ტრანზიცია ტრანზიციის გარეშე
03 12 2015
ტრანზიცია ტრანზიციის გარეშე როცა პირველად გავაცნობიერე, რომ დიდი ალბათობით, ტრანსგენდერი ვიყავი, საკუთარ თავთან წინააღმდეგობის დაძლევა მომიხდა. არ მინდოდა ოპერაციის გაკეთება და ვერ ვხვდებოდი, აბა, რა ჯანდაბა მინდოდა მაშინ... მეგონა, ტრანსგენდერობა მაინცდამაინც ტრანს ქალად ან კაცად ყოფნას ნიშნავდა. ვფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო ოპერაცია, ჰორმონებზე გადასვლაც საჭირო გახდებოდა, და კიდევ, ჰუჰ, ღმერთოჩემო, სახელის შეცვლაც მომიწევდა, და საერთოდ, იძულებული ვიქნებოდი, მდედრობითი სქესის ყველა მახასიათებელზე უარი მეთქვა და... და... და... !!! თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ რაც ჩამოვთვალე, ამათგან არცერთთან შეჭიდება არ მომიხდა. სიტყვა "ბიგენდერი" ჩემს სიტყვათა მარაგში "ტრანსგენდერის" შემდეგ გაჩნდა. შემდეგ უკვე "გენდერქვიარიც" შეემატა. შემდეგ - "არაბინარული". და... აჰა, როგორც იქნა, - ვიფიქრე. აი, ისიც. პატარა ვიყავი, ალბათ 12 ან 13 წლის, საბოლოოდ რომ მივყავი ხელი ჩემი თმით ექსპერიმენტების დაწყებას. დედამ ახალ სალონში წამიყვანა და მაშინ პირველად დამრთეს ნება, მელირება გამეკეთებინა. შემდეგ ჯერზე თმა შავად შევიღებე და მოვითხოვე, მოკლედ შემჭერით-მეთქი. დედა მახლდა თან, მიყურებდა და ჩემს სიტყვებს ეგრევე მოაყოლა: “ნიკაპის სიგრძეზე, ოღონდ”. “კი მაგრამ, დეე..” “არ მოუხდება შენს სახეს მოკლე თმა”, - გააგრძელა. “ნიკაპის სიგრძეზე - შეიძლება”. ასე “ნიკაპის სიგრძეზე” ვიჭრიდი თმას, სანამ 18 წლის გავხდებოდი. და მეზიზღებოდა. მუდამ მეზიზღებოდა. ამიტომ ან ბენდენას ვატარებდი, ან - ქუდს, ან კიდევ სასტიკად მჭიდროდ ვიკრავდი და კეფაზე ვიმაგრებდი, ან სამაგრის ქვეშ ვტენიდი. საშინელება იყო კოლეჯის პირველი წელი: ყოველდღე და ყველგან, სადაც უნდა წავსულიყავი, ნაცრისფერი ქუდი მეხურა, თითქმის მთელი ერთი წლის განმავლობაში. ერთ ღამეს სამუშაოს შემდეგ სახლში დაქანცული და ემოციურად გამომშრალი დავბრუნდი. ჩემს მაშინდელ საცოლესთან (ახლა უკვე ცოლთან) ლაქლაქით გული ვიჯერე. “არა მგონია, რომ კიდევ დიდხანს შევძლებ ასე ყოფნას”, - ვუთხარი სავარძელში მოკეცილმა. “ვეღარ ვუძლებ უკვე”. ცოტა დამაკლდა, რომ მაკრატლისთვის ხელი არ წამევლო და მოქმედებაში არ მომეყვანა, მაგრამ საცოლემ გადამაფიქრებინა: აზრი მეორე დღესვე სალონში წასვლის სასარგებლოდ შევიცვალე. როცა სტილისტმა ჩემი  თმების პირველი ბღუჯა მუშტში მოიქცია და მათ შორის მაკრატლს მოძრაობა ვიგრძენი - კარაქის ჩამოჭრასავით, აბრეშუმის სრიალივით, ასე ახლოს თავის კანთან - ჩემთვის მსოფლიო შეიცვალა. შეიძლება, ეს ყველაფერი ზედმეტად დრამატიზებულად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა. უმნიშვნელოვანესი წამი იყო ჩემთვის. ეს იყო ჩემი სახე, ამ სახეს ვატარებდი გასულ წელსაც - ქუდში შეჩურთული თმით. ეს ჩემი სახე იყო, ამჯერად უკვე თმის ჩარჩოს გარეშე. და სრულებით გადასარევად გამოვიყურებოდი. ასე დაიწყო ყველაფერი. სწორედ ეს გახდა ჩემთვის იმ მომენტის ათვლის წერტილი, როდესაც მე დავიწყე გაცნობიერება, რომ ორი რამ -  ადამიანების მოთხოვნები ჩემი გარეგონობის მიმართ და ჩემი რეალური სურვილები - აბსოლუტურად შეუთავსებელი იყო ერთმანეთთან. აქ ჩაისახა ჩემი პატარა ამბოხიც, ეს იყო ჩემგან დადებული პირველი ფსონი. ასე დაიწყო ყველაფერი. წლების განმავლობაში მასკულინურად ვიცვამდი. იანვარში ჩემი პირველი ძვირადღირებული პერანგი შევიძინე.  მამაჩემი მეხუმრა, აი, უკვე ლესბოსელობის ატრიბუტების სიაში კიდევ ერთი პუნქტი მონიშნეო, თუმცა რეალურად ხომ მხოლოდ ერთი მაისური არ იყო ამ ყველაფრის შინაარსი. მთავარი ხომ ისაა, ჯერ ქალების სექციაში რომ შევდივარ და ვირჩევ ყველაფერს, რაც კი თვალს მჭრის, მერე კი მკლავზე ასხმული კოხტა ბლუზებით ვინაცვლებ უკვე კაცების სექციაში და იქიდან ისეთი მაისურები მომაქვს, რომელთა მასკულინურობაც თვალშისაცემად ყვირის, რომლებიც ჩემი ფართო ბეჭებიდან ქვემოთ ეშვება და გამოკვეთს ჩემს გრძელ ზურგს, წელისკენ რომ ვიწროვდება. რამდენიმე კვირის წინ კი თმის პირველი საპარსი მოწყობილობა ვიყიდე. ზაფხულის ბოლოს, როცა ჩემი ცოლის მოსანახულებლად წასული კანადიდან დავბრუნდი,  მე და დედა სავახშმოდ შევხვდით ერთმანეთს. “თმა გაქვს შესაჭრელი” - გამომხედა მაგიდის მეორე მხრიდან. წარბი ავუწიე. ჩემი თმა, რა თქმა უნდა, საკმარისად დიდი არ იყო იმისათვის, რომ ხელით ჩაგებღუჯა, თუმცა გვერდებზე ბიჭურად და ზემოთ უფრო გრძლად შეჭრილი და ხშირი, შუბლთან კულულებად იყრიდა თავს. რა, ვითომ, ძალიან გრძელია ახლა ეს? “სულელურად არ შეიჭრა”, - სიცხადე შემატა საკუთარ სიტყვებს. “რა სულელურად...”, - ჩავილაპარაკე, ვიცოდი, რასაც გულისხმობდა. მერე წავედი ვოლმარტში, ვიყიდე საპარსი, ცისერტყელისმაგვარი დამცავებით, და თვითონ მივხედე საკუთარ ვარცხნილობას. ცალი მხარე ვიპარსე, მეორე მხარეს კი სხვა სიგრძეზე დავიტოვე. იასამნისფრადაც შევიღებე. ვფიქრობდი იმ ბოლო შემთხვევაზე, როდესაც დედამ გადაკვრით მიმითითა, სულელური ვარცხნილობა არ ატაროო, თან მახსენდებოდა საკუთარი ვიზუალის ყველა ის ვარიანტი, რომელთა მორგებაზეც ვოცნებობდი, მაგრამ არასდროს მიცდია, იმის შიშით, რომ ზედმეტად უცნაურ გამოხდომად, ახირებად ჩამითვლიდნენ. არადა, ყოველთვის მინდოდა ცალი მხარე ამეპარსა; ყოველთვის მინდოდა, იისფრად შევღებილიყავი. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ უფრო გამბედავი გავხდი. ახალი ტატუს გაკეთება, თითქოს, შემდეგი ლოგიკური საფეხური იყო - ფერადი პროგრესი. პირველი ტატუ ჩემი სხეულის გამოხსნაზეა; წარუმატებელი ურთიერთობის გადალახვაზე, ასევე, იმის შეხსენებაზე საკუთარი თავისთვის, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, ჩემი შეცდომა არ ყოფილა. ეს? ეს, მეორე, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ჩემი სხეული კვლავ მე მეკუთვნის. საოცარი შეგრძნებაა. თავისუფლებაა იმის ფიქრი, რომ არავინა დედამიწის ზურგზე, ვისაც მსგავსი ქმედებისკენ შენთვის გზის გადაღობვა შეუძლია; რომ ვერავინ შეგცვლის შენ გარდა, რომ ეს ყველაფერი ვერავის ექნება შენ გარდა - ჩემი კანი სხვა ვერავისი გახდება. იმ ღამით კანზე ის დავიწერე, რაც ჩემი ქვიარობის შესახებ ვიცი. მე არ ვარ გოგო. მე არ ვარ ბიჭი. საშინლად მიყვარს კოსმოსი. გალაქტიკები, შავი ხვრელები და მოკაშკაშე ბურუსები. მომწონს იმგვარად ფიქრი, როგორც კარლ საგანმა თქვა: ჩვენ ვარსკვლავებისგან ვართ შექმნილები. მსიამოვნებს  იმის წარმოდგენა, რომ ჩემი სხეულის დასაბამი სწორედ იქიდან იწყება, სადღაც იქ იღებს სათავეს და რომ მე მებრძოლი ვარსკვალვის უკანასკნელი ნარჩენები მაქვს თავმოყრილი ჩემი სხეულის უჯრედებში. ეს არის ის, რაც ვარ მე. ჩემი ტატუ-არტისტი ორ ტრანს ტიპთან ერთადაა ბენდში. იცის, რომ ტრანსი ვარ. თებერვალში, როცა ჩემი პირველი ტატუ გავიკეთე, მომიყვა თავისი ბენდის ტრანს წევრებზე, და ისიც მითხრა, რომ ზაფხულისთვის ალბომის ჩაწერას აპირებდნენ. როცა ამ მეორე ტატუსთვის მივედი, მოვიკითხე ალბომი. სახე გაუნათდა და მითხრა: “სხვათაშორის, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმუშავებელი ტრეკები მაქვს ტელეფონში; ჯერ არავის მოუსმენია. გინდა, პირველი იყო?” აი, ასე მოვუსმინეთ ერთად მთლიან ალბომს იმაზე, როგორია, იყო ახალგაზრდა, ტრანსი, გაბრაზებული და გრძნობდე, რომ დანგრეული ხარ, რომ შენი კანი ვერაფრით ერგება შენსავე მწარე ძვლებს. ალბათ, ცოტა წავუტირე კიდეც; ჩემმა არტისტმა კი მითხრა: “ჰეჰ, ახლა წარმოიდგინე სცენა: დიდი ტრანს ბარი, ძონძროხა ტრანსი ტიპებით სავსე, ყველა რომ  ცრემლებს აღვარღვარებს, ზუსტად შენსავით.” ზუსტად ჩემსავით. ტრანსი არის ტრანსი არის ტრანსი. მე ტრანზიციის ჩემი საკუთარი გზა მაქვს. მიყვარს სხეული, რომელიც ჩემია. რომელიც ლამაზი ტილოა, მე კი ნელ-ნელა იმ ფორმას ვაძლევ, რაც სინამდვილეში ვარ.    წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის