მითები სექს ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების შესახებ
30 11 2015
კომერციულ სექსში ჩართული ადამიანები უხილავობისა და ხილვადობის, კრიმინალისა და მოქალაქის, უსაფრთხოებისა და საფრთხის, ექსპლუატაციასა და გაძლიერებას შორის გაბმულ ბეწვის ხიდებზე მოძრაობენ; სტიგმასა და უხილავობასთან ერთად ხშირად ძალადობასა და დისკრიმინაციასაც განიცდიან. თუმცა, როგორც წესი, მათზე არავინ ლაპარაკობს ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში. ძალიან შეზღუდულ და არასწორ ინფორმაციას გადმოსცემს მედია სექს-ინდუსტრიის შესახებ, რასაც თან ერთვის კომერციული სექსის კულტურული სტიგმა და არასწორი წარმოდგენები მის შესახებ. ფემინიზმი ისტორიულად ძალიან ამარტივებდა (და დღემდე ამარტივებს) საკითხს, როცა საქმე ,, სექსის შესახებ ფემინისტების ომს“ ეხება. ხშირად ჩვენ ვერ აღვიქვამთ საკითხის მრავალმხრივობას და სირთულეს - ვინ და რატომ არის ჩართული კომერციულ სექსში, და რამდენად აქვთ თვითონ სურვილი და რამდენად აკეთებენ ამას იძულების გამო? შეიძლება, შენ თვითონაც ყოფილხარ კომერციულ სექს ინდუსტრიაში ჩართული ან იქნებ ვინმეს იცნობ, ვინც ყოფილა. ან იქნებ მხოლოდ მასმედიისგან მოწოდებული გამარტივებული ინფორმაცია გაქვს სექს ტრეფიკინგისა და სექს მუშაკების შესახებ და ამ ორს შორის განსხვავებას ვერც ხვდები. ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ შენ მაინც შეგიძლია, სექს ინდრუსტრიაში მომუშავე ადამიანებს დაეხმარო. თუმცა, ჯერ საჭიროა, დავამსხვრიოთ სექს ინდუსტრიასთან დაკავშირებული მცდარი წარმოდგენები და მითები, რომლებიც ხელს გვიშლის რეალობის სწორად აღქმაში. მითი #1: მათ მიმართ გამოყენებულ სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი კულტურა სექს ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანები აღიქვამს, როგორც ბინძურებად, ნარკომანებად, მსხვერპლებად, გადარჩენილებად, დაავადებების გადამტანებად, ცუდ ადამიანებად, კრიმინალებად - ერთი სიტყვით, ,,ბოზებად“ და ,,ძუკნებად“. მათაც კი, ვისაც არ უნდა დამამცირებელი იარლიყების მიკრობა, არ იციან, როგორ მოიხსენიონ სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები. ყველაზე ხშირად სიტყვა ,,მეძავი“ გვესმის. ზოგი შეიძლება, ასეც უწოდებდეს საკუთარ თავს, მაგრამ ბევრს არ სურს, ასეთი სახელით მიმართონ. ძალიან დიდი განსხვავებებია მათ შორის, ვინც კომერციულ სექსში თავისი ნებითაა ჩართული, ვინც იძულებით აკეთებს ამას და ვინც ამ ორ უკიდურესობას შუაშია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს განსხვავებები ენაშიც აისახოს. ამ მიზეზით, მათ, ვინც თავისი ნებით ერთვება სექსის ინდუსტრიაში, სიტყვა „სექს-მუშაკი“ უფრო მოსწონთ და საკუთარ თავსაც ასე უწოდებენ. ეს სახელი სექს-მუშაკებმა თავიანთი საქმისთვის ახალი მნიშვნელობის მისანიჭებლად არჩიეს, რადგან შრომისა და ეკონომიკური გაცვლის კომპონენტს უსვამს ხაზს. მეორეს მხრივ, სექს ტრეფიკინგი გულისხმობს მათ, ვინც იძულებით, მოტყუებით, თაღლითობითა და ძალის გამოყენებით არიან სექსის ინდუსტრიაში ჩართული. არასრულწლოვანების შემთხვევაში კი საქმე ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან გვაქვს საქმე. მათი ასაკის გამო არანაირი თვალსაჩინო ძალადობისა და თაღლითობის არსებობა არაა საჭირო - კანონის წინაშე ბავშვები სექს ინდუსტრიაში ტრეფიკინგად ითვლება. ეს კატეგორიები არც ისე მარტივი და მყარია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ძირითად შემთხვევებში ადამიანების გამოცდილება სადღაც ამ სპექტრის რომელიმე ნაწილშია და სექსის ინდუსტრიაში ყოფნის მიზეზებიც დროთა განმავლობაში შეიძლება, შეიცვალოს ინდივიდისთვის. თუნდაც, ამ წამს, განა რაღაც კატეგორიებში არ ვაჯგუფებთ ადამიანებს? მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა, კარგი იქნება, კიდევ ერთხელ გადავხედოთ საკუთარ წინასწარგანწყობებს და დაშვებებს სექსის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებთან დაკავშირებით.   მითი#2: სექს-ინდუსტრიაში ჩართული ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალი, ღარიბი, ზრდასრული ქალია, რომელიც ქუჩაში მუშაობს როცა სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანზე ფიქრობ, როგორი პიროვნება წარმოგიდგება თვალწინ? მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები კატეგორიიდან ძალიან ბევრია სექს-ინდუსტრიაში, არსებობს ბევრი სახის იდენტობა  და  ჩაგვრა, რომელსაც ეს ადამიანები განიცდიან. მართალია, სიღარიბე და უმუშევრობა ხშირად უბიძგებს ადამიანს, სექს-ინდუსტრიაში ჩართვისკენ, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ადამიანებისა საშუალო ფენის წარმომადგენელია. თუმცა, ძირითადად  ღარიბი ქალებისა და ბავშვების კრიმინალიზება და დაპატიმრება ხდება. ბევრი ადამიანი სექს-ინდუსტრიაში ჰეტეროსექსუალი ქალია (როგორც სის-, ისე ტრანსგენდერი), სექსის მყიდველთა უმრავლესობა კი ჰეტეროსექსუალი კაცი, თუმცა სხვადასხვა გენდერისა და სექსუალობის მქონე ადამიანები ასევე ყიდიან და მოიხმარენ სექსს. სექსის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანის არქეტიპული სახე ე. წ. ,,ქუჩის ქალია.“ თუმცა, ტექნიკასა და ინტერნეტს მთავარი ადგილი უკავია სექს-ინდუსტრიაში. დღეს უფრო გავრცელებული ფორმა ინტერნეტ-სექსია, თუმცა, სხვა სახის ტექნოლოგიები, მაგალითად ტელეფონები და ფილმებიც აქტიურად გამოიყენება. არასრულწლოვანი ადამიანებიც სექს ინდუსტრიის დიდ ნაწილს შეადგენს და ხშირად სექს ტრეფიკერების (ექსპლუატატორების) ადვილი ნადავლი ხდებიან. ასაკის გამო, ბავშვები უკვე ისედაც მარგინალიზებული და უფრო მოწყვლადები არიან. ეს ყველა გენდერის და რასის წარმომადგენელ ბავშვს ეხება. გარდა ამისა, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გამო ლგბტქი ახალგაზრდები ნებით თუ იძლუბით სახლიდან მიდიან და უსახლკაროები რჩებიან. რაც თვითგადარჩენისთვის სექსის გაყიდვის ან სექსუალურ ექსპლუატაციაში აღმოჩენის საფრთხეს ქმნის. აშკარაა, რომ სექს ინდუსტრია სხვადასხვა ფორმებით არსებობს და ბევრ განსხვავებულ ადამიანს მოიცავს. თუმცა მრავალფეროვნების მიუხედავად, იმ ადამიანებს, ვინც უკვე სოციალურად გარიყული და მარგინალიზებულია, უფრო მეტი სტრუქტურული და ინდივიდუალური ძალადობის ატანა უწევთ, ვიდრე მათ სიტუაციაში მყოფ  შედარებით უფრო პრივილიგირებულ პირებს. ვინც უფრო პრივილიგირებულ სიტუაციაშია, მაგალითად, თეთრკანიანი, უფრო მეტი ნაცნობობის მქონე და ნაკლებ მდიდარი  ადამიანები, კომერციულ სექსში უფრო უხილავ ადგილებში ერთვებიან (მაგ. ინტერნეტი) და შესაბამისად, უფრო ნაკლებია მათი დაპატიმრების და გამოაშკარავების ალბათობაც. თუმცა ისინი, ვინც უფრო ხილვადები არიან, უფრო მეტად კონტროლდებიან პოლიციის მიერ. მაგალითად ტრანსგენდერ, სხვა რასის წარმომადგენლ, კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად აპატიმრებენ და უფრო მეტად სძულთ ისინი. მითი #3: სექს ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები ყველა მსხვერპლია ან ყველა გაძლიერებულია ძალიან ხშირად სექს ინდუსტრიაზე საუბარი ძალიან მარტივ არგუმენტებამდე დაიყვანება - სექს ინდუსტრია, ზოგის აზრით, სექსისტურია და ქალი მისი მსხვერპლია; სხვები კი თვლიან, რომ იგი ქალებს აძლიერებს. სინამდვილეში ორივე მართალიცაა და ტყუილიც. ადამიანები სექს-ინდუსტრიაში ერთვებიან ბევრი განსხვავებული მიზეზის გამო, რომელიც შეგვიძლია, სამ დიდ კატეგორიად დავყოთ:
  • სექს ტრეფიკინგი: სექს ინდუსტრიაში ჩართვა ძალის, თაღლითობის და იძულების გამოყენებით. ეს შეიძლება, იყოს ზრდასრული ან არასრულწლოვანი, რომელიც კომერციულ სექსშია ექსპლუატირებული.
  • ეკონომიკური იძულების გამო: ამ მიზეზით მომუშავე ადამიანებისთვის კომერციული სექსი ფულის გამომუშავებისა და თვითგადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა.
  • ნებაყოფლობითი სექს-მუშაკი - ეს ის ადამიანია, რომელიც ზრდასრულ ასაკში ირჩევს კომერციული სექსის მიმწოდებელი გახდეს.
ვინაიდან ახლა მხოლოდ სამი კატეგორია გამოვყავით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ასე მარტივადაა. სექს ინდუსტრიაში დასაქმებული ბევრი ადამიანისთვის მიზეზები ერთმანეთს შეიძლება, ემთხვეოდეს ან დროთა განმავლობაში იცვლებოდეს. მაგალითად, ბევრი სისგენდერი და ტრანსგენდერი ქალისთვის, რომელიც სექსისტურ და ტრანსფობიურ საზოგადოებაში ცხოვრობს, კომერციული სექსის გაყიდვა ერთადერთი გამოსავალი შეიძლება, იყოს ფულის გამოსამუშავებლად და საკუთარი თავის და ოჯახის გადასარჩენად. ზოგიერთს მათზე გავლენის და ძალაუფლების მქონე ადამიანები აიძულებენ. ზოგიც თვითონ ირჩევს სექს ინდუსტრიას, როგორც მუშაობის ფორმას. არიან ისინიც, ვისთვისაც სასიამოვნო და მნიშვნელოვანია კომერციული სექსის მიწოდება. არასრულწლოვანი, რომელიც კომერციულ სექსს ყიდის, ავტომატურად სექს-ტრეფიკინგის ან/და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად განიხილება კანონის წინაშე, მაგრამ ხშირად თვითონ არასრულწლოვანი შეიძლება, ამას ნებაყოფლობითად თვლიდეს. იმიტომ, რომ ამას თავისი უფროსი შეყვარებულისთვის (ანუ ,,სუტინიორისთვის“ აკეთებს). ვინაიდან სექს ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები ძალიან განსხვავდებიან თავისი სიტუაციდან, დაგროვებული და მომავალი გამოცდილებიდან გამომდინარე, მსხვერპლი/გაძლიერებულის დიქოტომია მეტისმეტად გამარტივებული და მცდარია. მითი #4: სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები შეუძლებელია, გააუპატიურონ რატომ ვვარაუდობთ, რომ არსებობენ ადამიანები, ვისი გაუპატიურებაც შეუძლებელია? ეს მითი სექსუალურად ძალადობრივი კულტურის შედეგია. მაგალითად, ითვლება, რომ იმ ადამიანებს, ვინც სექსს ფულზე ყიდიან, ვერ აიძულებ, მათი ნების წინააღმდეგ ჰქონდეთ სექსი. ამ ვარაუდის გამო სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს არანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ რჩებათ საკუთარ სხეულთან დაკავშირებით, ამიტომაც ვერც მოითხოვენ, რომ თანხმობა ჰკითხონ. როცა სხეული  მოიაზრება არა თვითონ ამ ადამიანის, არამედ სხვების საკუთრებად, მაშინ ჩვენ მათ აგენტობას და ,,კი“ ან ,,არა“-ს თქმის უფლებას ვართმევთ. ეს მხოლოდ სტიგმასთან არაა დაკავშირებული. რეალურ ცხოვრებაში ამ ადამიანებს კლიენტების, პოლიციისა და სხვა ადამიანების მხრიდან პრობლემები ექმნებათ. ორი კვლევის თანახმად, სექს-მუშაკების 17%-მა განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან სექსუალური ზეწოლის, ძალადობისა და გაუპატიურების გამოცდილება ჰქონია. ვინაიდან სექს-ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები ასეთი მარგინალიზებული არიან და პოლიციას მათი დაპატიმრების შესაძლებლობა აქვს, ძალები არათანასწორად გადანაწილდება და შესაბამისად, პოლიციის მხრიდან ძალადობა დაუსჯელი და შეუმოწმებელი რჩება. რეალურად, სექსუალური იძულება ან ,,სექსსა და დაპატიმრებას შორის არჩევანის“ მიცემა პოლიციელების მხრიდან საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა. ასეთი ინციდენტების სერიოზულად განხილვა ან გამოვლენა არც კი განიხილება. ამის საპირისპიროდ, სექსუალური ძალადობის დროს, საზოგადოება ისევ სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს ადანაშაულებს იმ არგუმენტით, რომ ,,საკუთარ თავს თვითონ მოსწიეს ყველაფერი.“ სექსისთვის ორმხრივი თანხმობის ვალდებულება არ ქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს სექსი ფულის ან რამე პროდუქტის საფასურად აქვს. მითი #5: სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს უნდა რცხვენოდეთ, თავის სხეულს რომ ყიდიან ჩვენი კულტურა უკვე ისედაც არცხვენს ქალებს სექსის ქონის გამო, და გასაკვირი არაა, რომ ეს სექს ინდუსტრიაზეც ვრცელდება. სტიგმატიზაცია და იმის რწმენა, რომ ადამიანები სექს ინდუსტრიაში სირცხვილს უნდა განიცდიდნენ ან უნდა შევარცხვინოთ, რათა ამ საქმიანობას მოწყდნენ, სრულიად მცდარია. სექს-ტრეფიკინგის შემთხვევაში ასეთ სტიგმატიზაციას სხვა, მაგრამ კარგად გამჯდარ კარგი/ცუდი მსხვერპლის დიქოტომიამდე მივყავართ. ,,კარგი მსხვერპლი“ ისაა, ვინც არ იცოდა, რომ კომერციული სექსში მოუწევდა მუშაობა და 100%-ით მოატყუეს. ,,ცუდი მსხვერპლი“ ისაა, ვინც იცოდა, რომ კომერციული სექსი ელოდებოდა და მაინც ჩაერთო; და ასეა მაშინაც კი, როცა ადამიანს ფიზიკური ძალადობით აკავებენ სექს-ინდუსტრიაში. იმის მიუხედავად, თუ რა მიზეზითაა ადამიანი სექს-ინდუსტრიაში, მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ და მათი სტიგმისგან გათავისუფლებას შეუწყონ ხელი. მითი #6: სექს ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები კრიმინალები არიან შესწორება: ისინი კრიმინალიზებული არიან. სექს ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები ემოციურ, კულტურულ და ფიზიკურ ძალადობას და ზეწოლას განიცდიან საზოგადოების მხრიდან, მაგრამ საკმაოდ ხშირად პოლიციისგანაც. ჩნდება კითხვა: ყველაზე ხშირად ვინ ხდება პოლიციის სამიზნე კრიმინალური სამართლის სისტემაში? ქალები, ტრანსგენდერი ქალები, ადამიანები, ვინც სექსს გამოსაჩენ ადგილებში ყიდიან, არასრულწლოვანი ადამიანები; კრიმინალური ან ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილების მქონე ადამიანები; ღარიბი ადამიანები; უცხოელები; დოკუმენტების არმქონე ადამიანები. ერთი სიტყვით, ისინი, ვინც უკვე მარგინალიზებული და ჩაგრული არიან. კომერციული სექსის და ტრეფიკინგის მომხმარებლებები ასევე კრიმინალიზებული არიან, მაგრამ კანონი, როგორც წესი, მათ ისე მკაცრად არ ეპყრობა, როგორც სექსის მომწოდებლებს. ამის ნაცვლად, უფრო ,,ბიჭები ბიჭები არიან“ დამოკიდებულებაა გავრცელებული. მაშინაც კი, როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება. *** მიუხედავად სექს ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების შესახებ არსებული მითებისა, ნათელია, რომ რეალური გამოცდილებების ძალიან ფართო დიაპაზონი არსებობს და ვინც მათ თანადგომას ვირჩევთ, კიდევ ბევრის სწავლა გვჭრდება. ჩვენ შეგვიძლია, ამ ადამიანების დასახმარებლად ერთად დავდგეთ.  სტიგმასთან ბრძოლაში, დეკრიმინალიზებასა და სერვისების მიწოდებაში დავეხმაროთ და თავის უსაფრთხოდ ვაგრძნობინოთ. იმის და მიუხედავად, ადამიანი სექს-ინდუსტრიაში დარჩენას გადაწყვეტს თუ წამოსვლას, ჩვენ შეგვიძლია მათი უფლებების ადვოკატირება ისე, რომ მათ არჩევანს და ავტონომიას პატივი ვცეთ. მაშინ, როცა სექს ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების ხმა დაკარგულია, მათი ისტორიები კი - უგულებელყოფილი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ და დავეხმაროთ ხმის გაჟღერებაში. წყარო


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება