ნივთია ადამიანი?
25 11 2015
ლიკა ბარაბაძე, ფსიქოლოგი ყოფილ ხართ ექიმთან ან რამე დაწესებულებაში, სადაც პიროვნებასავით კი არა,  არსებასავით გესაუბრებიან? აუთვალიერებიხართ ვინმეს ფეხებიდან თავამდე? გილოცავთ, თქვენ სუბიექტი-ობიექტი ურთიერთობები გამოგიცდიათ. მშვენივრად მიხვდებით, რას ეხება წინამდებარე პოსტი. ზოგადად, ურთიერთობის ორი გზა არსებობს: ღრმა და ზედაპირული: სუბიექტი-სუბიექტი ან სუბიექტი-ობიექტი. ახლო ურთიერთობებში ჩვენ სუბიექტი-სუბიექტი მოდელს ვიყენებთ: კონტაქტს ინდივიდთან ვამყარებთ. სხვა, ყოველდღიურ ურთიერთობებში სუბიექტი-ობიექტი მოდელით ვსარგებლობთ და ადამიანთან არ ვახლოვდებით. მაგალითად, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს გაჩერებას ვთხოვთ, თუმცა ამ დროს ის ჩვენთვის ინდივიდი კი არ არის, განცდებითა და ემოციებით, არამედ - მძღოლი.  ჩვენთვის სულ ერთია, ვინ ზის საჭესთან, რა არის მისი საყვარელი ფერი და არ ვთხოვთ თავისი ცხოვრებიდან კურიოზი მოგვიყვეს. მთავარია - გააჩეროს. ობიექტივიზაციის ეს მექანიზმი უცხოსა და ახლობლის, მნიშვნელოვნისა და უმნიშვნელოს გარჩევაში გვეხმარება. პრობლემა მაშინ იკვეთება, როდესაც ამ მოდელების მოქნილი მონაცვლეობა ვერ ხერხდება - ანუ ადამიანი “იჭედება“ ობიექტივიზაციაზე ან - პირიქით. მაგალითად, 10 წუთით სერვისით მოსარგებლე კლიენტს ტაქსის მძღოლი ბავშვობის ტრავმებს გიყვებათ (ამ დროს არღვევს თქვენს პირად საზღვრებს და ძალიათ ახდენს „სუბიექტივიზაციას“’), ან პირიქით, ქალის მიზანმიმართული ობიექტივიზაცია დღენიადაგ ხდება და მასმედიიდან ქალი სუბიექტები თითქმის გაქრნენ. თუკი ობიექტის მცდელობა, თქვენს სივრცეში შემოიჭრას და სუბიექტი გახდეს (გაიხსენეთ, ბავშვობაში სუფრასთან თითქმის უცნობი მთვარლი ბიძები რომ გამოგიჭერდნენ და ლექციებს გიკითხვადნენ ღირსებაზე) კიდევ ასატანია, უბრალოდ საშიშია, როდესაც თქვენს მოდელზე, სუბიექტი-სუბიექტი, მეორე მხარე შეუსაბამო სუბიექტ-ობიექტით გპასუხობთ. ობიექტივიზაციის მოდელზე მიმართული ადამიანები ობიექტების დასტას ქმნიან და მათ საერთოდ აკარგვინებენ სიღრმეს, განსხვავებულობას, განცდებს, ემოციებს, ღირებულებებს. შემდეგ, მთელი ცხოვრება ამ დასტებს აფრიალებენ და სხვებსაც მოუწოდებენ, დაინახონ ობიექტები და არა - ინდივიდები, დაინახონ „გეები“, „ფემინისტები“, „ჩინელები, „დაუნები“ და ამ ჯგუფში ჩაყარონა დამიანები, რომლებიც, შეიძლება საერთოდაც არ ერგებიან თავსმოხვეულ კატეგორიებს. აი, მაგალითად, გუშინ ჩემი ნაცნობი ფოტოგრაფი ვაკის პარკში მუშაობდა და დაცვამ ჰკითხა, გიორგობას სურათებს რატომ იღებ, იეღოველი ხარო? იეღოველი არ იყო. განსაკუთრებით თვალნათლივ ქალის ობიექტივიზაცია ჩანს. მაგალითების ძიება საჭირო არცაა, ქუჩაში გავიხედავთ თუ არა, შეგვეფეთება ბილბორდი, ჟურნალი, რეკლამა და ა.შ., სადაც სტერეოტიპული ღირებულებების მატარებელი ქალი ცდილობს, ჩვენში სარეკლამო ნივთის ყიდვის საჭიროება აღძრას.
ქალი-სუბიექტის ნაცვლად ობიექტის დანახვა პოპულარული მედიის მთავრი მამოძრავებელი ძალაა. მაგალითად, მომღერალი სულაც არ არის მხოლოდ ლამაზი ხმის პატრონი, ის „სრული შეკვრაა“ (whole package). დიახ, მას ოფიციალურად შეკვრად და ნივთად მოიხსენიებენ. მას ყიდიან, ზუსტად ისე, როგორც ყიდიან ვაშლს ან შამპუნს. ის ხდება პროდუქტი, ხოლო თუ ძალიან გაუმართლა - ბრენდი. ის შეიძლება იყოს: სექსუალური, მორცხვი, ნაზი, მამაცი, ის შეიძლება იყოს მაღალი, უხვი თუ ტანადი, მაგრამ ის კარგავს თავის ხასიათს, კარგავს თავის ინდივიდუალურობას. სამაგიეროდ, ხდება ყველასათვის ხელმისაწვდომი და გასაგები.
ძალიან პრობლემურია, როდესაც ასეთი გასაგები ობიექტი უცებ იცვლება. ჩვენ ხომ ძლივს მივხდით, რა იყო მაილი საირუსი, საყვარელი ამერიკელი გოგონა ჯინსის შორტებში და, უცებ, ვაი, თმაგადაპარსულ მოზარდს ვხედავთ, რომელიც საცვლების ამარა კედლებს ანგრევს.  სამწუხაროდ, თავიდან მოგვიწევს დაფიქრება - რა არის მაილი საირუსი? გოგონა იყო და ახლა ბოზია? საინტერესო კი არის, მაგრამ მოგვწონს? ალბათ, არ მოგვწონს, რადგან ცვლილება ჩვენგან დამატებით ფიქრს მოითხოვს. მაგრამ, ყურადღებას ნამდვილად იპყრობს. მაილი საირუსს „რას“ ნაცვლად „ვინ“ კითხვა რომ დაესმოდეს, ამხელა გაუგებრობას არ გამოიწვევდა ის ფაქტი, რომ ადამიანი გაიზარდა და საერთოდაც, ყველანი ვიცვლებით, განსაკუთრებით მაილის ასაკში. ზოგი თმას იპარსავს, ზოგი ტატუს იკეთებს და ზოგი დღენიადაგ იმაზე ფიქრობს, როგორ გამოეყოს ამ საზოგადოებას, რომელშიც „მისი არავის ესმის“. მაგრამ მაილის სად აქვს ფუფუნება, იყოს ჩვეულებრივი მოზარდი. ის ხომ ობიექტია, რომელსაც ჯერ კატეგორიების ერთი კონა ახასიათებდა, ახლა კი მეორე კონა დაემატა.
რატომ ყიდიან ქალებს ნივთებად? იმიტომ, რომ ინდივიდის ბოლომდე გაგება საერთოდ შეუძლებელი ამოცანაა, ხოლო ინდივიდზე წარმოდგენის შექმნა ბევრ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ, თუკი ჩემი მიზანია, ბევრი სიმღერა, ფილმი, საცვალი თუ დაზღვევის პაკეტი გავყიდო, მე ქალის ნაცვლად ობიექტებს წარმოგიდგენთ. ოღონდ, თან მოგატყუებთ, რომ ეს ობიექტი არაა - მას ფსიქოლოგიურ მახასიათებლებსაც მოვუგონებ, რომ თქვენ გეგონოთ, უი, ამ გოგოს ხომ ვიცნობ. 
მაგალითად, ვიქტორიას სიკრეტის მოდელებს, ანგელოზები რომ ეწოდებათ, მცირე „მახასიათებლები“ გააჩნიათ - ზოგი სპორტულია, ზოგი გულუბრყვილო, ზოგი „ცეცხლია, ცეცხლი“. ისინი არ არიან უბრალოდ ლამაზი ნივთები. უბრალოდ ლამაზი ნივთების გაყიდვა წინა საუკუნის მოძველებული სტრატეგიაა. ისინი ფსიქოლოგიურად განსხვავებული ნივთები არიან. ვიქტორიას სიკრეტის ანგელოზები ჩვენში სხვადასხვა ემოციებს აღძრავენ.  ერთი შეხედვით ვასკვნით, რომ ვიცით, როგორია მათი შინაგანი სამყარო. ამით უპირატესობას გვრძნობთ. ამავე დროს საკუთარი არასრულფასოვნება გვახხსენდება, ვფიქრობთ - მეც მინდა ვიყო ასეთი (ან მეც მინდა, ასეთი ქალი მყავდეს), 80 დოლარიან ლიფს ვუკვეთავთ და იმედი გვაქვს, რომ ლიფის მეშვეობით გავხდებით ისეთივე , როგორც წლობით ნავარჯიშები და ნადიეტარი ანგელოზები. რატომ არის ეს კატასტროფა? რა არის ამის ალტერნატივა? ბოლოს და ბოლოს, ყველამ ულიფოდ ვიაროთ და ქართველობა დავკარგოთ?! სამწუხაროდ, მუდამ სუბიექტი-ობიექტი მოდელში მყოფი საზოგადოება ნელ-ნელა კარგავს სიღრმისეული კონტაქტის უნარს, ადვილად განსჯის, ადვილად აქცევს ადამიანს ნივთად, კატეგორიად. ნივთი კი შეიძლება, გაასხვისო. ნივთი შეიძლება, გაყიდო.  ნივთი შეიძლება, მიზნის მისაღწევად გამოიყენო. ნივთს შეიძლება, დაეპატრონო, ნივთს შეიძლება, გადაურო, ნივთი შეგიძლია, გატეხო. და ტეხენ კიდეც.  


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"