ლინგვისტური რჩევები სისგენდერი ფემინისტებისთვის, რომლებიც ტრანს საკითხებზე საუბრობენ
04 12 2015
ავტორი: სამანტა ალენი ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ვარ იმ სისგენდერი ფემინისტების გარემოცვაში, რომლებსაც ტრანს ხმების ჩართვა სურთ თავიანთ პანელში, ღონისძიებებსა ან კონფერენციაში. ხშირად ვგრძნობ, რომ ამ ფემინისტების სულისკვეთება ტრანს საკითხებთან დაკავშირებით სწორი და გულწრფელია. ისინი ცდილობენ და მათი ძალისხმევა რეალურია, მაგრამ მათ კვლავაც უჭირთ იმ კონცეპტუალური საკითხების გადალახვა, რომელიც მათ ლექსიკაზე ახდენს გავლენას. ამიტომ, მოდით, სწორედ ენით დავიწყოთ და ასე მივყვეთ ბოლოდან დასაწყისისკენ. ტრანსინკლუზიურ სისგენდერ ფემინისტებს კვლავაც აქვთ ჩვევად საზიანო ლექსიკის გამოყენება. ბევრმა მეგობარმა თუ კოლეგამ დაწერა ბლოგის ან ტვიტერის პოსტი პრობლემური ლექსიკის შესახებ; მე კი მინდა, დავწერო ადვილად გამოსაყენებელი წყარო სისგენდერი ფემინისტებისათვის, რომელბსაც სურთ, ტრანს ინკლუზიურები იყვნენ და რაღაც საბაზისო ლექსიკაც ისწავლეს, მაგრამ არ იციან, “როგორ ილაპარაკონ ამაზე” ისე, რომ გზად რამეს არ წამოკრან ფეხი.
  1. გთხოვთ, ცადოთ და თქვენი ლექსიკიდან ამოიღოთ ფრაზები “ქალად იდენტიფიცირებული”, “მამაკაცად იდენტიფიცირებული”, “ქალის სხეულის მქონე” და “მამაკაცის სხეულის მქონე”.
ეს ფრაზები ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელია. ხშირად, ადამიანები, რომლებიც მათ იყენებენ, ფიქრობენ, რომ ძალიან სწორად იქცევიან, რომ სწორედ ამ ფრაზებს ახსენებენ და არ ამობობენ “ქალი” ან “კაცი”. ამ დროს ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ამ ფრაზებს გრძელი დ რთული ტრანსფობიური ეტიმოლოგია აქვთ და დიდ კონცეპტუალურ სარჩულს ატარებენ. ადამიანები, რომლებიც ამ ფრაზებს იყენებენ, ხშირად, უბრალოდ, ჰიპერკორექტულები არიან, ანუ იყენებენ ლექსიკას, რომელიც ტექნიკურად არასწორია მხოლოდ იმიტომ, რომ ეს “კარგად ჟღერს.” მაგრამ რატომ არის ეს ფრაზები ცუდი? “ქალად იდენტიფიცირებული” არის ფრაზა, რომელიც ყოველგვარი საჭიროების არსებობის გარეშე ყოფს ქალებს ერთმანეთისგან. როცა მასთან ერთად ვიყენებთ ფრაზას “ქალის სხეულის მქონე”, ფრაზა “ქალად იდენტიფიცირებული” იძენს ქვეტექსტს, რომ ქალები, რომლებსაც არ აქვთ ვაგინა, არ არიან ნამდვილი ქალები, ისინი მხოლოდ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ ქალებად, მიუხედავად მათი “მამაკაცური” სხეულისა. სხეულები კი არ არიან ბუნებრივად ქალის ან კაცის. გენდერის მინიჭება სოციალური პროცესია, რომელიც დიდწილად იმართება იდეალური, ნორმატიული გენიტალიების ვიზუალური ფორმებისა და ჰეტეროსექსუალური რეპროდუქციული შესაძლებლობების შესახებ დადგენილი მეტნაკლებად შემთხვევითი სამედიცინო კონვენციებით. ჩვენი საზოგადოების ორსქესიანი სისტემის რიგიდულობა სრულებით არ არის ჩვენი სხეულის მახასიათებლებიდან გამომდინარე ბუნებრივი მოვლენა: პირიქით, სწორედ ორსქესიანი სისტემის მიმართ ჩვენი ერთგულების პროექცირება ხდება ჩვენს სხეულებზე. თქვენ შეიძლება, მითხრათ, “კი მაგრამ, ქრომოსომები?!” არა. იმაზე, რაც თქვენ ისწალეთ და რისი ინტერნალიზებაც მოახდინეთ სქესისა და ადამიანის სხეულის შესახებ, იმდენად დიდად  ახდენს გავლენას ჩვენი სოციალური იდეოლოგიები, რომ ამ ორის ერთმანეთისაგან გამოყოფა შეუძლებელია. განმარტებები ქალის/კაცის სხეულის მქონე ვს. ქალად/კაცად-დენტიფიცირებული არაინვაზიური და პოლიტიკურად მოსახერხებელი ტერმინები რომც იყოს (ისინი არც ერთია და არც მეორე), ისინი ამასთანავე სემანტიკურად სრულიად აზრგამოცლილი ფრაზები გამოდის, თუ გავითვალისწინებთ ადამიანების სხეულების იმ ფართო დიაპაზონს, რომლებსაც მოიცავს კატეგორია “ქალი”. მაგალითისთვის, ინტერსექს ქალს შეიძლება, არ ჰქონდეს სხეული, რომელიც “ქალის სხეულის მქონეს” კონოტაციებს შეესაბამება, მაგრამ, ამასთანავე, ის არ იყოს დაბადებული პენისით. ტრანსგენდერი ქალები, რომლებმაც გენიტალიების ცვლილების ოპერაცია გაიარეს, ასევე ვერ ჯდებიან განმარტებაში “ქალის სხეულის მქონე”, რომელიც გამოყენება, როგორც განმასხვავებელი  სისგენდერ და ტრანსგენდერ ქალებს შორის: მათ აქვთ მკერდი, აქვთ ვაგინა და მათი სხეულები ტესტოსტერონის დიდ დოზებს არ გამოყოფენ. მართალია, მათ არ აქვთ საშვილოსნო, მაგრამ ზოგიერთი  სისგენდერი ქალიც იბადება საშვილოსნოს გარეშე და ჩვენ მათ ამის გამო “ქალად იდენტიფიცირებულს” არ ვუძახით. ვიზუალური შეფასების კონვენციური და სოციალურად დომინანტი მეთოდების მიხედვით, ეს ტრანსგენდერი სხეულები მდედრობითი სქესის არიან. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ადამიანები, რომლებიც იყენებენ ფრაზას “ქალის სხეულის მქონე” ამ ლექსიკის გამოყენებით ამ სხეულების ქალების კატეგორიიდან გამოყოფას ცდილობენ. რა შეიძლება იყოს მთელი ამ გაურკვევლობიდან გამოსავალი? სინამდვილეში, გამოსავალი უფრო მარტივია, ვიდრე ჩვენ გვგონია. “ქალი” არის კატეგორია, რომელიც მოიცავს გენდერული გამოხატვისა და სხეულების ფართო დიაპაზონს. ის ფანტასტიურად გამოდგება იმისათვის, რომ ქალებზე ილაპარაკო. “კაცი” არის კატეგორია, რომელიც ასევე მოიცავს გენდერული გამოხატვისა და სხეულების ფართო დიაპაზონს. ის, ასევე, ფანტასტიურად გამოდგება იმისათვის, რომ კაცებზე ვილაპარაკოთ. შეიძლება, თქვენ არ ფიქრობდეთ, რომ საქმე ასე მარტივად არის. ფემინიზმი და სხვა პროგრესული პოლიტიკური მოძრაობები სწორად იქცევიან, რომ სხეულის საკითხებს თავიანთი პოლიტიკური აქტივიზმის ნაწილად აქცევენ. ფემინიზმი, მაგალითად, რეპროდუქციული სამართლიანობისა და ჯანდაცვის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. და როგორ უნდა ვილაპარაკოთ სქესზე, სხეულსა და რეპროდუქციაზე ისე, რომ გამყოფი ხაზები არ გავავლოთ ტრანსგენდერი და სისგენდერიი ქალების სხეულებს შორის? პასუხი მარტივია. როდესაც გსურთ, გენდერზე ილაპარაკოთ, ილაპარაკეთ გენდერზე. როდესაც გსურთ, სხეულებრივ პოლიტიკაზე ილაპარაკოთ, ილაპარაკეთ სხეულებზე. მაგალითისთვის, თუ გსურთ ისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც ვაგინა აქვთ, მაშინ თქვენ ლაპარაკობთ კაცებზეც და ქალებზეც. და, როგორც კათრინ კროსსმა აღნიშნა “ფემინისტინგში”, ფემინიზმმა უნდა მოახერხოს ტრანსგენდერი ქალლების რეპროდუციული უფლებებისა და ჯანდაცვის საკითხების ინტეგრირება იმ საკითხებთან, როგორებიცაა, მაგალითად, აბორტი და კონტრაცეფცია. ტრანს ქალის სხეული არის ქალის სხეული და მას მეინსტრიმულ ფემინისტურ სხეულებრივ პოლიტიკასა და რეპროდუქციული სამართლიანობისათვის ბრძოლაში თავისი ადგილი ეკუთვნის. რომ შევაჯამო ის, რაც ზემოთ ვთქვი, ფრაზები “ქალის სხეულის მქონე” და “ქალად იდენტიფიცირებული” ბიოლოგიურად რთულ კატეგორიებს ძალად ამარტივებს, ანაწევრებს ჯგუფს, რომლის დაყოფის არავითარი საჭიროება არ არსებობს და, ასევე, არ ატარებს არავითარ ფუნქციონალურ მნიშვნელობას. თუ მიიჩნევთ, რომ ეს ფრაზები აუცილებელია თქვენი სხეულებრივი პოლიტიკის აქტივობებისათვის, ესე იგი, დროა, გადაახალისოთ თქვენი სხეეულებრივი პოლიტიკა. როგორც არ უნდა იყოს, ნუღარ გამოიყენებთ ამ ფრაზებს.
  1. გთხოვთ, ნუ მოიხსენიებთ “ქალებს” და “ტრანს ქალებს” სხვადასხვა კატეგორიებად, როდესაც მარგინალიზებული ჯგუფების ჩამონათვალს აკეთებთ ან ჩაგვრაზე ლაპარაკობთ.
“ტრანს ქალების” გამოყოფა “ქალების” კატეგორიიდან მიანიშნებს, რომ  “ტრანს ქალი” არ არის ქალის საწყისი ტიპი, რომ ის სრულიად განსხვავებული პიროვნებაა. “ქალს” აქვს უფლება იდგეს ცალკე, როგორც კატეგორია, რომელსაც კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს მაშინ, როდესაც “ტრანს ქალებს” გამოყოფენ ცალკე, როგორც სხვას, განსხვავებულს სისგენდერი ქალებისგან. ეს ლინგვისტური ჩვევა ასევე შეიძლება, იმის მიმანიშნებელიც გახდეს, რომ ტრანსგენდერი ქალები არ განიცდიან იგივე მარგინალიზებას, რასაც ქალები. ბოლოს ეს გაყოფა მოვისმინე კონტექსტში “მე ვიცი, რას ნიშნავს იყო ქალი, მაგრამ არ ვიცი, რას ნიშნავს, იყო ტრანს ქალი.” მართალია, არსებობს ჩაგვრი ფოორმები, რომლებსაც მხოლოდ ტრანსგენდერი ქალები განიცდიან, მაგრამ ტრანს ქალები სრულად იზიარებენ სისგენდერი ქალების მიმართ არსებულ ჩაგვრას. სექსუალური და ოჯახური ძალადობა, სექსუალური ზეწოლა ქუჩაში, დისკრიმინაცია დასაქმების ბაზარზე, “ბოდი იმიჯის” პრობლემები, რეპროდუქციულ ჯანდაცვაზე წვდომის ნაკლებობა, კვებითი აშლილობები, თვითდაზიანება, მოკლედ, გრძელი სიაა; ყველა ეს საკითხი გავლენას ახდენს სისგენდერ ქალებზე; ეს საკითხები ასევე ახდენს გავლენას ტრანსგენდერ ქალებზე. უფრო მეტიც, თუ ამბობ სიტყვას “ქალები”, აქ უკვე იგულისხმებიან ტრანს ქალები. ამ ეტაპზე, უკვე თქვენი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენი ფემინისტური პოლიტიკა ასევე მოიცავდეს იმ საკითხებს, რომლებსაც უფრო მწვავე ზეგავლენა აქვთ ტრანსგენდერ ქალებზე, როგორებიცაა: ზეწოლა პოლიციის მხრიდან, კანონები ქუჩაში ჩხრეკის შესახებ, გენდერული იდენტობის ჩართვა სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობაში, ტრანსინკლუზიურ ჯანდაცვაზე წვდომა და ასე შემდეგ. ზოგიერთ კონტექსტში, სადაც აუცილებელია თქვენი პრივილეგიის ხაზგასმა, ალბათ, ღირს იმის აღნიშვნა, რომ თქვენ სრულად ვერ აცნობიერებთ მარგინალიზაციის იმ დამატებით შრეებს, რომლებსაც ტრანსგენდერი ქალები განიცდიან. მაგრამ ნუ გააკეთბთ ამას ზოგადად ქალების, სისგენდერი და ტრანსგენდერი, ერთიანი, არამოდიფიცირებული ჯგუფის საერთო ბრძოლის უარყოფის ხარჯზე. როდესაც თქვენ გიწევთ იმ სპეციფიურ საკითხებზე საუბარი, რომლებიც მხოლოდ ტრანსგენდერ ან სისგეენდერ ქალებს ეხებათ, ნუ გამოტოვებთ აღუნიშნავად თქვენს საკუთარ ქალობას მაშინ,  როდესაც ტრანსგენდერი ქალის ქალობას უსვამთ ხაზს. ტრანსგენდერი ქალებისათვის სპეციფიკური სიძნელეები შენი სიძნელეებიცაა, რადგან ორივენი ქალები ხართ; ეს არ არის ჩაგვრის მითიური, აღსაქმელად შეუძლებელი ფორმები. მართალია, თუ შენ სისგენდერი ქალი ხარ, შენ არ გაქვს უფლება, ტრანსგენდერი ქალებისათვის სპეციფიკური ჩაგვრის შესახებ შენს პირად გამოცდილებაზე ილაპარაკო, ასევე არ გაქვს იმის უფლებაც, რომ ტრანსფემინისტური პოლიტიკის მიმართულებები განუსაზღვრო ვინმეს, მაგრამ ასევე არ უნდა გამოყო ტრანსგენდერ ქალთა საკითხები ფემინიზმის ძალზედ მნიშვნელოვან, მაგრამ სპეციალურ, განცალკევებულ ნაწილად. ეს პრობლემები შენი პრობლემებიცაა.
  1. გთხოვ, ნუ ახსენებ თავს “სისგენდერად”, თუ პირდაპირ შენი პრივილეგიის შესახებ არ საუბრობ.
არის მომენტები, როდესაც ადამიანის სისგენდერის სტატუსი უნდა ვახსენოთ და ვაღიაროთ. როდესაც ტრანსგენდერ ადამიანებზე ვაკეთებთ განცხადებას ან ტრანსფემინისტურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ალბათ, ყველაზე მოსახერხებელია აუდიტორიას გავაგებინოთ, რა ამოსავალი წერტილიდან ვსაუბრობთ. მაგრამ სტატუსს “სისგენდერი” იმდენად ხშირად ნუ ახსენებთ, რომ ის მხოლოდ დისტანცირების საშუალება გახდეს. შენ უნდა გაითვალისწინო ავტორიტეტისა და თვალთახედვის კუთის საკითხები, მაგრამ ასევე, უნდა აცნობიერებდე: ყველასთვის მუდმივად იმის შეხსენება, რომ შენ სისგენდერი ხარ, თემის შეკვრის კი არა, ქალებს შორის გამყოფი ხაზის გავლების გზა არის. სწორედ ამიტომ, მე ზოგადად ვურჩევ ქალებს, არ მიუთითონ მათი სისგენდერ სტატუსი ფეისბუქზე, სადაც უკვე არსებობს გენდერის მითითების მრავალი ვარიანტი, თუ ისინი ფეისბუქს პოლიტიკურ პლატფორმად არ იყენებენ და აუცილებლად არ თვლიან მათი პრივილეგირებული პოზიციის გამხელას.
  1. არ გააკეთო განსხვავება სქესსა და გენდერს შორის და არ გამოიყენო ფრაზები, როგორებიცაა “ბიოლოგიურად ქალი” ან “ბიოქალი”
ამის შესახებ ადრეც დამიწერია. ამ ფრაზების ჩვენი ლექსიკიდან ამოღების მიზეზები ამ ბლოგის პირველ პუნქტსაც ეხმიანება. *** ზოგადი გაკვეთილი ყველა ამ პუნქტიდან არის შემდეგი: არ გაავლო განმასხვავებელი ხაზები სისგენდერ და ტრანსგენდერ ქალებს შორის, თუ ამის აუცილებლობა არ არის. ხოლო მაშინ, როდესაც ამ განსხვავებების ხაზგასმა აუცილებელია, ნუ გამოიყენებთ იმ ლექსიკას, რომელიც კონკრეტულ გენდერს კონკრეტული ტიპის სხეულებს უკავშირებს. მართალია, ვთვლი, რომ იმ სისგენდერ ფემინისტთა უმრავლესობას, რომლებიც ამ ტერმინებს იყენებენ, სულაც არ აქვთ რამე უარყოფითი განზრახვები, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო ის შემაშფოთებელი მიდგომა, რომელიც ამ ფრაზებისა და ლინგვისტური ჩვევების უკან იმალება. თუ ეს სტატია წაიკითხეთ, ნათლად დაინახეთ, რაც ემართება თქვენს ენას და მზად ხართ, ის შეცვალოთ, გილოცავთ! ესე იგი, ჩემი მისია შესრულებულია. თუ კვლავაც აწყდებით რაღაც შინაგან წინააღმდეგობას ამ წერილის კითხვისას, მაშინ, კითხვა გააგრძელეთ: ზოგიერთ სისგენდერ ფემინისტს სურს ტრანსინკლუზიური პოლიტიკის გამტარებელი იყოს; მათ იციან, რომ მანტრა “ტრანს ქალები ქალები არიან” გამუდმებით უნდა იმეორონ, თითქოს ეს მათი პროფესია იყოს; მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც უყურებენ ტრანსგენდერ ქალებს ინტერპერსონალურ დონეზე, როგორც - განსხვავებულ ქალებს. რაღაც მომენტში, მათთვის მაინც მნიშვნელოვანია, რა ტიპის გენიტალები აქვს ქალს. რაღაც მომენტში, ისინი ვერ გრძნობენ, რომ ტრანსგენდერი ქალები მათი დებიან არიან, ამ ქალებს ისინი უფრო სქოლიოს როლში ხედავენ. თუ ეს შენ ხარ, მაშინ, ალბათ, უფრო მეტად უნდა იმუშაო საკუთარ თავთან, ვიდრე - მხოლოდ ლექსიკის გამოსწორების ასპექტზე. უნდა ჰკითხო საკუთარ თავს, რას ნიშნავს შენთვის ქალობა, უნდა ჩაუღრმავდე, რას ნიშნავს შენთვის პირადად ის ფაქტი, რომ კატეგორია „ქალი“ მოიცავს ადამიანებს ვაგინის გარეშე, ან მათ, ვინც ვაგინით არ დაიბადა, უნდა გამოიკვლიო და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო შენი სისნორმატიული გრძნობები, რომლებიც გეუბნებიან, რომ შენ გაქვს უფლება, იცოდე სხვა ქალების სხეულების ინტიმური დეტალები. შენ უნდა იპოვო გზა, რომ არა მხოლოდ თქვა „ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან,“ არამედ იმისთვისაც, რომ გულით მიიღო ტრანსგენდერი ქალები ქალებად ისე, რომ მათ ზემოდან არ უყურებდე, ეს ქვემლოდმედების აქტი არ იყოს და არც ზედაპირული ქმედება. თუ სწორედ ასეთია შენი პოზიცია, დაიწყე ლინგვისტური მარაგით და შენი გულიც აყვება ამ ცვლილებებს. წყარო


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია