"როცა შელი კვლავ დაიწყებს ნარკოტიკების მოხმარებას, მე მის გვერდით გავჩნდები"
07 12 2015
ავტორი: კრის არნადე, ფოტოგრაფი სულაც არ ვფიქრობდი, რომ შელი ოთხი პაკეტი ჰეროინის საყიდლად გამოიყენებდა იმ 40 დოლარს, რომელიც მას მივეცი. მაგრამ არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ ასე მოიქცა. წესით, ეს ფული მობილურში თანხის ჩასარიცხად და მანიკურის გასაკეთებლად უნდა გამოეყენებინა. იმის მაგივრად, რომ ჩემს ფურგონში მობილურზე სალაპარაკო დროითა და გაკეთებული ფრჩხილებით დაბრუნებულიყო, უბეში ნარკოტიკებს მალავდა. ჩანთა სიცილით მოიშორა და ჩემი ბრაზის ჩახშობას შეეცადა. „ვიცი, იმედგაცრუებული ხარ, მაგრამ არ შემიძლია დავბრუნდე აქ და არ გავიკეთო“, - მითხრა მან. როცა ხმამაღლა გამოვთქვი ჩემი იმედგაცრუება, შელიმ წამლის ვენაში გაშვება დაიწყო. ეს ის რიტუალი იყო, რომლის მომსწრეც წლების განმავლობაში ვიყავი, მას შემდეგ, რაც შელი გავიცანი. მაგრამ 11 თვე იყო, შელი არ მენახა, მას მერე, რაც 2-წლიანი სტაციონარული მკურნალობის კურსი დაიწყო. სამი თვის უკან ცენტრიდან გამოიქცა და ისევ ქუჩას დაუბრუნდა. მე კი მის სანახავად დავბრუნდი. გულმოსული არ ვიყავი. ოთხი წლის წინ ალბათ გავბრაზდებოდი. მაგრამ ეს მანამდე იყო, ვიდრე ბრონქსში, ქუჩაში მცხოვრებთა შესახებ დოკუმენტურ ფოტოპროექტს დავიწყებდი. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული უზარმაზარი სხვაობისა, შელი არამარტო ჩემი ფოტოობიექტივის სამიზნე, არამედ ჩემი მეგობარიც გახდა: თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით, ვკამათობდით, ერთმანეთს რჩევებსა და მხარდაჭერას ვთავაზობდით. ამასობაში მივხვდი, რა რთულია ნარკოტიკებზე უარის თქმა 39 წლის ადამიანისთვის, ვინც 24 წელი ქუჩაში გაატარა. ჩემი თვალით ვნახე, რა მჭიდროდ იყო შელი ამ თემთან დაკავშირებული და როგორ სჭირდებოდა გონს მოგება, რათა მიეტოვებინა ისინი, ვისაც ოჯახად მიიჩნევდა. იმასაც მივხვდი, რომ შესაძლოა, შელის არასდროს დაენებებინა თავი ნარკოტიკებისთვის. მე არ მოვეშვები და გავაგრძელებ მის დარწმუნებას, რომ თავი დაანებოს და როცა ამას შეეცდება, ყველაფერს გავაკეთებ მის მხარდასაჭერად. მაგრამ ახლა, როცა კვლავ მიუბრუნდა ნარკოტიკებს, მის გვერდით დავრჩები და დავეხმარები. ხალხი იტყვის, რომ ამის საშუალებას ვაძლევ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ ამას. ცხოვრება შავ-თეთრი არ არის და არც ჩემი მეგობრები არიან ჰოლივუდის ჰეფიენდიანი ფილმების პერსონაჟები. შელი ნიუ იორკში დაიბადა. თავდაპირველად მაიკლი ერქვა. ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. როცა ეს მშობლებს გაუმხილა... დამადანაშულეს და მითხრეს, გეი რომ არ ყოფილიყავი, ეს არ მოხდებოდაო. იმის გამო, რომ უნდოდა, ქალი ყოფილიყო, ყველა დევნიდა. ამიტომ 15 წლის იყო, სახლიდან რომ გაიქცა. „როცა ნარკოტიკების მოხმარება და მერე ქუჩაში მუშაობა დავიწყე, უბრალოდ ყურადღების მიპყრობა მინდოდა. ვერ ვიღებდი ყურადღებას იქ, სადაც უნდა მიმეღო - სახლში, აქ კი ყურადღებას მაქცევდნენ“. ბრონქსში შელი ქუჩაში მცხოვრებთა თემს შეუერთდა, სადაც მიიღეს და გაუგეს. თემის ბევრი წევრი სწორედ ტრავმისგან თავის დაღწევას ცდილობდა. უმრავლესობა ქალები არიან, რომლებიც ნათესავების მხრიდან სექსუალურ ძალადობას გამოექცნენ. ქუჩებში ისინი ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდნენ, რათა ეს ყველაფერი დაევიწყებინათ. მერე კი, ნარკოტიკები რომ ეყიდათ, პროსტიტუციით დაკავდნენ. მთელ თავიანთ დროს ათასობით დროებით თავშესაფარსა და სამთვრობო ინსტიტუტებს შორის ატარებდნენ, ცხოვრობდნენ ხიდების ქვეშ, მიტოვებულ სახლებში, ციხეებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში. როდესაც შელი ბრონქსში დასახლდა, მისი აქაური დედა ნიკი გახდა, მოხუცი ტრანსგენდერი, რომელიც შელის მსგავსად, სახლიდან გამოიქცა და სქესის შეცვლა უნდოდა. ქუჩებში ურთიერთობები ოჯახის ენაზე ყალიბდება: ნიკი შელის დედაა, პეპსი - მისი და, რამონი კი - ძმა. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის: მისი ქუჩის ოჯახი მისი ცხოვრების ემოციური და სტრუქტურული ცენტრი გახდა, რაც მისმა მშობლიურმა ოჯახმა ვერ შეძლო. როცა შელის პირველად შევხვდი, უკვე ოცი წელი იყო, ნარკოტიკებს მოიხმარდა და ქუჩაში ცხოვრობდა. მის „ანგარიშზე“ 100-მდე დაკავება იყო, ნარკოტიკები კი დღეში 200 დოლარი უჯდებოდა. მისთვის განსხვავებული კაცი ვიყავი, რომელსაც მისგან მხოლოდ სურათები და ამბები უნდა და არა - სექსი. თავდაპირველად „მაკდონალდსში“ დავპატიჟე და თავისი ამბის მოყოლა შევთავაზე. როცა დავახლოვდით, მას და მის მეგობრებს ტანსაცმელი და საბნები მივაწოდე. ყველაფერი ნახევარ ფასში გაყიდეს, ნარკოტიკები რომ ეყიდათ. ამიტომ მერე პირდაპირ ფულის მიცემა დავიწყე მათთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმეს „ლომკა“ ჰქონდა. ნარკოტიკებისთვის ფულის მიცემა სიამოვნებას არ მანიჭებდა. ამით მეც მათი თანამონაწილე ვხდებოდი, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ აუტსაიდერი ვიყავი და არ ან ვერ შევძლებდი მათი მდგომარეობის გაგებას. მაგრამ ჩვენი მეგობრობა რომ გაღრმავდა, შელისა და მისი ქუჩის ოჯახის წევრების დახმარებას ვცდილობდი, ვცდილობდი მეხსნა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან, რაც 40-მდე სარეაბილიტაციო ცენტრში მისვლასაც გულისხმობდა. თუმცა, ყოველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. შელი ზოგჯერ რამდენიმე საათში უბრუნდებოდა თავის ქუჩის ოჯახს: „იქ ვერ მივატოვებ. ისინი ერთადერთნი  არიან, ვისაც ჩემი ესმით და გვერდში მიდგანან“. ერთხანს ორი თვე გაძლო ნარკოტიკის გარეშე და ადგილობრივ სამრეცხაოში მუშაობდა. თუმცა, ორ თვეში ისევ დაუბრუნდა ნარკოტიკებს - დღეში 10 პაკეტს და ცხოვრება კვლავ ხიდის ქვეშ გააგრძელა. ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ვფიქრობდი, ამას მისთვის ვაკეთებდი თუ ჩემთვის, რომ თავი უკეთ, საბოლოოდ ვალმოხდილად მეგრძნო და პატარა ნათელი წერტილი მაინც მეპოვნა იქ, სადაც წლების განმავლობაში მეფობდა წყვდიადი. საქმე მხოლოდ მეგობრობას არ ეხებოდა. შელი და მისი მეგობრები ჩემთვის ყოველდღიურ სამსახურად იქცნენ - მათ გადაღებისა და მათზე წერის ნება დამრთეს. მე იმ დოზით ვიყენებდი მათ ჩემი მუშაობისთვის, რა დოზითაც ისინი მიყენებდნენ დახმარებისთვის. ერთი წლის წინ შელი ჩვეულებრვზე უფრო დიდ პრობლემებში გაეხვა - პოლიცია სდევნიდა, მისმა ქუჩის ოჯახმა კი პოლიციის ინფორმატორობაში დაადანაშაულა. ამიტომ იძულებული იყო, ისინი მიეტოვებინა და მეზობლად, იმ ხალხით გადაჭედილ ბანაკში  გადასულიყო საცხოვრებლად, ვისაც დაუწერელი კანონების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. მისი მაკიაჟი და უზადოდ გაკეთებული ფრჩხილები გაუპარსავმა წვერმა და ჭუჭყმა ჩაანაცვლა. ნაჭრებით ამოვსებული მისი ლიფი ჭუჭყიან იატაკზე ეგდო. გარეთ გასვლა ცემის ტოლფასი იყო, ამიტომ ხიდის ქვეშ იმალებოდა და ფულს ვეღარ შოულობდა. ღამით ჩუმად გამოდიოდა და ცდილობდა, გაეყიდა ყველაფერი, რის მოპარვასაც ახერხებდა. საბოლოოდ, მაღაზიაში ქურდობისთვის დააპატიმრეს. ერთი თვე „რიკერში“ ყოფნა მიუსაჯეს, ორი წელი კი - ბრონქსში, სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა გაეტარებინა. ამჯერად სარეაბილიტაციო ცენტრმა გაამართლა. შელი სპეციალურად ტრანსგენდერი ქალებისთვის გამოყოფილ სართულზე განათავსეს და პირველდ, მის ცხოვრებაში, აღმოჩინა, რომ თბილად შეხვდნენ თემში, რომელიც ასევე ნარკოტიკზე უარს ამბობდა.

მე უწინდებურად ვაგრძელებდი მის გადაღებას და მისი ამბის მოყოლას. ორთვიანი სტაბილური ცხოვრების შემდეგ შელისთვის ფულს მოვუყარე თავი. ამ თანხით შელი აქტიურ ცხოვრებაში უნდა დაბრუნებულიყო, სახელი ლეგალურად გადაეკეთებინა, ტატუთი დაეფარა ადგილები, სადაც ნარკოტიკების სამი ათეული წლის კვალი ეტყობოდა და პარიკმახერობის სწავლა დაეწყო, შემდგომში სამუშაოს საპოვნელად. თვეში ერთხელ, საუზმეზე ვხვდებოდი ცენტრის ერთ-ერთ კორპუსში, რადგან ამაზე შორს წასვლის უფლება არ ჰქონდა. 70 დოლარს ვაძლევდი ტელეფონისთვის, სილამაზის სალონში წასასვლელად და მაკიაჟისთვის. პირველ თვეებში ვამოწმებდი, რომ ფული დანიშნულებისამებრ დაეხარჯა, მერე კი საბოლოოდ გამოვუცხადე ნდობა. მეცხრე თვის თავზე პირველად იყო ცხოვრებაში ბედნიერი, რადგან როგორც იქნა, გახდა თემის წევრი, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისგან გათავისუფლდა. თითქმის ყოველდღიურად წერდა წერილებს. „თითქმის ხუთი თვის განმავლობაში ვმკურნალობდი. აღფრთოვანებული ვარ. წამალზე დამოკიდებულება ჩემი წარსულია და არა - მომავალი. როგორც იქნა, მომავალში საკუთარ თავთან ერთად ვარ. ადამიანები ფიქრობენ, რომ წამალზე დამოკიდებულება ან მარადიულია, ან არ არსებობს. ჩემთვის ეს მარადიული იყო. მაგრამ ახლა ის აღარ არსებობს“. თავს უფლება მივეცი, ცოტათი მაინც ოპტიმისტი ვყოფილიყავი, მეფიქრა, რომ შესაძლოა რაღაცები შეიცვალოს და რომ შეიძლება გარკვეულწილად დახმარება მეც შემიძლია. ვიდრე მე ასე აღტკინებული ვიყავი, პირველი ბზარები გაჩნდა - შელი ისევ გადაერთო თავის ქუჩის ოჯახზე. „პეპსი კვლავ რიკერსშია თუ ჩრდილოეთით გადააგზავნეს? რამონი და სარა ისევ ერთად არიან?“ მორიგ შეხვედრაზე ფრჩხილებზე ლაქი არ ესვა. გარეთ გასვლის პრივილეგია გაუუქმდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შემხვდა. ღონემიხდილი იყო და შეშინებული მიყურებდა. საჭმელი მივუტანე და დარჩენილი ხურდა მივეცი. ერთი კვირის შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრიდან გაიქცა. მე სამოგზაუროდ ვიყავი წასული და შუაღამისას მომდიოდა მესიჯები, სადაც დახმარებას მთხოვდა. პასუხი რომ არ გავეცი, გაბრაზდა და მემუქრებოდა, რომ საკუთარ თავს რამეს დაუშავებდა. ოთხწლიანი დროებითი აღმასვლების შემდეგ, რომელსაც ყოველთვის თან სდევდა ჩავარდნები, ჰოლივუდის ჰეფიენდის სცენარზე ფიქრს შევეშვი. ქუჩებში შელის ცხოვრება ბოლომდე ცუდი არ იყო, თუმცა კარგიც არ ეთქმოდა; არც ის ნარკოტიკების გარეშე ცხოვრება იყო უღრუბლო, რომელსაც მას სთავაზობდნენ. იმის ნახევარი თანხა გავუგზავნე, ვიდრე ვაძლევდი ხოლმე, მაგრამ საკმარისი იყო იმისთვის, რომ ტელეფონი არ გათიშვოდა. მოგზაურობიდან რომ დავბრუნდი და ბრონქსში შევხვდი, 40 დოლარი მთხოვა. ფული ტელეფონისთვის მივეცი, თუმცა ვიცოდი, რომ დიდი შანსი იყო, ფურგონში ნარკოტიკებით დაბრუნებულიყო. მინდოდა, სხვანაირად ყოფილიყო. მინდა, რომ შელი და ათასობით მისნაირი, 13 წლის ასაკში არ გააუპატიურონ და სახლებიდან არ გამოიქცნენ, დროებითი ნუგეში ნარკოტიკებში არ იპოვონ, ქუჩებში არ შექმნან ოჯახები სხვა ნარკოდამოკიდებულებთან ერთად, რომელთაც თავიანთი ცხოვრების დიდ ნაწილს პოლიცია უმწარებს. მაგრამ ეს ასეა და სწორედ ეს არის რეალობა და არა - ჰოლივუდური ფილმების ჰეფიენდი. წყარო


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება