რეპრესირებული სექსუალობა
28 11 2016

ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩემი უბნელი გოგო რომ გათხოვდა. ჩემხელა. 18–19 წლის. ცისფერთვალება, სიფრიფანა გოგო იყო, სულ მუდამ მოხდენილად ჩაცმული. გამიკვირდა. ზუსტად ვიცოდი, არავინ უყვარდა, მაგრამ თვითონ ის ძალიან ბევრს მოსწონდა. სწავლობდა და სწავლის დასრულებამდე სერიოზულად არც ფიქრობდა ქორწინებაზე, მითუმეტეს, უსიყვარულოდ.

მერე მეზობლებისგან გავიგე, რომ მოიტაცეს. ჰოდა, აბა, სხვანაირად როგორ? სამეგრელოდანაა. მშობლებს მტკიცედ უთქვამთ, უკან ხომ არ წამოხვალო?! ჰოდა, ისიც დარჩა.

წლების მერე ხშირად მიფიქრია, როგორ განვითარდებოდა ამ გოგოს ბედი, იმ ბიჭს რომ არ მოეტაცა, ან მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, მაინც წამოსულიყო საკუთარ სახლში, ან თავი ისეთ ადამიანთან შეფარებინა, ვინც გაამხნევებდა, გაუღიმებდა და გაამართლებდა.

სამწუხაროდ, ხშირად, ჩვენთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში, სწორედ ის ადამიანები გვიმუხთლებენ ხოლმე, ვისიც ყველაზე მეტად გვჯერა, გვეიმედება და გვიყვარს. მშობლები, ბებია–ბაბუები, ახლო თუ შორეული ნათესავები, მეზობლები და მეგობრებიც კი... ყველას ჩვენ–ჩვენი მორალი, პრინციპები და ღირებულებები გვაქვს და გვიჭირს სხვის ტყავში შეძრომა. ჩვენ ხომ ასე არასოდეს მოვიქცეოდით?! მითუმეტეს, ღრმად პატრიარქალურ კავკასიაში, სადაც ქალს პირველ ღამეს სისხლიან ზეწარს უმოწმებენ და მის „პატიოსნებაში“ შეაქვთ ეჭვი. ჩვენთან კაცი ხომ სულ მართალია, მაშინაც, როცა ერთ დროს სათაყვანებენ მომავალ ცოლს საჯაროდ განსჯის. როგორ გინდა ასეთი ისტორიების მოსმენისას გჯეროდეს სიყვარულის?

ჩემი ფეისბუქის გვერდის მთავარ ფოტოზე დიდის ამბით დავაყენე ჩარჩო, რომელსაც აწერია, რომ მე ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინაამდეგი ვარ. ძალადობა კი – ხილულიც და უხილავიც – მუდამ გარს გვახვევია და გვახრჩობს. გოგონებს, ქალებს... ყოველთვის!

ქალად ყოფნა დიდი საფრთხილო საქმეა. აი, კაცებს კი ვინ ერჩის? მათ ხომ ბავშვობიდან არავინ სთხოვს თავშეყრის ადგილებში მოკრძალებით ჩაცმას, დღესასწაულებზე სახლში დროულად დაბრუნებას, მეგობრებთან ნაკლებ რია–რიას, საპირისპირო სქესისგან თავის შორს დაჭერას, ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავებას და ასე შემდეგ. ის ხომ კაცია. კაცს ყველაფერი ეპატიება, ყველაფერი შეუძია,

პირიქით, მართებს კიდეც. ისეთი რაღაცებიც, რის გამოც ქალებს უყვირიან, სცემენ, ასახიჩრებენ, მიატოვებენ, კლავენ...

გინახავთ ფილმი „უდაბნოს ყვავილი“ სადაც აფრიკელ გოგონას – ვარისს წინადაცვეთას უტარებენ ძველი ტრადიციის თანახმად და ბევრით უფროს კაცზე უპირებენ მითხოვებას? ქალთა გენიტალიების დასახიჩრება (Female Genital Mutilation), რაც ჩვენში წინადაცვეთის სახელითაა ცნობილი, ქალის სასქესო ორგანოს სრულ ან ნაწილობრივ მოკვეთას ან დასახიჩრებას გულისხმობს, რაც ქალთა უფლების შელახვის ერთ–ერთი უმძიმესი ფორმაა მთელ მსოფლიოში.

როგორ ირძნობდით თავს, ვინმემ კანი ბრიტვით, მაკრატლით, დანით ან შუშის ნატეხით რომ გაგიჭრათ? ახლა, წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნებაა როცა ეს თქვენს გენიტალიებს ეხება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, დღესდღეობით, 200 მილიონი გოგონა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე FGM-ის მსხვერპლია. ამ ტკივილს ყოველ დღე 8000 გოგონა განიცდის. ეს საშიში „ტრადიცია“ საფრთხის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ წინადაცვეთილი ქალების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არამედ, იმათ სიცოცხლესაც, ვინც ჯერ კიდევ არ მოვლენილა ამ ქვეყნად. მყისიერი ტკივილის გარდა, სახლის პირობებში ჩატარებული „ოპერაცია“ ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს და შემდგომი გართულებებიც გამოიწვიოს სეფსისის, ჰეპატიტის ან სხვა ინფექციური დაავადებების სახით.

წინადაცვეთის მთავარი იდეა, რასაც, როგორც ამბობენ, საქართველოს გარკვეულ სოფლებშიც მისდევენ, ქალებისა და გოგონების სექსუალური ლტოლვის დაკნინებაა იმისათვის, რომ მათ სექსით სიამოვნება არ მიიღონ. ასეთ თემში გავრცელებული აზრის თანახმად, თუ გოგონას არ აქვს გავლილი „ნათლობა“ წინადაცვეთის სახით, ის ვერ იქნება ერთგული ცოლი, ღირსეული დედა, მორჩილი შვილი.

მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მცირეწლოვან გოგონებს გენიტალიებს უსახიჩრებენ, ის კაცები, ვინც მამებსა და ბიძებს „დასავაჟკაცებლად“ გამოცდილ ქალებთან დაჰყავთ სექსუალური გამოცდილების მისაღებად, შემდგომში, უკვე ოჯახის შექმნისას კიცხავენ ქალებს, ვინც საკუთარი სურვილით ან გარემოებებიდან გამომდინარე არ არიან ქალიშვილები, თუმცა ცხოვრების გაგრძელება სურთ ახალი ხაზიდან. დიახ, სურთ იცხოვრონ ისე, რომ არავინ ასწიოს მათზე ხელი, არავინ ასწავლოთ ჭკუა და არ გააწნან სილა მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ მოფერება, კოცნა, ალერსი.

გაეროს კეთილი ნების ელჩი – ფრიკული წარმოშობის მოდელი ვარის დირიემ, რომელმაც პირველმა გაბედა საკუთარ ტკივილზე საჯაროდ საუბარი „უდაბნოს ყვავილის“ ფონდის (http://www.desertflowerfoundation.org) სახელით, იმ ქალებსა და კაცებს მოუყარა თავი, ვისაც გენდერული თანასწორობის სჯერა და FGM-ის აღმოსაფხვრელად იბრძვიან მთელ მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და პოსტ–ტრამვულ რესოციალიზაციაზე ზრუნვით ქალებს ცხოვრების ხელახლა დაწყებაში ეხმარებიან.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია