"გოგოა თუ ბიჭი?"
04 12 2015
ავტორი: მაგდა კალანდაძე
სტატია მომზადებულია თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის სექცია "ქალთახედვის" ფარგლებში წარმოგიდგენილი პანელ-დისკუსიისათვის - "გენდერული იდენტობის ფორმირება." 
თუ მე შეკითხვას დავსვამ, რომელიმე ჩვენგანი რას გულისხმობს, როცა ამბობს, “მე ვარ გოგო”, ან “მე ვარ ბიჭი”, რა თქმა უნდა, ყველას სხვადასხვანაირი პასუხი გვექნება ( შეკითხვის ადრესატად არ მოვიაზრებ მათ, ვინც თავს არც გოგოდ და არც ბიჭად არ მიიჩნევს). თუმცა, ვვარაუდობ (და თუ არასწორად ვვარაუდობ, შემისწორეთ), რომ პასუხებს შორის გაჟღერდება რაღაც ამდაგვარი: “მე მაქვს ვაგინა, მე მაქვს მენსტრუალური ციკლი, მე შემიძლია, ვიმშობიარო, მე მაქვს დიდი მკერდი, მე მაქვს თხელი და ჩამოქნილი ფეხები, მე მაქვს გრძელი და ხშირი თმა, მე მაქვს ორი X ქრომოსომა (მეეჭვება, ეს ვინმეს გაახსენდეს, მაგრამ მაინც), მე ვიცვამ კაბებს, მე დიდ დროს ვატარებ სალონში... და პირიქით: მე მაქვს პენისი, მე ამომდის წვერი, მე ვატარებ მოკლე თმას, მე მაქვს XY ქრომოსომა, მე ფართო ბეჭები მაქვს, მე მიყვარს ფეხბურთი, მე ვარ ფიზიკურად ძლიერი... და ასე შემდეგ. მე შეგნებულად არ დამიზუსტებია, რომელ ფრაზას რომელი გენდერი გააჟღერებდა, თუმცა კი, ალბათ უკვე ყველამ ივარაუდეთ, რომ “მე მაქვს ვაგინა” - გოგოს მიეწერება. “მე ამომდის წვერი” - ბიჭს (მით უმეტეს, როდესაც ბიჭობის და გოგოობის დახასიათებაზე მიდგება საქმე). თუმცა, მე ეჭვი მაქვს, ყველამ ვიცით: არიან გოგოები, რომლებსაც არ აქვთ ვაგინა. ასევე ბიჭებიც, რომლებსაც არ ამოსდით წვერი. ორი დღის წინანდელ შემთხვევას გავიხსენებ - მეგობრები ვისხედით და ქალთა მიმართ სოლიდარობის ნაკლებობაში შემჩნეულ ფემინისტებად პოზიციონირებულ ქალებზე ვბჭობდით, მე გაბრაზებულმა ასეთი ფრაზა წარმოვთქვი: “კი მაგრამ რატომ ვერ ხვდება ასეთ რაღაცებს, ვაგინა ხომ აქვს, თვითონაც ხომ ქალია?” ჩემი ფრაზა ატაცებულ-მოწონებული იქნა და შფოთვა გავაგრძელეთ, მხოლოდ მეორე დღეს გამახსენდა, რომ გვერდით მეჯდა მეგობარი, რომელსაც, დიახაც, ვაგინა აქვს, მაგრამ თავს ქალად არ მიიჩნევს. თქვენ წარმოდგინეთ, არც კაცად. ჩემს მეგობარს და კიდევ სხვა მეგობრებს ცოტა ქვემოთ დავუბრუნდები - დიახ, მეგობრების, ნაცნობებისა და იმ ადამიანების გამოცდილებების გაზიარება მომიწევს თქვენთვის, ვისთანაც შეხება მქონია და ვისგანაც საკუთარი გენდერული იდნეტობის ფორმირების შესახებ მსმენია, იმიტომ რომ კვლევა - რაზე დაყრდნობითაც საქართველოში გენდერული იდენტობების ფორმირების პროცესებზე საუბარი შემეძლება, არ არსებობს. მოდი, ერთად გავიხსენოთ, როდის სვამენ ყველაზე ხშირად შეკითხვას: “გოგოა თუ ბიჭი”. დიახ - როდესაც მცირეწლოვან ბავშვს ვხედავთ, რომლის ბიოლოგიური სქესიც გაურკვეველია, რომლის კულულა თმა, რბილი კანი და ე.წ. “ბოდი” საგონებელში გვაგდებს და ჩვენი ინტერესი “გოგო თუ ბიჭი” ამ დროს აი, ამ ფიქრის არტიკულაციაა: “რა აქვს ფეხებს შორის?”. დიახ. 5 თვის, გინდაც წლინახევრის ასაკში ადამიანს გენდერს იმის მიხედვით ვანიჭებთ, რა სასქესო ორგანოთიც ის დაიბადა. თუმცა, ვიცით შემთხვევები, როცა შეკითხვა მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკშიც აქტუალური რჩება. მოდით, ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან: როდესაც გენდერულად არაკონფორმულ ადამიანს (ანუ ადამიანს, რომელიც ბინარული გენდერული სისტემის - ქალი/კაცი - არცერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს მოცემული ორიდან) ვხედავთ და გავიფიქრებთ, “გოგოა თუ ბიჭი”, ამ შემთხვევაშიც იმის დაზუსტება ხომ არ გვინდა, “ფეხებს შორის რა აქვს?” იმ ფაქტს, რომ გენდერის ფორმირება შეჭიდულია ბიოლოგიურ სქესთან, ვერსად გავექცევით. ეს ტრანსგენდერულ იდენტობებსაც ეხება _ სიტყვა “შეჭიდული” შემთხვევით არ მითქვამს; რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანების ტრანსგენდერული იდენტობის ფორმირებაზე სწორედ დაბადებისთანავე ბიოლოგიური სქესის მიხედვით მინიჭებული გენდერის მოურგებლობა, მასთან სრული აცდენა, მივუბრუნდები სიტყვას - ჭიდილი - განსაზღვრავს. არავინ ვიბადებით ისე, რომ გენდერის მარკერის გასწვრივ ცარიელ ადგილს გვიტოვებდნენ - იმისათვის, რომ მოზარდობაში ან ზრდასრულობაში თვითონ მოვნიშნოთ male, female ან სხვა. დიახ, ადამიანების გენდერული იდენტობა ხან ბიოლოგიური სქესის მიხედვით ვითარდება, ხან - ბიოლოგიური სქესის საპირისპიროდ, ხან კი საერთოდაც განვითარების ორივე გზის უარყოფით (თუ გგონიათ, რომ ტრანსგენდერული იდენტობის მორგებაღა კმარა ქალი/კაცი - დიქოტომიისთვის თავის დასაღწევად, ძალიან ცდებით). ახლა ვეცდები, იგივე სხვანაირად ვთქვა. მოდი, შეკითხვა, რომელიც ზემოთ დავსვით, შევაბრუნოთ: რას გულისხმობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ის არ არის გოგო ან ბიჭი? როდესაც მე ვამბობ, რომ მე არ ვარ გოგო, მე უარვყოფ იმ კომპონენტებს, რაც დაბადებით მდედრობითი სქესის ადამიანს მიეწერება სოციუმის მიერ. მე უარვყოფ იმას, რომ, მაგალითად, მქონდეს გრძელი თმა, უთმო ფეხები, გრძელი ფრჩხილები, ვატარო კაბა, გამჭვირვალე წინდები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მაკიაჟი.. ერთი სიტყვით, მე არასდროს ვსტუმრობ “ვიქტორია სიკრეტის” ქალის განყოფილებას (დარწმუნებული არ ვარ, რომ კაცისაც აქვს, სიტყვაზე ნუ გამომეკიდებით). მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ მე ვირგებ გენდერული შკალის მეორე უკიდურესობაში არსებულ ნორმებს - ის, რომ მე არ ვარ გოგო, არ ნიშნავს იმას, რომ ვარ აუცილებლად ბიჭი,  ანუ, რომ მინდა, მქონდეს ყველა ის მახასიათებელი, რასაც სოციუმი “ბიჭობას” მიაწერს (დაწყებული პენისიდან, დამთავრებული ფეხბურთის მატჩის გამო ხმამაღალი შეძახილებით). ასევე: მე თუ არ მინდა ვიყო ბიჭი, ეს სულ არ გულისხმობს მაინცდამაინც იმ ფაქტს, რომ ვოცნებობ, მქონდეს ვაგინა და ვატარებდე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს (თუმცა, არც გამორიცხავს). ერთი სიტყვით, გენდერული იდენტობის ფორმირებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომლებსაც უარვყოფთ და რომლების ტარება-ათვისებაზეც უარს ვამბობთ, ისევე, როგორც ისინი, რომლებიც ჩვენგან მიღებული და დადასტურებულია (მე ვიტყოდი, უფრო მნიშვნელოვანიც). ჰო, ვიცი, ასე, ჩემი მონოლოგის რეჟიმში კიდევ არა უშავს, მაგრამ ახლა რომ ყოველი თქვენგანისგან პასუხი მოვითხოვო, რატომ ხართ გოგოები და ბიჭები - ისინი, ვინც ხართ, - გაღიზიანებას გამოვიწვევ თქვენში. შეიძლება, პირველიც ვარ, ვინც ამ შეკითხვას გისვამთ. ან, თუნდაც ასე: “როგორ მიხვდი, რომ გოგო/ბიჭი ხარ?” ან: “როგორ მოხდა თქვენი გენდერული იდენტობის ფორმირება?” და იცით რა, გაღიზიანებების მიუხედავად, სრულიად ლეგიტიმური იქნება ჩემი შეკითხვები - მერე რა, რომ სისგენდერი ადამიანები (ისინი, ვისი გენდერული იდენტობაც "თანხვედრაშია" ბიოლოგიურ სქესთან) თავიანთი გენდერული გამოხატვის გამო ყოველდღე დაკითხვას არ გადიან და ეჭვის თვალით მათ არავინ უყურებს. კარგი, გეთანხმებით - თუ გოგო ხარ და სხეულის ფერადი ტატუებით დაფარვა ან თმის ცალ მხარეს აპარსვა გადაწყვიტე, თანაც ისე, რომ წამით არ შეგპარვია ეჭვი შენს გოგოობაში (უბრალოდ, გენდერული გამოხატვის ასეთი ფორმა გაქვს), შეკითხვებს გააჩენ, თუმცა, ალბათ უფრო შენს სექსუალობას, ქცევას და როგორც უძახიან, “წესიერებას” ან მენტალურ ჯანმრთელობას დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩემს შეკითხვებს თქვენი გენდერული იდენტობის ფორმირების ირგვლივ ლეგიტიმურობას ანიჭებს ყველა ის ახსნა-განმარტება, რომელსაც გენდერულად არაკონფორმული ადამიანებისგან ყოველდღე მოვითხოვთ მათი გენდერული გამოხატვის მისაღებად; როცა უპირობოდ არ ვიღებთ ადამიანის მოთხოვნას, გამოიყენონ მის მიმართ მოთხოვნილი ნაცვალსახელები მაშინ, როცა ჩვენი წარმოდგენებით ის საპირისპირო ნაცვალსახელებს უფრო მიესადაგება, მაშინ, როცა ვცდილობთ, ავხსნათ… აი, მაგალითად, მე თუ ახლა გეტყვით, რომ იცით რა, მე თავს კაცად ვთვლი და ყოველ ჯერზე, როცა “ქალბატონოთი” მომმართავ, თავს შეურაცხყოფილად და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად ვგრძნობ. რას იფიქრებთ? სანამ მილიონ შეკითხვას არ დამისვამთ, არაფრით დარწმუნდებით, რომ ეს ასეა. და მე მილიონი ახსნა-განმარტების წარდგენა მომიწევს საკუთარი გენდერული თვითაღქმების შესახებ.  მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია (მიხვდით, ალბათ) და სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ მსგავსი შეკითხვების დასმა შევწყვიტოთ, ვფიქრობ, აუცილებელია, ჯერ ყოველმა ჩვენგანმა გავცეთ მათ პასუხი (იმიტომ, რომ ასევე ლეგიტიმურია, თავი გადააქნიოთ და სიტყვაზე “შეკითხვები საჭირო არაა” - არ მენდოთ). რა ახდენს გავლენას ჩვენი გენდერული იდენტობის ფორმირებაზე? რატომ ვართ გოგოები გოგოები და ბიჭები - ბიჭები? ვეცდები, ამ ნაწილზე დიდხანს არ შევჩერდე. ქცევები, რომლებსაც ახალისებენ, ქცევები, რომლებიც ისჯება, ნარატივები, რომლებსაც ვისმენთ, ვკითხულობთ, ვსწავლობთ (გახსენდებათ სასკოლო პროგრამიდან რომელიმე ნაწარმოები, სადაც სისგენდერი ქალისა და კაცის გარდა გენდერული იდენტობის კიდევ რომელიმე სხვა ვარიანტი ფიგურირებს?), მედია, სადაც სისგენდერი ქალებისა და კაცების გარდა მხოლოდ ეგზოტიკურ როლში გამოჩნდება ტრანსგენდერი ადამიანი და ისიც - მჭიდრო კავშირში სექსუალობასთან, უფრო სწორად კი _ სექსუალურ ქცევასთან (აქვე, რომ არ გამომრჩეს - ტრანსგენდერული იდენტობები ისევე მოიაზრებს სექსუალობის ჰომო, ჰეტერო და გინდაც ასექსუალურ გამოხატულებას, როგორც - სისგენდერი, და ადამიანის გენდერული იდენტობიდან მისი არანაირი სექსუალობა და სექსუალური ქცევა არ გამომდინარეობს); სარეკლამო ინდუსტრია, სამუშაო გარემო, აკადემიური სივრცე… და ეს ყველაფერი წინასწარგამზადებულად, მზა მოდელებად მოცემული, მორგებული იმ გენდერულ როლს, რომელიც ბიოლოგიური სქესის მიხედვით მოგვანიჭეს. თუმცა, ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რა მოგვანიჭეს მაშინ, როდესაც პირველი ბაფთებიანი კაბა ჩაგვაცვეს, როდესაც საბაშვო ბაღში ჩვენი საპირფარეშოს კარზე ასევე კაბიანი გოგო დაგვხვდა აკრული, როდესაც პირველად ტაში დაგვიკრეს შრომის გაკვეთილზე ბიჭებისთვის დაუთოვებული პერანგების გამო, როდესაც ფიზკულტურის გაკვეთილზე ცალკე დარბაზში გაგვიშვეს… ან, არა. ამ დროს ალბათ, უკვე ვიცოდით. ამ დროს უკვე ვიცით, რომ გოგოები გოგოები ვართ. ბიჭები - ბიჭები. ვიცით უკვე იმიტომ, რომ წინა შემთხვევებში ტაშს გვიკრავენ - იმ ქცევებს ახალისებენ, რომლებიც ჩვენგან შემდგომში მიღებული იქნება და რომლებიც “გოგოებად” გვაქცევს. ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში კი საქმე ბევრად რთულადაა. ყველაზე “სტანდარტული” და ასე ვთქვათ, ხილული - ბიოლოგიური სქესის საპირისპირო გენდერის ადამიანების იდენტობის ფორმირებაა - შეთავაზებული ნორმების უარყოფით და საპირისპიროს მორგებით. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც არც შეთავაზებულს ვერგებით, ვერც საპირისპიროს ვიზიარებთ და შეკითხვები კი არ წყდება. პირველ რიგში - საკუთარი თავის მიმართ. თუ სისგენდერი იდენტობის ფორმირებისას შემოთავაზებული ნორმები განუსჯელად მიიღება, ტრანსგენდერული არაბინარული იდენტობები (ანუ არა ტრანსგენდერი ქალი და ტრანსგენდერი კაცი) ამ ნორმების უარყოფაზე იგება. მიუღებლობაზე. ანუ, საბოლოო ჯამში ყოველ ჩვენგანზე ჩვენივე შექმნილი, ჩვენგანვე სახელდებული აბსტრაქტები მოქმედებს - მნიშვნელობა არა აქვს, მათი მიღებით თუ მათივე უარყოფით. და შეკითხვებზეც, “რატომ ბიჭი/გოგო/ან არცერთი” - პასუხები ყველგან ერთია - სიტყვათა სხვადასხვანაირი განლაგებით, ერთგვარი თამაშით, რომელიც, დაახლოებით ასე ჟღერს: “მე ვარ გოგო, იმიტომ რომ მაქვს ვაგინა”, “მე ვარ ბიჭი, იმიტომ, რომ არ მაქვს ვაგინა”, “მე ვარ ტრანსგენდერი გოგო, იმიტომ რომ არ მაქვს ვაგინა, მაგრამ მინდა, მქონდეს”, “მე ვარ ტრანსგენდერი ბიჭი, იმიტომ რომ არ მინდა მქონდეს ვაგინა, მაგრამ მაქვს”, “მე არც ბიჭი ვარ და არც გოგო, იმიტომ არსებობენ გოგოები, რომლებსაც არ აქვთ ვაგინა, მე კი მაქვს, და არსებობენ ბიჭები, რომლებსაც არ აქვთ ვაგინა, მე კი მაქვს”. სიგიჟეა, ვიცი. შემიძლია, პენისზეც მოვიფიქრო. მაღალ ქუსლებზეც. კრემიანი ნამცხვრის ცხობის უნარებზეც. მათზეც, ვინც ერთდროულად გოგოებიც არიან და ბიჭებიც. მათზეც, ვინც ხან გოგოები არიან, ხან - ბიჭები. ან გოგოები სულ, ბიჭები - ხანდახან. ან ბიჭები სულ, გოგოები - ხანდახან.


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა