: სქაიფოლის ჩანაწერები
სქაიფოლის ჩანაწერები: ძველი დღიურიდან
27 07 2019

დღეს დილიდან მოტივირებული ვიყავი, მეც არ ვიცი რატომ, მძიმე ღამის შემდეგ მუსიკის ფონზე ჩამეძინა, გამოღვიძებული ფრთხილად ვახელ თვალს, და იწყება აზრების დოღი, მოდის და მოდის თავში ათასი ფიქრი, რასაც ვახარისხებ და ვარჩევ საუკეთესოს, ხოლო შემდეგ ჩემს საწყალ მობილურს, რომელიც სუმთლად დაჯდა და დაიცალა, მთელი ღამე რომ ჩემთვის მუსიკით ესიამოვნებინა, ძილის წინ, ვაერთებ სატენზე და კვლავ უწევს მუშაობა ჩემი პოზიტიური დღისთვის. სხვათაშორის საკმაოდ მიყვარს ეს სრულიად უბრალო სმარტფონი, რადგან ის ჩემს დასთან ასოცირდება. მახსოვს ლამაზი დღეები, ჩემი დის ბედნიერი დღეები და ეს მობილურიც, რომელსაც სულ ვპარავდი ან ვთხოვდი.

მას ძალიან კარგი აუდიოსისტემა აქვს და მე, როგორც მელომანს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. არ მინდა რამე მატერიალურზე ვისაუბრო. კვლავ ჩავწერე ზუსტად ის ტრეკები რასაც მაშინ ვუსმენდი და ვიწყებ მოგზაურობას წარსულში. ის გრძნობები და ემოციები, რომლებიც სრულად შენახულია ჩემს ქვეცნობიერში, მაშინვე ცნობიერში გადმოდის. ეს დროში მოგზაურობას ჰგავს, მე ისევ იქ ვარ წლების უკან, ისევ ვგრძნობ გათენებას, ალიონს, ჩემი სახლის და ოთახის თითოეული დეტალი მახსენდება, თვალწინ მიდგება ჩემი ეზო, როგორ დავდივარ, როგორ ვიღებ სიამოვნებას.

მოკლედ, ბავშვობაში ვბრუნდები, მარა ვინ დაგაცდის, აგერ რეკავს ვიღაც:

- ალო ბატონო, გამარჯობა, საიტიდან გირეკავთ.

მეც უმალვე, წამში გადმოვდივარ რეალობაში და ვპასუხობ:

- ხო საყვარელო გისმენ.

არადა წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და რაის საყვარელი, საქმის საჭიროებიდან გამომდინარე ვიწყებ თვალთმაქცობას, რასაც ასე ვერ ვიტან ადამიანებში. მეკითხება ასაკს, მისამართს და სხვადასხვა ნაცნობ კითხვებს მისვამს, რომელზეც გამზადებული, დაზეპირებული პასუხი მაქვს, როგორც შაბლონი.

- კაი რომ მოვალ დაგირეკავთ.

- კი ბატონო, საყვარელო. ვპასუხობ და ვუთიშავ.

მაშინვე ვდგები, ცოტა მეზარება, მაგრამ ვდგები და ვიწყებ გამოპრანჭვას, როგორც ფილმებში ისე. ვირგებ ამ ჩემს დიდ ნიღაბს, რომელსაც მოჩვენებითი მოსიყვარულე ესკორტ გოგონა ჰქვია და კვლავ ზარი: მოვედი გამიღე კარი. ხანდახან ძალიან მიჭირს ბედნიერი, სექსუალური და ტემპერამენტიანი ქალის თამაში. ტემპერამენტი, მითუმეტეს სექსუალური საერთოდ არ გამაჩნია. სხვათაშორის ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, ეს მათ თვალებში ამოვიკითხე, თუმცა, გარეგნობა იმდენად დიდი იარაღი აღმოჩნდა, რომ ჭრის. ჭრის და ერევა ყველა იმ მინუსს და უნიჭობას, რაც გამაჩნია.

მე ძალიან უნიჭო სექსმუშაკი ვარ. პირადად მე არც ლამაზად ვთვლი თავს, მაგრამ ერთხელ როდესაც საკუთარ თავთან ვიმსჯელე, რატომ დადის ეს ხალხი ჩემთან როდესაც არსებობენ ამ საქმის პროფესიონალები, აშკარა უპირატესობა დავინახე გარეგნობაში. კვლავ ნარცისულად გამომივიდა, თუმცა სხვანაირად ვერ ვხსნი...

მობრძანით, იქით შებრძანდით, ვუთითებ ოთახისკენ. კვლავ წარმოსახვით შაბლონს მოვიმარჯვებ და ყალბი ღიმილით ვიწყებ დიალოგს:

რა გქვია საყვარელო? ამ დროს საერთოდ არ მაინტერესებს რა ჰქვია და ვინ არის, ცოლი გყავს? ვეკითხები ღიმილით. მოდი ნელ ნელა გაგხდი, ხო? ამ დროს ვარ ჩვეულებრივი, ცივი რობოტი, სრულიად გაყინული, ყოველგვარი გრძნობების და ბედნიერების გარეშე და ისეთი შავთეთრია ეს მამაკაცი ჩემთვის... ყველა ერთნაირია ჩემთვის, ერთი სიმაღლის, წონის და ფორმის უსახო მამაკაცები, სრულდება ყველაფერი და ვუცინი კვლავ:

უი, უკვე მიდიხართ? ნახვამდის.

სასწრაფოდ, ყოველგვარი საუბრის გაგრძელების გარეშე ვუღებ კარს და ვემშვიდობები. კარის დახურვის შემდგომ ხშირად მივდივარ სარკესთან მაკიაჟის შესასწორებლად და როდესაც ჩემს თავს თვალებში ვუყურებ, სრულიად არაფრის მთქმელი და ცარიელია, ან ძალიან ბევრის მთქმელი. იცით, მე ვერ დავარქმევ ამას ტანჯვას, რადგან ეს პროფესია ვიცი ჩემი არაა. ჩემი თითოეული დღე იმაზე ფიქრით იწყება, რომ რაღაც შეიცვლება. მე წავალ, მე წავალ სადმე, სადაც ვიპოვნი ჰარმონიას.

ერთხელ, ცოტა გულახდილი საუბარი მქონდა ერთ-ერთ ბიჭთან, რომელმაც სულ გადამრია ისეთი რამ მითხრა: "აუ შენ ისეთი ნაშა ხარ ტო, რა ტანი, რა ფეხები, რა ლამაზი ხარ, რა თავი უნდა დაანებო, სანამ ვიდზე ხარ იმუშავეო". არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ გავუღიმე, მარა მერე დავფიქრდი. დავფიქრდი და მივხვდი, რაოდენ გაიგივებული ვარ თოჯინასთან. უბრალო თოჯინა ვარ, თოჯინა, რომელიც რეალურად სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს.

მახსოვს როგორ ვიბრძოდი ჩემი გენდერის გამო, და რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემი სხეული გადავაქციე იმ გენდერის შესაფერისად, რაც შიგნით ცხოვრობდა, რაც და ვინც, თუმცა, სულ სხვა მოლოდინები მქონდა. მოლოდინი საყვარელი მამაკაცის და მის გვერდით ბედნიერი თანაცხოვრების. არ ვიცი მოლოდინები რატომ არ გამიმართლდა.

ხშირად მომისმენია საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება სექს მუშაკების მიმართ, არც ვამართლებ და არც ვამტყუნებ, მე მჯერა რომ ეს საჭიროებიდან გამომდინარე ხდება, თუმცა იმის გამო, რომ ეს მინუსი დავმალო არ ვარიდებ თავს ამაზე საუბარს.

მოსაღამოვდა. გამწარებული, სწრაფად ვიკეთებ ახალ მაკიაჟს. აგერ მობნელდა ნელნელა, "ცოტა დავლიოს" პრინციპით ვიწყებ სმას, იმ იმედით, რომ ვიქნები მეტად ნიჭიერი მსახიობი ეგრედ წოდებულ კლიენტთან, შეთრობის შემდგომ ვიძახებ ტაქსის, რომელსაც გულისყურით ვაკვირდები აივნიდან. თავდასხმის და ზოგადი ტრანსფობიური დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად ისე ვმოქმედებ, როგორც კარგი მესაზღვრე. მზვერავივით რენტგენს ვუტარებ მთლიანად კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას და როცა დავრწმუნდები, რომ ჩემი ჩასვლა, სადარბაზოდან გასვლა და ტაქსიმდე მისვლა უსაფრთხოა, მაშინვე გამალებით, აჩქარებული ნაბიჯებით, თავდახრილი მივემართები დაბლა. ამ თავდახრასაც თავისი მიზეზი აქვს. თმა წინ, სახეზე მეყრება და სახეს ვმალავ, თითქოს ვთავისუფლდები შიშისგან და სტრესისგან, ან ჩემი კომპლექსებისგან, რომელიც ხალხის მიმართ მაქვს. როცა მოვთავსდები ტაქსის უკანა სავარძელზე, თამამად ამოვისუთქებ. სად მივდივართ, მძღოლი მეკითხება. რა თქმა უნდა ვუთითებ ტრანსგენდერ ქალთა თავშეყრის ადგილს და მივემართები სხვა მეგობრების სანახავად...

არსად ამდენი ყალბი ურთიერთობები არაა, რამდენიც აქ. ძალიან კომიკურია, როდესაც დაო, დაოს ძახილში ცდილობ ზურგში დანის ჩამცემი ამოიცნო. შეიცნო, ამდენი ყალბი "დაო", ამდენი ყალბი ღიმილი, ამდენი არაფერი. სხვის ნააზრევს რომ არ უსმენენ, არ ითვალისწინებენ ერთმანეთის პოზიციებს. ძალიან რთულია აქ ადამიანების ნდობა, აქ ფეხის გადაბრუნების უფლება არ გაქვს, რადგან მარტივად მოირგებ ტოტიას როლს "ამოდის ნათდებადან". ცხადად ვხედავ, როგორ გლეჯენ ერთს დანარჩენები, და როდესაც რამდენჯერმე ამის შეცვლა მოვინდომე, მხოლოდ მტრები გავიჩინე... მტრები რომლებიც ელოდებიან სასურველ მომენტს, როდის გამანადგურებენ. აქ ყველას სხვისი ცუდი უხარია.

ერთი სიტყვით ეს საშინელი ადგილია, თუმცა მხოლოდ მაშინ აითვისებ, როცა გააცნობიერებ რომ სხვა გზა არ გაქვს... ღამე მალე გადის, არ ვიცი რატომ მაგრამ გადის... ამდენი უარყოფითი ენერგიით და ნეგატივით დამდძიმებული მოვდივარ შინ, ვჭამ... ეს ჭამაც დამავიწყდა. მახსენდება, როგორ მასწავლიდა დედა მაგიდასთან ქცევის წესებს, ჭამის კულტურას და ასე შემდეგ. ხანდახან ძალით ვაკეთებ წვნიან სადილებს, რომ სახლში ოჯახური აურა შევქმნა. დიდად დიასახლისი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, ვებღაუჭები ამ იდეას, რომ არ გავგიჟდე სრულად. თუმცა წონასწორობას ვინარჩუნებ რაღაც წვრილმანებით, ქოთნის ყვავილებით, სახლის მოვლით, სადილებით და კარგ ადამიანებთან ურთიერთობებით. ვიმედოვნებ ყველაფერი შეიცვლება. მინდა ცვლილებები საკუთარი თავიდან დავიწყო, ძალიან მინდა ამ წრეს გავერიდო, ამისთვის ძალებს არ ვიშურებ, მინდა გავხდე საზოგადოების ნაწილი და არ ვიყო ასე... ზოგადად ალბად გავა წლები და გამეცინება ამ პერიოდზე, თუმცა ვერც ცუდად გავიხსენებ. ერთი დადებითი რაც აქვს, არის ის, რომ ამან მომიტანა უსაზღვრო თავისუფლება. თავისუფლებაში ვგულისხმობ ყველაფერს.

ძალიან მინდა შვილი, ხშირად ვფიქრობ დედობაზე, პამპერსებზე, ბავშვის ჩანთაზე, სადაც პამპერსები და მაწვნის ბოთლი იდება, ვფიქრობ ბავშვის ჩასაცმელზე, რომელსაც განსხვავებული სუნი აქვს და ასევე ბავშვის სურნელზე, მის სუნთქვაზე ძილის დროს, ვფიქრობ როგორ მოვეპერები პატარა ფეხებზე, როგორ გავასეირნებ საბავშვო ეტლით, როგორ მოვკიდებ მკლავებში ხელს და საათობით არ დავიღლები ისე ავადგმევინებ ფეხს. ვფიქრობ მის პირველ სიტყვებზე და მის ყველა ქცევასა თუ მანერაზე, როგორ ჩავუკოცნი მთელს სახეს და ყელს, როგორ ეყვარება დედას... მე მას მთელს ცხოვრებას მივუძღვნი. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება ჩემს ცხოვრებაში უკეთესობისკენ. ძალიან მინდა ეს ყველაფერი. ისიც კი წარმომიდგენია, როგორ მივალ მშობელთა კრებაზე სკოლაში. შეიძლება ძალიან შორს ვფიქრობ, თუმცა ეს ძალიან მაწყნარებს და ჩემი რეალური ყოფის გადალახვაში მეხმარება.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია