ფემიციდი - ქალზე ძალადობის ყველაზე სასტიკი ფორმა
08 12 2015

ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა არსებობს - დაწყებული ვერბალური შურაცხყოფისა და ემოციური ზეწოლის განსხვავებული ფორმებიდან, დამთავრებული ყველდღიური ფიზიკური და სექსუალური ზეწოლით. ძალადობის ფორმების ყველაზე სასტიკ ბოლოში კი ფემიციდია: ქალთა მკვლელობები.

მიუხედავად იმისა, რომ ფემიციდის შესახებ ჩვენი ცოდნა მწირია, ის კი ვიცით, რომ ფემიციდის დიდი ნაწილი მოდის იმ ქალებზე, რომლებიც ძალადობრივ ურთიერთობებში არიან და მკვლელობები ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი პარტნიორების მიერ.

ფემიციდის განსაზღვრებები

ფემიციდი ძირითადად აიხსნება, როგორც ქალთა გამიზნული მკვლელობები იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან, თუმცა, უფრო ზოგადი განმარტებები მოიცავს ქალების ან გოგონების მკვლელობასაც.

ეს საინფორმაციო ფურცელი ფოკუსირდება ფემიციდის უფრო ვიწრო განსაზღვრებაზე, რომელიც გამოიყენება კანონებსა და კვლევებში: ქალთა გამიზნული მკვლელობა.

ფემიციდი ძირითადად ჩადენილია კაცების მიერ, მაგრამ ზოგჯერ ოჯახის ქალი წევრებიც შეიძლება, მკვლელობაში ჩართულები იყვნენ. ფემიციდი კაცთა მკვლელობებისგან განსხვავდება კონკრეტული ნიშნებით. მაგალითად, ფემიციდის შემთხვევების უმეტესობა ჩადენილია პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების მიერ და მოიცავს განგრძობით ძალადობას ოჯახში, მუქარებს ან დამცირებას, სექსუალურ ზეწოლას ან სიტუაციებს, რომლებშიც ქალებს ნაკლები ძალაუფლება ან რესურსები აქვთ პარტნიორებთან შედარებით.

ფემიციდზე სწორი მონაცემების შეგროვება რთულია, დიდწილად იმიტომ, რომ ქვეყანათა უმეტესობაში, პოლიციასა და სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც მონაცემთა შეგროვების სისტემები გააჩნიათ და მკვლელობების ქეისების დოკუმენტირებას ახდენენ, არ აქვთ აუცილებელი ინფორმაცია ან არ იძიებიან მკვლელობის ქეისში მსხვერპლი-მკვლელის ურთიერთობას ან მკვლელობის მოტივებს, რომ აღარაფერი ვთქვათ გენდერული ნიშნით მკვლელობაზე (4-6). თუმცა, ფემიციდის ბუნება და მისი გავრცელებულობის შესახებ ინფორმაცია იზრდება მსოფლიო მასშტაბით, რაც ილუსტირებულია ქვემოთ მოცემული ნაწყვეტებით ლიტერატურიდან.

ფემიციდის ტიპები და გავრცელების არე

ინტიმური ფემიციდი

ფემიციდი, რომელსაც ამჟამინდელი ან ყოფილი ქმარი თუ პარტნიორი ჩადის, ცნობილია, როგორც „ინტიმური ფემიციდი“ (intimate femicide ან intimate partner femicide). პირველადი შედეგები კვლევისა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ტროპიკული მედიცინისა და ჰიგიენის ლონდონის სკოლა ატარებენ, აჩვენებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალთა მკვლელობების 35%  ინტიმური პატრნიორის მიერაა ჩადენილი . შედარებისთვის, იმავე კვლევის ფარგლებში გამოანგარიშებულია, რომ კაცთა მკლველობების მხოლოდ 5% არის ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი. ჯამში, ქალთა და კაცთა ჰომიციდის შემთხვევების დაახლოებით 15%-ში არის დამნაშავე ინტიმური პარტნიორი. თუმცა, ეს მონაცემები არასრულია.

იმ განსხვავებასთან ერთად, რაც პარტნიორის მიერ მოკლული ქალებისა და კაცების რაოდენობაში აისახება, ასევე ცნობილია, რომ ქალები მათ მამაკაც პარტნიორებს კლავენ თავდაცვის დროს, რაც ძალადობასა და დამცირებას მოჰყვება. ქალების მიერ კაცების მკვლელობები ძირითადად მიმდინარე ურთიერთობის დროს ხდება, ხოლო კაცები უფრო ხშირად კლავენ ყოფილ პარტნიორებს. ქალები მეტწილად კლავენ პარტნიორებს ჩხუბისა და კამათის დროს, ხოლო კაცებს კი ძირითადად ეჭვიანობა ამოძრავებთ.

ქალთა ერთ-ერთი ჯგუფი, რომლებიც რისკ ჯგუფს წარმოადგენს ინტიმური პარტნიორის მიერ მკვლელობის თვალსაზრისით, არის ორსული ქალების ჯგუფი. (პოლიციისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიში აშშ-ს 11 ქალაქის მონაცემებით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ).

პარტნიორის მკვლელობას გავლენა აქვს ქალის მთელ გარემოცვაზე. მაგალითად, ბავშვები, რომელთა დედაც პარტნიორებმა მოკლეს, განიცდიან ამ შედეგებს მომხდარიდან დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან ისინი ერთ მშობელს მკვლელობის გამო კარგავენ, მეორეს კი მისი ციხეში ჩასმის გამო და მათ ხშირდ უწევთ სახლის დატოვება და ახალ გარემოსთან ადაპტირება, რომელშიც, შესაძლოა, მკვლელის შვილად შერაცხონ. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა ხაზს უსვამს, რომ მოკლული პარტნიორები იშვიათად არიან მკვლელის მხოლოდ ერთი მსხვერპლი, ხშირად მათ რიგს ემატება წყვილის ბავშვები, მსხვერპლის მხარდამჭერები, მისი იურისტები, ნათესავები თუ მეზობლები და მსხვერპლთა ახალი პარტნიორები.

ღირსების მკვლელობები

ღირსებასთან დაკავშირებული მკვლელობები მოიცავს მოკლულ გოგოს ან ქალს, რომელსაც მამაკაცი ან ქალი ოჯახის წევრი კლავს მომხდარი ან სავარაუდოდ მომხდარი სექსუალური თუ ქცევითი ტრანსგრესიის გამო, მათ შორის, სექსის ან ქორწინების გარეთ კავშირის გამო - იმის გამოც კი, რომ იგი გააუპატიურეს. ხშირად მოძალადეები მსგავს ფემიციდს ხსნიან, როგორც ოჯახის რეპუტაციის შენარჩუნების გზას, ტრადიციის გაგრძელებას. ღირსების მკვლელობები, ასევე, შესაძლოა იყოს ინცესტის შემთხვევების დაფარვის გზაც.

მსოფლიოს მასშტაბით წლის განმავლობაში დაახლოებით 5000 მკვლელობაა ღირსების სახელით ჩადენილი, ეს რიცხვი კი სრულ სტატისტიკას არ წარმოადგენს. მსგავსი მკვლელობები ძირითადად შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში ხდება, თუმცა, მათ შორის, ასევე, მიგრანტთა თემებში - მაგალითად, ავსტრალიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ღირსების მკვლელობები განსაკუთრებული სისასტიკითაა ხოლმე ჩადენილი.

ღირსების მკვლელობები ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ შედეგებს იძლევა და ქალთა და გოგონათა მიმართ კულტურულად მიღებული ძალადობის ილუსტრაციაა. ხშირ შემთხვევაში მკვლელობა, შესაძლოა, წახალისებული ან მოტივირებული იყოს ოჯახის სხვა წევრების, მათ შორის, ქალების მიერ.

მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი

ქალთა მკვლელობების კიდევ ერთი ფორმა, რომელიც კულტურულ პრაქტიკებს უკავშირდება, არის მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი. ეს ძირითადად ხდება ინდურ სუბკონტინენტზე და მოიცავს ახლად დაქორწინებული ქალის მკვლელობას მზითევთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, რასაც არასაკმარისი მზითევი განაპირობებს. მზითევთან დაკავშირებული მკვლელობების სტატისტიკა უზუსტოა. 2006 წელს ინდოეთის ნაციონალური დანაშაულის ბიუროს მზითევთან დაკავშირებული 7600 მკვლელობა ჰქონდა დაფიქსირებული, სხვა გაანგარიშებები ორჯერ მეტ რაოდენობას აჩვენებს. ზოგი წყარო 25 000-მდე ახლად დაქორწინებული ქალის მკვლელობას ან დასახიჩრებას ითვლის ყოველწლიურად მზითევთან დაკავშირებული ძალადობის გამო.

არაინტიმური ფემიციდი

ფემიციდი, რომელიც არ მოიცავს პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობას, ცნობილია, როგორც არაინტიმური (non-intimate femicide), ხოლო ფემიციდი, რომელიც სექსუალურ აგრესიას მოიცავს, როგორც სექსუალური ფემიციდი (sexual femicide). მსგავსი მკვლელობები შემაშფოთებლად სისტემურია, განსაკუთრებით, ლათინურ ამერიკაში.

მაგალითად, სულ მცირე 400 ქალი იქნა სასტიკად მოკლული სიუდად ხუარესში, მექსიკისა და აშშ-ს საზღვარზე გასული ათწლეულის განმავლობაში. 2008 წელს 700-ზე მეტი ქალი მოკლეს გვატემალაში; ბევრი ეს მკვლელობა მკვლელობამდე სექსუალურ შევიწროებასა და წამებას მოიცავდა. 2009 წლის ადამიანის უფლებათა კამპანიამ გამოიანგარიშა, რომ 2001 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, 500-ზე მეტი მკვლელობა ხდება გვატემალაში. აშშ-ში, 2006 წელს სკოლაში მომხდარ ორ მასობრივ მკვლელობებში იარაღით შეიარაღებული პირები გოგონებსა და ქალ მასწავლებლებს არჩევდნენ. ზოგჯერ არაინტიმური ფემიციდი ხშირად ეხება მარგინალიზირებულ და სტიგმატიზებულ პროფესიებს, როგორებიცაა სექს სამუშაო და სამსახური ბარებსა და ღამის კლუბებში.

წყარო



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა