შეწყვიტეთ ქვიარ ქალებისათვის ამ შეკითხვების დასმა!
27 11 2015

სექსუალობა არაჩვეულებრივი სასაუბრო თემაა. ის ასევე, ძალიან პირადულია. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ფიქრობს, თითქოს, ჰეტეროსექსუალობა ყველასთვის ბუნებრივ მდგომარეობაა, ჰეტერო ადამიანებისთვის საკმაოდ მაცდუნებელია არაჰეტეროსექსუალი ადამიანებისთვის დაკითხვის მოწყობა (ნებისმიერისთვის, ვინც ქვიარია - მოიაზრება იმ "სპექტრში," რომელიც მოიცავს ლესბოსელებს, ბისექსუალებს, პენსექსუალებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ), რათა გამოიძიონ ყველაფერი მათი ორიენტაციის შესახებ. და ალბათ, არც არის გასაკვირი - ქალები, რომლებსაც იზიდავენ ქალები, განსაკუთრებით ხდებიან ამ განხილვის საგნები.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ კულტურაში, სადაც მამაკაცი წინა პლანზეა წამოწეული და შესაბამისად, ბევრი რჩება გაოგნებული, როდესაც იგებს, რომ შესაძლებელია, ქალს ლტოლვა გააჩნდეს კაცს იქით ვინმეს მიმართ ან საერთოდაც არ იზიდავდეს მამრობითი სქესის წარმომადგენელი. მაშინაც კი, როდესაც არ გაქვს განზრახული, იყო უხეში ან უბრალოდ, გინდა ცოდნა გაიღრმავო ამ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად შენ მიერ დასმული შეკითხვები შეიძლება, შეურაცხმყოფელი იყოს ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია გესმოდეს, როგორ დაუჭირო მხარი შენს ქვიარ მეგობრებს, მათი პირადი ცხოვრების ყველა ასპექტის მიმართ ცნობისმოყვარეობის გამოჩენის გარეშე.

მე ასევე მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამ კითხვების უმრავლესობა ეყრდნობა ვარაუდს, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ ყველა მამაკაცს აქვს პენისი და ყველა ქალს აუცილებლად აქვს ვაგინა, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ჰეტერონორმატიული აზროვნება ხშირად ვერ ღებულობს მსგავს მრავალფეროვნებას, მათ შორის, ვერ ღებულობს ტრანს და ინტერსექს ადამიანებს. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, მოდით, თვალი გადავავლოთ იმ გავრცელებულ შეკითხვებს, რომლებზეც ქვიარ ქალებს მობეზრდათ პასუხის გაცემა.

  1. "როგორ კავდებიან ლესბოსელები სექსით?"

ჩემი საყვარელი პასუხი ქალებისთვის, რომლებიც ამ კითხვას მისვამენ, არის, "შემიძლია გაჩვენო," კაცებს კი ვპასუხობ, "შენ გარეშე." ჩემს პირად სივრცეში იჭრები! როგორც წესი, შენ შეგიძლია, განიხილო სხვისი სქესობრივი ცხოვრება, თუ ამაზე საუბარს ის ადამიანი თავად წამოიწყებს. ამ დროსაც კი, თქვენ უნდა მონახოთ ამ საკითხის განხილვის უფრო ფართო და სათადარიგო გზა, ვიდრე დასვათ კითხვა "როგორ აკეთებ ამას?!?" სარკაზმი იქით იყოს, სამწუხაროა, რომ ჩვენი სქესობრივი განათლება არის იმდენად დაბალ დონეზე, რომ არ შეგვიძლია, გავიგოთ, როგორი შეიძლება იყოს სექსი ჰეტეროსექსუალური ან სისგენდერული გაგების ფარგლებს გარეთ.

საზოგადოებას, უბრალოდ, არ შეუძლია, გაიაზროს ის, რომ ქალებს (რომლებზეც საზოგადოება ფიქრობს, რომ შეიძლება, ჰქონდეთ მხოლოდ ვაგინა) აქვთ შესაძლებლობა, სიამოვნება მიიღონ ერთმანეთისგან პენისის გარეშე (რომელიც, საზოგადოების აზრით, შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მამაკაცებს). რეალურად, უამრავმა ადამიანმა იცის, რომ პენისიანი პარტნიორის ყოლა არ იძლევა ორგაზმის ქონის გარანტიას.

სექსის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგი ურთიერთგაგება აკავშირებთ პარტნიორებს ერთმანეთთან და არა იმაზე, თუ რა გენიტალიის მატარებლები არიან ისინი. იმის მაგივრად, რომ გამოიყენოთ თქვენი ყველაზე ახლობელი ლესბოსელი ნაცნობები, როგორც საგანმანათლებლო წყარო იმაზე, თუ როგორი შეიძლება, იყოს ქვიარ სექსი, მიმართეთ ინტერნეტს! უამრავი საშუალება და ინფორმაციაა გავრცელებული, რომელსაც შეუძლია, განაქარწყლოს თქვენი დაბნეულობა და მინიმუმამდე დაიყვანოს უხერხულობა.

  1. "დარწმუნებული ხარ, რომ ლესბოსელი ხარ? არ ჰგავხარ ლესბოსელს"

ეს საერთოდ რას ნიშნავს? როგორი უნდა იყოს ლესბოსელი? ამას ძირითადად ეუბნებიან ფემინურ ლესბოსელებს, რომლებიც აღქმულნი არიან, როგორც ჰეტეროსექსუალი ქალები, ძირითადად ჰეტეროსექსუალი მამაკაცების მიერ, რომლებიც გაოცებულები ან გაფიცხებულები რჩებიან, როდესაც აცნობიერებენ, რომ ასეთ ქალებს მათთან ურთიერთობის სურვილი არ გაუჩნდებათ. ჰეტეროსექსუალი ადამიანები ცნობენ ლესბოსელებს ბუჩი სტერეოტიპების მიხედვით, როგორიცაა: მოკლე თმა, მამაკაცური სამოსი, ფემინურობის უარყოფა და ასე შემდეგ - ამიტომ ისინი ვერ ათვითცნობიერებენ, რომ ლესბოსელები შეიძლება, "გამოიყურებოდნენ, როგორც ისინი" - ძირითადად ფემინური ქალები, რომლებიც იზიდავენ ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს.

პირველი, რაც უნდა გაიაზროთ, არის ის, რომ ფემინურობა ყოველთვის თანაფარდობაში არ მოდის ჰეტეროსექსუალობასთან. ნაზ ქალებსაც შეიძლება, მოსწონდეთ ქალები! ამავე აზრიდან გამომდინარე, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი გამოიყურება მამაკაცურად, არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ჰომოსექსუალი. გენდერული თვითგამოხატვა და სექსუალური ორიენტაცია არის ორი სრულიად სხვადასხვა რამ.

ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ქალთა სექსუალურ თავისუფლებას და უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა მათი თვითგამოხატვის წინააღმდეგ. მივმართავ ჰეტეროსექსუალ ბიჭებს, ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ თქვენ ვერანაირად ვერ შეძლებთ ლესბოსელი ქალი დაიყოლიოთ სექსზე იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ისინი თქვენთვის ზედმეტად ქალურები შეიძლება აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ ჭეშმარიტად მოსწონდეთ თავისი სქესის წარმომადგენლები.

თქვენ უბრალოდ აღიზიანებთ მათ და ისინი ალბათ ამ დროს დაჟინებით ფიქრობენ, თუ როგორ დაასრულონ თქვენი ინტერაქცია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დასკვნა არის ის, რომ უხეშობაა, როცა ვინმეს იდენტობას უბრალოდ გამორიცხავთ და არ აღიარებთ (განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ამას გარკვევით გიხსნით და გაგებინებთ), რადგან ისინი არ შეესაბამებიან თქვენს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს კონკრეტული პიროვნება. (რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ლოგიკა "ზედმეტად ლამაზია ლესბოსელობისთვის" ეფუძნება მითს, რომლის თანახმადაც ლესბოსელი უნდა იყოს მახინჯი და ვერ იქნება მიმზიდველი. ამ მითის აბსურდულობა ყველანაირ საზღვარს სცდება.) შენ შეიძლება გაგიკვირდეს, როდესაც შეიტყობ, რომ ქალი არის ჰომოსექსუალი, მაგრამ ამ შემთხვევაში უკეთესია, თქვენი აზრი თქვენთვის შეინახოთ.

  1. "ოდესმე მამაკაცთან გქონია სექსი?"

აქაც იგივე, საზოგადოება ზედმეტად სკეპტიკურად არის განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალს რეალურად არ სურს, დაწვეს მამაკაცთან. მას არასოდეს ჰქონია სექსი მამაკაცთან ან, შესაძლოა, რაღაც განსაკუთრებულად ტრავმატული ურთიერთობა ჰქონდა კაცთან წარსულში, რამაც აიძულა შეეცვალა საკუთარი ორიენტაცია. მოდით განვიხილოთ და რატომაა ზემოთ მოცემული პრობლემატური.

რატომ არის ყოველი ქვიარ პიროვნება იძულებული, თან დაჰქონდეს თავისი რომანტიკული და სექსუალური ისტორიის ბიბლიოგრაფია და მზადყოფნაში იყოს, რომ მოუწევს ამ ყველაფრის ნებისმიერ მომენტში გაზიარება? იფიქრეთ ამაზე ამ კუთხით: თუ თქვენ ხართ ჰეტეროსექსუალი, არავინ გეკითხებათ: "რატომ ხარ ასეთი? იქნებ ეს იმ ერთ-ერთი დისნეის ფილმის ყურების გამო მოხდა 5 წლის ასაკში? რაღაც ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი შემთხვევა გექნებოდა და ალბათ ეს არის ამის მიზეზი!"

ასევე, არავინ არ შეიტანს ეჭვს შენს ჰეტეროსექსუალობაში მაშინაც კი, თუ უწინ არავისთან დაწოლილხარ, რადგან ჯერ კიდევ შენი დაბადების დღიდან ყველა დარწმუნებულია, რომ შენ მხოლოდ საპირისპირო სქესი გხიბლავს! ქვიარ ქალისთვის კითხვის დასმა "ოდესმე ჰქონია თუ არა მას სექსი კაცთან" არის უბრალოდ სულელური საქციელი, რადგან არ აქვს მნიშვნელობა არის, ის ბი, პენი, თუ სხვაგვარად პოლისექსუალი, იგი ამბობს, რომ მამაკაცებიც აინტერესებს; თუ ის არის ლესბოსელი, ამ შემთხვევაში მას კაცები არ აინტერესებს. მისი ორიენტაცია არ იცვლება - და არ არის დაყენებული ეჭვის ქვეშ - იმაზე დაყრდნობით, თუ რამდენჯერ ჰქონია ან არ ჰქონია სექსი მამაკაცთან წარსულში. თუ თქვენ ვერ იგრძნობდით თავს კომფორტულად ვინმეს რომ თქვენი სექსუალური წარსულის გაგება დაჟინებით მოეთხოვა, მაშინ ნურც საკუთარ თავს მისცემთ იმის უფლებას, რომ ეს სხვას გაუკეთოთ.

  1. "კაცები არ გენატრება?"

რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ბიჭებზე ორიენტირებული შეკითხვა. თუ ქალს მამაკაცთან ურთიერთობის რაღაც გამოცდილება მაინც ჰქონდა წარსულში, ხალხი ეჭვქვეშ ათავსებს მის მომავალ სექსუალურ მიდრეკილებებს. მაშინაც კი, როდესაც ქალს აქვს ბედნიერი და დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა მეორე ქალთან, ხალხი მას მაინც ეკითხება გრძნობს, თუ არა ერთგვარ ნოსტალგიას ბიჭების მიმართ, რადგან, როგორც იცით, კაცები (ვიმეორებ, ინდივიდები, რომლებსაც სოციუმი მიიჩნევს, როგორც ერთადერთ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც შეიძლება ჰქონდეს პენისი) წარმოადგენენ ერთადერთ გზას, რომლითაც ქალებს აქვთ საშუალება, დაკავდნენ "ნამდვილი სექსით" და ყველა სხვა დანარჩენი შემთხვევა, უბრალოდ, არ განიხილება. დაქვემდებარებული სექსარგუმენტი აშკარად ანადგურებს ყველანაირ შანსს, ვინმემ ქვიარ ქალის სასიყვარულო ურთიერთობა აღიქვას სერიოზულად, რადგან არავის, გარდა სისგენდერი მამაკაცებისა, არ აქვს საშუალება, მიანიჭოს ქალს ორგაზმი!

არ უნდა იყოს გამაკვირვებელი, რომ ეს შეკითხვა ხშირად არის ხოლმე დასმული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების მიერ, რომლებიც დაკითხვას უწყობენ ლესბოსელ ან ბი/პენ ქალბატონებს მათი ურთიერთობების შესახებ. საგანგებო შეტყობინება, ჩემო ძმაო: ქალი არ გამოთქვამს საკუთარ სასოწარკვეთილებას შენ მიმართ და არ შემოგახევს შარვალს. პასუხი რომ გავცე ჰეტეროსექსუალი ქალების ცნობისმოყვარე კითხვებს, ზოგიერთი ქალისთვის სექსის და ურთიერთობის ქონა თავისი სქესის წარმომადგენელთან უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ამ ყველაფრის მამაკაცთან გაზიარების შესაძლებლობა. ეს უბრალო განსხვავებაა ადამიანთა პრეფერენციებს შორის. გასაოცარი არაფერია.

  1. "ესე იგი ბი ხარ? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სამში სექსი მოგწონს?"

ზოგიერთ ადამიანს მოსწონს სექსი სამში და ეს მართლაც შეიძლება, კარგი იყოს! თუმცა, უამრავი ადამიანი არასწორად ვარაუდობს და ჰგონია, რომ ყველა ბისექსუალი ქალი ყოველთვის თანახმაა ასეთ სქესობრივ აქტში მონაწილეობის მისაღებად და ამიტომაც ისინი დაუფიქრებლად სთავაზობენ ამას ბისექსუალ ქალს. არასოდეს იყო ჩემთვის გასაგები სტერეოტიპი იმაზე, რომ თითოეული ბი ადამიანი უნდა განიცდიდეს ლტოლვას ყველა სქესის წარმომადგენლის მიმართ ნებისმიერ დროს.

ჩემი აზრით, ცნება იმის შესახებ, რომ ბისექსუალი ქალები არიან მიჩნეულნი, როგორც არსებითად უწესო ბუნების მქონე პიროვნებები, კვებავს მითს იმაზე, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ვალდებული, ვიყოთ სექსუალურად გახსნილები. ასევეა ჩვენს მეგობარ ბიჭებზე, რომლებიც სიხარულით უნდა იყვნენ ავსებულები, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თანახმა, შემოვიერთოთ მესამე პიროვნება საძინებელ ოთახში.

ეს ლოგიკა არ არის მართალი. გაგაჩნდეს ლტოლვა სხვადასხვა სქესის ადამიანების მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ შენ ყოველთვის გენდომება სექსი ყველა მათგანთან და ეს ფაქტი არც იმ ალბათობას არ ზრდის, რომლის მიხედვითაც შენ უნდა გქონდეს ყველანაირი სახის სექსუალური გემოვნება. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ბისექსუალ ქალს მოსწონს სამში სექსი, მაგრამ არა ყველას, ისევე როგორც ზოგ ჰეტეროსექსუალ ქალბს შეიძლება, ეს მოსწონდეს, ზოგს კი - არა. ყველაფერი ინდივიდის გემოვნებაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩვენი ქვიარობის ჰიპერსექსუალიზება.

  1. "შენ ურთიერთობა გაქვს მამაკაცურ ქალებთან. ეს იგივეა არაა, რაც რომანი გქონდეს კაცთან?"

არა. მარტივად და გასაგებად. მამაკაცურობა არ ეკუთვნით მხოლოდ კაცებს და კაცების მამაკაცურობა არ არის უმთავრესი სხვა ჯგუფების მასკულინობასთან შედარებით. ქალს შეუძლია, იზიდავდეს მასკულინურობა, მაგრამ ამასთანავე არ სურდეს ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის დამყარება. ის ამ დროს არ ცდილობს "ჰეტეროსექსუალობის იმიტირებას." მისი რომანტიკული ურთიერთობები არის სრულიად მართებული მისივე სურვილების ფარგლებში.

ეს ვარაუდი ასევე მოიაზრებს იმასაც, რომ მასკულინური ქალი და კაცი არიან შენაცვლებადი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ორივე მასკულინურები არიან, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. უამრავი კაცია, რომელსაც არ ახასიათებს მასკულინურობა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ გამოვიყენებდი ფრაზას "ყველა კაცი არ," მაგრამ ყველა კაცი არ მიესადაგება ტრადიციულ ჰეტერონორმატიულ განსაზღვრებებს და იგივე ითქმის ქალებზეც. შეურაცხმყოფელიცაა, როდესაც ქვიარ ქალს ეუბნებიან, რომ მამაკაცებთანაც გააბას ურთიერთობები იმიტომ, რომ მასკულინური ქალები მათ ზუსტ ასლებს წარმოადგენენ, როცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. პატივი ეცით ყველას არჩევანს.

  1. "შენ არ ხარ ბი. როდის მოვა დრო, აირჩიო კონკრეტულად ერთი?"

ბისექსუალობა უკვე იქცა დაბნეულობის, ერთგულების ნაკლებობისა და მონოგამიის მიმართ უინტერესობის ქონის სინონიმად. არ არსებობს ბისექსუალად ყოფნის არასწორი ვარიანტი, მაგრამ ჰეტეროსექსუალი საზოგადოება ამას მიიჩნევს ნეგატიურად, რადგან მათი აზრით, ეს ანტაგონიზმს უწევს იმ იდეალისტურ ჰეტერონორმატიულ ფანტაზიებს, რომელთა გარემოცვაშიც ჩვენ ყველა გავიზარდეთ. ქალების ბისექსუალობის ინტერპრეტაციას საზოგადოება ახდენს, როგორც ორკესტრირებულ, სასცენო დადგმას, რომელსაც თამაშობენ ქალები მხოლოდ იმიტომ, რომ ასიამოვნონ თავიანთ მამაკაცებს, რომლებსაც ეს ყველაფერი უკვე კოლეჯის დამთავრების შემდეგ მობეზრდებათ. კაცები, რომლებსაც ჰყავთ ბისექსუალი შეყვარებული გოგონები, ხშირად განიცდიან იმას, რომ მათი პარტნიორი გაწყვეტს მათთან ურთიერთობას, რადგან მათ არ შეუძლიათ გოგოს მისცენ ის, რაც აქვთ ქალებს.

არასოდეს არის გამართლებული სხვისი იდენტობის არასწორი კუთხით დანახვა შენი თავის უპირატესად წარმოჩენის მიზნით ან შენივე კომპლექსების გასანელებლად. ბისექსუალობა მხოლოდ ნიშნავს სხვადასხვა სქესის წარმომადგენლების მიმართ ლტოლვის ქონას. იმ უნდობლობის ან სტერეოტიპულობის უმთავრესი ნაწილი, რომელსაც განიცდი ბისექსუალი ადამიანების მიმართ, არის ამ მომწამვლელ, ბიფობურ საზოგადოებაში ცხოვრების შედეგი, რომელიც გვასწავლის, რომ წესიერი სექსუალობა არსებობს მხოლოდ მტკიცე ბინარულობაში: ჰეტეროსექსუალი - ჰომოსექსუალის წინააღმდეგ, ასევე ცნობილი, როგორც მონოსექსიზმი.

  1. "ბისექსუალობა და პანსექსუალობა ერთი და იგივე არ არის?"

ეს კითხვა ყველაზე მეტად მაღიზიანებს, რადგან ამაზე არ მაქვს ჩამოყალიბებული პასუხი. კი. არა. შესაძლოა. ყველაზე მოკლე და უბრალო პასუხი არის ის, რომ ეს დამოკიდებულია პიროვნებაზე. პანსექსუალობა ნიშნავს, გიზიდავდეს ყველანაირი სქესისა და იდენტობის მქონე ადამიანი, ამის მეოხებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოიაზრებს ყველა სქესის სპექტრის ერთად მოთავსებას (პან ასევე ნიშნავს "ყველას").

ბისექსუალობა ზოგადად ნიშნავს გქონდეს ლტოლვა ორი ან მეტი სქესის წარმომადგენლის მიმართ. ზოგს მიაჩნია, რომ ბისექსუალობა - როდესაც ეს (არასწორად) მიჩნეულია, როგორც "ქალისა და მამაკაცის მიმართ ლტოლვის ქონა" - არ მოიაზრებს, გიზიდავდეს ტრანსი და არაბინარული პირები. ეს ადამიანები ზოგჯერ ამჯობინებენ, თვითიდენტიფიცირება მოახდინონ, როგორც პენსექსუალი, რადგან მათთვის ბისექსუალობა არის სისსექსისტური და გამორიცხავს მათ, ვინც არ მიესადაგება სქესობრივ ბინარულობას. თუმცა, ბევრი სხვა მიიჩნევს, რომ ტრანსი და არაბინარული ადამიანები ასევე მოიაზრებიან ბისექსუალობაში.

ბევრი ადამიანი და, მათ შორის მეც, ამ ორ ტერმინს, ბისექსუალობასა და პანსექსუალობას, იყენებს, როგორც ურთიერთცვლად განსაზღვრებებს. მე ხშირად წარმოვაჩენ ჩემს თავს, როგორც ბისექსუალს, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ტერმინი უფრო ფართოდაა გავრცელებული და უფრო გასაგები ყველასთვის. მთავარი არის ის, რომ შენ უნდა მისცე სხვას საშუალება, აგიხსნას, თუ როგორ ახდენს ის თავისი თავის იდენტიფიცირებას და თვითნებურად არ უნდა მიაკერო მას ბისექსუალობის ან პანსექსუალობის იარლიყი. *** ქალების სექსუალური ავტონომიურობის წინააღმდეგ საზოგადოება მუდმივად იბრძვის. ეს სიტუაცია ორმაგად მძიმეა ქვიარ ქალებისთვის. შენ შეიძლება იყო თავაზიანი, შეიძლება იყო მათი მეგობარი, შეიძლება, შენი შეკითხვები უბრალო ცნობისმოყვარეობა იყოს და არ გაგაჩნდეს არავითარი განზრახვა, შეურაცხყოფა მიაყენო სხვას, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც დროის მანძილზე მომაბაზრებელი და დამღლელი ხდება.

არავინაა ვალდებული, იყოს შენი მარჯვე კოპწია უმცირესობის ნიშანი და აგიხსნას ყველაფერი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ქვიარ ქალებს არ ეკისრებათ ვალდებულება, მოგატარონ მათი სექსუალობის ყველა ასპექტი მათი წარსულის გადაწყვეტილებების გასამართლებლად ან იმის, თუ ვინ უყვართ მათ. არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ შეიჭრათ თქვენი მეგობრების ან თქვენთვის უცნობი ადამიანების ცხოვრებაში ისეთი სათუთი თემის განსახილველად, როგორიცაა სექსუალობა. ჩვენ ისევე ვართ პრივილეგირებულები განმარტოებისთვის, როგორც თქვენ, მიუხედავად ორიენტაციისა. თუ გინდა ისწავლო, დაიწყე საკუთარი თავის განათლებით.

წყარო



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა