: სანდრო ღვინიაშვილი
8 მარტის ერთი გამქრალი ტრადიცია
08 03 2020

სოფელში, სადაც გავიზარდე, ბევრი არაფერი ხდებოდა, განსაკუთრებით ქალებისთვის. სუფრის გაშლა და ქეიფი ქალებისგან დიასახლისობას და კაცებისთვის გამასპინძლებას მოითხოვდა. ქალს უნდა გაემზადებინა საჭმელი, დაელაგებინა სახლი, გაეშალათ სუფრა და გამასპინძლებოდა სტუმრებს. ქალები მაგიდასთან დიდხანს ვერ სხდებოდნენ, რადგან საჭმელს ჩამატება სჭირდებოდა, ან ვინ გააცხელებდა ჩაქაფულსა და ტოლმას?! ასე ხდებოდა წელიწადში 364 დღე, თუმც იყო ერთი განსაკუთრებული 24 საათი, როდესაც თითქოს ყველაფერი იცვლებოდა.

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალები თავისუფლდებოდნენ ოჯახური პასუხისმგებლობებისგან და ერთ დღეს კაცების გარეშე ატარებდნენ, მხოლოდ ერთი დღეს. ეს იყო დღე, როდესაც ქალები მიდიოდნენ "საგულაოდ" და კაცები სახლში რჩებოდნენ.

ამ დღისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე იწყებოდა. დილით ნალექიან ყავასთან და სხვადასხვა თემაზე ჭორაობასთან ერთად იწყებოდა სამზადისი. ქალებისთვის ამ დღის ერთად აღნიშვნა განსაკუთრებული ტრადიცია იყო. რამდენიმე საკითხის მოგვარება იყო საჭირო: მენიუსა და საყიდლების სიის ჩამოწერა, თანხის დაანგარიშება. ასევე გადასაწყვეტი იყო, ვინ წავიდოდა საყიდლებზე. ყოველთვის ირჩევდნენ ისეთს, ვისაც შევაჭრება კარგად გამოსდიოდა. არც ისეთ ქალებს ივიწყებდნენ, ვისაც ფული არ ქონდათ, მათ ღვინო ან სახლში გაკეთებული ლიქიორი შეეძლოთ მიეტანათ. კახეთში ღვინო და არაყი ხომ თითქმის ყველა ოჯახშია. თუ ამასაც ვერ ახერხებდნენ, არც ეგ იყო პრობლემა - ყველა ქალს შეეძლო ამ დღის ნაწილი ყოფილიყო. გარდა ამისა, უნდა გადაეწყვეტათ ვინ რომელ საჭმელს გააკეთებდა და რომელ ნამცხვარს გამოაცხობდა. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში ხდებოდა, ერთი გამონაკლისის გარდა - ამ ყველაფერს ქალები მარტო ერთმანეთსთვის აკეთებდნენ. 8 მარტს მხოლოდ ისინი ქეიფობდნენ. სახლსაც შესაბამისად არჩევდნენ. ამ დღეს შერჩეულ სახლში კაცი არ უნდა გაჭაჭანებულიყო. მთავარ მოთხოვნას ეს წარმოადგენდა. ასეთი სახლის მოძებნა მარტივი არ იყო. შერჩეულ სახლში მცხოვრები კაცები უნდა ყოფილიყვნენ თანახმა, რომ ამ დღეს სადმე სხვაგან წავიდოდნენ და ქალებს არ შეაწუხებდნენ.

ასეთი სამზადისი ჩემს გარშემო ყველა სოფელში ხდებოდა. თითქმის ყველა უბანში სხვადასხვა ივენთი კეთდებოდა. თავისი face და age კონტროლით. დასწრება მხოლოდ 18 წელს ზემოთ ქალებს, გათხოვილებსა და იშვიათ შემთხვევაში 16 წელს ზემოთ გოგონებს შეეძლოთ. face კონტროლს ვერ გადიოდნენ კაცები და ბავშვები. ასეთი მკაცრი კონტროლი ბევრ კლუბს შეშურდება.

მთავარი ამ დღისთვის ისეთი სივრცის შექმნა იყო, სადაც კაცები არ იქნებოდნენ და ქალები თავისუფლად შეძლებდნენ გართობას და დალევას. მეც ბევრი არაფერი ვიცი რა ხდებოდა იმ ღამეს. ეს ყველაფერი ბავშვობის მოგონებებიდან მახსოვს, დაგეგმვის პროცესში ქალების საუბარს ვუსმენდი ხოლმე. გაზრდასთან ერთად საუბრის მოსმენასაც ნაკლებად ვახერხებდი. განიხილავდნენ ვინ რას განასახიერებდა, ვინ იქნებოდა კაცის როლში, ვის გამოსდიოდა ყველაზე კარგად კაცობა. თამადაც ის ქალი უნდა ყოფილიყო, ვისაც სადღეგრძელოს ლექსად თქმა კარგად შეეძლო. ჩვენთან სოფელში ქალებს "ქალური" სადღეგრძელოებიც ჰქონდათ, რომლებსაც მხოლოდ თვითონ ამბობენ. ალბათ ბევრი ასეთი სადღეგრძელო ისმოდა 8 მარტის სუფრაზე.

ამ ღამეს ყველა სვამდა, ისინიც კი ვინც სხვა დროს წვეთ ალკოჰოლსაც კი არ იღებდნენ. კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანი ქონდა 8 მარტის ღამეს - რაც იქ ხდებოდა, მხოლოდ მოგონებებში რჩებოდა. მეორე დღეს თუ ახსენებდნენ ერთი-ორ სიტყვას, როცა ნაბახუსევზე ყავაზე შეიკრიბებოდნენ და ნარჩენებზე განაგრძობდნენ ნაბახუსევზე გამოსვლას.

მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ არ შეეძლოთ კაცებს დასწრება. ახლა ამის გაგება უფრო მიადვილდება. ქალთა დღეს მათი პურ-მარილი დაცლილი იყო მამაკაცების ხარბი მზერისგან, თვალების ბრიალისგან, კაცური "დიდებულებისგან". დაცლილი იყო კაცებზე ზრუნვისგან და კაცების გენში ჩაკერებული მასკულინობისგან. ამ ღამეს ქალები იყვნენ თავისუფლები, დამოუკიდებლები, ივიწყებდნენ მათზე თავს მოხვეულ პასუხისმგებლობებს. ერთი ღამით იყვნენ უბრალოდ ქალები კაცების გარეშე.

როგორც გითხარით, ბევრს ვერაფერ გეტყვით რა ხდებოდა 8 მარტის ღამეს ქალების სუფრაზე, თუმცა გეტყვით რა ხდებოდა ქალების გარეშე დარჩენილ ოჯახებში. ამ დღეს ბავშვებს კაცები უვლიდნენ. მაგიდასაც კაცები შლიდნენ საღამოს. მამები აძინებდნენ ბავშვებს. სხვა გზა არ ქონდათ, ქალები სახლში არ იყვნენ. ამ დღეს სახლში მარტო კაცები და ბავშვები იყვნენ. მახსოვს, როგორი ჩუმი და ცარიელი მეჩვენებოდა ყველაფერი. თითქოს ყველა სიხარული და სინათლე მხოლოდ იმ ერთ სახლში იყრიდა თავს, სადაც ქალები იყვნენ შეკრებილები. ჩუმად მისულ ბავშებს მხოლოდ ეზოდან შეგვეძლო მოგვესმინა კაცებისგან დაცლილი სახლიდან გამოსული ჟრიამულის ხმა. არ მახსოვს რომელიმე კაცს გაებედოს და არ გაეშვას ცოლი ამ დღეს ქალებთან. თითქოს დაუწერელი კანონი იყო, რომ ეს დღე ქალების იყო და არავის ქონდა მისი წართმევის უფლება.

არ ვიცი რატომ, მაგრამ თანდათან ეს ტრადიციაც მინელდა, თითქოს არც არსებობდა. სოფლად ყოველ წელს უფრო ძნელდებოდა სახლის მოძებნა, მერე ქალების სურვილიც ნელ-ნელა გაქრა, ან გააქრეს. არ ვიცი რის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ დაიკარგა ქალთა თავისუფლების ერთი დღე. ალბათ მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა მე მაინც მიჭირს რაიმე კონკრეტულის თქმა. ეს იყო ის 8 მარტები, რომლის დროსაც ქალები თითქოს არაფერს აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, თუმცა თავად ქმნიდნენ გარემოს, სადაც არც არავისთან ქონდათ რამე სათხოვარი, რადგან ამ დღეს ყველა ქალი თავად იყო საკუთარი თავის პატრონი.

სანდრო ღვინიაშვილი



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა