ქალზე ძალადობის კულტურული ჟანრი - პიროვნების დანაწევრება
28 11 2015
თამარ თანდაშვილი, ფსიქოთერაპევტი
ერთ-ერთი ინტერვიუს დროს პაციენტი მამაკაცი შეეცადა, ჩემთვის აეხსნა თავისი რომანტიკული პარტნიორის განუმეორებლობა:
„ამ ქალში არის რაღაც განსაკუთრებული, ისეთი, რაც სხვაში არ მინახავს. ლამაზი და ჭკვიანი ბევრია, საქმე ეგ არ არის. არც კი ვიცი რა დავარქვა ამ განსხვავებულობას. მე მგონი, სახელი არა აქვს. იცით როგორია? მხოლოდ ქალი კი არ არის, არამედ ქალი-პიროვნება. ხვდებით, რას ვამბობ?“ადამიანი იბადება სხეულით შემოსაზღვრულ დამოუკიდებელ ერთეულად. ის განსაკუთრებულია, რადგან განუმეორებელი ნიშნების მატარებელია და მისი ცხოვრება, მიუხედავად ბევრი გარეგნული მსგავსებისა, ვერასოდეს გაიმეორებს მეორე ადამიანის ცხოვრებას. ადამიანს, როგორც ერთეულს, აქვს გარეგნობის, ნიჭისა და ტალანტის, ტემპერამენტის, გემოვნების, ხასიათის თვისებების ერთობლიობა, რითაც ის უნიკალურ სამყაროს წარმოადგენს 6 მილიარდი მოარული სამყაროთი დასახლებულ პლანეტაზე. ვისაც გაუმართლებს და ადრეულ ასაკში არ გარდაიცვლება, თვითგადარჩენისათვის ზრუნვის გარდა, მოუწევს საკუთარი თავის შეცნობისა და განვითარებისათვის დროის დათმობა. ეს უკანასკნელი კი ცხოვრების ბოლომდე გარდაუვალი და, ამავდროულად, შემოქმედებითი საქმიანობაა. პროცესები, რომლებსაც თვითძიება მოიცავს, მრავალფეროვანია: საკუთარი სურვილების ამოცნობა და მათი განსხვავება კულტურის, საზოგადოების მიერ თავს მოხვეული სურვილებისაგან; ამოცნობილი სურვილების ანალიზი და მათი შეძლებისდაგვარი დაკმაყოფილება; ემოციებისა და განწყობების დაფიქსირება; საკუთარი დამოკიდებულებების შესწავლა სხვადასხვა საკითხის ან ადამიანებისადმი; საკუთარ თავში ნიჭისა და ტალანტის აღმოჩენა და მათი კულტივირება. ეს პროცესები ადამიანს უადვილებს ცხოვრების ძირითადი კითხვებისათვის პასუხის გაცემას: როგორი ცხოვრებით მინდა, რომ ვიცხოვრო? როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი ყოველდღიურობა? რა არის ჩემი არსებობის მიზანი/მიზნები? ამ კითხვებზე დაფიქრება მოცალეობის ჟამს ფილოსოფიით თავის შექცევა ნამდვილად არ არის. ეს არის ჩვენი მცდელობაა, რომ, რამდენიმე ათეულწელზე გათვლილი ერთჯერადი არსებობა შინაარსიანებმა და მეტ-ნაკლებად ბედნიერებმა გავატაროთ, რომ სიბერეში, როცა უამრავი დეტალის შეცვლა ფიზიკური შეუძლებლობა გახდება, სინანულმა და გულდაწყვეტამ არ დაგვახრჩოს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გააზრებისას. საკუთარი თავის შეცნობის პროცესი ჩვენი არსებობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანებს გვჭირდება ცხოვრების ჩვენებური სტილი, ყაიდი. ის შეიძლება, სხვისთვის მიუღებელი და გაუგებარი დარჩეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში გამართლებულია, თუკი ის ჩვენი აღმოჩენილია და ვგრძნობთ, რომ ჩვენია. პიროვნების განვითარების ზემოთხსენებული მოდელი ეყრდნობა რამდენიმე დაშვებას:
- ადამიანი ავტონომიური და დამოუკიდებელი არსებაა
- არჩევანის თავისუფლება ადამიანის ყველაზე მაღალი ღირებულებაა
- ადამიანის არსებობის უმაღლესი მიზანი მისი, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის, განვითარებაა
- ადამიანი, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არსებობის გამო, იმსახურებს ცხოვრებით კმაყოფილებასა და ბედნიერებას
პიროვნების დაქუცმაცების გავრცელებულ პრაქტიკას რამდენიმე მექანიზმი აქვს, მათგან ერთ-ერთი ასე გამოიყურება - ქალის ფუნქციური დანაწევრება და მისი პიროვნების სოციალურ როლებამდე დაყვანა. 3 წლის ასაკში თუ გოგო თვალწარმტაცია, მისთვის და მისი მშობლებისათვის კომპლიმენტად გაისმის: „ისეთი ლამაზი ხარ, რომ მოგიტაცებენ.“ თუ 12 წლის ასაკში ხაჭაპურის ცხობა იცის, „ ეხლა უკვე მისი გათხოვება შეიძლება“; თუ უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა, უკვე თვალების ცეცების დრო დაუდგა, რომ ოჯახის შექმნა და შვილები (ქალის მთავარი დანიშნულება) სწავლა განათლებით გატაცებულს ხელიდან არ გაუსხლტეს. ქალს ადრეული ბავშვობის ასაკშივე, სააზროვნო ცხოვრების დაწყებით ეტაპზე, მრავალჯერადი გამეორებისა და წახალისება-დასჯის მეთოდებით უნერგავენ, რომ, მისი პიროვნების ღირებულებას სხვისადმი წარმატებული სამსახური განსაზღვრავს. გოგონა უბრალოდ ლამაზი ვერ იქნება, ის „მოსატაცებლად“ ლამაზია. კარგი კულინარიული მონაცემები თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ გათხოვილმა ოჯახის სამზარეულოში არ გამოავლინე. და ბოლოს - უკიდეგანო სამყაროს შეცნობასა და თვალსაწიერის ზრდას, სარეკლამო ბანერივით - მხოლოდ წარმატებული გასხვისების მომენტამდე აქვს ფასი. ქართულ ენაში ნათლად აისახება ის ფუნქციური მრავალფეროვნება, რომლამდეც ქალის პიროვნების მთლიანობა შეიძლება, დააკნინო. „კარგი გოგო“ აუცილებლად უნდა იყოს ასექსუალი, არა მხოლოდ პრაქტიკით, არამედ ჰაბიტუსითაც. რადგან ასეთები ოჯახს ერთგულობენ და მათი ეროტიკული გატაცებები მამაკაცის თავმოყვარეობას არ ლახავს. „ნაშა“ კარგად ცნობადი კატეგორიაა ქალის, რომლის დანიშნულება მამაკაცის სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილება და, ამავდროულად, „საკუთარი ადგილის ცოდნაა.“ „დედა“ ასევე ასექსუალი არსებაა: ზრუნვა-მოვლის ფუნქციები და გამგები, ყოვლის (მამაკაცისა და მისი ოჯახური კლანის მიმართ) მიმტევებელი ბუნება ის ატრიბუტებია, რომლებიც მას სანაქებო, თითით საჩვენებელ ქართველ ქალად წარმოაჩენს. „გაუთხოვარი ქალი“ ნაკლოვანი ადამიანია. ამ უკანასკნელმა ევოლუციური ფუნქცია ვერ შეასრულა, ამიტომ, თავისი არსებობა და-ძმის ოჯახზე მზრუნველობით ან სანათესაოს მოვლა-პატრონობით უნდა გაამართლოს. უკიდურეს შემთხვევაში ის „ბოზია“ და საკუთარ ფინანსურ რესურსს „ახალგაზრდა საყვარლებს ახარჯავს.“ თუკი გაუთხოვარ ქალს გაუმართლა და „ბოზის“ კატეგორიაში არ მოხვდა, ის, უბრალოდ „თავისი თავის ქალია,“ რომელსაც ერთ დღეს „კლიმაქსი დაემართება დაგაგიჟდება.“ქალზე ძალადობის ტიპოლოგია უკიდეგანოა. მაგრამ ერთიანი, ავტონომიური, თავისუფალი პიროვნების განვითარების დათრგუნვა - ქალის პიროვნების დაქუცმაცება - ყველაზე ტოტალური და დამანგრეველია ძალადობის ფორმებს შორის. ტოტალური იმიტომ, რომ ინსტიტუციები (ოჯახი, სკოლა, ეკლესია, მიკრო ჯგუფები, სამსახური, ფართო სოციუმი, მედია) და კულტურული პრაქტიკები (დაწყებული ყბადაღებული ქართული სუფრიდან და დამთავრებული ქალის არსებობის საჯიშე საქონლის დანიშნულებამდე დაყვანით) არსებობის ყველა ეტაპზე ქალს მრავალრიცხოვან ბარიერს უწესებს, რომელთა გადალახვის ცალკეული მცდელობები კი არ ათავისუფლებს ამ უკანასკნელს, არამედ, უფრო მეტად ამტკიცებს მის ფრაგმენტულსა და ლოკალურ არსებობას.
თუმცა, ბევრი ქალისათვის „კარგად მოქცევის“ სოციალური ჯილდო არც თუ ისეთი სახარბიელო აღმოჩნდება ხოლმე, როგორც ამაში საკუთარი კულტურა და ოჯახი არწმუნებს. ისინი კი, რომლებიც ბედავენ ზემოთ ჩამოთვლილი კითხვების საკუთარი თავისათვის დასმას, ამას „კარგ გოგოდ“ ყოფნის საფასურად გაღებული ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ანალიზის შედეგად აკეთებენ. საქმე ის არის, რომ საკუთარ თავში მთლიანობის აღმოჩენა და წახალისება არც ერთ ასაკში არის გვიან. თვითკვლევა და თვითგანვითარება ეგზისტენციალური მოგზაურობის სახეებია და ერთხელ მაინც თუ სცადე, სულ მოკლე ხნითაც კი, საკუთარ თავთან ყოფნის ხიბლი და თავისთავადობის განცდა აღარ მოგასვენებს, სანამ ამ მოგზაურობის ბოლოში არ გახვალ.ადამიანის დანიშნულებების მიხედვით დაქუცმაცება იმდენად გადახლართულია ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მისი, როგორც ჩაგვრის ფორმის ამოცნობაც კი ჭირს მსხვერპლისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ წარმოსახვაში ქალის პიროვნების ალტერნატიული, მთლიანობითი ფორმით არსებობის დაშვებაზე. ამიტომ, დღეს ჩვენს ქვეყანაში იშვიათობას წარმოადგენს ქალი, რომელსაც საკუთარი თავისთვის შემდეგი კითხვების დასმის ფუფუნება გააჩნია:
1. როგორი ცხოვრებით მინდა რომ ვიცხოვრო? 2. როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი ყოველდღიურობა? 3. რა არის ჩემი არსებობის მიზანი/მიზნები?
სამივე კითხვას მათი დაბადებისთანავე გასცა პასუხი პატრიარქალურმა კულტურამ და პასუხიც ბანალური ყოველდღიურობით შეატყუა. ისე, რომ, ქალების უმეტესობას ეს საკუთარი არჩევანი გონია.
ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია