ფოტო: ფოტოების ავტორი: ლევან დვალი
მონიკას ორი ცხოვრება
03 08 2018

ამას წინათ ფემინისტურ ფესტივალზე ვიყავი თელავში. მონიკასაც იქ შევხვდი - დიდი ხნის შემდეგ. ჩვენ ერთ ქუჩაზე გავიზარდეთ, მართალია ჩემზე ბევრად უმცროსია, მაგრამ ორივეს ბავშვობა იმ ერთ პატარა ქუჩასთანაა დაკავშირებული. უკვე დიდი ვიყავი, მე და ჩემი ბავშვობის მეგობრები ქუჩაში სირბილით აღარ ვირთობდით თავს, სხვა თაობის ჯერი იყო მოსული, იმ თაობის, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი მონიკა იყო, მაშინ ჯერ კიდევ მიშო - პატარა, ციმციმა თვალებიანი ბავშვი, რომელიც ყველას უყვარდა, მეგობრებსაც, მეგობრების მშობლებსაც და ისე, ნეიტრალურ მეზობლებსაც.

მერე მე დამოუკიდებლობას ვეზიარე, საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე და მონიკაც მას მერე აღარ მინახავს. მისი ერთ-ერთი მეგობრის დედა ჩემი მეგობარია და მისგან ვიგებდი ხოლმე მიშოს ამბებს, როგორი კარგია, როგორი კეთილი, რომ ასეთი გულღია და ალალი ადამიანები ცოტანი არიან. ქამინგაუთის ამბავიც მისგან გავიგე. მონიკა დღესაც ზუსტად ისე უყვარს, როგორც მანამდე მიშო უყვარდა. არაფერი შეცვლილა, მარტო იმაზე ნერვიულობს, როგორ გაუმკლავდება ეს ბავშვი ამდენ სირთულესო. იქნებ მე და ჩემი ორგანიზაცია დავეხმაროთ თქო რომ ვუთხარი, წინადადება დამთავრებული არ მქონდა ტელეფონის ნომერი რომ ჩამაწერინა. დავურეკე და ამდენი წლის შემდეგ უკვე ტრანსგენდერ ქალ მონიკასთან აღვადგინე ურთიერთობა.

ქამინგაუთზე დიდხანს ფიქრობდა. ძნელია ასე ერთ დღეს ადგე და გამოაცხადო, მოემზადო იმისთვის, რომ ბევრი დაგკარგავს, ისეთებიც, რომლებიც იცი, რომ მოგენატრება, ისე მოგენატრება, რომ არ შეგრცხვება და სახალხოდაც იტყვი. მახსოვს ორი-სამი თვის წინ დაწერა დედა და მეგობრები მენატრებაო - ბევრნაირი კომენტარი მიიღო ამ სტატუსმა, ზოგი ამხნევებდა, ზოგი ეუბნებოდა, შენ თავს დააბრალე ყველაფერიო, თან იქვე დასძენდა კი მიყვარხარ, მაგრამ მეგობრებმა რომ დაგკარგეს შენი სულელური ახირების ბრალიაო.

სულ მინდა ხოლმე ვკითხო ამ ადამიანებს (ვისაც თან უყვარს და თან არ ემეტება ასეთი ამბისთვის) - მართლა ჰგონიათ, რომ ტრანსგენდერი ადამიანები გიჟდებიან თავგადასავლებზე და განსაკუთრებით ნეგატიურ ამბებზე? მოსწონთ ყველა რომ ლანძღავს, ზოგს რომ სცემენ, ზოგს კი საერთოდ კლავენ? აი ასე, გასართობად ხდებიან ტრანსგენდერები, თორემ მართლა გენდერულ იდენტობაში და ორიენტაციაში კი არაა საქმე?! მგონია, რომ შეუძლებელია მართლა ასე ფიქრობდნენ. ალბათ უფრო საკუთარ კომფორტზე ზრუნავენ, რომ მისიანი არ გაერიოს ამ "გაუგებრობაში", მერე ხალხი რას იტყვის? ამის მერე მაინც რომ ემეგობროს, ან ეკონტაქტოს, თვითონაც "იმნაირი" რომ ეგონოს ვინმეს?

ბავშვობის მეგობრებიდან ნაწილმა განაგრძო მასთან მეგობრობა, ნაწილმა შეწყვიტა კონტაქტი. როგორც მონიკამ მითხრა, ამის მიზეზად ტრანსგენდერობა კი არა, მისი სექს-მუშაკობა დაასახელეს - პირველ ხანებში, სახლიდან წამოსულს თავი რომ ერჩინა, მართლაც მოუწია კომერციულ სექსში ჩაბმა, თუმცა მალევე გამოჩნდა კარგი ვაკანსია, გაიარა გასაუბრება და დღეს თანასწორობის მოძრაობის თელავის რესურს ცენტის მენეჯერია. მონიკას ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ წარმატებული ადამიანი იყოს - ინტელექტიც, განათლებაც, ხასიათიც, თვისებებიც, გემოვნებაც და გარეგნობაც. კარგი ადამიანია და ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრს მიაღწევს. ამასწინათ ამბობდა, მე მშვიდი ცხოვრებისთვის ვარ გაჩენილი, მაგრამ ჯერ ამის დრო არ დამდგარაო, ახლა ბრძოლაა საჭირო და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მე და სხვა ტრანსგენდერებმა ეს სიმშვიდე მოვიპოვოთო.

დარწმუნებული ვარ ეს გოგო ბევრ რამეს შეცვლის, ისიც მგონია, რომ თავისი არაჩვეულებრივი ბუნების წყალობით ბევრ ჰომოფობს შემოაბრუნებს სააქაოდ. მონიკა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, პირველივე ნახვაზე დადებითად რომ განაწყობს ადამიანს. რომ ვუყურებ მშობლიურობის ისეთი განცდა მაქვს, სულ მინდა ჩავეხუტო და ვკოცნო. არ ვარ სუბიექტური, მართლა ასეთია - ნამდვილი, არაყალბი, ნათელი თვალებით და სიკეთით სავსე.

დედისთვის ეს ამბავი თავზარდამცემი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულად მეგობრობდნენ, მაინც ვერ მიიღო. საქმე იმანაც დაამძიმა, რომ საქართველოში არ იყო და ამხელა მანძილზე სახლს მოშორებული ქალი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა. მონიკასთვის ეს ალბათ ყველაზე მძიმედ გადასატანია. ხანდახან დედა კომენტარებს მაინც უწერს, მართალია გაბრაზებულს და არა ჩვეულს, როგორც ადრე, მაგრამ მე პირადად ეს კომენტარები, თუნდაც უარყოფითი, მაფიქრებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად შეურიგდება. სხვანაირად შეუძლებელია, ვერ გაძლებენ დიდხანს ერთმანეთის გარეშე. ეს რომ ვუთხარი, მომიყვა, თელავში გადმოსვლის მერე პერიოდულად რომ წერს და ინტერესდება რას ჭამს, როგორაა, ურჩევს წვნიანები მოიმზადოს, ჯანსაღად იკვებოს.

კარგად მესმის მონიკას დედის, მისთვის ალბათ მეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი. წარმომიდგენია, რამდენი ინერვიულა. ისიც მესმის, ახლა რომ გაბრაზებული და დაბნეულია. მონიკაც სწორად და ჯანსაღად აღიქვამს ამ რეაქციას, ამბობს, რომ დედამ ვერ გაუძლო საზოგადოების, მეგობრების, ნათესავების ზეწოლას და ისიც იცის, ცხოვრების რა რთულ ეტაპს გადის ახლა. თელავში სტუმრად რომ მივედი მასთან, მაშინ თქვა, რომ ძალიან დიდხანს იცხოვრა სხვების კომფორტისთვის, დიდხანს იწვალა და ეჭიდავა საკუთარ თავს. დადგა დრო, რომ თავის ბედნიერებაზეც იფიქროს. დედა მას ამ ბედნიერებაში არ შეეცილება. წარმომიდგენია, როგორ ენატრება, როგორ უნდა ჩაეხუტოს, ტანსაცმელი გაუსწოროს, თავისი გაკეთებული საჭმელი აჭამოს. ეს დროც მოვა და უფრო მალე, ვიდრე თვითონ ჰგონია.

მამამ საერთოდ არ იცოდა ტრანსგენდერი რას ნიშნავდაო, იცინის. რომ აუხსნეს და გაიგო რაც ხდებოდა, აღარ ისურვა მასთან ერთად ცხოვრება. სამაგიეროდ და მის გვერდითაა, არცერთი წუთით მიუტოვებია და ცდილობს შეუმსუბუქოს ის სირთულეები, რაც მონიკას აღიარებას მოჰყვა. ამასწინათ ფეისბუქზე სტატუსი დაწერა, ხო ასე მიყვარს, ხო ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ძაან მიტყდება ჩემზე მეტად რომ უხდება კაბებიო. აი ასე, ხუმრობით და იუმორით, ტრაგედიის და დრამის შექმნის გარეშე განაგრძობს მასთან ურთიერთობას. მონიკა სხვა ტრანსგენდერ ქალებზე ბედნიერია, იმიტომ, რომ ასეთი და ჰყავს.

იმ ადამიანებს, ვინც მიყვარს და ვინც დღეს ჩემ გვერდით არაა, როგორც არ უნდა მლანძღონ, ათეულობით წლების მერეც რომ მოვიდნენ, მაშინვე დამავიწყდება ყველაფერი და მივიღებო. ზუსტად ეგრე იქნება, გაექანება და ჩაეხუტება, როგორც ჩვევია. საყვედურსაც არ ეტყვის.

მონიკას ბავშვობის მეგობრებს მეც ვიცნობ. ძალიან მიხარია, რომ ნაწილი დღემდე განაგრძობს მასთან მეგობრობას. მიხარია კი არა, ვამაყობ მათით. დანარჩენები, გაბრაზებულები და ნაწყენები რომ არიან, იმათაც ენატრებათ, ვიცი. ხოდა, ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი თუ სექს-მუშაკობა იყო, წარსულს ჩაბარდა ეგ ამბავი, მენეჯერია ქალი და დაურეკეთ თქვე კაი ხალხო, მოიკითხეთ, იცით რა მაგარი მეგობარი გყავთ?

ბლოგის კონცეფცია

ტრანსფობიას, და ზოგადად ყველანაირ ფობიას, არაფერი ისე არ კვებავს და აძლიერებს, როგორც ინფორმაციის ნაკლებობა და მიზანმიმართული სიძულვილის პროპაგანდა. სწორედ ამიტომ, 2015 წელს WISG-ში "ტრანს ნარატივების" იდეა გაჩნდა - ტრანსგენდერმა ადამიანებმა საკუთარი მძიმე ცხოვრების შესახებ შეულამაზებლად და რეალისტურად დაიწყეს ამბების მოყოლა, რომლებიც კრებულში გაერთიანდა. მაგრამ სიძულვილის, აგრესიის და ძალადობის შესახებ ისტორიებს ბოლო არ აქვს.

ამიტომ გადავწყვიტეთ "ტრანს-ამბების" რუბრიკა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მეინსტრიმ მედიისთვის ძირითადად ერთჯერადი, იაფფასიანი სენსაციის წყაროა. ნინო კალანდია ამ ბლოგპოსტების სერიაში ტრსანსგენდერ ადამიანებს მოიწვევს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ამბებს ჩაიწერს და მორალისტური შეფასებების გარეშე მოგიყვებათ როგორ უმკლავდებიან ბანალობად ქცეულ სისასტიკეს, აგრესიას და გარიყულობას ადამიანები, რომლებსაც ასეთი ბედი მხოლოდ საკუთარი იდენტობის გამო ერგოთ;

ამბავი იმდენია, რომ სერია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ ზოგიერთი პოსტი იქნება თემატური და შეეხება ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემებს - იქნება ეს სექს-მუშაკობის გამოცდილება, ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა, სასულიერო პირთა ძალადობის გამაღვივებელ "მორალთან" გამკლავება, თუ სახელმწიფოსთან ბრძოლა თანასწორი უფლებების მოპოვებისთვის.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი