ნივთია ადამიანი?
25 11 2015

ქალი-სუბიექტის ნაცვლად ობიექტის დანახვა პოპულარული მედიის მთავრი მამოძრავებელი ძალაა. მაგალითად, მომღერალი სულაც არ არის მხოლოდ ლამაზი ხმის პატრონი, ის „სრული შეკვრაა“ (whole package). დიახ, მას ოფიციალურად შეკვრად და ნივთად მოიხსენიებენ. მას ყიდიან, ზუსტად ისე, როგორც ყიდიან ვაშლს ან შამპუნს. ის ხდება პროდუქტი, ხოლო თუ ძალიან გაუმართლა - ბრენდი. ის შეიძლება იყოს: სექსუალური, მორცხვი, ნაზი, მამაცი, ის შეიძლება იყოს მაღალი, უხვი თუ ტანადი, მაგრამ ის კარგავს თავის ხასიათს, კარგავს თავის ინდივიდუალურობას. სამაგიეროდ, ხდება ყველასათვის ხელმისაწვდომი და გასაგები.ძალიან პრობლემურია, როდესაც ასეთი გასაგები ობიექტი უცებ იცვლება. ჩვენ ხომ ძლივს მივხდით, რა იყო მაილი საირუსი, საყვარელი ამერიკელი გოგონა ჯინსის შორტებში და, უცებ, ვაი, თმაგადაპარსულ მოზარდს ვხედავთ, რომელიც საცვლების ამარა კედლებს ანგრევს. სამწუხაროდ, თავიდან მოგვიწევს დაფიქრება - რა არის მაილი საირუსი? გოგონა იყო და ახლა ბოზია? საინტერესო კი არის, მაგრამ მოგვწონს? ალბათ, არ მოგვწონს, რადგან ცვლილება ჩვენგან დამატებით ფიქრს მოითხოვს. მაგრამ, ყურადღებას ნამდვილად იპყრობს. მაილი საირუსს „რას“ ნაცვლად „ვინ“ კითხვა რომ დაესმოდეს, ამხელა გაუგებრობას არ გამოიწვევდა ის ფაქტი, რომ ადამიანი გაიზარდა და საერთოდაც, ყველანი ვიცვლებით, განსაკუთრებით მაილის ასაკში. ზოგი თმას იპარსავს, ზოგი ტატუს იკეთებს და ზოგი დღენიადაგ იმაზე ფიქრობს, როგორ გამოეყოს ამ საზოგადოებას, რომელშიც „მისი არავის ესმის“. მაგრამ მაილის სად აქვს ფუფუნება, იყოს ჩვეულებრივი მოზარდი. ის ხომ ობიექტია, რომელსაც ჯერ კატეგორიების ერთი კონა ახასიათებდა, ახლა კი მეორე კონა დაემატა.
რატომ ყიდიან ქალებს ნივთებად? იმიტომ, რომ ინდივიდის ბოლომდე გაგება საერთოდ შეუძლებელი ამოცანაა, ხოლო ინდივიდზე წარმოდგენის შექმნა ბევრ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ, თუკი ჩემი მიზანია, ბევრი სიმღერა, ფილმი, საცვალი თუ დაზღვევის პაკეტი გავყიდო, მე ქალის ნაცვლად ობიექტებს წარმოგიდგენთ. ოღონდ, თან მოგატყუებთ, რომ ეს ობიექტი არაა - მას ფსიქოლოგიურ მახასიათებლებსაც მოვუგონებ, რომ თქვენ გეგონოთ, უი, ამ გოგოს ხომ ვიცნობ.მაგალითად, ვიქტორიას სიკრეტის მოდელებს, ანგელოზები რომ ეწოდებათ, მცირე „მახასიათებლები“ გააჩნიათ - ზოგი სპორტულია, ზოგი გულუბრყვილო, ზოგი „ცეცხლია, ცეცხლი“. ისინი არ არიან უბრალოდ ლამაზი ნივთები. უბრალოდ ლამაზი ნივთების გაყიდვა წინა საუკუნის მოძველებული სტრატეგიაა. ისინი ფსიქოლოგიურად განსხვავებული ნივთები არიან. ვიქტორიას სიკრეტის ანგელოზები ჩვენში სხვადასხვა ემოციებს აღძრავენ. ერთი შეხედვით ვასკვნით, რომ ვიცით, როგორია მათი შინაგანი სამყარო. ამით უპირატესობას გვრძნობთ. ამავე დროს საკუთარი არასრულფასოვნება გვახხსენდება, ვფიქრობთ - მეც მინდა ვიყო ასეთი (ან მეც მინდა, ასეთი ქალი მყავდეს), 80 დოლარიან ლიფს ვუკვეთავთ და იმედი გვაქვს, რომ ლიფის მეშვეობით გავხდებით ისეთივე , როგორც წლობით ნავარჯიშები და ნადიეტარი ანგელოზები. რატომ არის ეს კატასტროფა? რა არის ამის ალტერნატივა? ბოლოს და ბოლოს, ყველამ ულიფოდ ვიაროთ და ქართველობა დავკარგოთ?! სამწუხაროდ, მუდამ სუბიექტი-ობიექტი მოდელში მყოფი საზოგადოება ნელ-ნელა კარგავს სიღრმისეული კონტაქტის უნარს, ადვილად განსჯის, ადვილად აქცევს ადამიანს ნივთად, კატეგორიად. ნივთი კი შეიძლება, გაასხვისო. ნივთი შეიძლება, გაყიდო. ნივთი შეიძლება, მიზნის მისაღწევად გამოიყენო. ნივთს შეიძლება, დაეპატრონო, ნივთს შეიძლება, გადაურო, ნივთი შეგიძლია, გატეხო. და ტეხენ კიდეც.
ფოტო

"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი

ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება

სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია

გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის