ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/თანასწორობის მოძრაობა
ამბავი კაცისა, რომელიც, შემთხვევით, ქალის სხეულში დაიბადა
09 11 2018

დიდი ხანია მინდა ბარტზე დავწერო. გამორჩეული ადამიანია. სანამ გავიცნობდი, მანამდეც სულ მესმოდა მის შესახებ. რომ დავურეკე და ვუთხარი, ბლოგის დაწერა გადავწყვიტე შენზე, წინააღმდეგი თუ არ ხარ თქო, სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ დიდხანს მალოდინა. მუდმივად დაკავებულია, სულ რაღაცას აკეთებს. სულ იქაა, სადაც ვიღაცას უჭირს. თემის წევრის გამო, ბევრჯერ, საკუთარი საქმე გადაუდია. მისი იმედი ყოველთვის აქვთ.

აქტივიზმში დიდი ხნის წინ ჩაერთო, საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა 17 მაისი და ბევრი სხვა უსამართლობაც. მიაჩნია, რომ ყველაფრის მიუხედავად, უნდა იბრძოლოს და ყოველთვის დაიცვას საკუთარი და სხვების უფლებები. ასეც არის - დღემდე. პირველად როცა შევხვდი, უსაფრთხოების ტრენინგზე ვიყავით, სამი თუ ოთხი დღე ვუყურებდი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა სხვებთან, როგორ ზრუნავდა, რომ თემის წევრი, რომელიც დანარჩენებს არ იცნობდა, მარტო არ დარჩენილიყო.

ადვილი ცხოვრება არც ადრე ჰქონდა და არც ახლა აქვს. მისი თინეიჯერობა გასული საუკუნის 80-იან წლებს დაემთხვა, იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირში "სექსი არ არსებობდა", როცა ყველასთვის რთული იყო ცხოვრება - შეზღუდული თავისუფლება, დაწესებული ტოტალიტარული ნორმები. ბარტისთვის, ადამიანისთვის, რომელსაც არც კი ახსოვს როდის გააცნობიერა თავისი იდენტობა, ეს ყვეალფერი ორმაგად რთული იყო. ამბობს, რომ ეს მასთან ერთად დაიბადა - იდენტობა თანდაყოლილია და რამდენიც არ უნდა გებრძოლონ, მთელი დედამიწა შენს წინააღმდეგ რომ წავიდეს, მაინც ვერაფერს შეცვლი.

ბავშვობაში, დედა ადრიანად მიდიოდა სამსახურში, ტანსაცმელს გამზადებულს უტოვებდა და ბაღში მამას მიჰყავდა. წლების მერე მამამ მოუყვა, როგორ უკვირდა, დედა სულ შარვლებს რომ უტოვებდა დილით ჩასაცმელად, სანამ ერთხელაც დროზე ადრე არ გაეღვიძა და არ დაინახა, როგორც ცვლიდა ბარტი დედის დატოვებულ კაბას შარვლით. პირველად გოგო რომ შეუყვარდა მესამე კლასში იყო. სულ მასთან უნდოდა ყოფნა. ყოველთვის ბიჭივით გამოიყურებოდა და თუ თვითონ არ იტყოდა სქესს, ვერავინ ხვდებოდა.

ოჯახთან ქამინგ-აუთიც მისი ქცევიდან გამომდინარე მოხდა. ასე, სპეციალურად, არასდროს დამჯდარა და უთქვამს - დედა, მამა, მე ბიჭი ვარ. მშობლები ამას ისედაც ხვდებოდნენ. თავიდან დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ამ ამბავს, ნიკუშა რომ დაირქვა, ესეც ბავშვური თამაში ეგონათ. მეოთხე კლასში გოგოს მოტაცება გადაწყვიტა, ბიძაშვილმა შესთავაზა, ცხენით მივაკითხოთო. ასე ცხენზე ამხედრებულები გაემართნენ მისი სახლისკენ, თუმცა გოგო სადღა უნდა დაესვათ ამაზე არცერთს უფიქრია.

ბევრი ცუდი მომხდარა მის ცხოვრებაში. ცდილობს დაივიწყოს ეს ამბები, რომ ადამიანების პატიება შეძლოს. ხშირად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, უცნობი ადამიანები მისულან და უკითხავთ სქესი, - აი, მეგობრები დავნაძლევდით და გვითხარი, გოგო ხარ თუ ბიჭიო. თავიდან პასუხობდა, ხან ისე, ხან ასე, გააჩნია როგორ ხასიათზე იყო. როცა წამოიზარდა, უკვე აღიზინებდა ეს განსაკუთრებული ინტერესი. მაშინ მთელი ქვეყანა ისეთ ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, სიტყვა ტრანსგენდერიც კი არ გაეგო და რადგანაც საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი არ ჰქონდა, თავი ლესბოსელი ეგონა, მაგრამ იმას ვერაფრით ხსნიდა, თუ ლესბოსელი იყო, კაცად ყოფნა რატომღა უნდოდა.

ტრანსგენდერის ცნება და არსი პირველად 2006 წელს გაიგო. მაშინ დალაგდა მისთვის ყველაფერი და მიხვდა, რომ ტრანსგენდერი კაცია. 17 წლის ასაკში შეყვარებულ გოგოსთან ერთად სახლიდან რომ გაიპარა, მშობლები მიხვდნენ, რომ ეს ბავშვური გართობა აღარ იყო. სახლში დააბრუნეს. და დაიწყო გაუთავებელი ვიზიტები ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან, სექსოლოგებთან.

ახსოვს პირველად სექსოლოგის ოთახში რომ შევიდა, მის მაგიდაზე თავისი დღიური დაინახა. ექიმი დიდხანს ელაპარაკა, მერე მშობლებს დაუძახა და უთხრა, რომ არსებობს ორი გამოსავალი - ერთი, სქესის შეცვლა, რომელიც იმ დროს ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო შესაძლებელი და 5000 მანეთი ჯდებოდა, ან მეორე - 6 თვე ყოველდღიური 2 საათიანი ვიზიტები მასთან და, თუ ამ გზას აირჩევდნენ, მშობლებს დაპირდა, კურსის დასრულების მერე ისეთ ქალს გაგატანთ სახლში, ქართლის დედას შეშურდებაო.

იქიდან ისე წამოვიდნენ, მშობლებისთვის არაფერი უთქვამს. 5000 მანეთი ადვილი საშოვნელი არ იყო და ეს კარგად იცოდა. რომც ჰქონოდა მის ოჯახს ამდენი ფული, სქესის შეცვლის ოპერაციაზე თანხმობა მის შეყვარებულს უნდა განეცხადებინა. გადაწყვიტა, რამენაირად შეეტყობინებინა მისთვის ეს ამბავი. ნახვას ვეღარ ახერხებდა, ისიც მშობლებმა გამოკეტეს სახლში, მაგრამ მაინც წავიდა. მამა ერთ-ერთ გაჩერებაზე დახვდა, ავტობუსიდან ჩამოსვა და დაპირდა, მე თვითონ მიგიყვან იმ გოგოს სახლშიო. გოგომ თანხმობა განაცხადა. მამისთვის ეს ამბავი იმდენად შოკისმომგვრელი იყო, მეორე დღესვე ფსიქიატრთან გააქანა. და ბარტი მიხვდა, რომ მშობლების სიტყვები, შენ როგორც გინდა ისე მოვიქცევითო, ფარსი იყო და მეტი არაფერი. მათ უბრალოდ ვერ დაუშვეს, რომ შეყვარებული გოგო სქესის შეცვლაზე დათანხმდებოდა. ფსიქიატრი ძალიან საყვარელი ბაბუა იყოო, ამბობს. ცოტა ხანს მელაპარაკა და მერე ჩემს მშობლებს უთხრა, მგონი ეს ყველაზე ნორმალურია ჩვენ შორის, ვინც ახლა ამ ოთახში ვსხედვართო.

ოჯახი მაინც უყვარს. ფიქრობს, რომ სახლი არის ადგილი, სადაც ყველაფერ უარყოფითს თავი უნდა შეაფარო; რომ ოჯახის წევრებმა უნდა დაგიცვან საზოგადოებისგან, რომელიც გამუდმებით თავს გესხმის; რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთზე უნდა იზრუნონ. 18 წლის ასაკში, სწორედ ოჯახის გამო წავიდა კომპრომისზე და ცოლად გაყვა კაცს, რომელიც არ უყვარდა და რომელთანაც არაფერი ჰქონდა საერთო. იმას ისე ვუყვარდი, ოღონდ მასთან მეცხოვრა და თანახმა იყო, მის სახლში ჩემს შეყვარებულს შევხვედროდიო. ბარტისთვისაც იმდენად ძლიერი იყო შეყვარებულის ნახვის სურვილი, რომ გადაწყვიტა თავისი სხეული ჰეტერო კაცისთვის დაეთმო.

მისმა გათხოვებამ შეყვარებულის მშობლები დაარწმუნა, რომ საფრთხემ გადაიარა, შვილს შინაპატიმრობა მოუხსნეს, რამაც კიდევ უფრო ადვილი გახადა მათი შეხვედრები. თუმცა იმდენად დიდი სტრესი იყო ქმართან ერთად ცხოვრება, 6 თვეზე მეტხანს ვერ გაძლო. სახლში დაბრუნებულს ყოველდღე ესმოდა მშობლების საყვედურები, როგორ ჭრის თავს ოჯახს, პაპა ყოველდღე ტიროდა, უბანში თავი არ გამომეყოფაო. იძულებული გახდა ისევ ქმართან დაბრუნებულიყო იმ პირობით, რომ სექსი არ ექნებოდათ. შეყვარებულის მშობლებმა როგორღაც გაიგეს მათი განახლებული ურთიერთობის შესახებ და შვილი დასასვენებლად სხვა ქალაქში გაუშვეს. ბარტმა ცოტა ხანში გაიგო, რომ მისი საყვარელი გოგო გათხოვდა. 9 თვე მის შესახებ არაფერი სმენია. ეს ყველაზე მძიმე პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.

დაორსულდა და გააჩინა პატარა გოგო. შვილთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ის ყოველთვის, ცხოვრების ყველა ეტაპზე მის გვერდითაა, მიაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერი და თუ ამ ბედნიერებას იპოვი, არავის გამო ამაზე უარი არ უნდა თქვა. გათხოვებას არ ნანობს, რადგან დაყვა მშობლების ნებას, სცადა "ნორმალური" ცხოვრება და მიხვდა, რომ მისთვის ეს არ იყო ნორმალური, მიხვდა, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს, რომ მშობლების და სხვების ცხოვრებით არ უნდა იცხოვრო, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ისე დაგაგნგრევს, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, ფეხზე ადგომაც ვეღარ შეძლო. შეურაცხყოფის, მორალური და ფიზიკური ზიანის მიუხედავად, მშობლები უყვარს.

2011 წელს სახელი ოფიციალურად შეიცვალა. ერთი წლის მერე მის სახლში მივიდა საარჩევნო ფურცელი. მამამ დაურეკა და უთხრა, რომ მას არ ყავს შვილი სახელად ნიკოლო და რომ ის მისთვის მკვდარია. დიდხანს უხსნიდა მამას, რომ ის არ შეცვლილა, არ შეცვლილა მისი არსი, ისევ მისი შვილია და არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა, მაინც მისი შვილი იქნება. მამამ ტელეფონი გაუთიშა. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში კი დაურეკა და ნიკოლოზობა მიულოცა. ეს ჩემთვის ძალიან დიდ რამეს ნიშნავდაო, ამბობს.

ამდენი წელი გავიდა, თითქოს ადამიანების ცნობიერებაში რაღაც შეიცვალა, მაგრამ ეს ცვლილება იმდენად უმნიშვნელოა, ისევ ისე სტკივა, როგორც ადრე. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ვეღარავინ მივა მასთან ქუჩაში და ჰკითხავს ქალია თუ კაცი. იმიტომ არა, რომ შეიგნეს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა რომ სწორი საქციელი არაა, იმიტომ, რომ ეჭვი აღარ გაუჩნდებათ. იმასაც ფიქრობს, რომ საქართველოში ტრანსგენდერი ქალების მიმართ უფრო დიდი აგრესიაა, ვიდრე ტრანსგენდერი კაცების მიმართ; რომ ჩვენს ქვეყანაში კაცები ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობენ, რომ ჰკითხო ქალებს პატივს სცემენ, მაგრამ ცოლი ნივთი ჰგონიათ, რომელსაც მხოლოდ შვილების გაჩენა და მათი მომსახურება ევალება. უპირატესად მიიჩნევენ თავს. ამიტომ მათთვის ქალების მცდელობა გახდენენ კაცები და დაემსაგსონ მათ, უფრო მისაღებია. ტრანსგენდერი ქალები კი მათთვის არარაობას წარმოადგენენ, რადგან ბუნებამ კაცობა უბოძა, ისინი კი ცდილობენ ქალებს დაემსგავსონ და უფრო "დაბალ სოციალურ ფენაში" გადაინაცვლონ. ეს მათ კაცურ თავმოყვარეობას შეურაცხყოფს.

სექს-მუშაკი ტრანსგენდერი ქალების კლიენტი მამაკაცები ღამე მათ სტუმრობენ, დღისით - ლანძღავენ. ასეთ კაცებს ხშირად კომპლექსები სტანჯავთ, საკუთარი მამაკაცობა ბოლომდე არ აკმაყოფილებთ. ბევრი კლიენტი ქალებს მომსახურების შემდეგ სცემს, მერე სახლში ჭიქით ხელში ქალის, ცოლის, დედის სადღეგრძელოს სვამს, ღამე ისევ ტრანსგენდერებს აკითხავს და ასე არეულები, საკუთარ კომპლექსებში აბლანდულები ატარებენ ცხოვრებას.

საბედნიეროდ, ქალი, რომელთანაც ბარტი დღემდე ცხოვრობს, სწორედ ის გოგოა, წლების წინ ნახვას რომ უკრძალავდნენ, მშობლები რომ სახლში კეტავდნენ და იძულებით გაათხოვეს კიდეც, ოღონდ ბარტისთვის ჩამოეშორებინათ. 9 თვიანი განშორების შემდეგ ისევ შეხვდნენ და მას მერე ერთად არიან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ზრდასრული ადამიანი იყო და სრული უფლება ჰქონდათ, თავად განეკარგათ საკუთარი ბედი, მაინც ბევრი სირთულე შეხვდათ. მაგრამ ვერც წლებმა და ვერც ამდენმა გააფთრებულმა წინააღმდეგობამ მისხალი ვერ მოაკლო მათ სიყვარულს. ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევაც ესაა, 29 წლის წინანდელ სიყვარულს კბილებით რომ გაიტან, ცოცხალი თავით რომ არ დათმობ, დამცირებასაც აიტან, ლანძღვასაც, როცა სხვა გზა აღარ გაქვს, მოიტყუები კიდეც, და მაინც მასთან იქნები.

ბლოგის კონცეფცია

ტრანსფობიას, და ზოგადად ყველანაირ ფობიას, არაფერი ისე არ კვებავს და აძლიერებს, როგორც ინფორმაციის ნაკლებობა და მიზანმიმართული სიძულვილის პროპაგანდა. სწორედ ამიტომ, 2015 წელს WISG-ში "ტრანს ნარატივების" იდეა გაჩნდა - ტრანსგენდერმა ადამიანებმა საკუთარი მძიმე ცხოვრების შესახებ შეულამაზებლად და რეალისტურად დაიწყეს ამბების მოყოლა, რომლებიც კრებულში გაერთიანდა. მაგრამ სიძულვილის, აგრესიის და ძალადობის შესახებ ისტორიებს ბოლო არ აქვს.

ამიტომ გადავწყვიტეთ "ტრანს-ამბების" რუბრიკა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მეინსტრიმ მედიისთვის ძირითადად ერთჯერადი, იაფფასიანი სენსაციის წყაროა. ნინო კალანდია ამ ბლოგპოსტების სერიაში ტრსანსგენდერ ადამიანებს მოიწვევს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ამბებს ჩაიწერს და მორალისტური შეფასებების გარეშე მოგიყვებათ როგორ უმკლავდებიან ბანალობად ქცეულ სისასტიკეს, აგრესიას და გარიყულობას ადამიანები, რომლებსაც ასეთი ბედი მხოლოდ საკუთარი იდენტობის გამო ერგოთ;

ამბავი იმდენია, რომ სერია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ ზოგიერთი პოსტი იქნება თემატური და შეეხება ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემებს - იქნება ეს სექს-მუშაკობის გამოცდილება, ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა, სასულიერო პირთა ძალადობის გამაღვივებელ "მორალთან" გამკლავება, თუ სახელმწიფოსთან ბრძოლა თანასწორი უფლებების მოპოვებისთვის.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან