ფოტო: რობ დობი / "გარდიანი"
თითქმის ყველა ექსტრემისტს აერთიანებს ერთი ნიშანი: მათი გენდერი
07 12 2018

ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მუსლიმურ სამყაროში უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა კაცი ფიქრობს, რომ ომის დაწყების ზღვარზე ვართ. და არავის აქვს წარმოდგენა, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი.

აბზაცში, რომელიც ახლახან წაიკითხეთ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ეს გაურკვევლობა არაა. ასეთი რამ ყველა კრიზისს ახასიათებს. არა, საინტერესო აქ ისაა, რომ ფრაზისთვის "უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა კაცი" მკითხველთა უმეტესობას, ალბათ, ყურადღებაც არ მიუქცევია.

ფაქტი ისაა, რომ ამ მზარდი შეტაკების ყველა მხარეს, ძირითადად, ახალგაზრდა კაცები ორგანიზდებიან - იქნება ეს მემარჯვენე ექსტრემისტები, იმიგრანტების მოწინააღმდეგე ფანატიკოსები, მუსლიმების მოძულე სკინჰედები და ნეონაცისტები, თუ ჯიჰადისთვის შემართული ახალგაზრდა მუსლიმები.

ეს ფაქტი იმდენად აშკარაა, რომ აღნიშვნაც კი არ სჭირდება.

ამიტომაც არ აღნიშნავენ.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ყველა, ვინც ამ მოსალოდნელი კატაკლიზმის სხვადასხვა მხარეს გროვდება, ვინც პოლიტიკური სპექტრის კიდეებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმისკენ მიიწევს, ქალია. როგორი იქნებოდა რეაქცია? მაშინ ხომ ჟურნალები ინდივიდუალური პროფილებით აჭრელდებოდა, ტელევიზიებში ფემინურობას და ძალადობას შორის კავშირს გაუსვამდნენ ხაზს, წიგნის თაროები კი "გენდერული" ანალიზით გადაივსებოდა?

მაგრამ ის, რომ თითქმის ყველა აგრესიული ექსტრემისტი კაცია, არავის აშფოთებს.

ადვილია იფიქრო: "კი მაგრამ, ქალი თვითმკვლელი ტერორისტებიც ხომ არსებობენ? აბა ის სკინჰედი გოგოები? კუ კლუქს კლანის ქალები?"

ეს მხოლოდ ამტკიცებს ჩემს არგუმენტს. ქალი აქტივისტების უმცირეს პროცენტს ვამჩნევთ. ისინი თვალში გვეჩხირებიან სწორედ იმიტომ, რომ მათი არსებობა მოლოდინს ეწინააღმდეგება.

ასზე მეტი მოქმედი და ყოფილი ექსტრემისტი გამოვკითხე, მათ შორის ამერიკელი ნეონაცისტები და თეთრი სუპრემაცისტები, ჯიჰადისტები და ისლამისტები კანადასა და დიდ ბრიტანეთში, იმიგრაციის მოწინააღმდეგე სკინჰედები ევროპაში, რათა გამეგო, როგორია მასკულინობის გამოცდილება ულტრამემარჯვენე ფლანგზე. ბევრი ამბავი მოვისმინე იმაზე, რასაც მე იმედგაცრუებულ პრივილეგიას ვუწოდებ: პრივილეგიის გენდერირებული შეგრძნება, რომელიც დიდმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა გარდატეხებმა ჩაახშო, მათი ამბიციები მოითოკა, მასკულინობა დაიკარგა.

ახალგაზრდა კაცები ექსტრემისტულ მოძრაობებს ხშირად იმის გამო უერთდებიან, რომ სამსახურში შემცირებებს, აუთსორსინგს ან ეკონომიკურ მიგრაციას გენდერულად სპეციფიკურად განიცდიან: მათი აზრით, ისინი კაცობას კარგავენ. ამგვარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კაცობის დაკარგვას თან ახლავს კაცობის დაკარგვის უფრო პირადული განცდაც: ეს ახალგაზრდები სკოლაში იზოლირებული არიან ან ბულინგის მსხვერპლი ხდებიან, და უჩნდებათ შეგრძნება, რომ მხარდაჭერა რაღაც უფრო დიდი ძალისგან სჭირდებათ.

მემარჯვენე ჯგუფებში გაერთიანებამ გენდერული განსაზღვრულობა დაუბრუნა მათ იმედგაცრუებებს და დაკარგული კაცობის შეგრძნებებს. კაცობა მათ უხილავმა კონსპირაციულმა ძალებმა წაართვეს, მემარჯვენე მოძრაობებში რეკრუტირება კი კაცობის დაბრუნებისა და პრივილეგიის შეგრძნების აღდგენის გზად იქცა მათთვის.

საკუთარი მასკულინობის დამტკიცება ცენტრალურ როლს ასრულებს მოძრაობაში რეკრუტირების და გაწევრიანებისას. მოძრაობაში გაწევრიანება გენდერირებული მცდელობაა, რომ თავიდან აირიდონ სირცხვილი, რომელიც მათ კრახს ახლავს - კრახს, რომელიც კაცად ყოფნაში განიცადეს. "სირცხვილის გრძნობა ყოველგვარი ძალადობის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია," წერს ფსიქიატრი ჯეიმს გილიგანი თავის ბრწყინვალე წიგნში "ძალადობა". "ძალადობა იმას ემსახურება, რომ შეამციროს სირცხვილის ინტენსივობა და რამდენადაც შესაძლებელია, ჩაანაცვლოს ის მისი საპირისპიროთი - სიამაყით, და ამგვარად ინდივიდი სირცხვილის ჭარბი შეგრძნებისგან იხსნას."

აქ მხოლოდ ის კი არაა, რომ ისინი მამრები არიან - ანატომიურად და ქრომოსომულად - არამედ ის, რომ თავს აღიქვამენ ასე. მოძრაობებს ისინი უერთდებიან, როგორც არშემდგარი კაცები; როგორც კაცები, რომლებსაც საკუთარი მასკულინობა აქვთ დასამტკიცებელი; რომლებსაც უნდათ, რომ თავი ნამდვილ კაცად იგრძნონ, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ბარიერს აწყდებიან.

ჩემი რესპონდენტები - ყოფილი ნაცისტები, ჯიჰადისტები და თეთრი სუპრემაცისტები თავს არშემდგარ კაცებად გრძნობდნენ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კაცობის დაკარგვის ეს შეგრძნება შიგნით მიემართათ და გამოხატული ყოფილიყო დეპრესიით, ინტერპერსონალური ძალადობით, სუიციდით ან ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარებით, ეს ახალგაზრდა კაცები როგორღაც დაარწმუნეს, რომ თავიანთი გრძნობების ექსტერნალიზება მოეხდინათ, სამართლიან პოლიტიკურ მრისხანებად ექციათ და იმ ძალების წინააღმდეგ მიემართათ, რომლებიც, მათი აზრით, პასუხისმგებელნი არიან მათი კაცობის დაკარგვაზე.

მათი კრახი მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ ყოფილა; მათ ეს გაუკეთეს - გულგრილმა სახელმწიფომ, მტაცებელმა კორპორაციებმა და გაუმაძღარმა ბანკირებმა, "სხვებმა", ვინც ხელსაყრელი გარიგებები მოიპოვეს. მათ კრახი არ განუცდიათ, ისინი მსხვერპლები გახდნენ.

სწორედ მსხვერპლად ყოფნის ეს შეგრძნება - რომ ისინი არიან პოლიტკორექტული და მულტიკულტურული საზოგადოების ახალი მსხვერპლები - მათ პოლიტიკურ აქტივობებს სამართლიანობის სტატუსს ანიჭებს. როცა ეს კაცები მოძრაობებში გაწევრიანდნენ, მათ განავითარეს მსოფლმხედველობა, რომელიც მყისიერად აღადგენდა მათ მასკულინობას "სხვების" მასკულინობაზე თავდასხმით.

იმას არ ვამბობ, რომ თუ გენდერს გავიგებთ, ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმზიდველობის საიდუმლოს სრულად ამოვხსნით. რა თქმა უნდა, ასე არაა. კიდევ ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

ექსტრემიზმის საფუძველს სტრუქტურული ცვლადების კრებული ქმნის, რომელთა შორისაა ეკონომიკური მიგრაცია სულ უფრო მზარდად ურთიერთდაკავშირებულ გლობალურ ეკონომიკაში, ოჯახური პატრიარქატის შესუსტება ან ნგრევა (მომუშავე ცოლები, ბავშვები, რომლებიც ისეთ განათლებას იღებენ, რაც მამის ავტორიტეტს საფუძველს აცლის), პოლიტიკური მარგინალიზაცია.

ამ საფუძველს უნდა დავამატოთ ფსიქოლოგიური ცვლადებიც: ბავშვობის ტრავმა, ბულინგი, ბავშვზე ძალადობა, სექსუალური ძალადობა. ქალთა დასაქმებამ და განათლებამაც დრამატულ ცვლილებებს მისცა ბიძგი.

მაგრამ ჩემი არგუმენტი ის არის, რომ გენდერული ანალიზის გარეშე ექსტრემისტულ მოძრაობებს სრულყოფილად ვერ ავხსნით. უფრო მეტიც, ამ გამოწვევას ადეკვატურად ვერ ვუპასუხებთ იმის გაგების გარეშე, თუ როგორ ღრმად არის ჩაწნული გენდერი - მასკულინობა - მოძრაობაში ჩართული კაცების გამოცდილებაში.

ექსტრემიზმს გენდერირებულად პოლიტიკური ფსიქოლოგია აქვს: კაცები, რომლებიც ექსტრემისტულ ჯგუფებში ერთიანდებიან, გრძნობენ ამხანაგობის და ერთობის საჭიროებას; მყარი და მტკიცე იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეს; სურვილს, რომ ცხოვრებას ჰქონდეს მიზანი და მნიშვნელობა; და ამ ცხოვრების ქონის შეუძლებლობას ან დაბრკოლებებს - ეს სპეციფიკურად გენდერირებულ გრძნობებად, მისწრაფებებად და ემოციებად განიცდება.

შესაბამისად, მოდით, ცოტა ხნით გენდერს მივაქციოთ ყურადღება და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს.

ეს ასე მუშაობს: ეს ახალგაზრდა კაცები მიიჩნევენ, რომ მათ განსაკუთრებულად აქვთ მიკუთვნებულობის და ერთობის გრძნობა, ქალებსა და ბავშვებზე უპირობო მორალური ავტორიტეტი და იმის შეგრძნება, რომ ისინი ღირებულები არიან და მათი სიცოცხლე მნიშვნელოვანია.

როდესაც საფრთხე ექმნება ისეთ ცხოვრებას, რომელსაც, მათი აზრით, ისინი იმსახურებენ, ამ ახალგაზრდა კაცებს სირცხვილისა და დამცირების გრძნობა უჩნდებათ. სწორედ ეს იმედგაცრუებული პრივილეგია უბიძგებს ზოგიერთ კაცს, რომ საკუთარი მარცხის გამოსწორების გზა ეძებოს, რომ აღადგინოს და დაიბრუნოს კაცობის ის შეგრძნება, რომელიც დაიკარგა.

ექსტრემისტულ მოძრაობაში გაწევრიანება მასკულინური კომპენსაციის ფორმაა, კაცობის დამტკიცების ალტერნატიული გზა. ამაში გენდერის როლის არდანახვა შეცდომაა.

ჟურნალისტები და მკვლევარები, როგორც წესი, რადიკალური ექსტრემისტული იდეოლოგიის შინაარსზე ფოკუსირებით იწყებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ეძებენ იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნიადაგს, რომელშიც ეს სიძულვილის იდეოლოგიები ახერხებენ ფესვის გადგმას.

კვლევის ამგვარი სტრატეგიები გრძელვადიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზეზებს კი ხსნის, მაგრამ ვერ ავლენს ფილტრაციის მექანიზმებს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ათასობით ადამიანი განიცდის ერთსა და იმავე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებს, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი იხიბლება ექსტრემიზმით.

ჩვეულებრივ, ამის ასახსნელად, ფართომასშტაბიანი მაკრო-დონის ახსნებიდან პირდაპირ ინდივიდუალური ფსიქოპათოლოგიის მოდელზე გადადიან. ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს, ოჯახში ან აღზრდაში, "რაღაც ვერ ჰქონდათ რიგზე."

შესაძლოა მათ მამები სცემდნენ, მიატოვეს ან მათ მიმართ დაუნდობლები და სასტიკები იყვნენ. ან, შეიძლება, ბიჭებს თავიანთი თანატოლები აბულინგებდნენ.

ძალადობრივი ექსტრემიზმის ასახსნელად ამგვარი ფსიქოლოგიური რედუქციონიზმი საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ მასაც იგივე კითხვა დაესმის, რაც მაკრო-დონის სტრუქტურულ ახსნას: იმ დიდ სამყაროში, სადაც ბავშვებზე ძალადობა, ცემა, მშობლისგან მიტოვება, ბულინგი და სხვა უსიამოვნებები ხდება, მხოლოდ რამდენიმე მათგანი რატომ იფეთქებს თავს თვითმკვლელი ტერორისტის რანგში, ან იწყებს ვარჯიშს თეთრი რასის "აუთსაიდერებისგან" დასაცავად?

რატომ, მაინცდამაინც, ეს კონკრეტული ბიჭები და კაცები, და არა - ყველა დანარჩენიც?

რაღაც აზრით, ეს ორი ახსნა ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ის უნდა ვიკითხოთ, ასე ცოტა ადამიანი რატომაა ექსტრემისტულ მოძრაობებში, და არა ის, თუ რატომ არიან ისინი ბევრნი.

ბოლოსდაბოლოს, ამერიკაში, ათასობით - არა, ასი ათასობით ბიჭია, რომელსაც ყოველდღე აბულინგებენ და მოსვენებას არ აძლევენ. მაგრამ ისინი იარაღს არ იღებენ და ყველა სკოლაში მასობრივ ხოცვა-ჟლეტას არ აწყობენ.

ასე რომ, იმ კონკრეტული ბიჭების, რომლებიც ხელში იარაღს იღებენ, ფსიქოლოგიურ მახასიათებლებთან ერთად, ისიც უნდა ვიკითხოთ, თუ რა სტრუქტურული მახასიათებლები აქვს იმ სკოლებს, სადაც ეს ხდება.

ამ ზედმეტად დეტერმინისტულ სტრუქტურულ ახსნასა და რედუქციონისტურ ფსიქოპათოლოგიურ ახსნას შორის შუამავლის როლს გენდერი ასრულებს.

მასკულინობა.

ახალგაზრდა კაცების სპეციფიკური ჯგუფების მიერ სპეციფიკურად გაგებული და განხორციელებული მასკულინობა გვეხმარება მაკროსა და მიკროს, სტრუქტურულსა და ფსიქოლოგიურს შორის გზის გაკვლევაში.

დამცირებასა და ძალადობას შორის გენდერირებულ კავშირში მივაგნებთ იმის ამოხსნას, თუ როგორ ერთვება ზოგიერთი ახალგაზრდა კაცი ექსტრემისტულ პოლიტიკაში, და, შესაბამისად, ჩვენ, როგორც პოლიტიკის შემქმნელები, სამოქალაქო და თემის ლიდერები, მშობლები, რელიგიური ლიდერები და მოქალაქეები, შევძლებთ, მათ უკან დასაბრუნებელი გზა ვაჩვენოთ.

უნდა ვიკვლიოთ ღრმა ემოციური კავშირის, მიკუთვნებულობის, სირცხვილისა და დამცირების კომპენსირების, ცხოვრებაში მიზნისა და მისიის ქონის - შეგრძნება, რომ, ბოლოსდაბოლოს, დიდებით და ძალაუფლებით ცხოვრობ - გამოცდილებები. ეს ემოციები ნოყიერ ნიადაგს ქმნის ახალგაზრდა კაცებისთვის, რომლებიც მოწადინებულნი არიან, რომ თავიანთი კაცობა დაამტკიცონ.

ულტრამემარჯვენეების ხედვით, მათი მოძრაობა ძალაუფლების მოპოვებას არ ესწრაფვის, არამედ ძალაუფლების დაბრუნებას მისი კანონიერი მფლობელებისთვის - ეს "ჩვენ" ვართ და არა "ისინი". მიზანია იმის აღდგენა, რაც იყო და რაც უნდა გაგრძელებულიყო.

და ამ პროცესში მათი კაცობის აღდგენაც უნდა მოხდეს. ამ კაცებისთვის მოძრაობაში ჩართულობა შესაძლებლობაა, რომ საკუთარი მასკულინობის შეგრძნება დაიბრუნონ, რომელიც არალეგიტიმურმა თვითმარქვიებმა, მთავრობამ და მისმა კორპორატიულმა მიმდევრებმა წაართვეს.

ამდენად, ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაპირისპირება მოითხოვს, რომ ეს ახალგაზრდები კაცებად განვიხილოთ და არა მხოლოდ ჯიჰადისტებად, ნეონაცისტებად ან თეთრ სუპრემაცისტებად.

საჭიროა, მათ ახალი გზები შევთავაზოთ იმისთვის, რომ თავიანთი მასკულინობა დაამტკიცონ, იგრძნონ, რომ ნამდვილი კაცები არიან და მათი სიცოცხლე ღირებულია.

ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც თავს უსუსურად გრძნობენ, სძულთ ეს გრძნობა და ძალის მოპოვებას სხვების განადგურებით ცდილობენ.

ისინი იმ ჯადოსნურ ტყვიას ეძებენ, ხანდახან პირდაპირი მნიშვნელობითაც, რომელიც მათ ნამდვილ კაცად გადააქცევს.

სტატიის ორიგინალი ვერსია "გარდიანის" ვებსაიტზე

მთარგმნელი: აია ბერაია



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი