"მე გადარჩენილი ვარ" (გამოხმაურება)
30 11 2015
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რაღაცნაირად მეპასუხა ჩემი ფოტოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, ძირითადად, იმის გამო, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, აგენტობას მართმევენ და ჩემი სახელით საუბრობენ მუდმივად.
მთავარი პრობლემა სირცხვილის და შიშის დაძლევა იყო. რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის, ვინც ჩემი გაუპატიურება სცადა? ხელი მომიფათურა? შეურაცხყოფა მომაყენა? ყლექალა მიწოდა? ჩემს ფოტოზე ხალხის რეაქცია ძალიან კარგი ილუსტრაცია და პასუხი იყო ამ კითხვებზე.
ქალზე ძალადობა და შემდეგ მისი დადანაშაულება ისეთივე ძველი პრაქტიკაა, როგორც - თვითონ ძალადობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრა: აქვს ქალს უფლება, ისაუბროს თავის გამოცდილებაზე? დღეს ყველა მეუბნება, რომ არ მაქვს უფლება, ვთქვა, რას ვგრძნობ, როცა ჩემზე ძალადობენ. მითუმეტეს, როცა მოძალადე არ ამართლებს საზოგადოებაში გავრცელებულ წარმოდგენას ძალთა გადანაწილების შესახებ. კლასზე და გენდერზე უმრავლესობა ისე ლაპარაკობს, თითქოს, გენდერი სოციალური კლასის წანაზარდია. თითქოს, დაბალი სოციალური ფენის წამორმადგენელ კაცი, თავისი ჩაგრული პოზიციიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ქალზე ძალადობდეს. ან თუ ძალადობს, ეს ისევ იმ ,,ყლექალა ენჯეოშნიცას” ბრალია, ვინც მის პროვოცირებას ახდენს.
ძალიან საინტერესო და თითქმის კლინიკური შემთხვევა იყო ტაქსის მძღოლის მამა-მარჩენალად არქეტიპიზაცია. ჩემი დამცირების და ჩაგვრის მცდელობა კი, უბრალოდ, კიდევ ერთი მცდელობაა ქალის ჩაჩუმების!
კაცებმა უკეთ იციან, რას ვგრძნობდი მე, როცა დაძრული მანქანიდან ვხტებოდი, და მათ უნდა გადაწყვიტონ, რა სიტყვებს გამოვიყენებ ჩემს ტრავმებზე სასაუბროდ. ზოგიერთი ქალისთვის გამოსავალი კიდევ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა: თურმე, ვიღაც კაცებმა ვერ გაიგეს, გავაბრაზეთ და შესაბამისად, უნდა გავჩერდეთ!
და იმათზე ახლა ლაპარაკიც არ ღირს, ვინც ,,ენჯეოშნიკა-ფემინისტკა” მიწოდა ,,ჩაგრული ტაქსის მძღოლის” დასაცავად. მაგრამ ერთი რამ ცხადია: გულახდილობა ყველაზე რადიკალური რამ აღმოჩნდა რაც შეიძლებოდა, გამეკეთებინა. და ამ გულახდილობის და საკუთარი გამოცდილების არტიკულაციის ძალიან დიდი საჭიროებაა ჩვენ საზოგადოებაში.
ბოლო დღეებში ვინც მხვდება, ყველა მხარზე ხელს მისვამს და თანაგრძნობით სავსე თვალებით მეკითხება: როგორ ხარ? როგორ უძლებ ყველაფერს? პასუხია: გაჭირვებით. მეტროში მიყურებენ და ჩურჩულებენ, ეს ის გოგოაო. ჩემმა 10 წლის მოსწავლემ, ინტერნეტში ვნახე თქვენი სურათი და რას ნიშნავსო. ღამე ცუდად მძინავს და დღეს, იმედია, შემთხვევით, მაგრამ მაინც - ვიღაცამ კინაღამ მანქანით დამარტყა. მაგრამ არცერთ შემთხვევაში თავს მსხვერპლად არ ვგრძნობ! მე გადარჩენილი ვარ, თვითგადარჩენილი. გაუპატიურებული თუ გაუპატიურებას თავდაძვრენილი, დაბულინგებული თუ მხარდაჭრილი - გადარჩენილი. მგონია, სწორედ გადარჩენილობის აღიარება და მდგომარეობის ამგვარად რეკონცეპტუალიზაცია შეიძლება დაედოს საფუძვლად ძალადობის შესახებ საუბარს.


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია