: ასია ბაზდირიევა
ასია ბაზდირიევას ომის დღიურები (თარგმანი)
07 04 2022

ასია ბაზდირიევა კიევში მცხოვრები მკვლევარი და ხელოვნების ისტორიკოსია. ის Geocinema-ს კოლექტივის წევრია, დოკუმენეტური კვლევითი პროექტის, რომელიც შეისწავლის ინფტრაქტრუქტურებს და დედამიწის შემსწავლელ მონაცემებს, როგორც კინოს ფორმას. ომის პირველ დღეებში ასიას დღიურს შემთხვევით გადავეყარე ინსტაგრამზე და მას შემდეგ ის ჩემთვის ამ ომის ისტორიის ერთ-ერთ მთავარ მთხრობელად იქცა. ხშირად ვუზიარებდი ხოლმე ასიას დღიურების სქრინებს ქართველ, გერმანელ და უკრაინელ მეგობრებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი აზრები იყოფოდა სხვადასხვა თემაზე, მაგალითად დეკოლონიალიზაციაზე, ნაციონალიზმზე. ასია ხშირად მარტივ სიტყვებს პოულობს ამ ახლართული ცნებების ერთმანეთისგან განსაცალკევებლად და გასარკვევად. როდესაც გავიგე, რომ მისი დღიური ესტონურად და რუმინულად ითარგმნა, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ქართულადაც გვქონოდა ამ დიდ და საერთო ომში პატარა წვლილის შესატანად.

ანა ჭეიშვილი, მთარგმნელი

ეს გვერდი განახლებადია დღიურის წარმოების და მისი თარგმნის მიმდინარეობის პარალელურად (რედ. შენიშვნა)


24 თებერვალი 2022

დილის 5 საათი

აფეთქებების ხმაში გამეღვიძა. არ ვიცი, რა ვქნა. ისე საშინლად ვკანკალებ; რთულია, ამ ტექსტის აკრეფა.


10:13

თუ ახლა კიდევ რომელიმე მემარცხენე ან ვინმე სხვა ისევ ფიქრობს, რომ რუსეთისგან დემოკრატიისადმი მომდინარე საფრთხე ნეოლიბერალიზმის შეთხზულია; და ასევე ისინი, ვინც ჯერ ისევ თეთრ პალტოებში დგანან და ამერიკულ იმპერიალიზმზე, ნაციონალიზმზე და ა.შ. ლაპარაკობენ.

გთხოვთ, დამაანფოლოუეთ და აღარასდროს დამელაპარაკოთ.

ამ ძალიან გრძელი და მტანჯველი დღის ბოლოს, თავშესაფარში ანუ სარდაფში ჩანაწერებს ვაკეთებ. კონიაკი, ვიღაცისთვის "შფოთვის შემამსუბუქებელი", საყვარელი ზურგჩანთა, რომელსაც "სიყვარული" აწერია და რაც მთავარია, კატები გვერდში მიდგანან.

Ukraine to the moon and back

25 თებერვალი, 2022

დილის 5:15

ამ წამს უკრაინა იბრძვის მ ა რ ტ ო დიდი იმპერიალისტური, ფაშისტური, ბოროტმოქმედი სახელმწიფოს ანუ რუსეთის წინააღმდეგ. უამრავი უკრაინელი მოკლეს ბოლო 24 საათში; (და მე ისევ თავშესაფარში ვარ). ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს სახელმწიფოები საკმარისს არ აკეთებენ და სავარაუდოდ განზე გადგებიან. ისევე, როგორც ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში მოიქცნენ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძოდა, იმისთვის, რაც ჰუმანისტური პროექტის საწყისია. აქ არაფერ ახალს არ ვამბობ. მხოლოდ ვიმეორებ: სამყარო მხოლოდ აკვირდება, თუ როგორ ცდილობს რუსეთი მთელი ძალით უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, განადგურებას და არავითარ გადაწყვეტილებას არ იღებს.

დილის 08:56

გამოფიტული და ძალიან შეშინებული ვარ.


***

30 საათი ძილის გარეშე. აი ჩემი ახლანდელი საწოლი. აფეთქებების ხმას ვეჩვევი.

[შეტყობინების სქრინი]

ზმიინის კუნძულს საერთოდ არასდროს ვაპატიებ.
ისევე, როგორც სხვა ყველაფერს.

26.02.2022

დღე 3

მადლობას ვუხდი ყველას უკრაინის საზღვრების გარეთ, ვინც დემონსტრაციებზე გავიდა, ყველა პლატფორმა გამოიყენა სალაპარაკოდ, დრო დაუთმო იმის გაგებას, რომ ის, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს იმპერიალიზმში ვარჯიში და ომის დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩემი განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ბოლოსდაბოლოს აიღო პასუხისმგებლობა და უთხრა თავის მთავრობას, რომ არ სჭირდება რუსული გაზი ჩვენი სიცოცხლეების ფასად; ქართველებს, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს და თავის სახელმწიფოს აჩვენეს, რომ არ სჭირდებათ სახელმწიფო, რომელიც უკრაინას არ დაუჭერს მხარს (ისევე, როგორც ჩვენ დაგიჭირეთ მხარი, როცა რუსეთმა 2008 წელს საქართველოში ომი დაიწყო); მადლობა ყველას, ვინც ახლა უბიძგებს თავის სახელმწიფოს მოქმედებისკენ რუსეთის სვიფტიდან გათიშვით, ჩვენს ცაზე გადაფარებით, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნით, მადლობა საჯარო პირებს და ინფლუესერებს, რომლებმაც არაერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა უკრაინას - მის ხალხს და მის სუვერენულ სახელმწიფოს. გთხოვთ ყვითელი და ლურჯი ფერებით გააწყვეთ თქვენი კიბერ და საჯარო სივრცეები. განსაკუთრებული მადლობა რომის პაპს (პირველად ისტორიაში, ის პირადად მივიდა საელჩოში რუსებისთვის იმის სათქმელად, რომ ის, რასაც ისინი სჩადიან, კრიმინალია); ბორის ჯონსონს, რომელმაც ლაივში თქვა: Слава Україні; დევიდ ლინჩს (<3); ანონიმუსს, რომელიც კრემლის ვებ გვერდს დაესხა თავს; პორნჰაბს, რომელიც რუსებს ყვითელს და ლურჯს აჩვენებს პენისების და ვაგინების ნაცვლად.

თუ მარინა აბრამოვიჩმაც კი გამოყო დრო მხარდასაჭერი მესიჯის ჩასაწერად. ე.ი. შენც რამე უნდა ქნა.

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

ყვითელი და ლურჯი არ არის ნაციონალიზმის სიმბოლო! 2013-14 წლების მერე ის თავიდან განისაზღვრა, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლო. 22.02.2022-ის შემდეგ ეს იმპერიალიზმის, კოლონიალიზმის, ომის დანაშაულის და სუვერენულ სახელმწიფოზე მილიტარისტული თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. ეს არის სოლიდარობის სიმბოლო უკრაინელ ხალხთან, რომელიც ამჟამად ამ ყველაფერს მარტო ებრძვის.

მადლობა სოლიდარობისთვის და ნუ შეწყვეტთ მის გამოხატვას.

ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ ყოველი ცალკეული წართმეული სიცოცხლისთვის: ასეულობით ბოლო რამდენიმე დღეში, 15 000-ზე მეტი 2014 წლიდან. გაბრაზებული ვარ ჩვენი სახლებისა და ინფრასტრუქტურის განადგურების გამო. ჩვენი ცხოვრების და სამუშაო გეგმების მომავალი თვეებისთვის და წლებისთვის გადადების გამო. ეს ომი ჩვენს ქვეყანასა და ეკონომიკას კიდევ დიდი ხანი გააჩანაგებს და ჩვეულებრივი ოჯახები, როგორიც ჩემი ან ბევრი სხვა მუშათა კლასის ოჯახია, განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობენ მის შედეგებს.

Fun fact:

გუშინ თავდაცვის მინისტრმა ტელევიზორში ხალხს მოლოტოვის კოქტეილების გაკეთებისკენ მოუწოდა. ირონია იმაშია, რომ 2013-14 წლებში იგივე ადამიანები მოლოტოვის კოქტეილებს თავად თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ იყენებდნენ. მარტივი ლოგიკაა: ყველა, ვინც აქ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს ან ადამიანის უფლებებს ლახავს, ბოლოს მოლოტოვს მიიღებს.

ეს არის მაიდანი 2.0, მადლობა, რომ შემოგვიერთდით.


27 თებერვალი

ჩემი მეგობრები, რომლებიც ტექნო კლუბის მფლობელები არიან, ახლა ტერიტორიული მთლიანობის დაცვას უერთდებიან და კალაშნიკოვებით ხელში გადაღებულ ფოტოებს მიგზავნიან. როცა ომი დამთვრდება, დიდი რეივი იქნება. გპირდებით. მაგრამ ახლა არა.

27.02.2022

დღე მეოთხე

  • სრული 7 საათი მეძინა;
  • მივიტანე მასალები მოლოტოვებისთვის და სამედიცინო დახმარებისთვის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში
  • მცენარე უფრო დიდ ქოთანში გადავრგი
  • მერვეს გამოგზავნილი წიგნი ჩამოვტვირთე
  • ამ დღეებში პირველად შოკოლადი ვჭამე, ჩვეულებრივ ვილაპარაკე ტელეფონზე კატებზე და წიგნებზე; ზუმის ქოლი მქონდა, რომელზეც, თითქოს პარალელური სამყაროდანო, გავიგონე სიტყვები "ზღვარი" და "თაიმლაინი"

ქოლი მაინც ომს შეეხებოდა, როგორც კი სირენებმა საჰაერო თავდასხმა შეგვატყობინა, შევწყვიტე და ჩვენ სახლთან ახლოს მდებარე სანგარში დასამალად გავიქეცით.

28 თებერვალი

[შეტყობინების სქრინი]

- "ტაცის" მიხედვით დღეს ბერლინში 500 000 ადამიანი გამოვიდა! იმედი მაქვს, რომ ეს კოშმარი მალე დასრულდება.

- ეს ისტორიაა.

- და თუ არის რამე, რისი გაკეთებაც შემიძლია, მითხარი რა, გთხოვ.

- მადლობა. ამ ეტაპზე- სოლიდარობა, საჯარო პირების აქტიურობა, ფული უკრაინულ ფონდებს

- კი.

ვიცი, ბევრი არაფერია, მაგრამ ჰელსინკიში რამდენიმე დღის წინ ბოლო დროის ყველაზე დიდი დემონსტრაცია გაიმართა. გული მტკივა

- ეს ისტორიაა.

28.02.2022

დღე 5

* სირენები და სამხედრო თვითმფრინავები მომელანდა
* ნახევრად ჩაცმულს მეძინა
* დილის ხუთზე შფოთვის შეტევა მქონდა

მთელი დღე - უსარგებლო და დემორალიზებილი.

მაგრამ!

უმწეო მაინც არ ვარ, გადავწყვიტე, რომ დევნილი არ გავხდე (ჯერჯერობით). ჩემს ოჯახთან ერთად ვარ, ჩვენს ერთადერთ სახლში და მინდა აქ ვიყო, როდესაც რუსეთი დაეცემა.

1 მარტი

ხალხი - სხვადასხვა გენდერისა და კანის ფერის - საზღვარზე გაიჭედა; და მათ ყველას დაუსრულებლად უწევთ ლოდინი ამ ცივ ზამთრის ღამეებში. საელჩოებს და ადამიანებს შორის კარგი კოორდინაციაა საჭირო ამ უპრეცედენტო სიტუაციის მოსაგვარებლად.

ამავე დროს, გავიხსენოთ, რომ მილიონობით ადამიანს გაქცევა არ შეუძლია. ან მათი უფროსი ოჯახის წევრების გადაყვანაა შეუძლებელი, როგორც ჩემს შემთხვევაში ან ევაკუაციის და კოორდინირების საშუალება არ აქვთ. მიზეზები მრავალგვარია და ეს გადაწყვეტილება ხშირად მათი არჩევანს არ წარმოადგენს. ბევრია უბრალოდ საშუალოსტატისტიკური ადამიანი, იმდენად საშუალო, მედიაშიც ვერასდროს ნახავ, იმდენად საშუალო, ახალ ამბებსაც არ ქმნიან. გამოყავი სივრცე მათზე საფიქრალადაც, ახლა, როცა სიტუაცია თანდათან უფრო საშიში ხდება.

და დაუჭირე მხარი მათ, ვინც აქ დარჩა უკრაინის დასაცავად, იმისთვის, რომ სხვებს საკუთარ სახლში ცხოვრების საშუალებად ჰქონოდათ. მადლობა.

მაშინ, როცა მაღაზიებში დავდივარ ჩემი სახლის დაცვის გასაუმჯობესებლად, ამას ვპოულობ და სექსუალურად მეჩვენება (და შემდეგი სლაიდიც)

02.03.2022

დღე 7


ჩემი ცხოვრების ყველაზე უარესი კვირა იყო*

ჯერჯერობით

03.03.2022

დღე 8

არ დავპოსტავ მოკლული ბავშვების და მათი ოჯახების სურათებს. "გულსატკენი" არ არის შესაფერისი სიტყვა ამ ყველაფრის აღსაწერად. ეს უკვე სიტყვების და სახე-ხატების მიღმაა, ეს ბოროტმოქმედებაა. არ დავპოსტავ ამ სურათებს, იმიტომ რომ არ მგონია, რომ კიდევ უფრო მეტი ხალხის ტრავმირება გვიშველის, გარდა ამისა ბევრი შეიძლება სურათებს გადაახტეს კიდეც ამხელა ბოროტების წინაშე საკუთარი უსუსურობის განცდის თავიდან ასაცილებლად. გასაგებიც არის. პუტინის მთავარ ბოროტებად დანახვა ბევრისთვის მოსახერხებელია. მაგრამ ვინ უშვებს რაკეტებს, რომლებიც ჩვენს ქალაქებს ანგრევენ და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ? ვინ წერს უთვალავ პროპაგანდისტულ შეტყობინებას? ვინ აქვეყნებს? ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე ათწლეულებია, რაც თავისი წვლილი შეაქვთ ამ ძალადობის ვეებერთელა მანქანაში? ვინ ამრუდებს სიმართლეს? ვინ ხუჭავს თვალებს? ვის შეაქვს წვლილი ამ დროში გაწელილ ანდა მყისიერ დანაშაულში? ჩვეულებრივ ადამიანებს. გთხოვთ, სულ ნუ ჩამოართმევთ მათ საკუთარი აგენტობის ცნობიერებას მათი ამ ყველაფერში თანამონაწილეობისთვის გამართლების ძებნით. ბოროტების ბანალურობა. თქვეს, ძალიან დაგვიანებულია ჰანა არენდტის წაკითხვაო.

ჩემი ოჯახის ნაწილი რუსული წარმოშობის არის, რუსული ლიტერატურა ჩემი პირველი ყველაზე დიდი ვნებიანი გატაცებაა. ამ კულტურას ყველა მხრივ ვიცნობ. რუსეთში მიცხოვრია კიდეც და შეძრწუნებული ვიყავი (და ვარ!) კოლონიალისტური და იმპერიალისტური აზროვნების დაუსრულებელი შრეებით, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში, განსაკუთრებით კი კულტურის წარმობაში, აქვს ფესვები გადგმული. თუ როგორ ღიზიანდებოდნენ, როდესაც მათ მიერ კოლონიალური აზროვნების რეპროდუცირებაზე მივუთითებდი. ახლა ჩუმად არიან და გამართლებებს ეძებენ. ადვილზე ადვილია შენი საკუთარი პოლიტიკური გულგრილობა აბსტრაქტული და ინტერნალიზებული ავტორიტარული ფიგურის უკან დამალო (სანამ სხვები ხმამაღლა ლაპარაკის ძალას პოულობენ)

ახლა მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა, მოვითხოვ რუსი კულტურის მწარმოებლების ბოიკოტირებას, იმ შემთხვევის თუ თავისი პროგრამის დეკოლონიალური ლინზების მიღმა რეკონფიგურაციის ძალა არ შესწევთ. რუსული იმპერიის კისერზე წარსულშიც იყო (და ახლაც არის) არაერთი ადამიანის მიმართ ჩადენილი ეკოლოგიური, ჰუმანტირული და პოლიტიკური ძალადობა. ის ახშობდა იმათ ხმებს, ვინც საწინააღმდეგოს ამბობდა. როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა: როგორ უნდა ილაპარაკო ანთროპოცენზე, როდესაც შენი მთავრობა ჩერნობილს უმიზნებს? საჭირო არცაა იმის თქმა, რომ რუსული კულტურული წარმოება - მათი მოდერნულობის პროექტი - იმაზეა დაფუძნებული, რაც ბრუტალურად იქნა მოტაცებული სხვა ადგილიდან. რუსულმა კულტურულმა პროდუქციამ იგივე უნდა გააკეთოს, რაც გერმანიამ გააკეთა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - გათხაროს საკუთარი იმპერიალისტური მძღნერი, სხვა შემთხვევაში მეტი სისხლი იქნება.

გამოუცხადეთ ბოიკოტი რუსულ კულტურულ ინსტიტუციებს და მიეცით ხმა დეკოლონიურ მეცნიერებს, მწერლებს, არტისტებს და პოპულაციებს, რომლებიც მარგინალიზებულები არიან!

4 მარტი

ვისურვებდი, უკეთესი ახალი ამბები მქონოდა, მაგრამ ისევ აქ ვარ - ამ ყველაფრის მოწმე. ჯერ ისევ არ მიცდია გაქცევა. აშკარა საფრთხის და ლოჯისტიკური პრობლემების გარდა, გაქცევა ოჯახთან დამშვიდობებას ნიშნავს, შეიძლება საბოლოოდაც.

ამასობაში, ქალაქი ცარიელდება, ხალხი ცდილობს ომს თავი დააღწიოს. ბლოკ პოსტები, ყველგან, ცემენტის ბლოკები, ქვიშის ტომრები - მათი დანახვა სურათის მარჯვენა მხარეს შეგიძლიათ. ბევრმა თავის მანქანას "ბავშვები" დააწერა, რადგან ამ კვირაში რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ბავშვები, მანქანაში ჩაცხრილეს.

04.03.2022

დღე 9

იწყება "პროგრესული" დისკუსია მსოფლიოს დემილიტარიზაციის შესახებ და მინდა მათ ვუპასუხო, ვინც თავის შეშფოთებას გამოხატავს: როდის უნდა მოხდეს დემილიტარიზაცია, მას შემდეგ, რაც რუსი ფაშისტები მომკლავენ თუ მანამდე?

შესაფერისი სანქციები რომ ყოფილიყო 2014-16 წლებში, შეიძლება ეს ომი არც მომხდარიყო. ბიზნესები რომ არ ყოფილიყო...ნორდ სტრიმი რომ არ ყოფილიყო რუსეთის ნეოფაშისტური კამპანიის მიმართ ტოლერანტობისთვის გაცემული ჯილდო. აღარასდროსო თქვეს და ახლა სად არიან?

უკრაინამ 1994 წელს უსაფრთხოებისთვის თავისი ბირთვული იარაღი დათმო. ორი ქვეყანა, რომელმაც ბუდაპეშტის მემორანდუმს ხელი მოაწერა, ახლა უკრაინას თავს ესხმის. დანარჩენები სანახაობას ირგებენ. ნატოს კიდევ არ დაუხურავს ცა. თქვენ ახლა ფეხზე გვიკიდებთ.

[შეტყობინების სქრინი]

...დაპირისპირება, არა მხოლოდ ნაციის ნაციასთან და ხალხის ხალხთან, არამედ ფაშიზმის, კოლონიალიზმის, შოვინიზმის სამყაროსი დემოკრატიის და მრავალფეროვნების სამყაროსთან. ამიტომ აუცილებელია ამის დამარცხება. თქვენ კი არა, ჩვენ ყველას მიერ. და მაინც ისე გამოდის, რომ თქვენ ახლა მარტო ხართ და მთელი სამყარო თქვენ გიყურებთ. საშინელებაა, ასე არ უნდა იყოს. მაგრამ, რაც კიდევ უფრო საშინელია, რომ ბევრი რუსი ასე გულგრილად ეკიდება ომს, მხოლოდ საკუთარ ტყავზე დარდობენ და იმაზე სანქციები მასზე როგორ იმოქმედებს, ეს ისეთი სისასტიკეა. თავს გერმანიის ისტორიის წიგნში ვგრძნობ. გაგება, თუ როგორ მუშაობს ფაშისტური საზოგადოება მარტივად იქევა თეორიიდან რეალობად. რატომ იყო საჭირო ეს ომი, იმისთვის რომ გაგვეგო, რომ არ შეიძლებოდა....

04.03.2022

დღე 9

ახლა ასეთი რუტინა მაქვს: ერთი დღე პანიკაში ვარ, მეორე დღეს გამოვდივარ, ამის შემდეგ დღეს თანდათან ვცოცხლდები (გუშინ აზიდვები გავაკეთე და ისე ვიგრძენი თავი, როგორც იმ ფილმის პროტაგონისტმა, 20 წელი რომ უმიზეზოდ იყო დატუსაღებული.) დღეს პანიკის დღე იყო, ს-ს ველაპარე და მან შემომთავაზა, მასთან გადავსულიყავი. ამისთვის დაახლოებით 700 კილომეტრი ჰიჩჰაიკინგი და ამდენჯერვე ბლოკ პოსტი დამჭირდებოდა. თან თოვს. უსაფრთხოებას რაც შეეხება, შეიძლება ამან ბევრი არაფერი მომცეს, რადგან მისი სახლიც ახლოს არის რუსულ ჯარებთან, მაგრამ მას ერთი ბოთლი ღვინო და ოთხი ბოთლი არაყი მაინც აქვს, თან შერაცხადობასაც ინარჩუნებს. მაინც კარგი წარმოსადგენია.

***

ზამთარი დაბრუნდა. კატა დასდევს თაგვებს. ბელინგკეტის თქმით რუსკებს ახლა რესურსები შემოაკლდათ. ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას, მაგრამ ნიშნავს სიმშვიდეს კვირამდე. დღეს შაბათია - საკმარისი დრო! - ამიტომ ვაპირებ, მთელი დღე პიჟამოში ვიყო.

05.03.2022

დღე 10

ათი დღე, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ათი დღე კი არა, ათი წელია. მთელი ცხოვრების სამყოფი რისხვა გაჩნდა ამ დღეებში. და მეყოფა. თანდათან გავაცნობიერე, რომ ცხოვრება, რომელიც აქამდე იყო, დამთავრდა. თუმცა დევნილი არ ვარ (ჯერჯერობით) და კიდევ მაქვს იმედი, რომ უკრაინა მეტნაკლებად ჯანმრთელი იქნება - ყველაფერი მაინც სხვანაირია, სხვანაირი იქნება და მე გაშვება უნდა ვისწავლო. ჯერ ისევ უარს ვამბობ ამის გააზრებაზე, მაგრამ თუ ჩემი ბოლოდროინდელი აგრესია უსაზღვრო ტკივილზე მიუთითებდა, ღრმა სევდები, რომლებაც ახლა მომიცვა იმის ნიშანია, რომ მიმღებლობაც დადგება.

06.03.2022

დღე 11

რამდენიც სოციალურ მედიაზე შევდივარ, თავს უფრო და უფრო იზოლირებულად ვგრძნობ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქმის ყველა წავიდა. დიდი ხნით წავედი სასეირნოდ (პირველად!) შერაცხადობის შესანარჩუნებლად. ქალაქი ახლა ციხე-სიმაგრეა და ქუჩაში გამახსენეს, რომ მარტო არ ვარ. ქალაქის პარკი სავსე იყო ხალხით, რომლებიც კვირა დღეს სასეინროდ გამოსულიყვნენ. ყავა და ნამცხვრები საკმარისი იყო (იქვე ახლოს, კანფეტების ქარხანამ, კი, აბრა გამოაკრა, რომ ახლა ისინი ბომბებისგან დამცავ თავშესაფრად გადაიქცნენ). ქალაქის ცენტრის ვაიბი იყო: "რუსკი, ჩვენ ცხოვრება გვაქვს, ხოდა მორჩით ამ თვითვიქტიმიზაციას და ტირილს, თქვენი თავის დენაციფიკაცია მოახდინეთ და მოშორდით."

ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია ნორმალიზდა, არა. სხვა ქალაქები თითქმის განადგურებული, ალყაშემორტყმული და მოჭრილია. რუსები გამუდმებით იღებენ მიზანში მშვიდობიან მოსახლეობას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. სიკვდილის სტატისტიკა ახლა ათასებში ითვლება. მილიონობით ადამიანს წასვლა არ შეუძლია. და მთავარი საფრთხე რუსული ფაშიზმია.

07.03.2022

გუშინ, ჩაძინებამდე, ბოლოს რაც წავიკითხე, მეგობრის პოსტი იყო. ის წერდა: "საავადმყოფოში ვარ. გადატენილია ხალხით, გვამებით, ადამიანის სხეულის ნაწილებით და ოჯახის ნაწილებით. ერთ-ერთი ოჯახის დედა უნუგეშოა - მისი ქმარი და ორივე შვილი მოკლეს. მამაჩემს გულის შეტევა ჰქონდა." მეორე მეგობარი მკვლელობას შეესწრო, ეს ირპენის ევაკუაციისას მოხდა, ის წერდა: "უცებ ყველა ჰაერში ავარდა, მთელი ოჯახი, აფრინდა, ეკლესიაზე ზემოთ და მერე ძირს დაენარცხა."

უფრო და უფრო მეტ მესიჯს ვკითხულობ ჩემი ნაცნობებისგან, ადამიანებისგან, რომლებიც ჩემი მეზობლები იყვნენ. მათი მეგობარი, იოგას ინსტრუქტორი მოკლეს; მათი ჯგუფის მოხალისეები, რომლებსაც საჭმელი მიჰქონდათ იმ ადამიანებთან, რომელთაც გაქცევის საშუალება არ აქვთ, მოკლეს; სხვა მეგობარი, ირინა, მედიკოსი - მოკლეს. მათზე ვფიქრობ და ვერ ვიძინებ. ყველა 20-30 წლის იყვნენ, ყველას თავისი ცხოვრება ჰქონდა.

ს. მწერს: "ახლა შენი გული უნდა ჩაკეტო. ამ ყველაფერს მოგვიანებით მივუბრუნდებით. ვიცი, საშინლად ჟღერს. მაგრამ ახლა უნდა გადავრჩეთ."

ლ. წერს თავის დღიურში: "ეთნიკურ წმენდას ჰგავს."

ახლა, ამ დღეებში, რაც ყველაზე მეტად მატრიგერებს პირველ რიგში ჩემი ხელოვნების და აკადემიელი კოლეგების სიჩუმეა. "აჰ, ეს კომპლექსური საკითხია", იკითხება მათ სიჩუმეში. ცალსახა პოზიციის არქონის მოსახერხებლობა. მოსახერხებელია, რუსებზე იფიქრო, როგორც რეჟიმის პასიურ მსხვერპლებზე, რომლებიც ასევე უნდა დავიცვათ. აბსოლუტური სიბრმავე მთელი ფაშიზმის მტკიცებულებების მიმართ, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთში იფურჩქნებოდა და კიდევ უფრო იზრდებოდა იმპერიალიზმის და კოლონიაზმის სრული ლეგალურობით.

ჩემი რუსი ნაცნობებიდან, რომლებიც იქ ყოფნის პერიოდში შევიძინე, მხოლოდ ერთი შემეხმიანა. მითხრა, რომ შეძრწუნებულია: "ვიღაც გვიკეთებს ამას". მე ვუთხარი, ეს ვიღაც არ არის, ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი ხმები, თქვენი ხალხი, თქვენი გადასახადებით ფინანსდება ტანკები უკრაინულ საზღვარზე. მითხრა: " უკრაინულ საზღვარზე რუსული ტანკების მტკიცებულება არ არსებობს". მე ვკითხე, აბა რაღამ შეგაძრწუნა მეთქი და შეძრწუნებული ვარ ეკონომიკური კატასტროფით, ჩემი ცხოვრება ხვალ ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყოო.

როდესაც ერთ სიბრტყეზე აყენებ ადამიანებს, რომლებიც ახლა თავის სიცოცხლეს კარგავენ ან თავისი ცხოვრების ბოლომდე ომის ტრავმით იცხოვრებენ, ადამიანებთან, რომლებიც იმაზე დარდობენ შემდეგი ლატეს ფული რით გადაიხადონ, შენ წარმატებით ახდენ უკრაინელების დეჰუმანიზაციას.

ჩემი დაკვირვებაა, რომ ის ხალხი რუსეთში, რომლებიც ბოლო წლებში რეჟიმის ოპოზიციაში იყო, ახლა არ ტირის დისკრიმინაციაზე. მათ მაშინაც იპოვეს წინააღმდეგობის გზა და ახლაც პოულობენ. ისინი ამბობენ, რომ სანქციები ადრე უნდა შესულიყო ძალაში; ისინი წერენ რუსულ კოლონიურ დანაშაულზე; ისინი დამოუკიდებლად ორგანიზდებიან; ანონიმურად აქვეყნებენ; ისინი მიუთითებენ მასიური დეჰუმანიზაციის კამპანიაზე ტელევიზორში და პროპაგადნის სხვა საშუალებებში. ეს ის პროპაგანდაა, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა უკრაინის განადგურებისთვის. და ისინი ამბობენ, ჩვენი ბრალია, დროზე რომ არ გავაპროტესტეთო.

მისმინეთ, ვინც ახლა ტირით, მე არ ამირჩევია პუტინიო, მხოლოდ ახლა, როცა თქვენი იკეაზე წვდომა შეიზღუდა, ეს ოპოზიციად არ გაქცევთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ღირსების შეგრძნება იაფ შვედურ სკამზეა დაყვანილი.

კოლეგებო მთელი მსოფლიოდან, შეეცადეთ პატარა წვლილი შეიტანოთ დეკოლონიზაციაში, ამ თემისთვის თქვენი პლატფორმების დათმობით. ბოროტების ბანალურობა ნომერი 2 დიდი, სქელი წიგნი იქნება.

და საფოსტო ბარათად რუსი სპოტსმენი, Z ნიშნით, რუსული ფაშისტური კამპანიის მხარდასაჭერად.


[შეტყობინების სქრინი]

ჯ. : ყველანი ოქეი ხართ? წყალი/საკვები ჯერ საკმარისია კიევში?
ლ.: კი, ჩვენ ოქეი ვართ და სხვა ბევრი სულაც არა. ჩემი მეგობარი ვ.ს მშობლები სარდაფში იყვნენ საჭმლის გარეშე დაახლოებით ერთი კვირა. მათი სახლიც დაიწვა გუშინ. კიევის შემოგარენია, ჩეჩნებით გარშემოტყმული.
ჩემს კიდევ ერთ მეგობარს ნახევარი ოჯახი ბუჩაში მოუკლეს გუშინ, ორი ბავშვის ჩათვლით, საკუთარ სახლებში.
ბუჩა კიევის გარეუბანია
ხალხი საკუთარი კარის ზღურბლზე ჩაცხრილეს, ეს ნამდვილი ჰოლოკოსტია, ხალხი კი მხოლოდ უყურებს.
ძალიან ცინიკური და დეპრესიული გავხდი
მეგობრისგან გავიგე ღამის პირველზე, რომ კიევს 24 საათიან ბლოკადაში მოაქცევენ.
ლ.: ყველას კლავენ პრესას, ექიმებს, ხალხს და ბავშვებს, რომლებიც საევაკუაციო ავტობუსს ელოდებიან
ერთი გზა დარჩა კიევიდან გასასვლელი, ცუდი სიტუაციაა, ეთნიკურ წმენდას ჰგავს, ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორის გახსნაზე უარს ამბობენ.
ჯ.: ვნახე
ლ.: ევაკუაციის უფლებას აძლევენ და მერე კი ხალხს კლავენ, როდესაც ისინი წასვლას ცდილობენ
ჯ:. საშინელი ფოტოები ვნახე ევაკუაციის დროს ჩაცხრილული ოჯახის.

7 მარტი

[შეტყობინების სქრინი]

"სალამი, რაღაც მინდა, გაგიზიარო, იმედი მაქვს შენ და შენს საყვარელ ადამიანებს ცოტა ძალას და იმედს მისცემს. გთხოვ, მიიღო.
კვლავ ისე მრცხვენია კაცობრიობის, იმის, რომ ამის გადატანა გიწევთ. Slava ukraini!!!"

12 დღე მუსიკის მოსმენა არ შემეძლო. ომის ხმათა გამაში სიჩუმის გარდა ყველაფერი მტკივნეულია. დღეს მესიჯი მივიღე ვილნიუსიდან უცხო ადამიანისგან, თან ახლდა ტრეკი სახელით "Snake island". Snake island!. პირველად არის, რომ მუსიკას ვუსმენ, რომელიც ამ კონტექსტში მუსიკაზე მეტია.
უნდა ვთქვა, ვაგრძელებ ლიტველი ხალხისგან მხარდამჭერი მესიჯების მიღებას. მათაც უწევდათ ბრძოლა საბჭოთა ოკუპაციასთან და 1991 წელს მისი მოშორებაც ძვირი დაუჯდათ.

08.03.2022

დღე 13

ყვავილების მოსატანად წავედი. ყვავილების ჯიხურები ღიაა. ტიტები ყველას მირჩევნია, მაგრამ ტიტებისთვის გადახდა მხოლოდ ქეშით შეიძლება. ქეში იშვიათობაა, ATM არ მუშაობს, მხოლოდ ბარათი, ამიტომ სუპერმარკეტისკენ მივდივარ და ჰიაცინტებს ვყიდულობ. ქალის ჰიგიენური პროდუქტები არსად იშოვება.

ჩვენთან რამდენიმე დღეა სიმშვიდეა. სირენები არაა. არც პანიკა. ყურადღება მივაქციე იმას, რაც ს.-მ მითხრა ამ დღეებში: "მნიშვნელოვანია, ჩაინიშნო თარიღები და გაიაზრო, თუ როგორ იცვლება რაღაცეები. გაიაზრე, გააანალიზე, დაასტრუქტურე ეს დინება." სულ ეს არის, რასაც ახლა ვაკეთებ.

ახლა ჩვენი ცხოვრება - ყველასი - ომზეა დაყვანილი, "კომუნიკაციის და კონტროლის ღრმად კიბერნეტიკული ღონისძიების" გამო (ს.). გუშინ ღამე მე და მამაჩემი დავსხედით იმის გასარკვევად, ვინ რა ვიცით. ეს ახალი რუტინაა, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროები გვაქვს, რომლებიც ერთი და იმავე შიშს თესავენ, უბრალოდ სხვადასხვა სიმძლავრით. მე ვთვქი, ბილინგქეთმა თითქოსდა ავთენტური ფსბ-ს ინფორმაცია გააზიარა, რომლის მიხედვითაც ამ ზაფხულს შიმშილობა იქნება მეთქი. უკრაინა მარცვლეულის მსხვილი ექსპორტიორია, მარცვლელული კი გაქრება.

-არ მჯერა, რომ შიმშილობა კიდევ შესაძლებელია.- თქვა მამაჩემმა.
- გჯეროდა, რომ ფაშიზმი არის ისევ შესაძლებელი?
-არა
-ხოდა, აქ ვართ.

შევთანხმდით, რომ ფქვილის რესურსები უნდა მოვიმარაგოთ და მე ვუთხარი, რომ უნდა ვნახო, რამდენად შესაძლებელია ამის ონლაინ გაკეთება.

წასვლაზე თუ ვიფიქრე? კი, ვიფიქრე. თუმცა ჯერ ის უფრო მაინტერესებს, ამ დაშვებების მთელი სპექტრის ბუნება როგორ შეიცვალა. რამდენიმე დღის წინ პანიკაში ვიყავი, იზოლაციის და ძალადობის მეშინოდა. დამტკიცებულია, რომ არ არსებობს კრიმინალი, რომელსაც რუსები ვერ ჩაიდენენ. გამახსენდა, როგორ აკავებდნენ ჩემს მეგობრებს, სარდაფებში კეტავდნენ, თვეების განმავლობაში დონბასში აწამებდნენ მათი არტიკულირებული პოლიტიკური პოზიციისთვის. ჩემი შიში იყო ფიზიკური და ძალიან რეალური. ვფიქრობდი ევაკუაციაზე, მერე ჩემს მშობლებზე ვფიქრობდი, რომლების მიტოვებაც არ მინდოდა, მერე ვწყველიდი რუსებს, რომლებმაც არჩევანის გაკეთება მაიძულებს დევნილობას და ჩემს მშობლებთან საფრთხეში დარჩენას შორის. მერე ჩემს თავს კიდევ ერთი დღე მივეცი ამაზე საფიქრალად. მერე კიდევ ერთი და მერე კიდევ ერთი.

და მერე შიშმა გამიარა. ახლა არ მგონია, რომ რუსებს ამ ომის მოგება შეუძლიათ. მათი ჯარი პოტიომკინის სოფელია, მათი სახელმწიფო პოტიომკინის სოფელია, შუშის მძივებს ყიდიან ნაციონალური იდეების ფორმით. მაგრამ შედეგები ძალიან რეალურია.

შეტყობინება მივიღე, რომ როგორც ფრილანსერმა, რომელმაც ომის დროს შემოსავალი დაკარგა, შემიძლია ერთჯერადი დახმარება მივიღო სახელმწიფოსგან, დაახლოებით 200$. მერე გავიგე, რომ არ მეკუთვნის, იმიტომ რომ ჩემი საბეგრო სამმართველო იმყოფება უბანში, რომელიც ომისგან დაზიანებულად არ ითვლება.

მერე ფულბრაიტის ყოფილმა სტიპენდიანტმა მკითხა მაქვს თუ არა Airbnb-ზე ბინა, იმიტომ რომ ხალხი მთელი მსოფლიოდან ჯავშნის ბინებს უკრაინაში ხალხის მხარდასაჭერად. მე კი ვუთხარი, რომ რეალურად ქონება არ მაქვს და არც ფულს გამოვიმუშავებ ამ გზით. ფულს სწავლებაში მიხდიან, რომელიც ახლა აბსოლუტურად გაუქმებულია. ვის სჭირდება ხელოვნების ისტორია ახლა? (მე მჭირდება ხელოვნების ისტორია?)

რამდენი ხანი შემიძლია ვიცხოვრო სრულიად ომზე დაყვანილმა? ეგზისტენციალურად, ეკონომიკურად.

უძილობა დაბრუნდა. როცა ვერ ვიძინებ დასავლურ მედიას ვკითხულობ. მათი ანალიზი ახლა ასეთია:

ახლა ეკონომიკურად დასავლეთისთვის უფრო ხელსაყრელია ცა დავხუროთ. იმიტომ კი არა, რომ უკრაინელებმა სიცოცხლე დაიმსახურეს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან, როდესაც ბალტიკის ქვეყნებს (NATO) საფრთხე დაემუქრებათ - დასავლეთს მაინც მოუწევს ამის გაკეთება. მაშინ რაღაზე გადავდოთ და ამასობაში ამდენი ფული ლტოლვილებზე რაღაზე ვხარჯოთ.

ასევე ჩემი ჰიაცინტი:

09.03.2022

დღე 14

მ. თითქმის ყოველ დღე მკითხულობს. მისთვის ნაცნობია რუსული ბომბების ხმები იმ დროიდან, როცა რუსეთმა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავისი "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" ჩაატარა სირიაში. თან ყირიმელი თათრებიდან არის, ამიტომ სალაპარაკო ბევრი გვაქვს.

რვა წლის წინ, წლის ამ დროს ყირიმში ბოლოჯერ ვიყავი. ახლა მოგონებებში ხშირად ვუბრუნდები იმ დროს, როდესაც დაიწყო ომი, რომელიც მაშინ ომად აღიარებული არ იყო,

ეს იყო ზუსტად მაიდანის რევოლუციის მერე, როდესაც ბევრი ჩვენგანი გამოფიტული იყო ზამთრის სამი თვის განმავლობაში ბრძოლით. კარგად მახსოვს, როგორ დაამტკიცა პუტინმა და მისმა საბჭომ 2014 წლის პირველ მარტს ინტერვენცია უკრაინაში "პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებისთვის". ასე რომ მაშინ, როცა უკრაინელებმა წარმატებით მოიშორეს თავიდან პრორუსული მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური სიმყიფის ბოლო მომენტში, რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. მახსოვს, ვუთხარი ჩემს ოჯახს, რომ ეს ომი იქნებოდა. მამაჩემი გაღიზიანდა, თქვა: "რუსები ჩვენი ძმები არიან, არ ისვრიან". მალევე დაუმტკიცეს, რომ ცდებოდა.

როდესაც რუსებმა თავისი ხალხი მოაწყვეს ადგილობრივ ხელისუფლებაში, ჩემი რამდენიმე მაიდანის თანამებრძოლმა გადაწყვიტა ყირიმში წასულიყო, მეც გადავწყვიტე. კ.მ რომლის ოჯახიც სიმფეროპოლში ცხოვრობდა, თქვა, რომ გვიმასპინძლებდა, ჩვენც პატარა პრესის ოფისი მოვიწყვეთ. მაიდანამდე ოდნავადაც არ ვიყავი ახლოს პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან და ექსკლუზიურად ხელოვნებაზე და კულტურაზე ვიყავი ფოკუსირებული. კ.ც ძირითადად კულტურაზე წერდა. რამდენიმე დღეში, რომელიც სიმფეროპოლის ლაივსტრიმში გავატარე ჰრომადსკეს ტელევიზიაში, ვნახე FSB, ტვინგამორეცხილი პენსიონერების ჯგროები, რომლებიც რუსულ პროპაგანდას იმეორებდნენ უკრაინელ ნაციონალისტებზე, რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც არ ეცალათ, რადგან სიმფეროპოლის გარშემო მინდვრების დანაღმვით იყვნენ დაკავებულები და ბევრი ადამიანი, რომელიც შეძრწუნებული იყო ანექსიის პერსპექტივით. იმ დღეს, როცა ეს მოხდა, კ.ს ბაბუას სასიკვდილო გულის შეტევა დაემართა. კ. მერე ომის ჟურნალისტი გახდა და რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა, მე კი სამუდამოდ დავანებე თავი.

ახლა თუ მკითხავ, ვისია ყირიმი, ვიტყვი, რომ თათრების არის. ეს მათი მიწაა, უკვე რამდენი თაობაა. მაშინ უკრაინას ამასთან რა აკავშირებს? რუსული იმპერიალიზმის მატერიალური იმპლიკაციები ბევრისთვის ფატალური იყო. სტალინისტური ეთნიკურ წმენდას ყირიმში 1948 წელს ორი დღე დასაჭირდა, დაახლოებით 200 000 ყირიმელ თათარს შეეხო, რომელიც მოკლეს ან გადაასახლეს. როდესაც უკრაინამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, გულითადად მოიპატიჟა ისინი, ვინც გენოციდს გადაურჩა, მოსულიყვნენ და ახალი სახლები აეშენებინათ უკრაინაში. ყირიმს ავტონომიის გარანტია მიეცა. ახლა, როცა ნახევარკუნძული ანექსირებულია, ყირიმელი თათრები ისევ იჩაგრებიან. მათი სია, ვინც მოკლეს ან მოიტაცეს, იზრდება.

ყოველი მეორე ჩატი მ.თან ძახილის ნიშნებით მთავრდება: აღარ გვინდა მეტი ძალადობა, აღარ გვინდა მეტი ომი, უკვე ყველაფერი ვნახეთ. მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ზუსტად ამიტომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.

გუშინ ვთქვი, რომ გაცინება და სიყვარულის შეგრძნებაც კი, ისევ შევძელი.

მ.-მ მიპასუხა:
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სირიელი ქალებისგან ვისწავლე, ისაა, რომ არასდროს ივიწყებენ"

[შეტყობინების სქრინი]

- ჩემი წინაპრები ყირიმიდან არიან.
- ყირიმი მშვენიერია. მტკივნეულია, იმის გაგონება, რუსები ახლა თათრებს და მათ მიწას, რას უშვებიან. ეს ნამდვილად დამკავებელი კოლონიალიზმია, რომელზეც არავინ ან მხოლოდ ცოტა ლაპარაკობს.

10.03.2022

დღე 15

სირენები დაბრუნდა. რამდენიმე დღე სიჩუმე დამეხმარა, ეს ხმა სადღაც ჩემი გონების კიდეში შემენახა. ახლა ისევ მესმის და გულს მირევს, როგორც პირველ დღეს, როცა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადეს. ახლა აღარ ვიმალებით ახლომდებარე სანგარში: -4 გრადუსია. ამის მაგივრად უბრალოდ გარეთ ვდგავართ და სიგარეტს ვეწევით. ქარი ისეთი ძლიერია სირენებს სადღაც მიაქროლებს. ღამე დამატრიგერა, ყველა მოულოდნელი ხმა საეჭვო იყო.

როგორც სხვა ყველა, ორ ფოტოზე ვფიქრობდი. ორსული ქალი, რომელიც საკაცით გამოჰყვათ მარიუპოლის სამშობიაროდან; საერთო სასაფლაოები, რომლებშიც ნაჩქარევად ყრიან სხეულებს, რადგან მკვდრების დასაფლავების სხვა საშუალება ალყაშემორტყმულ და დანგრეულ ქალაქში არ არსებობს. სხეულებს ქუჩებში საბნები აქვს გადაფარებული. იულია ზდანოვსკას სურათი, 21 წლის ნიჭიერი მათემატიკოსის, რომელიც ხარკოვში მოხალისედ დარჩა და დაბომბვას ემსხვერპლა.

მედია და კომენტატორები იყენებენ სიტყვას "atrocities". არ ვიცოდი ეს სიტყვა და მოვძებნე


atrocity [əˈtrɒsɪti] жестокость; зверство; неистовство; что-либо ужасное; что-либо отвратительное; грубный промах; бестактность; злодеяние; бесчинства; злодейство ულმობელობა, მხეცობა, სისასტიკე, რამე საშინელი, რამე ამაზრზენი, უხეში შეცდომა, უტაქტობა, დანაშაული, ექსცესი, ბოროტმოქმედება

გარშემო ყველა განრისხებულია: ადამიანები არიან? როგორ შეუძლიათ, თავს დაესხან საბავშვო საავადმყოფოებს, ბაღებს, ხალხს, რომელიც ევაკუირებას ცდილობს, მატარებლის სადგურებს, სამშობიაროებს? რას აკეთებენ და რატომ აკეთებენ? ეს გენოციდია?

და მე მგონია, ამ იმიჯების პროდუქცია, რომელიც სრულ ბოროტებას ნიშნავს, რაღაც სხვა არის. პასუხი ზედაპირზეა, როდესაც რუსული ინფორმაციული სივრცის მონსტრული სხეულის პირისპირ აღმოჩნდები. რუსეთი ბომბავს ყველაზე მოწყვლადებს - მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს - იმისთვის, რომ მერე თვითონ საპირპირო თქვას: "ნახეთ, უკრაინელებმაც რა ქნეს...!" რუსეთმა ხალხი სულ საკმარისად გააფთრებული უნდა ამყოფოს და მას სჭირდება, რომ ვერავინ შევძლოთ საერთოდ რაიმე დასკვნის გამოტანა.

ლ. ფაშიზმის და კონსპირაციის თეორიის ექსპერტია. მან თქვა: " ფაშისტები ყოველთვის ამბობენ, რომ ქალების და ბავშვების მხარეზე არიან." ამასობაში, მე დავსქრინე რუსი რექტორების 185-ვე სახელი, იმათი, პუტინის მხარდამჭერ პეტიციას რომ ხელი მოაწერეს.

მედიის ენაზე ვფოკუსირდი. გარდიანი ამბობს: "როგორც ამბობენ, რუსული რაკეტა" ან "უკრაინა ირწმუნება" და მერე ვკითხულობ უამრავ კომენტარს, სადაც ხალხი - სულ სხვადასხვა პასპორტებით - იჯერებს, რომ ეს ფეიქია ან ეს უბრალოდ სიმართლის უკრაინული ვერსიაა; და მერე ყველანაირი შეთქმულების თეორია, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ.

ეს მეტია, ვიდრე ფაშიზმი, მეტია, ვიდრე კოლონიალიზმი, მეტია, ვიდრე გენოციდი. ეს კიბერომია. ეს ტერიტორიის ფლობას არ ეხება, ეს არის ომი რეალობიდან აზრის გამოტანის წინააღმდეგ.

ამერიკელი პროფესორის გრძელი განცხადება წავიკითხე, მან ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირა და ბოლოს რაღაც დასკვნამდე მივიდა, ზელენსკის ღიად ანტისემიტურ სახელმწიფომდე და კიდევ სხვა აკადემიურ ენაში საგულდაგულოდ გახვეულ ბოდვამდე. ლ.-მ ამიხსნა, რომ იგივე ფაშისტური მექანიზმები ახლა მობილიზდება ევროკავშირის და აშშ-ს სხვადასხვა ჯგუფებში.

გავიხსენე ერთ-ერთი ბოლო ვახშამი მეგობრებთან. ანტივაქსერობაზე, QAnon-ზე და სხვა ყველანაირ კონსპირაციულ თეორიაზე ვლაპარაკობდით, რომელთა პოლიტიკური მობილიზებაც ხდება ახლა. იმაზე ვილაპარაკეთ, რამდენად გარდაუვალი იყო ღრმა ეპისტემოლოგიური პოლარიზაციები. და აი აქ ვართ, იმ ომის დასაწყისში, რომელიც იარაღად ნონსენსს აქცევს. ახლა წინა რიგში ვზივარ და შედეგებს ვინიშნავ.

"კიბერომი უფრო ფართოა, ვიდრე რომელიმე იზოლირებული, თანმიმდევრული, განაწილებული თავდასხმა ციფრულ ან ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე. თავდასხმები, დესტრუქციული ან სიმბოლური, კიბერომის სამგანზომილებიანი თეატრის მხოლოდ ერთ ელემენტს წარმოადგენს. კიბერომის ეპისტემოლოგია გააზრების უნარზე შეყრილი კიბოსავით არის, რომელიც არანორმალურად იზრდება საზღვრების გარეთ, პარანოიის ლოგიკის მიხედვით. მის შექმნაშიც ყველა მონაწილეობს, შენც კი, კავშირების დამყარებით." - სვიტლანა მატვიენკო.


11.03.2022

დღე 16

მოვახერხე, შემეკვეთა ტიტების დიდი თაიგული პირდაპირ ჩემს მეგობართან მისატანად, მას დღეს დაბადების დღე აქვს. ადრე რემარკს და სხვა მწერლებს ვკითხულობდი და სულ მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, ომის დროს სიმღერები, ფილმები, სასმელები და ყვავილები გქონოდა. ახლა მივხვდი. ეს სიმბოლური წესრიგის რაღაცეები, ცხოვრების და სიხარულის შემხსენებლები. სხვა რისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას?

ახლა თითქმის შეუჩერებლად წერს, სირენების დროს და მათ შორისაც. ესეც მესმის.

"ეს დღიური - ჩემი შერაცხადობის პრაქტიკა, ჩემი რეალობის დახარისხება - ყოველთვის, ყველას ვუხდი მადლობას, ვინც მიბიძგა, რომ მეწერა. ეს ჩემი ნარატივია და მას მე ვაკონტროლებ. [საჰაერო შეტევის სირენა ჩერდება]" ს.

დღეს მისი დღეა.


12.03.2022

დილის 05:21-ზე ისევ მეღვიძა და როდესაც ამ ფოტოს ვიღებდი სირენებმა, როგორც მითიურმა არსებებმა, ღმუილი დაიწყეს. მოისმინეთ მათი ხმა ერთწამიან ვიდეოში.

12.03.2022

დღე 17

(ვერნადსკის დაბადების დღეა)

პირველ დღეს მამაჩემმა თქვა, რომ ერთი კვირა უნდა გაგვეძლო. თუ უკრაინას ამ დროის განმავლობაში შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა - კარგად გვქონია საქმე. ჩვენც გავძელით, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. მაგრამ მეორე კვირა მოვიდა და ძლიერ სასოწარკვეთაში ჩაგვაგდო. ეს ის დრო იყო, როცა იმათმა უმეტესობამ, ვინც თავიდან ოპტიმიზმით იყო სავსე, ქვეყანა დატოვა. ამ დროის განმავლობაში მე რაიმე გადამარწმუნებელს ვეძებდი ახალ ამბებში. სადღაც წავიკითხე, რომ ორი კვირის ამბავია: ორი კვირა და რუსეთს აღარ ექნება რესურსები, რომ ომის მდგომარეობა შეინარჩუნოს. ახლა მესამე კვირაა. მთელი ღამე ვერ დავიძინე და მხოლოდ როცა სირენები დილის 6-ზე გაჩერდა, გავითიშე. გვიან გამეღვიძა, როცა გავიგონე მამაჩემი მე, დედაჩემს და ჩემს დას როგორ გვთხოვდა, წავსულიყავით. ეს პირველი შემთხვევა იყო.

ახალ ამბებს ფრთხილად ვხსნი, იმიტომ რომ ვიცი, ნანახი დამთრგუნავს. ახლა დღესავით ნათელია, რომ დასავლეთი არანაირ მოქმედებას არ აპირებს. "ჩვენს ინტერესებშია, რომ კონფლიქტი უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს." (ოლაფ შოლცის განცხადება გულს მირევს).

უკრაინული სიმამაცე წინააღმდეგობისას, რომელსაც პირველ კვირას მიესალმებოდნენ, როგორც ჩანს ახლა შემაწუხებელი გახდა სხვადასხვა კალიბრის ოლაფ შოლცებისთვის. აგვიანებენ, აგვიანებენ და აგვიანებენ. უკრაინა კი არც ეცემა, არც იგებს.

ორი კვირის შემდეგ ვიღაცამ თქვა: "ახლა კი ეკრანთან გატარებული დრო უნდა შევამცირო."

მე კი ამასობაში ეკრანი ვარ.

ჩემი თანამებრძოლები, რომლებმაც მაიდანის დროს თავისი სოლიდარობა გამოხატეს, ახლა საერთოდ არ შემეხმიანნენ. და მერე ერთ-ერთის პოსტი ვნახე. ის გაბრაზებული იყო, რომ უკრაინა ამდენ მხარდაჭერას იღებს, რომ "თეთრი ბიჭი" საზღვარზე ასეთი ხილვადია. ისეთი გაბრაზებული, რომ ჩემნაირი ადამიანი (ჯერ ისევ ცოცხალი!) ან ისინი, რომელთა სახლები და სიცოცხლეებიც განადგურდა, სიმპატიას აღარ იმსახურებენ.

ამანაც დამთრგუნა და ბევრი ვიფიქრე, რადგან რაღაც მთლად გამართული ვერ იყო. შეიძლება "რასა" არ არის ის კატეგორია, რომელიც ამ სცენარში აღიწერება.

დასავლეთ ევროპელებისთვის აღმოსავლეთ ევროპელები არასდროს იყვნენ საკმარისად ადამიანები. ჩვენ რესურსი ვართ. როცა კოვიდის რეგულაციები ხალხის გადაადგილებას კრძალავს, ზოგ ჩვენგანს ნებას რთავენ გერმანული "შპარგელის" შესაგროვებლად ჩავიდეს. იმ სერვისების სია, რომლისთვისაც კვალიფიკაცია გვყოფნის, გრძელია. რუსული ომის მანქანა ჩვენს ხალხს კლავს, გერმანელმა დიპლომატმა კი რამდენიმე წლის წინ თქვა: "ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური კავშირები რუსეთთან პრიორიტეტია."

აქ განვმეორდები:

არაადამიანის კატეგორია იქმნება მატერიალური ტრანზაქციის მომენტში.

ვაგრძელებ მესიჯების მიღებას ხალხისგან, რომლებიც ისე მელაპარაკებიან, თითქოს უკვე მკვდარი ვიყო: "ვწუხვარ, რომ დაგთმეთ. ვწუხვარ, ვწუხვარ." ვიღებ მესიჯებს ფაშისტური მანქანის სრული მასშტაბის აღიარებით. "აღარასდროს" ტყუილი იყო.

საძმო სასაფლაოების ფოტოები - სხეულების გროვა სანგრებში, როგორც 1943-ში - სულ ჩვენი თანმდევი იქნება. ჩვენ გევედრებით: NATO, დახურე ცა ახლა, შეხედე ამ ბავშვებს, ამ ქალებს, ამ მოხუცებს - ისინი იხოცებიან სიცივით და გაუწყლოებით, მათ კლავენ, აუპატიურებენ - უკვე ინდუსტრიული მასშტაბით. არა, ჩვენ მსხვერპლად ვეწირებით ევროპულ კომფორტს.

ხედავ, ეს უპრეცენდენტო დახმარება იარაღით და დახმარება დევნილებისთვის იმიტომ არ მოდის, რომ თეთრი ვარ, არამედ ზუსტად იმიტომ , რომ არაადამიანის კატეგორიას მივეკუთვნები. ისევე, როგორც მილიონობით სხვა ადამიანი მეც გაზზე მყიდდნენ, იმდენ ხანს, რომ ლამის ძალიან დაგვიანდა კიდევაც. ახლა, ერთი წამით ადრე, ვიდრე უკვე დაგვიანებული იქნება, მთავაზობენ ფულს და ლტოლვილის სტატუსს, მაგრამ უარს მეუბნებიან დაცვაზე, რომელიც გარანტირებულია ყველასთვის, ვინც ადამიანად კვალიფიცირდება.

დანაშაულის შეგრძნება არ უდრის ეთიკას.

გთხოვთ, ნუ გამომიგზავნით ბოდიშებს.

13.03.2022

დღე 18

დილის 3:31

ყოველი ღამე რუსულ რულეტს გავს (ახლა უკვე მართლა რუსულს). ძალიან მეზიზღება ეს საზიზღარი სირენები.

14.03.2022

დღე 19

უძილო და ძალიან შენელებული ვარ. ჩემი ენერგიის ნარჩენებს ვიკრეფ დასაწერად. სირენების გამო ვერ დავიძინე და ხანმოკლე ჩაძინების მერე აფეთქებების ხმაზე მეღვიძებოდა. უცებ ვისწავლე, რომ ეს "უსაფრთხო" აფეთქებებია რკინის მადანში აქვე ახლოს. ომამდელ დროში შეუმჩნევლად ჩაივლიდა. ახლა კი ადგილობრივმა ახალმა ამბებმა გაგვაფრთხილეს, რომ პანიკაში არ ჩავცვივდეთ.

ვფიქრობდი ხმაზე, რომელსაც ისინი გამოსცემენ: გულისცემასავით, ორჯერ გესმის - აფეთქება და მერე ექო.

ეს მაღარო შვეიცარიულ კომპანიას ეკუთვნის და ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში: შვიდი კილომეტრი ორ კილომეტრზე. ღამე მესმის, მატარებლებს როგორ გადააქვთ ნედლი მასალა სხვა ობიექტებზე. რკინას მოიპოვებენ და ეზიდებიან. მერე, მრავალი ტექნო-პოლიტიკური მანიპულაციის შემდეგ ის ბომბის ფორმით ეცემა ციდან.

ნეიტრალიტეტი ილუზიური კონცეპტია, რომელიც ფულის შემოდინებას აკონტროლებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რატომ ეწოდება ინდუსტრიულ-მილიტარისტული კომპლექსი მატერიალური გაცვლის პროცესებს.

გაბრაზებული მესიჯები მომივიდა ჩემი წინა ჩანაწერის საპასუხოდ. "აირჩიე შენი მტერი"- მითხრეს. "NATO-შიც კი არ ხართ". "მოკრძალებული იყავი! მოკრძალებული იყავი!" . "ასე არ უნდა პასუხობდე, როდესაც გეხმარებიან."

მაგრამ მე ზუსტად ვიცი, ვინ არის ჩემი მტერი, იმიტომ რომ ის კარს არის მომდგარი. და ეს არ დაიცავს მათ, ვისაც საზღვრების სჯერა. გააზრების უნარზე შეყრილი კიბო ფაშიზმს შეაიარაღებს. ერთადერთი რისი პასუხიც შემიძლია: ახლა შენც აგირჩევია შენი მტერი.

არ ვიქნები მოკრძალებული, იმიტომ რომ მე უკრაინელი კი არა ჰუმანისტი ვარ. მგონია, რომ სიცოცხლე ერთნაირად უნდა შეფასდეს და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ვებრძოლოთ დისკრიმინაციას, ვებრძოლოთ კოლონიალიზმს, ვებრძოლოთ ფაშიზმს - ჩვენი პასპორტების მიუხედავად. ასეთ აღშფოთებას უნდა იწვევდეს ამ კონცეპტის გაზიარება?

15.03.2022

დღე 20

შუა მარტი! ქუჩის კატები შუა შეჯვარების სეზონში არიან; შუაღამისკენ გარეთ რომ გავდივარ, ყველგან მათი სინქრონული ტირილი მესმის. რა სასიხარულოა იმის გაგება, როგორ აგრძელებენ თავის საქმეს ყველაფრის მიუხედავად. მინდა, ეს ხმის ლანდშაფტი ბატონობდეს, ის არა, ღამის ორზე რომ იწყება პირველი სირენით.

აქ "შიშველ მავთულს" ვეძახით სადენს, რომელიც საიზოლაციო ფენის გარეშე დარჩა. მაღალ ვოლტაჟს ერთხელ შეეხები და მაგრად, მაგრად დაგარტყამს. ამ კვირებში თავს შიშველ მავთულად ვგრძნობ, მე მიმღები ვარ, გამოუთქმელი მოედინება ჩემგან. მაგრამ რამდენადაც შიშველი ვარ ტკივილისთვის, იმდენად შიშველი ვარ სიყვარულისთვის.

16.03.2022

მნიშვნელოვანი სიახლე 21-ე დღეს

16.03.2022

დღე 21

როგორღაც დღეს იმედით სავსე ვარ; მივხვდი, დადებითი მუხტი გადმომედო მაგობრებისგან, რომლებიც გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებენ ჩვენს მოახლოებულ გამარჯვებაზე. ახლა ვიცი (სავარაუდოდ ყველამ ვიცით), რომ ეს ოპტიმიზმი ომის ფსიქოლოგიის ნაწილია: სიბნელის დღეების და სასოწარკვეთის შემდეგ მოდის დარწმუნებულობა და მერე ეს თანმიმდევრობა მეორდება და მეორდება. მაინც ვეჭიდები ამ გრძნობას, ვავსებ ჩემს რესურსებს, რომ შემდეგი ფაზის გავლა შევძლო. ამ ეტაპზე ძალიან სტრატეგიული ვარ.

ვიღაცამ მომწერა: "წარმოვიდგენ, რომ ერთ დღეს აქ მხოლოდ 4 სიტყვას წავიკითხავ: ომი დამთავრდა, უკრაინა თავისუფალია!"
ეს ჩემი ოცნებაც არის.

უკრაინა არის და იქნება თავისუფალი.
მაგრამ ომი არ დამთავრებულა.

17.03.2022

დღე 22

*ამის*დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მე და ო. ერთმანეთს მალევიჩში შევხვდით დასალევად (მისი დაბადების დღე იყო, მალევიჩი კი ბარია). გადავწყვიტეთ, იმ არტისტების სია გაგვეკეთებინა, რომლებიც ჩვენთან ყველაზე მეტად რეზონირებდნენ. რამდენიმე დღით ადრე, კ.-მ დახატა რაღაც, რაც, ჩემი აზრით, სიმბოლურად ასახავდა იმას, რასაც უკრაინა ახლა გადის: ეს იყო ქალი ჩვილით, შიშველი და ნაზი, ის მტკიცედ იდგა, უკუნი სიბნელით გარშემორტყმული და ამ სიბნელის გარდაუვალობა ფეხებზე ეკიდა. მე ვთქვი, რომ მინდოდა, ამაზე დამეწერა, როცა დაძაბულობა გადაივლიდა და რომ ეს მუზეუმში გამოსაფენი ნახატია, რომლის სარფიანად გაყიდვაზე ო.-ს უნდა ეზრუნა (რაც გააკეთა კიდეც).

დღიდან დღემდე ვხედავთ ადამიანის ნაწილებს, სიტყვების ნაწილებს, ძახილის ნიშნებს და აუტანელ ტკივილს, რომელიც ნიუს ფიდზე ისქროლება. ომისგან განადგურებული რეალობა მეტაფორა არ არის. ის პირდაპირი და ძალიან კორპორალურია.

რუსებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს. ის თავშესაფარი იყო ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქისთვის. მათ შენობის ორივე მხარეს სიტყვა "ДЕТИ" (ბავშვები) დაეწერათ კირილიცათი, ისე რომ რუსებს ზემოდან დაენახათ. ამან არ გაჭრა.

კ.-მ დაწერა თავის დღიურში:
"რაღაცნაირად ომი მშობიარობას მაგონებს: პროცესიდან ვეღარ გამოხვალ, თუ ერთხელ დაიწყო. იწყებ სუნთქვას მოახლოვებადი და დაშორებადი სირენების, რაკეტების და თვითმფრინავების ხმების რითმში, და არ იცი, გადარჩები, თუ არა, სუნთქავ და სხვა სხეულების სითბოს გრძნობ, მშვიდად უყურებ არსებებს, რომლებსაც სრულიად ანდობ შენს და შენი საყვარელი ადამიანების სიცოცლეს. მაგრამ ომს, განსხვავებით მშობიარობისგან, ახალი სიცოცხლე არ მოაქვს, მხოლოდ სიკვდილი, სხვა არაფერი, არა რძე, არა სიყვარული."

დ. ხატავს ბავშვს, რომელიც პირდაპირ საფლავში იბადება.

ჩვენ სხეულები გვტკივა.

კ. წერს:

"ჩემი სული ჩემი სხეულიდან ვარდება და იატაკზე მიგორავს, კედელთან ჩერდება და იქ დევს. ვეღარ ვიბრუნებ"

ამ დილას გავიგეთ, რომ ადამიანები თეატრის სარდაფში შესაძლოა, გადარჩენილიყვნენ. მაგრამ ისინი ნანგრევების ქვეშ არიან. სამაშველო ოპერაცია დაბომბვის გამო რთულდება.

ჩვენ სულ მარიუპოლზე ვფიქრობთ.

***

***

18.03.2022

დღე 23

ყველაფერი სავსეა სიყვარულით.

[შეტყობინების სქრინი]

ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, მაგრამ არ მიგატოვებთ.

19.03.2022

რამდენიმე დღის წინ ს.ს ველაპარაკე ტელეფონზე, ორივე ძალიან დაღლილები ვიყავით. განვიხილეთ ჩვენი წერის და რეფლექსიის რუტინა და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ მისი საზრიანობა. მერე მან თქვა: "იცი ყველაზე მეტად რა მაშინებს? იმაზე ვდარდობ, მერე რა მოხდება. მანამ სიტუაცია ინტენსიურია, ყველამ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. მაგრამ როდესაც ის შეჩერდება, დროში გაიწელება, სხვანაირი ბრძოლა დაიწყება" მე ვთქვი: "ვიცი. ვიცი, რომ ჩემი პოზიციის დაცვა მომიწევს და ეს რთული იქნება."

სხვა ქარმა კი იმაზე ადრე დაუბერა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გერმანიის კანცელრმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ რუსეთთან დაზავება მნიშვნელოვანია. "პუტინი ერთადერთია, ვინც ამ ომზეა პასუხისმგებელი."

ამასობაში რუსები მარშირებენ თავიანთი ხელახლა გამოგონილი სვასტიკით. აბსოლუტური უმრავლესობა ამაყად უჭერს მხარს რუსულ ომს. გავიგე, რომ თბილისში ბინის ქირაობა ადგილობრივებისთვის შეუძლებელი გახდა. ერთი "პროგრესული" რუსი ხალისიანად წერს ფეისბუქზე, რომ მათ მოუწიათ თავიანთი სტარტაპის გადააგდილება "მთელი ამ სისულელის" გამო. მეორე კი ტრაბახობს, რომ სტიპენდია აიღო ევროპულ უნიში, იმიტომ რომ ახლა რუსებისთვის უკეთესი კვოტებია, თუ თავს ოპოზიციად მოაჩვენებ, ჰაჰა.

ხალხი აგრძელებს ვიდეო მიმართვების ჩაწერას: " რუსებო, თქვენი მთავრობა გატყუებთ, აი სიმართლე." ეს სისულელეა: ამ ხალხს ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე, იმ პლატფორმების ჩათვლით, რომლითაც გამომაფხიზლებელი მესიჯები ვრცელდება. მათ უბრალოდ ნეოფაშისტური მესიჯისთვის ყურის დაგდება უფრო მიმზიდველად ჩათვალეს.

რუსული ომის დანაშაულების სია ყოველ დღე ახლდება. ეს არის განგრძობითი ტერორიზმი, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ გერმანიის კანცლერი რუსულ ფაშიზმს არ აღიარებს, რადგან მაშინ ამ კრიმინალში გერმანიის წვლილის აღიარებაც მოუწევდა. გერმანიის მაღალჩინოსნები დიდი ხანია რუსეთის ლობისტები არიან. მათ ყველას პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ომზე.

და შემდეგ ისევ დაუბერა სხვა ქარმა მოულოდნელი ფრონტიდან. ს.-მ შეამჩნია ცვლილება აშშ-ს პოლიტიკაში ბლუმბერგის ანგარიშის კითხვისას. რაც რუსებმა ორივე ბირთვული იარაღის სადგურზე მოიპოვეს ძალაფულება, ისინი აგრძელებენ დასავლეთის დაშანტაჟებას სხვანაირი კატასტროფული სცენარით. ახლა შესაძლოა, ამერიკა იყოს ის, ვინც უკრაინას დანებებას შესთავაზებს.

აღმოვჩნდები სიტუაციაში, რომელშიც დანარჩენი სამყარო დარწმუნებას დამიწყებს, რომ ბოროტმოქმედს ჩავბარდე, რადგან ეს ყველაზე ოპტიმალური იქნება მათი კომფორტისთვის?

ო: "პუტინიზმი არის ძალა, რომელიც ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს გარემოს, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი დახოცოს."

20.03.2022

დღეს 36 წლის გავხდი.

21.03.2022

დღე 26

როცა ჯ.მ.-ს დღიურს ვკითხულობდი, არ შემეძლო იმ ეპიზოდის გაგება, რომელშიც მრავალდღიანი საჰაერო განგაშის შემდეგ ჯ.მ. სირენებს ყურადღებას აღარ აქცევდა და დასაძინებლად მიდიოდა. როგორ არ ეშინოდა? ეს იყო იძულებითი შრომის ბანაკში. და საქმე ის არ იყო, რომ აღარ ეშინოდა, ის უბრალოდ დაღლილი იყო. დღეს იმავეს ვაკეთებ; აპლიკაცია გამოვრთე. თუმცა ღამე დაძინების მაინც მეშინია, ყველა ხმა ეჭვს აღძრავს. ჩემი ტვინი ისევ და ისევ ქმნის ტექსტებს, რომლებსაც არ ვწერ. ველოდები, როდის გამოვიფიტები დილისკენ, რომ დაძინება შევძლო.

უკრაინაში ახლა მიღებულია, შეკითხვაზე როგორ ხარ, უპასუხო: "სიმშვიდეა." (თუ გაგიმართლა!)

სირენები ბღავიან, მაგრამ რაკეტები არ ჩანს (ჯერჯერობით). ამიტომ ვპასუხობ: "სიმშვიდეა"

სხვებისთვის სხვანაირად არის. ე. მწერდა, რომ მისი სახლი ზანზარებს. ის ამბობს: "სიტყვა "გენოციდი" სუდარასავით არის, ვარაუდობ, რომ არასდორს მოიზომებ. ეს ტანსაცმელია, რომელიც არასდროს გერგება." ის ასრულებს თავის ყოველდღიურ სტატიას "შპიგელისთვის". ის ამბობს, რომ უფრო მარტივია რაღაცეებზე ლაპარაკი უცხო, დისტანციურ ენაზე. (და მე ვფიქრობ, ხო, ჩვეულებრივ არც მე ვწერ ინგლისურად.)

უფრო და უფრო ხშირად ისეთ მდგომარეობაში ამოვყოფ ხოლმე თავს, რომელიც, ვხვდები, რომ არ მომწონს: როდესაც, მიწევს, დავამშვიდო ისინი, ვისაც დანაშაულის გრძნობა აწუხებს თავისი ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრების გამო "გარეთ". მე ვეუბნები: "არ გინდათ, ცხოვრება უნდა დააფასო, მზეზე გადი, გარწმუნებ, მეც ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია." (რაც მართალიც არის.)

გუშინ მზიანი და მშვიდი დღე იყო. ტიტების თაიგული მეგობრისგან და კარგი ღვინო (!!!!) ს.სგან. მამამ ნამცხვარი გამოაცხო (ნაპოლეონი!), მაგიდას მივუსხედით. საუკუნეა, მე, დედას და მამას ჩვენი დაბადების დღეები ერთად არ გადაგვიხდია. ვახშამი 18:30-ზე სირენამ შეგვაწყვეტინა. მე კარგი განწყობა შევინარჩუნე და უბრალოდ ვუსმენდი ხმას, წარმოვიდგენდი, რომ ის სადღესასწაულოა. უცებ მამაჩემს დანაშაულის გრძნობა გაუჩნდა ჩვენი პატარა ღონისძიების გამო. მან მოთქმა დაიწყო ადამიანებზე, რომლებიც სარდაფებში შიმშილობენ, რომლებსაც კლავენ, ან რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. და პირველად იტირა.

მე ვთქვი, რომ ვერ ვიტან მშვიდობის დამყარების რიტორიკას. რუსები, რომლებიც მშვიდობაზე მღერიან ბრანდენბურგის ჭიშკართან, სანამ უკრაინელები სისხლში იხრჩობიან, რა ნონსენსია.

ლ.მ მკითხა: გგონია არასწორია ამის გაკეთება? კაი, ყველა ამბობს, რომ მშვიდობის მხარეზეა, მაგრამ ზუსტად რას გულისხმობენ?

რას ნიშნავს მშვიდობა ამ სპეციფიურ კონტექსტში? არავინ შემოგვთავაზებს დიალოგს სხეულსა და კიბოს უჯრედებს შორის. კიბოს მთლიანად აშორებენ ხოლმე, რა ფასადაც არ უნდა დაჯდეს. ეს ერთადერთი მისაღები ლოგიკაა პუტინიზმთან, სტალინიზმთან და ფაშიზმთან მიმართებაში. თუ არადა, ის მხოლოდ გავრცელდება.

24 თებერვალს აფეთქების ხმამ გამაღვიძა და ვიცოდი, რომ "ის" არის. მაგრამ რამდენიმე წამი თვალები არ გავახილე, იმ მომენტის გადასაწევად, როცა გავიაზრდებდი, რომ ყველაფერი შეიცვლება ერთხელ და სამუდამოდ. ახლა, როდესაც მესმის მშვიდობის და დიალოგის შემოთავაზებები, ვხედავ, როგორ ვცდილობენ ადამიანები თავისი ძველი ცხოვრების შენარჩუნებას, როგორ უარყოფენ იმას, რომ ის შეიცვალა. მიუხედავად ყველა მცდელობისა, ეს ძალა უკრაინაში გამოემწყვიდათ, აქ დაემარხათ.

შეიძლება ამის შემდეგ დავლიოთ, მაგრამ "მანამდე" აღარ არსებობს.

22.03.2022

დღე 27

მამაჩემის დედა ძალიან მოხუცია. დემენციაც აქვს. ავიწყდება, ის რაც უთხრეს და ამ შემთხვევაში ეს ომია. ყოველ დღე და ზოგჯერ რამდენიმე საათში ერთხელაც ძალიან ბრაზდება ყველა ჩვენგანზე, იმიტომ, რომ დონბასში არ ვაბრუნებთ. უკვე ორი წელია ჩვენთან არის და ერთი და იგივე სცენა თამაშდება. ომის ახსნა ყოველდღიური დრამაა. რაღაც მომენტში დედაჩემი მოთმინებას კარგავს და იმეორებს რუსულად: "ომი, ომი, ომი". რუსულად ეს ორმარცვლიანი სიტყვა, დედა მათ განცალკევებულად გამოთქვამს. მათი რიტმი ამ დროს ბარის დარტყმას გავს შუა მებაღეობის სეზონზე.

Вой-на

Вой-на

Вой-на

მე ეს სიტუაცია არ მაწუხებს, უბრალოდ ვუსმენ ამ სიტყვას ისევ და ისევ, ისევ და ისევ. ვფიქრობ, ამდენჯერ გამეორებით თუ იძენს, ან თუ კარგავს მნიშვნელობას.

გავიგე, რომ გაერომ თავის ხალხს ინსტრუქცია მისცა, ეს სიტყვა არ გამოეყენებინათ. არის ასეთი ძველი შიზო-საბჭოთა ჟანრი. რაღაცეებს თავისი სახელი არ დაარქვა ერთ-ერთი გზაა პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ ეს არაა მეტაფორა, რომელიც უფრო ღრმა მნიშვნელობას წარმოშობს. პირიქით, ეს მყარი ბოდვაა. ჩვენ ამას ეზოპეს ენას ვეძახით. გაერომ, რომელიც იყენებს სიტყვა "მსოფლიოს", თავის ყველა მონეტარულ ოპერაციაში, ახლა აღმოაჩინა, რომ სიტყვა "მშვიდობას" ანტონიმი აკლია. ეს ცარიელი სიტყვაა ცარიელი მსოფლიოსთვის.

ცოტა ხნის წინ მე და ს.-მა ამაზე ვილაპარაკეთ. რა თქმა უნდა, არსებობს ეს დიდი ხნის პოლიტიზირებული, ნებაყოფლობითი სიბრმავე მაგრამ, რაღაც სხვაც არის, ლექსიკონის სიმწირე, რომელიც ამჟამინდელ პროცესებს ვერ იტევს. არ არსებობს ომის ბეჭედდასმული და მიღებული დეფინიცია. მარტივი დეფინიცია გვთავაზობს: " გამოცხადებული და ღია კონფლიქტის მდგომარეობა ნაციებს და სახელმწიფოებს შორის." მაგრამ, თუ მიმდინარე პროცესის ყველა ასპექტზე ვიფიქრებთ - რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ეს არის უფრო დიდი ომის მანქანის ნაწილი, რომელიც მოიცავს ტექნო-პოლიტიკურ და ენერგეტიკულ მანიპულაციებს, ეპისტემოლოგიური მექანიზმების დამახინჯებას, კომუნიკაციურ მილიტარიზმს და სხვას. ამ ომის სუბიექტები არც ღიად არიან გაცხადებულნი და არც თავისი მონაწილეობის შესახებ იციან.

ენაზე და ტერმინოლოგიაზე ვფიქრობდი და იმაზე
, რამდენად შეგვიძლია სამედიცინო ლექსიკით შედარებებზე შორს წავიდეთ. რას ვეძახით ამ ინდუსტრიულ-მილიტარისტულ-ჰაიპერ-ჰიბრიდს- კონას? ნასკვს?

სიტყვა "ომი" გვპირდება ცხად გამყოფ ხაზებს, მაგრამ ეს ტექნიკური მექანიზმებია, შეიძლება მოიკეცოს და აიხლართოს. ახლა შეგვიძლია
, ვიოცნებოთ ადგილებზე, რომლების შეცვლაც შეუძლებელია, ან - ნომადები გავხდეთ. ანუ, მყარი კატეგორიები გამოვიწვიოთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ.

დღე 27

პაუზა შემოვიდა განტოლებაში

24.03.2022

დღე 29

მეოთხე დღეა, რაც ჰაერი საკმარისად თბილია გასარუჯად. ორი დღის წინ გარეთ ვიჯექი, სირენები ადრე დაიწყო, სადღაც შუადღეს, და მე შევამჩნიე, რომ ხმის ლანდშაფტი შეიცვალა. თუ ადრე ყმუილს ყოველთვის მშფოთვარე ძაღლების მისუსტებული ყეფა სდევდა თან, ახლა ხმა თითქმის ბოლომდე გადაფარეს ჩიტებმა, და ფესტივალი გამართეს.

სახლში პოლიტიკური განხეთქილება გვაქვს. ყველა, ვისაც საჰაერო განგაშის ხმა წვდება, გაფრთხილებულია, გამორთოს შუქი სიგნალის განმავლობაში (სიგნალი შეიძლება საათები გაგრძელდეს). დაახლოებით ათ წუთში სირენების დაწყებიდან ყველა შუქი გამორთულია და ქუჩა სიბნელეში ინთქმება. გავრცელებული ახსნაა, რომ ბნელ ქალაქში პილოტებს უჭირთ გაგნება და დამიზნება. მე მგონია, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის სტრატეგიაა და ახლანდელ სიტუაციაზე არ ვრცელდება: პილოტები იყენებენ ლოკაციის სხვადასხვა სერვისს; რაკეტებსათვის კი საერთოდაც სულერთია. მაგრამ დედაჩემი ყოველ ჯერზე ნერვიულდება და მიბრძანებს, შუქი გამოვრთო. მე არ მომწონს იმ წესების მიყოლა, რომლებსაც მისაღები ახსნა არ აქვთ, მაგრამ სიბნელე ძალიან მომწონს.

ხშირად გარეთ გავდივართ და უბრალოდ კარიბჭესთან ვჩერდებით, ყველა თავისთვის, ჩუმად ფიქრობს, ცოტა პერვერსიულია - უბრალოდ იდგე იქ და თავშესაფარში შესვლას არ აპირებდე. ომი ძალიან სენსორული გამოცდილებაა, მაშინაც კი თუ სიჩუმეა, რაღაცნაირად სულ "На измене" ხარ,
ან, უბრალოდ, ყურადღებით - შეხმატკიბულებული სუნებთან, ხმებთან და ვიზუალებთან.

გუშინ სირენების ხმა საღამოს 6-დან თითქმის შუაღამემდე ისმოდა. "ასია, ასია!" - დედაჩემი შემოვარდა ჩემს ოთახში,- "გარეთ გამოდი, ეს უნდა ნახო!" მამაჩემი შემოჰყვა იმგვარივე მესიჯით "ვარსკვლავები უნდა ნახო, მშვენიერია!". ამგვარად, ახლა, როდესაც გაზაფხულის ცა უღრუბლოა და განათების ყველა წყარო დახშულია, ამ ქალაქს ბნელი მოიცავს, როგორც არასდროს აქამდე.

არ მგონია, ომი რომანტიზებისთვის სივრცეს ტოვებდეს (ცეცხლის ალში გახვეული, სპარსეთის ყურის ომისშემდგომი, კუვეიტის სცენებზე ვერნერ ჰერცოგის მიერ ვაგნერის სცენარის დადება დაუშვებელია). მაგრამ რაღაც სხვაა ვარსკვლავთა ცქერის მთელ ამ მომენტებში, შუაგულ სივრცის გამრუდებაში. ომი წარმოადგენს თავის თავს, როგორც ტოტალურობას, მაგრამ ყველანაირი ტოტალურობა, მაშინაც კი, თუ მის შუაგულში ხარ, მხოლოდ მითია.

პირველი კვირის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა ჩემი გაფართოებული წრეებიდან თქვა, რომ ეშინია ომის ნორმალიზაციის. მაშინ არ მიკითხავს, რას გულისხმობდნენ. ახლაც არ მესმის. ეს ომი
არის ყოველთვის და თან ყოველთვის არ არის.

მე კარგად გაწვრთნილი ხეხილი ვარ.

''კარგად გაწვრთნილი ხეხილი, როდესაც გაზაფხულის პირველი წვიმა უკეთ ხსნის ინსომნიას.''

25.03.2022

დღე 30

დავიღალე, დიდი ხანია ვსეირნობ, პირველად ვსვამ კარგ ღვინოს, ვხუმრობ, აღფრთოვანებული ვარ, რომანს ვკითხულობ, საკუთარ თავს ვესაუბრები.

მზის აბაზანები.


26.03.2022

დღე 31

თავდასხმამდე სამი დღით ადრე დავწერე ჩემს დღიურში:

"21 თებერვალი 2022
გავიღვიძე - ყველა კბილი დამცვივდა! მუჭში გადმოვაფურთხე, ზოგი სულ დამტვრეული იყო, დიდი კბილები კი მთელი.

ეს არის ყველაზე შფოთიანი სიზმარი ჩემი კოშმარების სიიდან. 90-იანებში წავიკითხე დედაჩემის პოპ ეზოთერულ წიგნში, რომ ესეთი სიზმრები სიკვდილს ნიშნავდა. და უნდა ვთქვა, მახსოვს, მსგავსი რამ მესიზმრა მაიდანის წინაც.

ვერ გამოვიძინე. უქმეებზე მეგობრებთან ვაპირებდი დროის გატარებას - ერთგვარი შფოთვის საწინააღმდეგო ღონისძიება. თუმცა ამ შეხვედრებსაც უცნაური გემო დაჰყვებოდა: გაუდაბნოებულ კიევში, განსხვავებაში აქ განცდილ გრძნობებსა და ზუმის ქოლის მეორე მხარეს სამყაროებს შორის. პარასკევს ორი ბინის მცხოვრებლებს შევუერთდით ბულვარნო-კუდრიავსკაზე. შაბათს Lიცორიცე Pიზზა-ს საყურებლად წავედით და მე აღარ წავედი გამოსვლაზე, როგორც დაგეგმილი იყო, ამის მაგივრად დასალევად წავედით ტეტასთან, ულიანასთან და საშასთან ერთად."

ეს ფრაგმენტი მათ გავუგზავნე (ერთი თვეა აღარ მინახავს), ტეტამ მიპასუხა:

"სულ ცოტა ხნით სახლში შემორბენასავით არის. თითქოს სხვა ცხოვრებაში იყო, მინდა გავეხვიო ამ მოგონებებში."

არ მგონია, რომ დღეების თვლა ისევ მჭირდება. პირველი სამი კვირა იყო ეგზისტენციალური: შოკი სხეულებრივი იყო. ჩვენ ვამბობთ "Отшибла память", როდესაც მეხსიერებას კარგავ, იმიტომ რომ რაღაც მძიმე მოგხვდა თავში. ის კი არაა, რომ არაფერი მახსოვდა, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება გაუცხოებული იყო, არ მქონდა მოგონებები იმაზე, თუ აქამდე, როგორ იგრძნობოდა. არც მომავალს ჰქონდა შეგრძნება. არც მოგონება, არც მოლოდინი - მხოლოდ "ახლას" ძალიან ცხადი შეგრძნება. ყველაფრის მიუხედავად, ეს გამათავისუფლებელი გრძნობა იყო.

მე ვთქვი, რომ ომი შემოვიდა ჩემს დღიურში ნოემბერში და თანდათან გადაიქცა ჩემი შფოთიანი კოშმარების ფონად, რომლებშიც სირენები და თვითმფრინავები მესმოდა. თითქოს 24-ში უკვე ყველაფერი ვიცოდიო.

საშამ მიპასუხა: " ისევ მაშინებს ამ დამთხვევების სერია, როდესაც ჰიპოთეტურ მომავალს ისე განიცდი, თითქოს წარსული იყოსო და გაბნევს არა იმდენად აწმყო, რამდენადაც მომავალი ნგრევა."

შარშან, ჩვენ სამნი, ყოველ ღამე მივდიოდით ჩვენი უბნის ბოტანიკურ ბაღში აყვავებული ხეების სანახავად.

ექსპერტმა* ტვიტერზე თქვა: კიდევ ერთი თვე, მეტი არა.

მემგონია, რომ ორ კვირაში ჩვენი ბაღი მწვანე იქნება, ერთ თვეში კი ყვავილებად აფეთქდება.

პირველად რომელ მეგობარს ვნახავ?

მალე

27.03.2022

დღე 32

მ.-მ შეამჩნია, რომ ხშირად "ფიქრობს მარიუპოლზე". "უბრალოდ ვფიქრობ მარიუპოლზე- მან თქვა - "არაფერი კონკრეტული, უბრალოდ ვფიქრობ მარიუპოლზე, არც არტიკულირებული აზრებია, არც სრული წინადადებები."

მეც მანდ ვარ, კარგა ხანია. ბევრი ხალხის მონათხრობი წავიკითხე, იმათი, ვინც გაქცევა მოახერხა, ან თავისი ისტორია ოკუპირებული ქალაქიდან გამოაქვეყნა, იმათი, ვინც ოჯახი დაკარგა, ცნობები გაუპატიურებულ ქალებზე. და მერე მხოლოდ ერთ წერტილში ვიყურებოდი და "უბრალოდ ვფიქრობდი".

იყო ამბავი ქალზე, რომელიც მარიუპოლიდან ოთხ ბავშვთან ერთად გამოვიდა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი იყო მისი შვილი. მეორე დისშვილი იყო - დედამისმა, ამ ქალის დამ, სარდაფი დატოვა წყლის მოსატანად და არასდროს დაბრუნებულა; მესამე წამოიყვანეს მაშინ, როდესაც საევაკუაციო ავტობუსისკენ მირბოდნენ, ის თავისი მკვდარი მშობლების გვერდით იჯდა. მეოთხე ზუსტად აღარ მახსოვს, ვეცადე ბევრ სხვათა შორის მონათხრობში მეპოვა, მაგრამ დამეკარგა.

შეიძლება კარგია, რომ მოგონებები უკრაინულად ან რუსულად არის. დანარჩენი სამყარო ამ ამბებისგან დაცულია ენობრივი ბარიერის გამო. ერთხელ რომ მოისმენ, არ შეგიძლია, არ იფიქრო.

ეს ყველაზე დოკუმენტირებული ომია ისტორიაში, მაგრამ არ ვიცი ეს რას ნიშნავს. ზაფხულისკენ ეს ომი აღარ იქნება ახალ ამბებში, დასავლელ ექსპერტებთან ყოველთვიურ პოდკასტებად იქცევა. ბევრს ისევ ექნება რაიმე ისტორიული სამართლიანობის იმედი - სულ ტყუილად. ახლა მათზე ფიქრი, მზერის გასწორება, მათი ტკივილის მოპატიჟება, რომ ჩემში გავლით გაზიარდეს - ეს ის მცირედია, რისი გაკეთებაც შემიძლია.

28.03.2022

კომპანიონები

29.03.2022

დღე 34

ღამე სირენები მგლებივით ყმუიან
მთელი ხროვა ახლა ძალიან ახლოს მოვარდა.


30.03.2022

დღე 35

ბევრი ექსპლიციტური (და რაღაცნაირად პოეტურიც კი) ახსნა მომივიდა თავში, მაგრამ, მგონი, ძალიან დაღლილი ვარ თავის შესაწუხებლად. დიდი უფსკრულია ომის რეალობასა და "გარე" სამყაროს შორის. და თუ ადრე მეგონა, რომ ჩემი ხმა ხიდია ამ ორს შორის ახლა თავს უფრო და უფრო ექსპლუატირებულად ვგრძნობ. ჩვენი ჭრილობები ახლა სპექტაკლია. თითქოს ტკივილის და სიხარულის პორცია, რომელიც ყოველ დღე ონლაინ ჩნდება, საკმარისია იმისთვის, რომ არ გვკითხონ როგორ ვართ.

როდესაც ომი ფონური ხმაური ხდება, სიჩუმე ინახავს იმას, რაც მნიშვნელოვანია.

ჩემი ინტერაქციები ახლა თითქმის სრულიად შემოიფარგლება ხალხით კიევში ან მეზობელ რეგიონებში. სიტყვაძუნწი, მაგრამ ძალიან ზუსტი.

შეიძლება უბრალოდ ცუდი დღეა.

31.03.2022

თიმ სნაიდერი (იელის უნივერსიტეტი) ლაპარაკობს გერმანიის ისტორიულ პასუხისმგებლობაზე უკრაინის წინაშე:

ის იწყებს მეორე მსოფლო ომის დროინდელი გერმანიის უკრაინაზე კოლონიალური მზერის ახსნით, როდესაც უკრაინელები და მათი ტეროტორია დასაპყრობ რესურსად განიხილებოდა.

მერე ის ლაპარაკობს ყბადაღებულ უკრაინულ ნაციონალიზმზე (მე ვამბობ ყბადაღებულ იმიტომ, რომ ეს ბევრი გერმანელისთვის და სხვა მემარცხენე დასავლელისთვის ომის საყვარელი გამართლებაა). სნაიდერი მიგვითითებს, რომ ნაციონალიზმი უმეტესად გერმანიის კოლონიალური მოძრაობის შედეგია, და ზუსტად ეს არის შემაწუხებელი სიმართლე და პასუხისმგებლობა, რომლის თავიდან არიდებაც გერმანიას უნდა.

მერე, რაც მნიშვნელოვანია, ლაპარაკობს რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე (განსაკუთრებით გერმანიაში), რომელიც ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდა გაყოფილ ისტორიულ ნარატივს, რომელშიც რუსები განმათავისუფლებლები არიან და უკრაინელები ნაციონალისტები და კოლაბორაციონისტები.

არც თუ ისე ფრთხილი შეხსენება სნაიდერისგან: იმ უკრაინელთა რაოდენობა (მილიონები!), რომლებიც გერმანულ ფაშიზმთან ბრძოლაში დახოცეს, მეტია, ვიდრე ნებისმიერი უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები. უკრაინელთა რაოდენობა, რომლებიც გერმანულ ფაშიზმთან ბრძოლაში დაიღუპნენ მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა საბჭოთა რეგიონში, რუსების ჩათვლით.

არც თუ ისე ფრთხილი შეხსენება არენდტისგან - კოლაბორაციონისტები იყვნენ ყველგან ეროვნების მიუხედავად. ასე რომ, კრიტიკული იყავი, როდესაც რუსულ ნარატივს იმეორებ, სნაიდერი მიგვითითებს, რომ ეს ძალიან ხელსაყრელია ახლა მათთვის, ვისაც არ უნდა აღიაროს თავისი ღრმად ფესვგადგმული კოლონიალური შეხედულებები.

''არაჩვეულებრივი ლექცია გერმანიის ისტორიულ პასუხისმგბელობაზე უკრაინის წინაშე. მადლობა @benjaminrains გაზიარებისთვის.''

01.04.2022

დღე 37

რა უცნაური ამბავია... ხუთი კვირა სრულიად გაუცხოებული ვიყავი ჩემს ცხოვრებასთან "მდე". დროდადრო რაღაცეები მახსენდებოდა, მაგალითად, მელნიანი კალამი ან ლურჯი სვიტრი, მაგრამ აქედან ვერაფერს ვგრძნობდი, წარსული არ არსებობდა (არც მომავალი). ხუთი კვირა იყო მხოლოდ დღეს და ის იზომებოდა სირენების ხმით, შემდეგ ჩიტების, შემდეგ ქარის, მაგრამ მეტით არაფრით.

და აი, გამოვედი ქუჩაში, ბაღში ლურჯი ფურისულები გვაქვს, აპრილი, ანუ როგორ აპრილი? და უცებ ყველაფერი ერთად დამეცა, მთელი ჩემი ცხოვრება ამ ხუთ კვირამდე, 23-ის საღამო, ღვინოს ვსვამ, ნაციონალურ სახელმწიფოებზე ვკამათობ, ვყიდულობ ბოთლს მაკით იაროსლავში დილისთვის, სახლში მივდივარ, დიდხანს ვლაპარაკობ ტელეფონზე, ყოჩაღი ხარ, არა შენ ხარ ყოჩაღი, კიდევ იმდენ რამეს ვიზამთ ერთად. და მორჩა. რა იყო მერე, სად წავიდა ჩემი ცხოვრების მთელი ნაჭერი, მე ჯერ კიდევ თებერვალში ვარ, ანუ როგორ ომი, ანუ როგორ აპრილი, საერთოდ რა მოხდა, რა ხდება, სად ვარ?

მთელი იმედი მშრალ ბალახზეა

02.04.2022

დღე 38

მთელი ღამე ფეხზე ვიყავი. გამთენიისას რაკეტებმა ჩვენს რაიონს დაარტყეს. აფეთქებები, ერთი მეორის მიყოლებით. ალი და ნაცრისფერი კვამლის დიდი ღრუბლები ადის ცაში. ვუყურებ ამ საზარელ ლანდშაფტს ფანჯრიდან, ძაღლები ყეფენ, ჩიტები - ჭიკჭიკებენ. ისევ ჰაერში გამოკიდებულად ვგრძნობ თავს, კრიჭა მეკვრის, მაგრამ არც კი მეშინია.

სიმშვიდე აღარ არის

03.04.2022

დღე 39

"წერა სისხლდენაა."- ს.

ძალა არ მაქვს, რომ ამაზე ვწერო, ამიტომ სხვების პოსტებს გავაზიარებ.


[სქრინი]
@benjaminrains
ახლა, როდესაც რუსებმა უკან დაიხიეს კიევის რეგიონიდან და უკრაინელი ჯარისკაცები და ჟურნალისტები ცოტა ხნის წინ ოკუპირებული რეგიონებისკენ მიემართებიან, საშინელებათა სიზმარს ფარდა აეხადა. დღეს ბუჩადან და სხვა კიევის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქებიდან გავრცელებული ფოტოები სრულიად შემაძრწუნებელია. ქუჩები უბრალოდ მოფენილია მშვიდობიანი მოსახლეობის გვამებით. კაცებს ხელები უკან აქვთ შეკრული და თავში აქვთ ნასროლი - ასეთი აღსრულების სტილია. ერთმანეთზე მიყრილი 4-5 ქალის სხეული, გაშიშვლებული, ზემოდან საბურავებით, რომ უფრო ადვილად დაიწვან, გზის პირას არის ნაპოვნი. ბევრი სხვა სხეული დამწვარი, ან ნახევრად დამწვარი ქუჩებში ყრია. სოფელ მოტიჟმის გამგებლის მთელი ოჯახი ნაჩქარევად დამარხული ძმათა სასაფლაოზე, მისი სხეულიც პირქვე დამარხული. რუსი ჯარისკაცები, რომლებმაც ეს გააკეთეს, ადამიანები არ არიან, მონსტრები არიან.

[სქრინი]
Boris Filonenko

მახსოვს, როგორ მოიმატა ძრწოლამ, როდესაც საკმარისი წავიკითხე ჰოლოდომორზე, რეპრესიებზე, ომზე, ჰოლოკოსტზე. ყოველი თავის შემდეგ, მეჩვენებოდა, რომ ყველაზე უარესი უკვე ვნახე, მაგრამ არა. რვეულის მინდორზე ყველაზე სასტიკ აქტებს ვინიშნავდი, მაგრამ უნდა დამეჯერებინა, რომ ეს ყველაზე უარესი არ იყო. სახე-ხატები, რომლებიც მაშინ ჩამეჭედა თავში, ახლა გაქრა. ახლა მათ მეგობრების სთორიში, ფოტოებში და ახალ ამბებში ვხედავ. არ ვიცი, რამდენი მსხვერპლია კიდევ საჭირო, იმისთვის რომ სამყაროს აუდიტორიას ტერორიზმთან შეგუება და იმაზე დარდი შეაწყვეტინოს, რუzzები, რას იფიქრებენ. ჯერჯერობით ვხედავ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ისინი მაიძულებენ, ეჭვი შევიტანო ახლანდელ ევროპაში. სინამდვილეში ეს უსუსური და სუსტი პოსტია, რომელშიც მე კიდევ ერთხელ ვშორდები ჩემს ილუზიებს. მანამ ვიღაც ევროპის ქვეყნებში ისევ გამოდის დემონსტრაციაზე გაზრდილი გაზის ფასების წინააღმდეგ, უკრაინის ქალაქებში, რომლებიც რუzzული ჯარისგან გათავისუფლდა, ნაპოვნია ხალხი უკან შეკრული ხელებით - თავში ნასროლი ტყვიით მოკლული.

[სქრინი]
უკრაინელ ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებენ კიევთან ახლოს, ამბობენ მოწმეები

​​​​​​​[სქრინი]
რუსი კრიმინალების მსხვერპლთა შორის არიან გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვაც სცადეს, ადგილობრივი მთავრობის მოკლული წევრები, მოკლული ბავშვები, მოკლული მოხუცები. ბევრ მათგანს ხელები აქვს შეკრული, წამების კვალი ამჩნევიათ, თავში ან ზურგში აქვთ ნასროლი.

​​​​​​​[სქრინი]​​​​​​​
ეს არის ის, რაც რუსულმა ძალებმა დატოვეს, როცა გავიდნენ, ყველაფერი დაანგრიეს, როდესაც მიდიოდნენ:
" ისინი აწამებდნენ ადამიანებს. ზოგს ყურები ჰქონდა მოჭრილი, ზოგს კბილები ამოგლეჯილი, ბავშვები იყვნენ 14-16 წლისები, ზოგი უფროსი. გუშინ გაიტანეს სხეულები."

04.04.2022

დღე 41

ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ახლოს მდებარე ზეთის საცავი ბომბის სამიზნე გახდებოდა. უძილო ღამეებისას, რამდენიმე დღით ადრე, ლოდინი მძიმე, აუტანელი იყო, ქარი ძლიერი, სირენები კი - პირქუში. მერე, სადღაც დილის 6-სკენ, 38-ე დღეს, რაკეტამ პირველს დაარტყა, ცეცხლი ცაში ავიდა, მე ჭიშკართან ვიდექი და მერე სამი აფეთქება გავიგე, ერთი მეორის მიყოლებით.

ცეცხლი თითქმის მთელ მომდევნო დღეს გაგრძელდა, ღამე ვუყურებდი აკივლებულ ჰორიზონტს, აალებული ნივთიერების ანარეკლს ყველაზე მუქ ღრუბლებში. ორი დღე მოძრაობა არ შემეძლო, თითქოს ჩემი სხეული ქვიშით იყო სავსე, თითქოს დამარხული ვიყავი. გარემოს შოკი: არა შიშის რეგისტრებში, თითქოს სიცოცხლე გაიტანეს ჩემგან.

მერე მოვიდა სურათები ბუჩადან და სხვა ქალაქებიდან. და ქვიშა ჩემს სხეულში კიდევ უფრო დამძიმდა.

ბევრი ამბობს:
მინდა და ვერ ვტირი.
მინდა და ვერ ვტირი.
მინდა და ვერ ვტირი.

და მე ვამბობ:
მე არ მინდა წერა და არ შემიძლია, რომ არ ვწერო.

დიდი ხნის წინ, როცა დატირება კულტურული პრაქტიკა და განცალკევებული ჟანრი იყო, ხალხი იკრიბებოდა გლოვის ერთად გადასატანად და გამოსახატად. როცა სამი შეიკრიბება სატირლად - ყველა ტირილს იწყებს.

2014 გავიხსენე. ათეულობით კუბო მაიდანზე, ყვავილების ზვინები, ზვინები მოედანზე, Plyve Kacha ჩვენი დასატირებელი მოძახილი იყო, ჩვენ ერთმანეთის გლოვას ვიზიარებდით, ეს იყო სინერგია, საათები ვტიროდით.

ახლა ვუყურებთ ამ კადრებს ბუჩადან, ჩვენ-ჩვენთვის - გაჯეტების ეკრანებზე, თავშესაფრებიდან, ოთახებიდან, ექსილიდან, დროებითი ვინ იცის რიდან, დამშოკველი გარემოს შუაგულში, ყველაზე ბნელ ბოროტებაში, ჩვენ დაშორებულები ვართ ერთამენთს - ქვიშით სავსენი, ვერ ვტირით.

ვიფიქრე, რომ ერთადერთი ადგილი, რომელიც გაშუალებული არ არის სახე-ხატებით და რომელშიც შესაძლებელია მგლოვიარე თავს ცოცხლად გრძნობდე, კიევის ცენტრია. ომის პირველი თავი ჩემთვის დასრულდა, ოჯახს დავემშვიდობე და ღამის მატარებელში ჩავჯექი იმ ადგილას დასაბრუნებლად, რომელიც ხუთი კვირის წინ დავტოვე.

де ми ламент

06.04.2022

დღე 42

[ფოტოები]

დღე 42. ვიღიმი იდიოტივით, როცა ცარიელ ქუჩებში დავდივარ, ჰაერს ვეხები, ეს ნაწილობრივ ისტერიულია, თვალებით კონტაქტი ყველსათან, ვისაც ვხედავ, ზოგი სხვაც უღიმის თავის ფიქრებს.

07.04.2022

დღე 43

ის, რომ რამდენიმე მშვიდი დღე გვქონდა კიევში და რამდენიმე დასახლება რუსებისგან განთავისუფლდა, არ ნიშნავს, რომ ომი დამთავრდა და ყველას შეგვიძლია, მშვიდად ამოვისუნთქოთ. დასახლებები და ქალაქები ალყაშია, ჩვენ ჯერ კიდევ მოსასმენი გვაქვს საშინელბათა მთელი წყება მარიუპოლიდან, რომელშიც უკრაინული ჯარი ბლოკადაშია, ჩერნივიდან, ხერსონის რეგიონიდან და ა.შ. სირენები ხშირია ყველგან, რაკეტებს ისევ უშვებენ.

მაგრამ! მეგობრულად გთხოვთ, თავი შეიკავოთ რჩევის მიცემისგან ხალხისთვის უკრაინაში. ჩვენი რისკების შეფასება ჩვენ თვითონ შეგვიძლია. რაც არ შეგვიძლია არის ზეგავლენის მოხდენა თქვენს მთავრობებზე, რომლებიც რუსეთში ფულს აგზავნიან. ბევრი ჩვენგანი აქ იმიტომ არის, რომ არ უნდა მიიღოს რუსეთის უკანონო და არაადამიანური საქციელი. არა იმიტომ, რომ არ ვიცით, როგორ ვითხოვოთ დახმარება.

08.04.2022

დღე 44


ჩემი ძილის პრობლემები გაუარესდა, ასე რომ, ჩემი დღე სულ უფრო და უფრო გვიან იწყება. დღეს ორისკენ გავიღვიძე, პირველი რაც ვნახე, ფოტოები იყო კრამატორსკიდან.

ვ.-მ შავი jeep patriot-ით მომაკითხა, რომლის საჭესთან ის აქამდე არ მინახავს. მან ამიხსნა, რომ მისი საკუთარი მანქანა ძალიან პატარა იყო ჰუმანტარული დახმარების დასარიგებლად. ამიტომ ეს მანქანა გამოიყენა. მანქანის პატრონები ქვეყნიდან გაიქცნენ. ეს ახლა ხშირად ხდება კიევში: საკუთრების უფლებები დროებით შეჩერებული და რეორგანიზებულია, იმის მიხედვით, ვის რა სჭირდება და ვის რისი გაღება შეუძლია. ქალაქის ცენტრი უფრო უსაფრთხოდ ითვლება. ხალხი ცხოვრობს ბინებში, რომლებსაც არც ქირაობენ და არც ფლობენ.

ჩვენ დავსხედით კაფეტერიაში, მაღაზიის ვიტრინის შემაღლებულ ფანჯრის რაფაზე - ეს ყოველთვის ჩემი საყვარელი ადგილი იყო იარვალზე დასაკვირვებლად, რომელიც კიევის ყველაზე სასიამოვნო რაიონია. ახლა აქ უმეტესად შეხვდებით მამაკაცებს ტერიტორიული დაცვიდან სრული სამხედრო აღჭურვილობით ანდა ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენსავით კომენდანტის საათის დაწყებამდე ყავას სვამენ და სეირნობენ. მეორენი იხდიან "შემდგომი ყავისთვის", რომლის წამოღებაც პირველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ბოლოს, როცა ერთმანეთი ვნახეთ, გლითერები გვეყარა და ვცეკვავდით. ახლა ის სრულ განაკვეთზე მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების ლოჯისტიკაში, მისი დავალებაა, მოხუცების ევაკუირება ბოროდიანკიდან, ბუჩადან და ირპენიდან, ასევე ფსიქიკური დაავადებების მქონე პირთათვის საავადმყოში ადგილის ორგანიზება. კვირიდან კვირამდე იმდენ დეტალს ვეკითხები, რამდენიც შემიძლია. "არ გენდომება იმის ცოდნა, რაც მე ვნახე".

პირველი კვირა ირპენში გაატარა, ძლიერ სროლებში ირპენიდან კიევში დაბრუნება შეძლეს. როგორც კი ქალაქი გაათავისუფლეს, მისმა პარტნიორმა ქალაქში დაბრუნება ისურვა იმის სანახავად, რა დაემართა მათ სახლს. რადგან ხიდი განადგურებული იყო, სკუტერის აღება და ნამსხვრევებით და გვამებით დაფარულ ქალაქში ნავიგირება მოუწია. მათი სახლი მთელი გადარჩა, მაგრამ ის გამოიყენეს რუსებმა, რომლებიც ჭამდნენ და სვამდნენ, რასაც იპოვიდნენ, ცადეს სეიფის გახსნა ჩაქუჩის და იარაღის გამოყენებით, ეწეოდნენ საწოლში, ნაგავს ყრიდნენ, წაიღეს რამდენიმე წყვილი ბოტასი და ერთადერთი წიგნი თაროდან - ეს იყო წიგნი შიშველი კაცების ფოტოებით.

ბევრ რამეზე გვილაპარაკია და დღეს შეკითხვების უმეტესობის შინაარსი ერთ შეკითხვაზე დაიყვანება: რატომ ვართ იქ, სადაც ვართ. მე ვთქვი, რომ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ იმის დანახვა, როგორ ბრუნდება ხალხი უკან აღნიშნავს პირველ ეგზისტენციალურ გამარჯვებას, იმის ნიშანია, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ეს არასწორი გრძნობაა, - თქვა მან, - ახლა დღეების და კვირების ამბავია ჩვენი რეალობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

ვკითხე ეშინია თუ არა და გაითავისა თუ არა სიკვდილის არსებობა. მან თქვა, რომ გაითავისა სიკვდილის არსებობა, მაგრამ არც ეშინოდა. "რა თქმა უნდა, ვხედავ ამ სცენებს და იმიჯებს, მაგრამ მათ ჩემთან ერთად არ დავატარებ. უბრალოდ ვფიქრობ, შემდეგ დავალებაზე, რომელიც უნდა შევასრულო."

როდესაც დიდი ხნით მემშვიდობება, მაფრთხილებს, რომ მარტომ არ ვიარო.

09.04.2022

დღე 45

დღეს ლიეტუვა ემშვიდობება მანტას კვედარავიჩიუსს, რომელიც რუსებმა მარიუპოლთან მოკლეს. 2016 წელს მან ფილმი გადაიღო ქალაქზე. შეგიძლიათ ახლა ნახოთ ის @tak_flix-ზე, როგორც თანამოგონების ერთგვარი აქტი. ასევე ფონდი დაეხმარება უკრაინის მცველებსა და მოხალისეებს. ძლიერმა განისვენე, მშვენიერო ადამიანო, აქედან ასე უდროოდ წასულო.

09.04.2022

დღე 45

დღევანდელმა დღემ ცოტა სპონტანურობით, ბედნიერებით და აბსურდით ჩაიარა. ქვემოთ ჩავედი ჩემი მეგობრის კაფეტერიისკენ, რომელიც ახლა ხელახლა გახსნა ხუთი კვირის შემდეგ. რადგან მისი მომმარაგებლები ქალაქიდან გავიდნენ, ყველა მსურველს შესთავაზა, თუ სურდათ მოეტანათ ნამცხვრები - უბრალოდ მოიტანეთ ნამცხვრები! ის მუშაობდა შემოწირულობისთვის. იმით დასრულდა, რომ ყველას უნდოდა გაეკეთებინა შემოწირულობა ხუთჯერ უფრო მეტი, ვიდრე მათი შეკვეთის ფასი იყო. ჯაირსკაცებმა შემოიარეს და მას უნდოდა მათთვის უფასო ყავა და ნამცხვრები მიეტანა, მათ უარი თქვეს: "იმიტომ რომ ჩვენ აქ მოვედით შენი ბიზნესის მხარდასაჭერად." მეგობრებმა შემოიარეს, ფოტოები გადავიღეთ, ნამცხვრები ვჭამეთ და სახლში გაკეთებული ბეილისი დავლიეთ.

მისი კაფეტერია ყოველთვის ღუზა იყო ჩვენი გაფართოებული თემისთვის. ის პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდით არის. როდესაც კაფეტერიასთან ვიდექით, ხელი იქითკენ გავიქნიე: "ანუ ვოვა (ზელენსკი) ახლა იქ არის ხო?"

სინამდვილეში იქ არ იყო, რადგან ის და ბორის ჯონსონი ეშვებოდნენ პარალელურ ქუჩაზე, სადაც ჩემი მეორე მეგობარი ლერა შეხვდა მათ შემთხვევით და მისცა მათ მამლები.

ახლა კი მამლებზე.

ფოტო ბოროდიანკადან ინტერნეტს მოედო: მასზე დაინახავთ თაროს, რომელიც კედელზე დამაგრებული დარჩა, მაშინ როცა მთელი ბინა აფეთქდა. მისგან მიმი გააკეთეს, რომელიც ამბობს:

-როგორ ხარ, თარო?
-ვკიდივარ.

თაროს თავზე დგას დაუზიანებული მამალი - ფიგურა, რომელიც კერამიკისგან გააკეთა ვასიკივმა. ეს იყო ყველაზე აქტუალური თემა ინტერნეტში დღეს.

ამიტომ ჩემმა მეგობარმა ლერამ, იფიქრა, რომ მასაც უნდოდა ასეთები პოლონელ მეგობრთან გასაგზავნად. იშოვა და როცა უკან ბრუნდებოდა თავის მონაპოვართან ერთად, დაინახა ზელენსკი და ჯონსონი, რომლებიც ჩვენს უბანში სეირნობდნენ.

ჰოდა, მივიდა დაცვასთან და უთხრა:
- ვიცი უცნაურად ჟღერს, მაგრამ...
და მათ თქვეს:
-კი, ნამდვილად.

და მერე მან გადასცა მამლები საჩუქრად, ერთი ზელენსკის და ერთი ჯონსონს.

შემთხვევით კარგი დღე.

11.04.2022

დღე 47

[სქრინი]

ღამის 02:31

ხო მართლა? არის უსაფრთხო ადგილი უკრაინაში?


არ მგონია

როცა ბლოკადირებურ მარიუპოლზე ვფიქრობ, თავს განადგურებულად ვგრძნობ - იქ ათიათასობით ადამიანი კვდება, ჯარისკაცები საჭმლის, წყლის და საბრძოლო საშუალებების გარეშე არიან. ველაპარაკე მეგობარს, რომლის ქმარიც, რომელიც ასევე ჩემი მეგობარია, იქ მსახურობს ფლოტში. მეორე მეგობარს ველაპარაკე, რომლის ქმარიც ასევე იქ არის. საუბარი მოკლეა - ცოცხლები არიან თუ არა. ეს აუტანელია. ეს უბრალოდ აუტანელია. #mariupol #standwithukraine


​​​​​​



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის