"თავლაფდასხმული" ქალები ქართულ ლიტერატურაში
28 11 2016

გაუპატიურების თემა ქართულ ლიტერატურაში იმ პერიოდში შემოდის, როდესაც თაობათა და სოციალურ ფენათა შორის ბრძოლა იწყევს გამწვავებას. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ეს საკითხი ხშირად იჩენს თავს ქართველი მწერლების სიუჟეტებში.

ტერმინოლოგია:

"შეცდენა", "დაღუპვა", "ლეჩაქის მოხდა", "არაწმინდა საქმის მოქმედება", ნამუსის ახდა", "გაბახება", "თავის მოჭრა ქვეყანაში," "შერცხვენა", "დამორჩილება", "წვალება", "ცოდვა", "უნუგეშო კრუსუნი", "თავლაფის დასხმა", "შებილწვა", "ყმაწვილი ქალობის დამცირება" - ის ევფემიზმებია, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში "გაუპატიურების" მნიშვნელობით გამოიყენება. ალექსანდრე ყაზბეგის "მამის მკვლელში" ასევე საინტერესო ტერმინია ნახსენები - "სიყვარულის პირველად გაგება" - ნუნუზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ გირგოლა:

"- ჰაი, ჰაი, რო იტირებს, - ფიქრობდა, - პირველად გაიგო სიყვარული... ქალია, სცხვენიან და ხმას იმად არ იღებს... ეხლა აღარსად წავა, ჩემი იქნების, მე მეკუთვნების და ცხოს - არავის."

ეს მოძალადის განსჯა და ლოგიკაა, რომელიც მსხვერპლის თანაგრძნობას, არჩევანის უფლებას გამორიცხავს. გირგოლამ იცის, რომ გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ "სიყვარულის სახელით" მაინც მოქმედებს.

ასევე, ხშირად მწერალი ერიდება რაიმე ტერმინის გამოყენებას და იმგვარად აღწერს სცენას, რომ მკითხველი მიხვდეს მომხდარი უბედურების შესახებ. სექსის სცენები მე-19 საუკუნის ლიტერატურაში სიტყვაძუნწადაა გადმოცემული. რამდენიმე სიტყვა ან ფრაზა სწრაფად ავითარებს და ამთავრებს სცენას. მე-20 საუკუნეში კი ავტორები შედარებით ენამჭევრობენ (ჯერ მარტო კონსტანტინე გამსახურდია რად ღირს). აღწერენ არა მხოლოდ გარემოს, არამედ პერსონაჟების შეგრძნებებს და ფიქრებსაც. ამით ხან თანაგრძნობას იწვევენ მკითხველში, ხან ირონიას, ხან - აღშფოთებას ან გულგრილობას. მწერალი ცდილობს, მართოს მკითხველის ემოციები და აზრები.

მოძალადე:

ქართველი მწერლებს მოძალადედ (ძირითადად) გამოჰყავთ მტრები: ერთობის, დაჩაგრულების, სამართლიანობის, რომელიმე ფენის... ის, ვინც საერთო ღირებულებებს არ იზიარებს. იგი "ჩვენიანი" არ არის. ყაზბეგთან რუსები და თემისგან გამდგომილი მამაკაცები ძალადობენ (დიამბეგები, რუსის სამსახურში ჩამდგარი ადგილობრივი ლიდერები...); ეგნატე ნინოშვილთან - გაზულუქებული მდიდრები ერჩიან ღარიბ და პატიოსან ქალებს; აკაკი წერეთლის "ბაში-აჩუკში" - თათრები; ჯაყოც ორმაგი მტერია - ობმოდებული თეიმურაზის და ჯერარშობილი გლეხური ერთობის; "გლახის ნაამბობის" დათიკოც ხალხს ჩაგრავს და უსამართლოდ ექცევა, ბევრ გლეხის გოგოს "უკლავს ნამუსს". მოკლედ, ქართულ ნაწარმოებებში გაუპატიურებას მოწინააღმდეგის დისკრედიტაციის იარაღად იყენებენ.

ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ნაწარმობებშიც მოძალდეები არიან მსხვერპლის არიან ოჯახის მეგობრები ან ოჯახის წევრები (მაგალითად, მაზლი), უფროსები და ბატონები, უფრო მაღალი სოციალური სტატუსის მქონე პირები; ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც "უპატრონოდ დარჩენილი" ქალების უმწეობით სარგებლობენ; განსხვავებული რელიგიის მქონე მტრები (თათრები) და ა.შ. - ხალხი, ვისაც ფიზიკური ძალაც აქვს და ძალაუფლებაც, ვისაც სუსტის მორევა შეუძლია.

მსხვერპლი:

XIX-XX საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში გაუპატიურების მსხვერპლი ძირითადად ახალგაზრდა ღარიბი ქალები არიან - ყველაზე მოწყვლადი სოციალური და ასაკობრივი ჯგუფი. მათ შორის ბევრი 16 წლამდეა. საგულისხმოა, რომ მე-19 საუკუნის ნაწარმოებებში ადრეულ ქორწინებას ნორმალურად მიიჩნევენ, გაუპატიურებას - სირცხვილად. ეს არის, პირველ რიგში, ქალისა და მისი ოჯახის "თავის მოჭრა". ამიტომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ ქალი ფსიქოლოგიურ წნეხსაც განიცდის: მასზე უარს ამბობს ოჯახი, საყვარელი ადამიანი; მეზობლები დასცინიან, ხდება მისი გარიყვა.  სხვა "სიკეთესთან" ერთად, მსხვერპლი გამოუცდელია, არ გააჩნია დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები, ვერ წარმოუდგენია არსებული რეალობის ალტერნატივა; თავს დამცირებულად გრძნობს; დარწმუნებულია რომ წასასვლელი არსად აქვს და იძულებულია დარჩეს დამთრგუნველ გარემოში. პირდაპირ თუ ირიბად, ქართველი მწერლები ხატავენ უუნარო, სუსტ, საზოგადოებრივი მორალს უპირობოდ დამორჩილებულ ქალებს, რომელთა ადგილი მხოლოდ მამაკაცის ან დიდი ოჯახის ფრთებქვეშაა.

ძალადობის შედეგები:

ძალადობა მორევაზეა. და ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი-პერსონაჟები იმორჩილებენ მათზე სუსტ ქალებს. შედეგებზე პასუხისმებელნი  კი ძირითადად ეს უკანასკნელნი არიან. რა სიუჟეტურ განვითარებას გვთავაზობენ ქართველი მწერლები?

  • მსხვერპლის თვითმკვლელობა: საზოგადოება ქალისაგან მსხვერპლშეწირვას ითხოვს - ჩუმად, ირიბად და დაჟინებით. გაუპატიურების შემდეგ თემს ავიწყდება ქრისტიანული ღირებულებები, თანაგრძნობა, ნუგეში, მიტევება. ისიც, რომ ქრისტიანისათვის თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა. მას მტკიცედ სჯერა, რომ შელახული ღირსების აღდგენა მხოლოდ სიკვდილით შეიძლება. ქართულ ლიტერატურაში "ღირსების მკვლელობის" ცოტა მაგალითია (ერთ-ერთი მათგანი: ყაზბეგის "მამის მკვლელში" ნუნუს მამა, გლახა, ადგილზე კლავს ცოლს და მის მოძალადე დიამბეგს); სამაგიეროდ, უზარმაზარი ზეწოლისა და სირცხვილის გამო სოციუმიდან მოწყვეტილი ქალები თავად მიდიან თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე. ეგნატე ნინოშვილის "სიმონაში" ტიტიკოს მიერ ნამუსახდილი დარიკო წყალში ვარდება; "მამის მკვლელში" ნუნუც თავის ჩამოხრჩობას ცდილობს; "ბაში-აჩუკში" შუამთის მონასტერზე თათრების თავდასხმა მასობრივი მკვლელობისა და თვითმკვლელობების საშუალება ხდება:
"გათენებისას, ცისკრის დროზე, მოულოდნელად, ერთი საოცარი ტირილისა და გოდების ხმა გაისმა შუამთაში. თათრები დაერიენ უმწეო დედაკაცებს უდაბნოში და მუსრი გაავლეს. ზოგი გალავანზე გადაცვივდა, ზოგი კლდეზე გადაიჭრა, რომ თავი საბილწავად არ მიეცა, ზეგმა თვითონ მოიკლა ნამუსახდილი თავი და სხვებს უმოწყალოდ გამძვინვარებული მტრები ჰკეპავდნენ."
  • ბედთან შეგუება: ზოგიერთი პერსონაჟი-ქალი ცდილობს ძალადობის შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელოს ცხოვრება, რაც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს მოძალადესთან ურთიერთობის გახანგრძლივებასაც. "ქრისტინეში" სოფიო (შემდეგომში სონა-დ წოდებული) ბატონის სახლში მის ქორწინებამდე რჩება (შემდეგ კი, ალერნატივების არარსებობის გამო, იძულებულია "ორთაჭალის ტურფა" გახდეს). მარგო ("ჯაყოს ხიზნებიდან") ასევე აგრძელებს ჯაყოს საყვარლობას, შემდეგ კი ცოლად მიჰყვება.
  • "ავლაბრის უნამუსოს" ხვედრი: როგორ შეიძლება იცხოვროს ახალგაზრდა ლამაზმა ქალმა, რომელიც ოჯახმაც გაწირა? როგორ გაიტანოს თავი? გამოიცანით - "ავლაბრის უნამუსოს" ხვედრი ერგება "გლახის ნაამბობის" თამროსაც და ეგნატე ნინოშვილის ქრისტინესაც. ამ სამწუხარო ბედს აღწერენ სხვა ქართველი მწერლებიც. "შერცხვენილი" ქალები არსებობსითვის იბრძვიან მათთვის ცნობილი ერთადერთი საშუალებით - საკუთარი სხეულის გაყიდვით. თუმცა ყველაზე მწარე მაინც საყვარელი ადამიანებისგან უარყოფაა:
"— ის თამრო აღარა ვარ. მე ეხლა ავლაბრის უნამუსო ვარ, შემიბრალე და დამიტირე მე ბედშავი!.. — უნამუსოო!.. ვკარ ხელი შეუბრალებლად იმ უბედურსა და მკერდიდამ, როგორც გველი, ისე მოვიშორე."

როგორც ვხედავთ, თანადგომის მაგივრად სისასტიკე, სიყვარულის მაგივრად - ზიზღი და დამცირება ერგებათ "ასეთ" ქალებს.

  • კათარზისი და ცხოვრების გაგრძელება: თითზე ჩამოსათვლელი მწერლების ფანტაზიას შეუძლია დაუშვას კაცთმოყვარეობის ჭეშმარიტი გამოვლინება - თანაგრძნობა და დახმარება გაუპატიურების მსხვერპლის მიმართ. აკაკი წერეთლის "გამზრდელში" თითქმის დაუჯერებელი ამბავი ხდება: ნაზიბროლაზე ძალადობით თავზარდაცემული ქმარი მაინც პოულობს ძალას, რომ ცოლი დაამშვიდოს და უთხრას:
"გადაიგდე გულიდან ეგ ცრუ ზღაპარი და სიზმარი!... მე და შენი სიყვარული წმინდა არის, ვით ლამპარი."

კათარზისი, საკუთარ ეგოზე ამაღლება ერთადერთი გზაა, რომელიც მსხვერპლს ნორმალური ცხოვრების საშუალებას აძლევს; რომელიც ქმნის უსაფართხო გარემოს; რომელიც ადამიანებს ეხმარება, მეტი თანაგრძნობა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ. ეს ჰუმანიზმია - გაცილებით მაღალი ღირებულება, ვიდრე უაზრო სისხლისმღვრელი ჩვეულებები. ეს არის ის, რასაც პოპულარიზაცია სჭირდება - მხატვრულ ლიტერატურაშიც და რეალურ ცხოვრებაშიც!

ავტორი: მაია შალაშვილი


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის