სიყვარული - დისკრიმინაციის საფუძველი
26 11 2016

სექსუალობის შესახებ ლექციაზე სტუდენტმა ლექტორს “გაუკუღმართებული კავშირების” მნიშვნელობაზე ჰკითხა, ლექტორმა კი ჰომოსექსულობაზე დაიწყო საუბარი, - მეუბნება თსუ-დან გამოსული მარიამი, რომელსაც ინტერვიუსთვის ვხვდები.

მიყვება, რომ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში საბოლოოდ 17 წლის ასაკში დარწმუნდა, მანამდე კი ჰქონდა ურთიერთობა ორივე სქესის პარტნიორთან.

„მქონდა მცდელობა საკუთარი თავისთვის დამეძალებინა ბიჭები მომწონებოდა, რადგან, ვფიქრობდი, რომ მშობლები კარგად მიმიღებდნენ და უკეთესი ვიქნებოდი. უფრო ფემინური ბიჭები მომწონდა, რაზეც მშობლებს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ და მსაყვედურობდნენ, რომ სულ „პიდარასტები“ მომწონს. ვეცადე გამეუქმებინა საკუთარ თავში ყველაფერი ის, რაც ცუდად იმოქმედებდა ახლობელ ადამიანებზე. არ ვიცოდი რა იყო ჰომოსექსუალობა, მხოლოდ გაგონილი მქონდა, რომ არსებობს ვიღაც ელტონ ჯონი, რომელიც „თხოვდება ხოლმე“. ბიოლოგიის მასწავლებელი მპასუხობდა კითხვებზე. მართალია, არ ამბობდა, რომ ეს ნორმალურია, მაგრამ ასეთი ადამიანების არსებობა დამიდასტურა. შემდეგ თვითონ მოვიძიე ინფორმაცია, ვარკვევდი არის თუ არა ეს ავადმყოფობა. 17 წლის ასაკში უკვე დავრწმუნდი, რომ მეც „ასეთი“ ვარ, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი ეს ავადმყოფობა იყო თუ არა. ამ დროს მომეწონა პირველად, მქონდა ემოციური კავშირიც, რამაც ერთგვარად დამამშვიდა, რადგან დავრწმუნდი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში“, - ამბობს მარიამი.

მიყვება, რომ ფიქრობდა, ლესბოსურ სიყვარულსაც ისევე გადაეჩვეოდა, როგორც ცაციობას გადააჩვიეს ბავშვობაში. სწავლობდა საკუთარ თავს და ცდილობდა გაეგო რატომ იყო განსხვავებული. მამაკაცებთან ურთიერთობის გამოცდილებამ საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ლესბოსელია.

შემდეგ რეგიონიდან თბილისში ჩამოვიდა, ახალი ადამიანები გაიცნო, ორგანიცაზიები ნახეს, რომლებმაც ჰომოსექსუალობაზე მეტი ინფორმაცია მიაწოდეს და დარწმუნდა, რომ ავადმყოფი არ არის.

„ამ ყველაფერს იმიტომ კი არ აკეთებ, რომ გინდა, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცები გთხოვენ. ასე რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ამდენი გამოკვლევა არ დამეწყო. ცდილობ გააუქმო სურვილები, ფიქრობ, იქნებ შევძლო ვიღაცებთან პრობლემები არ მქონდეს, დისკრიმინაცია არ ვიგრძნო და სრულყოფილად ვიცხოვრო, როგორც ჰეტეროსექსუალმა. ჰეტეროსექსუალობა გარკვეულ ბენეფიტებთან არის დაკავშირებული და თუ არ ხარ ჰეტერო, ბევრ ბენეფიტს კარგავ, ამიტომ უნდა მიიღო გადაწყვეტილება დათმო ეს თუ არა“ - ამბობს მარიამი.

მშობლებთან ქამინგაუთი არ გაუკეთებია, თუმცა საკუთარი ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია არც საგანგებოდ  დაუმალავს. დედამ იცის ლესბოსელი რომაა, თუმცა დაჯერება არ სურს. მამა ფეისბუქზე „ნაშრომებს“ უგზავნის, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორც ცდილობენ 21-ე საუკუნეში ადამიანების გარყვნას.

„დედაჩემთან ამ თემაზე ბევრი მისაუბრია, მაგრამ არა საკუთარ თავზე. ვუხსნიდი, რატომ არ არის ავადმყოფობა, რატომ არ უნდა იყოს დისკრიმინაცია და ა.შ. ჯერ-ჯერობით ვცდილობ უფრო მეტად ზოგადი ინფორმაცია მივაწოდო. მივედით იქამდე, რომ  აღიარებს ასეთ ადამიანებს აქვთ არსებობის უფლება, თუმცა მაინც ავადმყოფებად აღიქვამს და არ სურს თავისი შვილიც „ავადმყოფი“ იყოს. ერთხელ მკითხა ვარ თუ არა ლესბოსელი და კი-მეთქი ვუპასუხე. იმედი აქვს, რომ ვეხუმრე. როცა მეკითხება, ვპასუხობ, უბრალოდ, ცდილობს საკუთარ თავშივე ჩაახშოს ეს საკითხი. მამაჩემი საერთოდ არ სვამს ამ კითხვას. მხოლოდ 17 მაისის შემდეგ მკითხა მეც „ავადმყოფი“ ვარ თუ არა. მე ვუპასუხე, რომ ავადმყოფი არ ვარ და ამის შემდეგ ამ თემაზე არ გვისაუბრია. ჩემმა ძმამ იცის და ჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს. ბევრმა ახლობელმაც იცის, თვითონ არ ვამბობ ხოლმე არაფერს, თუმცა მარტივია მიხვდე. არ ვზღუდავ საკუთარ თავს ქცევებში ჩემი ასაკის ადამიანებთან, რომლებთანაც უშუალო ურთიერთობა მაქვს“ - მიყვება მარიამი.

ამბობს, რომ მშობლები მაინც ცდილობენ კონკრეტული ბიჭები მოაწონონ, რადგან ჰგონიათ ჯერ „შესაფერის მამაკაცს არ შეხვედრია“. მიუხედავად იმისა, რომ დედა ორიენტაციის გამო არ საყვედურობს და არც ურთიერთობა შეცვლილა, შეიძლება დაურეკოს და ეჩხობოს მას თუკი რომელიმე მეზობელი ტელევიზორში ლგბტ უფლებების მხარდამჭერ აქციაზე დაინახავს.

„მისი დამოკიდებულება საკუთარი თავიდან არ გამოდის, საზოგადოების აზრის წნეხის ქვეშ ექცევა. ბრაზობს ხოლმე ეს რომ „დამემართა“, რადგან სოციუმიც და მამაჩემიც დაადანაშაულებს მას, რომ შვილი ვერ გაზარდა ნორმალურად“ - ამბობს მარიამი.

რაც შეეხება მეგობრებს, მხოლოდ ერთ მათგანთან შეწყვიტა ურთიერთობა, რადგან იმის შეყვარებული ეჭვიანობდა.

„ამბობდა, რომ გარყვნილები ვართ ლესბოსელები და ყველასთან გვინდა სექსი. ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ყოველდღე ერთად დავდიოდით და ალბათ, მაგიტომ ეჭვიანობდა. ერთი წელია, გამარჯობაც აღარ გვითქვამს ერთმანეთისთვის. სხვები ხუმრობენ იმაზე, რომ მე და ჩემი პარტნიორი ქუჩაში ხელიხელჩაკიდებულები ვერ გავივლით, თვითონ კი გაივლიან. კი არ გითანაგრძნობენ, არამედ, პრივილეგიას გაგრძნობინებენ ყოფილა შემთხვევები, როცა ისეთ ადამიანებთან უთქვამთ ჩემი ორიენტაციის შესახებ, ვინც ამის შესახებ არ იცოდა. არ ფიქრობენ, რომ შეიძლება ამან ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ვერ ხვდებიან, რადგან თავად ეს პრობლემა არ აქვთ და სენსიტიურები არ არიან“.

ლესბოსელობა გარყვნილობა და ავადმყოფობა ჰგონიათ, ამიტომაც თვლიან, რომ მათ ყველა ქალთან სურთ სექსი.

„მეც ისე მიყვარდება ვიღაცები, როგორც სხვებს, ყველას გვაქვს გრძნობები და ემოციები. ამ ემოციებს ზუსტად ისევე აღიქვამ ჰომოსექსუალური სიყვარულის დროს, როგორც ჰეტეროსექსუალურის დროს. ურთიერთობაც ანალოგიურად ვითარდება - ჩვენც გვაქვს შეყვარებულობის მომენტი, რომანტიკა ირთვება აქაც და არ არის განსხვავება, გარდა იმისა, რომ ორ ერთი და იგივე სქესის ადამიანს უყვარს ერთმანეთი“.

ამბობს, რომ სამსახურში ორიენტაციის გამო დისკრიმინაცია არ განუცდია. თუმცა, მისი თქმით, მამაკაცის როლი ჰქონდა მინიჭებული და ხშირად მიმართავდნენ ფრაზებით - „მიდი რა, კაცურად მოიქეცი“, „მამალი გოგო ხარ“ და ა.შ. თანამშრომელი, რომელთანაც მეგობრობდა, მუდმივად უყვებოდა , თუმცა მარიამისგან პარტნიორზე საუბარი აღიზიანებდა.

ფიზიკური ძალადობის შემთხვევები არ ჰქონია, თუმცა მცდელობები ყოფილა. ერთ-ერთ ფესტივალზე, სადაც ჰომოსექსუალობის თემაზე დისკუსია მიმდინარეობდა, უცნობმა ბიჭებმა უთხრეს, რომ მან არ იცის როგორია ნამდვილი კაცი და აჩვენებდნენ.

„მთავარია ადამიანებს დაანახო, რომ საკუთარ თავს სრულყოფილად მიიჩნევ, აგრძნობინო, რომ თუ დაგარტყამს, მხოლოდ თვითონ დაზარალდება, რადგან დაისჯება კანონით“.

ამბობს, რომ თვითგამორკვევა რომ არ დაეწყო, სტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა ვერ იქნებოდა.

„შეიძლება არ აღიარო რაღაც საკუთარ თავთან, მაგრამ განიცდი დისკომფორტს, ვერ ხვდები რატომ არ მოგწონს საწინაღმდეგო სქესთან ურთიერთობა. სანამ საკუთარ თავთან არ ვაღიარე, დეპრესია მქონდა, ვერაფერში ვხედავდი საკუთარ თავს. მომავალზეც ვეღარ ვფიქრობდი, რადგან საქართველოში ქალის მომავალი განიხილება, როგორც კაცთან თანაცხოვრება. ვერ ხვდები რა გააკეთო ამ დროს, საკუთარ თავთან ვერ გრძობ თავს კომფორტულად, გაორებასავით გჭირს. ამიტომ, ხშირად არ უნდათ აღიარონ, რადგან ეს ცოდვად მიიჩნევა. ამით ვერაფერს მიაღწევ. მეგობრებთან ორიენტაციის შესახებ თვითონ ვთქვი. ეგ ყველაფერი საჭიროა მინიმუმ, თვითშეფასებისთვის, იმისთვის, რომ სხვებმაც ნორმალურად აღგიქვან. შესაძლებელია დასაწყისისთვის უბრალოდ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდო გარშემომყოფებს, მოამზადო ქამინგაუთისთვის“.

მარიამის აზრით, ქორწინება ბიუროკრატიაა, ხელშეკრულებას ჰგავს და გრძონებს აკნინებს. თვითონ ამის სურვილი არ აქვს, თუმცა უნდა, რომ უფლება ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ ქორწინების საკითხზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ლგბტ ადამიანები ბევრად მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან, მათ შორისაა სიცოცხლის, სამსახურის, გამოხატვის უფლება.

შვილი უნდა, თუმცა მინიმუმ 10 წელი არ აპირებს. იმედოვნებს, რომ იმ პერიოდისთვის, როცა ამისთვის მზად იქნება, საქართველოში მისი შვილისთვის საშიში გარემო აღარ იქნება.

ხატია ღოღობერიძე



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"