ფოტო: ნეტგაზეთი (ფოტომანიპულაცია: Nattan)
გაბი - თავისუფლება სიცოცხლის რისკის ფასად
25 05 2018

გაბი ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი ტრანსგენდერი ქალია მათ შორის ვისაც ვიცნობ. სახელი სერიალ "პრისიონერას" მთავარი გმირის, გაბრიელას ხათრით დაირქვა, ისიც უსამართლობის მსხვერპლი იყო, ჩვენი ცხოვრება ამ კუთხით ერთმანეთს გავსო, მითხრა. ცხოვრება მის მიმართ მართლაც უსამართლოა. ბავშვობა კი ჰქონდა ლაღი და უზრუნველი - ლამაზ სოფელში ცხოვრობდა, დედა ცივ ნიავს არ აკარებდა, დასთან განსაკუთრებულად მეგობრობდა, სკოლაშიც კარგად სწავლობდა, მასწავლებლებსაც უყვარდათ და კლასელებსაც, მუდმივად მოწესრიგებული, გამოწკეპილი დავდიოდიო. სწავლითაც კარგად სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ბიჭი ქალაჩუნას ეძახდა, სკოლაზე და კლასელებზე ლაპარაკი მაინც უყვარს.

ამას წინათ ტრენინგზე მივდიოდით ერთად, გზად მისი სოფელიც გავიარეთ. დამანახა თავისი სახლისკენ მიმავალი გზა, მერე სკოლა, ეზოში აყვავებული ხე იდგა, რა ლამაზია თქო და ხო, მეც მიყვარდაო. ახლაც მიყვარსო, მერე დაამატა. რაღაცნაირად ცმუკავდა. სანამ იქაურობას არ გავცდით, ფანჯარას თვალი ვერ მოაშორა. სოფელში ახლაც ჩადის ხანდახან. ნახულობს მეზობლებს, ბავშვობის მეგობრებს, ვერ ნახულობს მხოლოდ დედას და ძმებს.

თავიდან, სანამ გავბედავდი და კაბას ჩავიცვამდი, დედაჩემს გეი ვეგონე, თუმცა პრობლემა ამის გამო არ შეუქმნიაო. ყველაზე მეტად ეგ უკვირს, გეი შვილი თუ მიიღო, ეს კაბა რაღა გახდაო. დედა დღემდე არ ცვლის გადაწყვეტილებას, რამდენჯერმე შეუთვალა, კაბას თუ გაიხდი, ისევ მიგიღებ, ისევ ჩემი შვილი იქნებიო. დას საშინელი ქმარი ყავს, სტალინის სურათებით აქვს მოფენილი სახლის კედლები და ჩემთან ურთიერთობას რომ უკრძალავს თავის ცოლს სულაც არ მიკვირსო. და, რომლის გარეშე ერთ საათსაც ვერ ძლებდა, უკვე წლებია არ უნახავს. ადრე დედას ატანდა დისშვილებთან საჩუქრებს. მერე სიძე მიხვდა, გაბის ხელი რომ ერია ამ საქმეში და ამ ფორმით ურთიერთობაც აეკრძალა.

სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში ჩამოვიდა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, თან მუშაობდა. ეს ის პერიოდია, დედას ჯერ კიდევ გეი რომ ეგონა და სახლში თავისუფლად მიესვლებოდა. მერე დედასთანაც აირია საქმე და ინსტიტუტშიც. ისე მოხდა, რომ სწავლა ვერ დაასრულა. სამსახურიც დაკარგა - უფროსმა გაიგო მისი ტრანსგენდერობის ამბავი და ან შენი ორიენტაცია, ან ჩვენო, ულტიმატუმი წაუყენა. გაბიმ არჩია ყოფილიყო ის, ვინც იყო; ის, რაზეც ჯერ კიდევ სოფელში მცხოვრები ოცნებობდა; ის, რისი ვერთქმის გამოც, თინეიჯერობაში რამდენჯერმე თავის მოკვლა სცადა და მიზეზიც ვერ გაამხილა. ჰოდა, ვეღარ გაუძლო, ყელში ამოუვიდა და ამდენი ხნის მალვის, ჩუმად, ღამ-ღამობით კაბით სიარულის მერე, ერთ დღესაც ხმამაღლა თქვა, რომ ქალია. და ნამდვილი ჰარდ როკიც სწორედ მაშინ დაიწყო - 10 წლის წინ.

ვეტერანი ტრანსგენდერი ხარ თქო, სულ ვეუბნები. მის მიმართ ჩადენილ სისასტიკეებს ვერ დათვლი. მაინც არ ჩერდება, სულ იბრძვის. უნდა, რომ ყველა მოძალადეს საკადრისი პასუხი გასცეს. საბოლოოდ თვითონ ზარალდება. ადრე უფრო ჩხუბობდა, ხელჩართულ ბრძოლაშიც კი ერთვებოდა ამ უცხო ხალხთან, ვინც აკითხავდა და უმიზეზოდ ურტყამდა. ბოლო დროს, ემოციების მართვა ისწავლა და მიხვდა, სხვანაირად ბრძოლაც რომ შეიძლება, თუმცა ყოველთვის არც ეს მეთოდი ჭრის და დამნაშავე მაინც დაუსჯელი რჩება.

სექს მუშაკია და ამას არც მალავს. სირცხვილი ქურდობა და სხვის კმაყოფაზე ყოფნაა, ვისაც როგორ შეუძლია, ისე შოულობს ფულს, მთავარია სხვა არ დააზარალოს - ესაა მისი პრინციპი. ერთხელ ბარში გაიცნო კაცი, რომელმაც სასმელზე დაპატიჟა, ყვავილები უყიდა, მომსახურების თანხაზეც შეთანხმდნენ. მერე თბილისის ზღვაზე წაიყვანა და ისე სცემა, რამდენიმე დღე კომაში იყო. საავადმყოფოში მოვიდა გონს. მანქანის ნომერი არ ახსოვდა, რამდენიმე კამერამ სახე კი დააფიქსირა, მაგრამ მოძალადე ბუნდოვნად ჩანდა და პოლიციამაც დიდად არ შეიწუხა თავი მისი ძებნით. შერჩა მოკლედ იმ კაცს ეს ამბავი, მერე რა, რომ გაბი რამდენიმე დღე სიკვდილს ებრძოდა.

ასეთი ისტორია ბევრი აქვს. სულ ისეთი კაცები მხვდება, დასაწყისში რომ კარგად მექცევიან და მერე სასიკვდილოდ მიმეტებენო. ერთ-ერთმა ჯერ სხვა მოძალადეებისგან დაიცვა, მერე სახლში დაპატიჟა თავისთან. შეთანხმდნენ ფასზეც, პირობებზეც. თავიდან კარგად იქცეოდა, მერე დათვრა, დაუცველი სექსი მოინდომა და უარი მიიღო. გაბიმ კიდევ ერთხელ გამოსცადა ძალადობა, ცემა, შეურაცხყოფა. მოძალადემ სახლის კარი ჩაკეტა და ტელეფონი წაართვა. საბედნიეროდ, მეორე, საგულდაგულოდ დამალული ტელეფონი ვერ უპოვა. მერე გვიან, კარგად გამომთვრალმა კაცმა რომ დაიძინა, გაბიმ მოახერხა პოლიციაში დარეკვა. ისიც არ იცოდა, სად იყო, მისამართი ქუჩაში შემთხვევით გამვლელს ფანჯრიდან ჰკითხა.

პატრული მოვიდა. კარის გასაღებად დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, მეზობლებმაც გაიგეს. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ იმავე სადარბაზოში მოძალადე კაცის სიდედრი და სიმამრი ცხოვრობდნენ. აურზაურის ხმაზე სიძეს შემოაკითხეს. გაბის ეჩხუბნენ, ოჯახის დამანგრეველი ეძახეს, თუმცა ტრანსგენდერი რომ იყო ვერ მიხვდნენ. გაბრიელამ უსმინა, უსმინა და ბოლოს პირდაპირ გამოუცხადა, ტრანსგენდერი ქალი ვარ, თვითონ მომაკითხა თქვენმა სიძემ, არავის ოჯახის დანგრევა ჩემს ინტერესებში არ შედისო. სიდედრ-სიმამრს პირკატა ეცათ. რაღა თქმა უნდა ის კაციც დაუსჯელად გამოძვრა ამ ამბიდან. გაბი კაი ხანს იშუშებდა სილურჯეებს და ნაცემ ადგილებს. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ასეთ საქმეს რეაგირების გარეშე არ ტოვებს, მოძალადეთა უმრავლესობა მაინც დაუსჯელი რჩება. ხშირ შემთხვევაში ეს დაუსჯელი ტიპები ისევ აკითხავენ, ისევ სცემენ და ისევ დაუსჯელები ბრუნდებიან სახლში, ზოგი ცოლ-შვილთან, ზოგი დედ-მამასთან და ზოგი კიდევ კაცმა არ იცის - სად.

ერთი შემთხვევა განსაკუთრებით მწარედ ახსოვს. მორიგი ტრანსფობიური თავდასხმის მერე, საავადმყოფოში წავიდა. სავარაუდოდ ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული. რამდენიმე მეგობარიც გაყვა. კლინიკაში დახმარება არ გაუწიეს, ტკივილისგან ვკვდებოდი და გამაყუჩებელიც კი არ გამიკეთესო. უთხრეს, რომ ადგილი არ ჰქონდათ და სხვაგან წასულიყო. უფრო მეტიც, ფოიეში რომელიღაც პაციენტის გულშემატკივრები თავს დაესხნენ და რაც იმ მოძალადემ დააკლო, იმათ დაუმატეს. საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლებმა ყურიც არ შეიბერტყეს, შემთხვევით მოსული სასწრაფო დახმარების ექიმები დაეხმარნენ. ისინიც ზედ მიაყოლეს გაბის, ამ პიდარასტს როგორ იცავთო.

საავადმყოფოები პირდაპირ უარს არ ამბობენ ტრანსგენდერი ადამიანების მიღებაზე, თუმცა დახმარებას არ უწევენ და ყოველთვის იმიზეზებენ ადგილის არქონას. გადაუდებელ დახმარებას, მოგეხსენებათ, პალატაში გამოყოფილი ადგილი არ სჭირდება. ეს მხოლოდ მიზეზია, რომ არასასურველი პაციენტი თავიდან მოიშორო. როგორც თვითონ ამბობს, თბილისში ერთადერთი საავადმყოფოა, სადაც შეუძლია მივიდეს და იცის, რომ დახმარებას გაუწევენ. დანარჩენი კლინიკების ექიმებს კი ტრანსგენდერი ადამიანებიც და ჰიპოკრატეც სულ ფეხებზე კიდიათ. მოკლედ, ასეთი ამბავი იმდენჯერ მომხდარა, აღარც უკვირს. ის უფრო გასაოცარია, ვინმე თუ დაეხმარება.

ეს ქალაქი მაინც უყვარს, არ უნდა აქედან წასვლა და საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადახვეწა. ერთი გეგმა აქვს: ყველაფერს ვიზამ, რომ ეგ გამომივიდესო. გერმანიაში იურიდიულზე ჩავაბარებ, ვისწავლი, ჩამოვალ და ჩემნაირ გაჭირვებულებს იქნებ რამეში გამოვადგეო.

ოჯახის წევრები ადრე უფრო ენატრებოდა. მერე ნელ-ნელა შეეჩვია, უფრო სწორად, შეეგუა იმ ფაქტს, რომ ისინი აღარ არიან. ფიზიკურად კი არიან, მაგრამ მისთვის არა.

ყველაფერს რომ თავიდან ვიწყებდე, მაინც ასე მოვიქცეოდიო, ამბობს. ყველაზე დიდი ბედნიერება ზუსტად ის თავისუფლებაა, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობ, დიდხანს გამხელას ვერ ბედავ, მერე ერთხელაც იტყვი და ამოისუნთქებ. ამ "ამოსუნთქვას" კი მოყვება ბევრი იმედგაცრუება და ტკივილი, მაგრამ როგორც ერთმა კარგმა კაცმა თქვა ერთხელ: "Find what you love and let it kill you".

ბლოგის კონცეფცია

ტრანსფობიას, და ზოგადად ყველანაირ ფობიას, არაფერი ისე არ კვებავს და აძლიერებს, როგორც ინფორმაციის ნაკლებობა და მიზანმიმართული სიძულვილის პროპაგანდა. სწორედ ამიტომ, 2015 წელს WISG-ში "ტრანს ნარატივების" იდეა გაჩნდა - ტრანსგენდერმა ადამიანებმა საკუთარი მძიმე ცხოვრების შესახებ შეულამაზებლად და რეალისტურად დაიწყეს ამბების მოყოლა, რომლებიც კრებულში გაერთიანდა. მაგრამ სიძულვილის, აგრესიის და ძალადობის შესახებ ისტორიებს ბოლო არ აქვს.

ამიტომ გადავწყვიტეთ "ტრანს-ამბების" რუბრიკა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მეინსტრიმ მედიისთვის ძირითადად ერთჯერადი, იაფფასიანი სენსაციის წყაროა. ნინო კალანდია ამ ბლოგპოსტების სერიაში ტრსანსგენდერ ადამიანებს მოიწვევს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ამბებს ჩაიწერს და მორალისტური შეფასებების გარეშე მოგიყვებათ როგორ უმკლავდებიან ბანალობად ქცეულ სისასტიკეს, აგრესიას და გარიყულობას ადამიანები, რომლებსაც ასეთი ბედი მხოლოდ საკუთარი იდენტობის გამო ერგოთ;

ამბავი იმდენია, რომ სერია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ ზოგიერთი პოსტი იქნება თემატური და შეეხება ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემებს - იქნება ეს სექს-მუშაკობის გამოცდილება, ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა, სასულიერო პირთა ძალადობის გამაღვივებელ "მორალთან" გამკლავება, თუ სახელმწიფოსთან ბრძოლა თანასწორი უფლებების მოპოვებისთვის.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან