შიდსი - დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა და სტიგმა
01 12 2016

შიდსი - დაავადება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. ეს არის ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსის (აივ) ბოლო სტადია. ვირუსი იმდენად აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რომ ორგანიზმი სხვა ინფექციებს წინააღმდეგობას ვერ უწევს.

დაავადება გადადის დაუცველი სქესობრივი კავშირით და არასტერილიზებული სამედიცინო და კოსმეტიკური ინსტრუმენტებით, რაც შეიძლება იყოს ნემსი, მაკრატელი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ შიდსი ინფიცირებული დედიდან გადადის ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

შიდსს, გარდა ფიზიკური ზიანისა, თან ახლავს სტიგმაც, რომელსაც ამ დაავადების მატარებელი ადამიანები გარშემომყოფებისგან განიცდიან.

ორგანიზაცია „თანადგომას“ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი, ქეთი ჭელიძე ამბობს, რომ სტიგმატიზაცია აზიანებს არამხოლოდ დაავადებულს, არამედ, გარშემომყოფებსაც.

„აივ ინფექცია არის სტიგმატიზებული დაავადება და მას ახლავს მთელი რიგი ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები. გარდა ამისა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს თვითსტიგმატიზაციასაც. აივ პოზტიური პირები განიცდიან დისკრიმინაციას, გარიყვას, ექცევიან სოციალურ იზოლაციაში. მათ აწებებენ იარლიყს, რომ არიან ნარკომანები, უპასუხისმგებლოები. ინფიცირებულები განიცდიან შიშის, სირცხვილის გრძნობას და მალავენ სტატუსს. ეს საფრთხეს უქმნის საზოგადოებასაც, რადგან, ხშირად, ისინი არ უმხელენ პარტნიორებს რომ ინფიცირებულები არიან, რაც დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს“.

დადასტურებულია, რომ აივ ინფექცია არ გადაეცემა ინფიცირებულთან ხელის ჩამორთმევით, მოხვევით ან კოცნით. გარდა ამისა, დაავადება არ გადადის არც დახველებით და ცემინებით. ასევე, არ არის სარისკო საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენება, საერთო ტუალეტით, აბაზანით ან საცურაო აუზით სარგებლობა. ადამიანისთვის არ არის სახიფათო აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში.

ქეთი ჭელიძის თქმით, აივ ინფექციის გავრცელების საფრთხე შეიძლება შეიქმნას ყოველ დღე და აუცილებელია სიფრთხილის ზომების გათვალისწინება.

„არ უნდა გავიკეთოთ მანიკური და პედიკური სალონში, სადაც სტერილიზაცია შესაბამისი სტანდარტების დაცვით არ ხდება. ასეთ სალონში არ უნდა გავიკეთოთ არც ტატუ. გარდა ამისა, უნდა ვიყოთ ფრთხილად სტომტოლოგიური კლინიკის შერჩევისას და ვისარგებლოთ იმ კლინიკით, სადაც არის ხარისხიანი სტერილიზაცია. არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ სხვისი შპრიცი და სისხლთან შეხებაში მყოფი სხვა ინსტრუმენტი; არ შევიდეთ დაუცველ სქესობრივ კონტაქტში უცხო პირთან“ - ამბობს ჭელიძე.

აივ ინფექციის პრევენციასა და მკურნალობას საქართველოში გლობალური ფონდი აფინანსებს. ქეთი ჭელიძის თქმით, საჭიროა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაც, განსაკუთრებით კი მუშაობა უნდა გააქტიურდეს ახალგაზრდებთან.

პროგრამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. გიორგი სოსელიას თქმით, მკურნალობა სრულიად ფინანსდება და უფასოა ყველასთვის, ვისაც აქვს აივ ინფექციის დიაგნოზი. მიუხედავად ამისა, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაგვიანებული დიაგნოსტიკაა. გიორგი სოსელია ხაზს უსვამს, რომ შიდსი სრულად არ იკურნება, თუმცა ამ დაავადებით ცხოვრება შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხდება დროული და სწორი დიაგნოსტირება.

„დღეს აივ შიდსი აღარ არის ლეტალური დაავადება, რომელიც აუცილებლად უკავშირდება სიკვდილიანობას. მკურნალობის თანამედროვე მეთოდებიდან გამომდინარე, აივ ინფექცია მოიაზრება მართვად ქრონიკულ დაავადებად. თუ ადამიანი მკურნალობს ექიმის დანიშნულების მიხედვით, არანაირი საფრთხე მის სიცოცხლეს არ ემუქრება. ცხადია, ეს არის დამოკიდებული გარკვეულ რისკ ფაქტორებზე, მათ შორის გვიან დიაგნოსტიკაზე. თუმცა, გვიანი დიაგნოსტიკის დროსაც, როცა უკვე შიდსი არის დამდგარი, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ყველა შემთხვევაში ადამიანი გარდაიცვლება. შიდსი ექვემდებარება მკურნალობას და შესაძლებელია ბოლო სტადიიდანაც შემცირდეს ვირუსების რაოდენობა. თუმცა, ამას განსაკუთრებული ინტერვენციები სჭირდება, რადგან იმუნო დეფიციტი იმდენად განვითარებულია, რომ სხვა დაავადებებს იწვევს. ცალსახაა ის, რომ აივ ინფეცია არ არის ლეტალური დაავადება და ამ დაავადებით ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას, არც მათი სიცოცხლის ხანგრძლოვობაა განსაზღვრული. უბრალოდ, მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და ადამიანი რჩება ვირუსის მატარებლად. სწორად დაგეგმილი და დროული მკურნალობის შემთხვევაში ინფიცირებული იმ მდგომარეობამდეც კი შეიძლება მივიდეს, რომ ორგანიზმში ვირუსი იდენტიფიცირებადი აღარ იყოს. შესაბამისად, ვირუსის გადაცემის რისკიც შესაძლოა მინიმუმადე დავიდეს“ - ამბობს გიორგი სოსელია.

მისივე ინფორმაციით, გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფებისთვის (ნარკოტიკების მომხმარებლები, კომერციული სექსმუშაკები და ა.შ.) აივ ინფექციის დიაგნოსტიკა სრულიად უფასოა. დაბალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის კი ტესტირება უფასოა შიდსის ცენტრში, მათ მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა დასჭირდებათ. ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს გამოკვლევა ანონიმურად ჩაიტაროს, მომსახურების საფასური 15 ლარია.

გიორგი სოსელიას ინფორმაციით, გლობალური ფონდის პროგრამა საქართველოში 2003 წლიდან ხორციელდება და მის ფინანსურ უზრუნველოყოფას ეტაპობრივად სახელმწიფო იბარებს. 2015 წელს ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 1.16 მილიონი ლარი, რომლითაც პირველი რიგის ანტირეტროვირუსული პრეპარატების შესყიდვა სრულად დაფინანსდა. პირველი რიგის არვ მედიკამენტების ღირებულება (1,5 მლნ. ლარი) ჩადებულია 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც. გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან დაგეგმილია მეორე რიგის არვ მედიკამენტების 25%-იანი თანადაფინანსება, რაც 2018 წელს 75%-მდე უნდა გაიზრდოს. 2018 წლიდან სახელმწიფო სრულად შეისყიდის აივ ინფექციის, B და C ჰეპატიტების სწრაფ სადიაგნოსტიკო ტესტებს. 2017 წლის ბოლოსათვის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. 11 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აივ-ით ინფიცირების 6038 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათ შორის 4486 მამაკაცია, 1552 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. ინფიცირებულთა ნახევარზე მეტს, 3354 პაციენტს შიდსი განუვითარდა, 1184 მათგანი კი გარდაიცვალა.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, აივ ინფიცირების სტატისტიკა საქართველოში ძირითადად, იზრდებოდა. პერიოდულად, არის კლებაც. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა, როცა ინფიცირების 717 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მიმდინარე წელს საქართველოში შიდსის 606 ახალი შემთხვევაა აღრიცხული.

აივ ინფექცია საქართველოში ყველაზე ხშირად ინექციური ნარკომანიის შედეგად ვრცელდება (44.7%). ამ მონაცემს მცირედით ჩამოუვარდება ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კონტაქტით დაავადებულთა რიცხვი - 43.6%. ჰომოსექსუალური კონტაქტით დაავადებულია რეგისტრირებულ პაციენტთა 8.8%. უფრო მცირე პროცენტული მაჩვენებელი აქვს ინფექციის გადაცემას ვერტიკალური გზით და სისხლის გადასხმით.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის