრჩობელა სოციალური ნორმებით. მახსენდება, ისევ პირადი გამოცდილებიდან, ურთიერთობა, რომლის მალვაც მიწევდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა ჰეტერონორმატიული ურთიერთობა. ხშირად ჩემი იდენტობაც დამიმალავს იმის გამო, რომ უბრალოდ პარტნიორისთვის არ შემექმნა დისკომფორტი. დამიმალავს პარტნიორის ტრანს იდენტობაც. და მახსენდება ისეთი შეყვარებულიც, რომელიც მხოლოდ იმის გამო, რომ პენისი მქონდა, ვერ შეეგუა ჩემს ტრანსგენდერ იდენტობას; ურთიერთობის დროს კი იმდენად ხშირად იყო მისი მხრიდან წამოძახება, "აი, როგორი მიმღებელი ვარ", რომ ცხადია დაშორების მიზეზი ესეც მალე გახდებოდა.

მესმის, შეიძლება ადამიანი ვერ შეიყვარო ისეთი, როგორიც არის, მაგრამ ერთადერთი, რასაც გირჩევთ ისაა, რომ ნუ მოატყუებთ მას და ნურც საკუთარ თავს. თუ არ შეგიძლიათ მიიღოთ ის ისეთი, როგორიც არის, ადექით და უთხარით, რომ ეს თქვენს ძალებს აღემატება. ნუ მისცემთ ყალბ იმედებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა