ფოტო: ილუსტრაცია: Diego Patiño
ნარკოპოლიციის პოლიტიკური ზარბაზანი
24 05 2018

"საზარბაზნე ხორცი" - ეს სიტყვები პირველად ბავშვობაში, ჩემი მშობლებისგან გავიგე, აფხაზეთის ომზე საუბრისას. სიტყვების გადატანით მნიშვნელობას ვერ მივხვდი და მაშინვე ზარბაზანში ნაწილებად ჩატენილი გვამები წარმოვიდგინე. თან გამიკვირდა, ხორცს ხომ ძალა არ აქვს და ქვებს ან რამე უფრო მძიმეს და ძლიერს რატომ არ ესვრიან-მეთქი. ახლა, როცა ამ სიტყვების მნიშვნელობა მესმის, ისიც გასაგებია, რატომ არის „სხეული" ყველაზე ძლიერი იარაღი, რატომ იტენება პოლიტიკური „ზარბაზნები" ჩვენი სხეულებით და როგორ ხდება ზარბაზანში ჩატენილი სხეულით სხვა სხეულების განადგურება.

12 მაისს 01:00 საათზე საქართველოს ხელისუფლება ზარბაზნებით შედის თბილისის ღამის კლუბებში - ნიღბიანი, კარგად გაწვრთნილი, შეიარაღებული სხეულები უნდა დაუშინოს სხვა სხეულებს, შემდეგ კი, ეს უკანასკნელი, ისევ თავის იარაღში ჩატენოს. რამდენჯერ გვინახავს ეს უკვე? ან, სხვადასხვა პატარა გასროლით, რამდენ თქვენგანს მოხვედრია? ღამით ქუჩაში რამდენი გაუჩერებიხართ? რამდენი თქვენგანი გაუჭყეპიათ შარდმდენებით? თქვენი ახლობელი რამდენი წლით ზის ციხეში?

ქალად მონიშნულ სხეულებს იმის ილუზია გვაქვს, რომ ეს საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება. ჩვენი განყოფილებაში გადაყვანა იმაზე ბევრად იშვიათია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სხეულის. პრინციპში, ღამით ქუჩაში სიარულსაც ბევრი შევეშვით, პოლიციის სხეულზე უფრო საშიში, ჩვენივე ნაცნობი კაცების სხეულების წყალობით. ჩვენ ადევნებული ჩრდილების გვეშინია - არ ვიცით რომელი ჩრდილი რას მოინდომებს, განსაკუთრებით, ჩვენი შიში თუ იყნოსა.

პოლიციის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მაინც არ გვეშინია. პოლიცია ხომ მხოლოდ კაცებზე ნადირობს. ქალები მართლაც ნაკლებად მოიხმარენ ნარკოტიკებს, ნაკლებად არიან ეჭვმიტანილები. უფრო სწორად, ეჭვმიტანილი ყველა ჩვენგანია, მაგრამ, თუ ქალებს სილამაზის, სიუშნოვის, დედობის, დედობაზე უარის, ქალად ყოფნის ბრალდებით ასამართლებენ, კაცების მიმართ უფრო ძლიერი ძალების ჩართვაა საჭირო.

ისიც კარგად ვიცით, რომ რეალურად უამრავი ადამიანის გაჩერება ქუჩაში შემთხვევითია და არც რაიმე სხეულების, ან ქცევის ამოჩემებაა. პოლიცია ყველას გააჩერებს, იმიტომ რომ…რატომაც არა! შეუძლია და გაგაჩერებს! შემდგომ ყველაფერი იმით წყდება, რამდენად „არ გაუმართლებს" და ვერ წაიკითხავს იმ სხეულს, რომელიც შეიძლება სხვა ბევრ სხეულთან იყოს დაკავშირებული. ყველაზე მარტოსულებს, პატარებს და რამე ნიშნის გამო გარიყულებს, ყველაზე ადვილად მოერევა - მათ, ვისი განადგურების შესახებაც არავინ გაიგებს, ან თუ გაიგებს საკუთარი სხეულით არ გადაეფარება მომართულ ზარბაზანს.

იძულებითი მოშარდვაც არ არის შემთხვევითი. ნარკოტესტირება ასე მტკივნეულიც არ იქნებოდა, მხოლოდ ნერწყვს რომ მოითხოვდნენ. ძალით შარდის გამოძალვა სიმბოლური აქტია - ის კაცის სხეულის, უფრო კონკრეტულად კი, ფალოსის დამორჩილების პროცესია. ქალებთან ეს პორნოგრაფიის, გაუპატიურების კულტურის, სექსუალური შევიწროების, რეპროდუქციის კონტროლის და სხვა მრავალი საშუალებით, უკვე ისედაც ხდება. ქალი უკვე კარგადაა გაწვრთნილი მამის, ძმის, ქმრის, მასწავლებლის, მედიის მიერ, სახელმწიფოს და პოლიციის ჩარევა იმ სხეულებს სჭირდებათ, რომლებსაც შეიძლება რამე ილუზია შეექმნათ რომ "გათავისუფლდნენ", ან სხვა, მათთან შედარებით ნაკლულებად შერაცხული, ქალების სხეულებს ფლობენ.

ამასთან, ეს არის ერთი ფალოსის (პოლიციის/სახელმწიფოს) გამარჯვება მეორე (მოქალაქის, რომელიც აუცილებლად კაცია) ფალოსზე. კაცის შფოთვა, რომელიც საკუთარი პენისის დამორჩილებას თან სდევს, კულტურაში მრავალგვარად არის გამოხატული. მაგალითად, ჩაფსმაზე ხუმრობაც კი სრულიად შეურაცხმყოფელია და მხოლოდ ბიჭებისთვის არის დამახასიათებელი. საკუთარი შარდის ვერკონტროლი, პენისის ვერდამორჩილებაა, რაც სხეულის ნამდვილ მამაკაცად შედგომას უქმნის საფრთხეს. კაცები, რომლებსაც პოლიცია იჭერს, პირველ რიგში, შეურაცხყოფილები არიან, მათი ფალოსის ღირსება შელახულია.

ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცად განსხეულება ყველასთვის ერთნაირია. ძალიან დიდი უფსკრულია ურბანელ და სოფლის მასკულინობებს შორის. "ბასიანის" და "კაფე-გალერის" დარბევაზე გამოხმაურებებში ნათლად ჩანს, რომ მიმართება განსხვავებულია თაობებს შორისაც. 90-იანებში ნარკოტიკებით დაღუპული თაობების ფონზე, მშობლების დაშინება ადვილია. მაგრამ, ამას გარდა, ტექნოლოგიების განვითარებამ და ნეოლიბერალურმა ეკონომიკამ, აქამდე შედარებით ადვილად კლასიფიცირებადი სხეულები უფრო გამიჯნა, გაამრავალფეროვნა და მარტივად წაკითხვადი გახადა. "რეივერის," ჰიფსტერის, კარგად მოვლილი კაცების სხეული ნეოფაშისტის, ბაბულიკის მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ სხეულებს დაუპირისპირდა.

სხეულის კლასის გარკვევა მაინც რთულია, თუმცა კულტურული განსხვავება ერთი შეხედვითაც კი იკითხება. არ იფიქროთ, რომ კარგად მოვლილმა კაცებმა კაცობა დათმეს. თუ ფორმის თვალსაზრისით "ქალი ქალს არ გავს და კაცი კაცს", შინაარსები შეიძლება მიუახლოვდა, მაგრამ ასე მარტივად არ დაცლილა. ის უბრალოდ კორდონის მეორე მხარეს, დისციპლინირებული მასკულინობისგან განსხვავებით, სხვა ძალაუფლებრივ ველში მოექცა. საბოლოოდ შეიქმნა ილუზია, თითქოს, ეს ბრძოლა ამ ორი სხეულის ომია. კულტურული ომის უარყოფა ნამდვილად ძნელია, მაგრამ ვინ არის სინამდვილეში ზარბაზნის მეორე მხარეს?

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ფული და ყველაზე მარტივი სქემა. სახელმწიფო ჯერ ნარკოტიკით გკლავს, გაბრუებს და გათაყვანებს. უმუშევრობის, მუდმივი გაურკვევლობის,უფულობის და მხოლოდ ცუდი ახალი თუ ძველი ამბების ფონზე, ნარკოტიკებით და ცეკვით გაქცევა გესახება რეალობასთან შეგუების ერთადერთ საშუალებად. მერე ხელისუფლება დასუსტებულ სხეულს ფულს და სიცოცხლეს სძალავს. მისთვის ადვილია თავისივე შემოტანილი მკვლელი ნარკოტიკებით, მოტყუებით, ჯერ დახოცოს ხალხი, შემდეგ სხვებს გადააბრალოს დაბოლოს ისევ დასაჯოს თავისი დანაშაულისთვის.

რას ვშვებით ამ დროს ჩვენ?

გამოვდივართ გარეთ და "ჩვენ ვითხოვთ დრაგებს, ჩვენს კუთვნილ ავტომატებს." ყოველ შემთხვევაში საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ასე იფუთება, როგორც აქტივისტების, ისე მედიის საშუალებით: ამათ ნარკოტიკები უნდათ, ნარკოტიკები და ცეკვა. ნარკოტიკების საშუალებით ახალი ავტომატების (ფალოსების) შეძენა, რომელსაც ჯერ საკუთარ სხეულს დავუშენთ და შემდეგ ასე, თვითგანადგურების რეჟიმში, პოლიცია თუ არა, ნარკოტიკი მოგვკლავს. დასჯაზე ორიენტირებული, არაჰუმანური პოლიტიკის ცვლილებასაც ამ არგუმენტით ვითხოვთ: "ჩემი სხეულია და რასაც მინდა ვუზამ." ერთი სიტყვით, სახელმწიფოსგან შემოთავაზებული სიკვდილის ორ არჩევანს შორის: პოლიციის ხელით თუ ნარკოტიკით, უბრალოდ, უფრო სასიამოვნოს ვითხოვთ.

რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას დადებითი მხარეც აქვს, მაგ. ნარკოტიკების მოხმარება ისეთი სტიგმატიზებული აღარაა, უკვე იმ ადამიანების თუნდაც მცირე ნაწილის სახელის და გვარის დასახელება მაინც შეგვიძლია, ვინც პოლიციისგან შანტაჟის, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ძალადობის შედეგად დაიხოცა. უკვე ვითხოვთ ნარკოდამოკიდებულებისთვის უკეთეს მკურნალობასაც. ნელ-ნელა იმასაც ვხვდებით, რომ მარტო ნარკოტიკების გადამყიდველების დადანაშაულებაც აღარ გამოგვადგება, იმიტომ, რომ რეალური ბოროტება და ძალაუფლება თვითონ არის მთავარი ბარიგაც და დამსჯელიც. შემთხვევითი არაა, რომ სახელმწიფო 12 მაისს თავის ძალადობას ნარკოინდუსტრიის ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი 20 წლის შესაძლო მომხმარებლის "ბარიგად" შერაცხვით ამართლებს.

არის გამონაკლისებიც. ოთხი წლის წინ მთავრობის ადმინისტრაციას არტისტების ჯგუფმა შარდის კონტეინერები მიუტანა. ასეთი წინააღმდეგობა დასცინის შარდშემგროვებლობის აბსურდულობას, დაცინვით კი გამოუვალ პოზიციაში აგდებს პოლიციას, რომელიც, თუ სერიოზულად უპასუხებს, უარესი ქილიკის საგანი გახდება, თუ თვითონაც იუმორით უპასუხებს, დამარცხება უნდა აღიაროს. შარდის მიტანა - მიფსმის ალეგორიაა, მისი საკუთარი ხელით მიტანა საკუთარი ღირსების აღდგენის და ამავ დროს რეპრესიის ნამდვილი სახის ჩვენების საშუალება.

როცა ძალის დემონსტრირება პირდაპირ დარბევის და აქციებზე კომუნიკაციის საშუალებების გამორთვაში ვლინდება, უკვე ვიცით რომ ყველა, ვინც ვცეკვავთ თუ ვწევართ, კორდონის ორივე მხარეს, განწირულები ვართ. ვერც თავისუფლების გულუბრყვილო იდეას ვეპოტინებით მხოლოდ "ბარიგების" დასჯის და "დრაგების" მოთხოვნით. ჩვენი უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ფლობა მხოლოდ ნარკოტიკების მიღებით, ან ნარკოტიკებზე უარის თქმით არ განისაზღვრება იქ, სადაც ორივე "არჩევანი" ჩვენ წინააღმდეგ მომართული ზარბაზნისგან მოდის.

ასეთ პირობებში ჩვენ უნდა გავაპოლიტიკუროთ სხეულები არა მხოლოდ "დრაგებთან" ან ნეოფაშისტებთან, არამედ ძალაუფლებასთან - პოლიციურ რეჟიმთან მიმართებაში!

ბლოგის კონცეფცია
ნუკრი ტაბიძე ბლოგპოსტების ამ სერიაში სხვადასხვა მოვლენას, ინსტიტუციას, დისკურსსა თუ ნაწარმოებს ქვიარ ფემინისტური პერსპექტივიდან მიმოიხილავს. ეს არის ავტორის მცდელობა აღწეროს და ახსნას როგორ ხდებიან ქალად მონიშნული სხეულები ქალები, რა მეთოდებს იყენებენ სისტემები და ინდივიდები ამ სხეულების კონტროლისა და დამორჩილებისთვის, სად არის ამის გარდაქმნის შესაძლებლობები და როგორ შეიძლება წავიკითხოთ წინააღმდეგობები ჩვენს ყოველდღიურობაში.


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან